კლანების ბრძოლა ცხინვალში - საწვავის კონტრაბანდა თბილისში, ცემა-ტყეპა კაბინეტებში და აღვირახსნილი კრიმინალი
9 მაისს, როდესაც ალან გაგლოევი მოსკოვში ვლადიმირ პუტინის გვერდით დგომით იწონებდა თავს, ცხინვალში მისი უახლოესი მეგობარი და კლანის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა ალექსანდრ ტუაევი ე.წ. კა-გე-ბეს უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობიდან გაათავისუფლეს, როგორც ოსური ტელეგრამარხი "ბონვარნონი" იუწყება, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მფარველობისა და საქართველოს ტერიტორიაზე საწვავის კონტრაბანდის გამო. დე ფაქტო სამთავრობო არხები ამ სავარაუდო ბრალდებას საგულდაგულოდ მალავენ, თუმცა ოპოზიციურ ტელეგრამარხებზე წერენ, რომ "მტერ ქვეყანასთან სამარცხვინო კონტრაბანდა" გაგლოევის კლანის კიდევ ერთი ახალი სკანდალია. ოპოზიციონერი ჟურნალისტების თქმით, მომხდარს სკანდალურ ხასიათს ისიც სძენს, რომ ტუაევის გათავისუფლების გადაწყვეტილება უშუალოდ ე.წ. უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ოლეგ შირანმა სწორედ იმ დროს მიიღო, როდესაც გაგლოევი ცხინვალში არ იმყოფებოდა. "რესპუბლიკის" კანონით, კა-გე-ბეს თავმჯდომარისა და მისი მოადგილეების დანიშვნა-გათავისუფლება მხოლოდ "პრეზიდენტის" ბრძანებულებით ხდება, ამდენად ე.წ. კა-გე-ბეს თავმჯდომარემ მოადგილე მხოლოდ ერთი თვით გაუშვა თანამდებობიდან, თუმცა ეს ხანმოკლე დათხოვნაც "პრეზიდენტ" გაგლოევისთვის სახეში სილის დემონსტრაციული გარტყმაა.
ოპოზიციური ტელეგრამარხების ინფორმაციით, ტუაევის სახელთანაა დაკავშირებული არაერთი უკანონო ბიზნესი. უმთავრესი ბრალდებაა კონტრაბანდის მფარველობა.
ცხინვალში ყველა დარწმუნებულია, რომ კა-გე-ბეს მაღალჩინოსანი არაოკუპირებულ საქართველოში საწვავისა და საპოხი მასალის უკანონო გადატანას თავის მეგობარ ალან გაგლოევთან შეთანხმებით ეწევა;
ამასთან, ტუაევი ჩართულია სიგარეტების კონტრაბანდიდან მოგების წილების განაწილებაში; გარდა ამისა, ტუაევს წილი აქვს "რესპუბლიკაში" არსებულ ყველა სამშენებლო პროექტში; სოფელ ხეთაგუროვოში აქვს კერძო დაცვის კომპანია შპს "იუჟნი სადი" და ავტოგასამართი სადგური სოფელ აჩაბეთში.
ტუაევის სახელთან ასევე დაკავშირებულია 2023 წელს მომხდარი ორი გახმაურებული შემთხვევაც: სოფელ აჩაბეთში მის ავტოგასამართ სადგურში უსაფრთხოების წესების დაუცველობის გამო ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც ერთი კაცი დაშავდა, მეორე კი ცოცხლად დაიწვა.
გარდა ამისა, 2023 წლის შემოდგომაზე ოსმა ე.წ. სამართალდამცავებმა აღმოაჩინეს საწვავის დიდი კონტრაბანდა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთიდან საქართველოს არაოკუპირებულ ნაწილში - საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე საწვავი ძველი მელიორაციის სისტემაში ჩასმული პლასტმასის მილით გადიოდა.
მაშინ "პრეზიდენტ" გაგლოევის ოჯახის გარემოცვის რამდენიმე პირი დააკავეს. მათ აღიარებითი ჩვენებები მისცეს და ე.წ. კა-გე-ბემ გაავრცელა განცხადება, რომ მათი საქმიანობა "სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველი" იყო, თუმცა სს პასუხისმგებლობა არავის დაკისრებია. მაშინვე ითქვა, რომ კონტრაბანდას ალექსანდრ ტუაევი აკონტროლებდა და სწორედ მან ჩაფარცხა გამოძიება. ტუაევი იმ დროს უკვე კა-გე-ბეს თავმჯდომარის პირველი მოადგილე იყო. ის თანამდებობაზე გაგლოევმა 2022 წელს დანიშნა, მალევე, რაც "პრეზიდენტი" გახდა.
როგორც ტელეგრამარხი "ჭრებაი ყარგანაგი" ("ცხინვალის მოამბე") წერს, სამხრეთ ოსეთის საზოგადოება იმდენად შეეჩვია "ხელისუფლებისგან" დაშინებას, რომ არც ცოცხლად დამწვარ ადამიანზე და არც ამ დიდ კონტრაბანდაზე ხმა არ ამოუღია.
"არადა, ყველასთვის აშკარაა, რომ ის პირები გაგლოევის თანხმობის გარეშე ვერასდროს გაბედავდნენ კონტრაბანდით დაკავებას, რაც ღალატის ტოლფასია. ხალხი დუმს, დამნაშავეები კი მშვიდად აგრძელებენ კონტრაბანდით ნაშოვნი ფულის დახარჯვას" - წერს "ჭრებაი ყარგანაგი".
გაგლოევის კლანი ბოლო ერთ თვეში უკვე მეორედ გაეხვია სკანდალში. აპრილის ბოლოს სწორედ გაგლოევის ძმის, ალიკის კრიმინალური დაჯგუფების წევრები შეუცვივდნენ სამუშაო კაბინეტში ე.წ. საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრ ჩოჩიევს, სასტიკად სცემეს და იარაღით დაემუქრნენ. იმავე დღეს ე.წ. შსს-მ 11 პირი დააკავა, თუმცა არც ერთი მათგანი თავდამსხმელი არ ყოფილა. ცხინვალში თავდამსხმელების ვინაობა ყველამ იცოდა, რადგან ფაქტს თვითმხილველები ჰყავდა. რამდენიმე დღეში მთავარი ეჭვმიტანილები, სოსლან და ხოხ გაბარაევები და ვლადისლავ ცხოვრებოვი, თავად მივიდნენ ე.წ. მილიციაში. რეიდის დროს დაკავებული 11 კაციდან 5 გაუშვეს, დანარჩენს ერთთვიანი პატიმრობა შეუფარდეს იარაღის უკანონოდ შენახვის გამო. ასევე ერთთვიანი პატიმრობა შეეფარდათ თავდამსხმელებსაც. ცხინვალში ყველა დარწმუნებულია, რომ ერთ თვეში მათაც გაუშვებენ, როგორც არაერთხელ მომხდარა. ოსური ტელეგრამარხების ცნობით, ამ კრიმინალებს ე.წ. კა-გე-ბეს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალექსანდრ ტუაევი მფარველობდა და ეს თავდასხმაც კონტრაბანდულ სქემებზე უთანხმოებასა და გავლენების გადანაწილებას ეხებოდა.
ამ პირველ სკანდალს მალევე მოჰყვა ტუაევის თანამდებობიდან გათავისუფლებაც. როგორც გამოცემა "ეხო კავკაზა" წერს, ეს მოსკოვიდან ცხინვალის ზედამხედველად ახალდანიშნული კურატორის, სერგეი კირიენკოს დავალებით მოხდა. ადგილობრივი დამკვირვებლების აზრით, კა-გე-ბეს თავმჯდომარე ოლეგ შირანი არასდროს გამოირჩეოდა კონფლიქტური ხასიათით და ნაკლებად სავარაუდოა, რომ მას თავისი ინიციატივით მიეღო მოადგილის გათავისუფლების გადაწყვეტილება, თანაც, მას ამ წელს ეწურება თავმჯდომარეობის ვადა და ალან გაგლოევთან დაპირისპირება ხელს არ აძლევს. ამიტომაც ცხინვალში დარწმუნებული არიან, რომ შირანს გაგლოევის კლანის წევრის საჯარო დისკრედიტაციაზე მითითება მოსკოვიდან ჰქონდა.
როგორც ითქვა, "პრეზიდენტ" გაგლოევს კარგი ურთიერთობა აქვს ყოფილ კურატორებთან, იმდენად კარგი, რომ გაგლოევსა და მის კლანს ფუფუნებაში ცხოვრების უფლება მისცეს და თვალს ხუჭავდნენ კორუფციასა და კრიმინალურ სკანდალებზე. ახლა კი, როდესაც კრემლში ცხინვალის კურატორი შეიცვალა და ზედამხედველად კირიენკო დაინიშნა, გაგლოევს შფოთვა დაეტყო. ახალი კურატორის დანიშვნაზე ინფორმაცია მარტის დამდეგს გავრცელდა, სწორედ იმ დღეებში გაგლოევი გულის შეტევით საავადმყოფოში მოხვდა. როგორც ცხინვალში ამბობენ, ახალი კურატორი დაასრულებს გაგლოევის კლანის თავგასულობას. "ეხო კავკაზას" ცნობით, გაგლოევმა კირიენკოსთან საქმეების მოგვარების ნაცვლად მის წინააღმდეგ მოქმედება დაიწყო, რაც დიდი უგუნურებაა. კრემლში 9 მაისის გამარჯვების ღონისძიებაზე, სადაც საჩივრები არ არის მიზანშეწონილი, ალან გაგლოევმა პუტინს სთხოვა, გადაეჭრა "ნიჟნი ზარამაგის" სასაზღვრო პუნქტის დაბალი გამტარუნარიანობის პრობლემა, ეს კი ხდება მაშინ, როდესაც რამდენიმე დღის წინ, 19 აპრილს, ცხინვალში ჩასული იყო სერგეი კირიენკო და მან ჩრდილოეთ ოსეთის ხელმძღვანელობასა და ალან გაგლოევს პირობა მისცა, რომ საკონტროლო-გამშვები პუნქტის რადიკალური მოდერნიზება-რეაბილიტაციისთვის მნიშვნელოვან თანხას გამოყოფდა. ამ დაპირების შემდეგ იმავე საჩივრით პუტინთან მისვლა ცხინვალის ტელეგრამარხებზე კირიენკოზე პირდაპირ თავდასხმად შეაფასეს.
"ეს დაახლოებით ასე უნდა გავიგოთ: თქვენ მიიღეთ გადაწყვეტილება, ბრძანება მიეცით კირიენკოს, მაგრამ ის პრობლემას არ წყვეტს", - წერს "ეხო კავკაზა".
გამოცემის ცნობით, არსებითად გაგლოევმა პუტინს მიუთითა მის მცდარ გადაწყვეტილებაზე, "რესპუბლიკა" სერგეი კირიენკოსთვის გადაეცა. ახლა ოსი მიმომხილველები სვამენ კითხვას: როგორ გეგმავს ალან გაგლოევი კირიენკოსთან მუშაობას "საპრეზიდენტო" არჩევნებამდე დარჩენილ ორ წელიწადში, როცა ურთიერთობა დაპირისპირებით დაიწყო?