ფაშინიანის ვაჟის "გატაცება" ერევნის ცენტრში და ალიევის მემკვიდრე - მონაწილეობდნენ თუ არა სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების შვილები ყარაბაღის ომშ - კვირის პალიტრა

ფაშინიანის ვაჟის "გატაცება" ერევნის ცენტრში და ალიევის მემკვიდრე - მონაწილეობდნენ თუ არა სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების შვილები ყარაბაღის ომში?!

დარწმუნებული ვარ, რომ თქვენთვის უცნობია სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის ვაჟის, აშოტ ფაშინიანის „გატაცების“ ისტორიის შესახებ. ეს სკანდალური ფაქტი 2023 წლის 17 მაისს ერევნის ცენტრში მოხდა.

იმავე დღეს სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა ერევნის პოლიციისგან მიიღო აშოტ ფაშინიანის ოფიციალური განცხადება, მისი გატაცების მცდელობის შესახებ. როგორც მალევე გაირკვა „გამტაცებლები“ არც აზერბაიჯანის სპეცსამსახურების და არც სხვა, რომელიმე მტრულად განწყობილი ქვეყნის სპეცრაზმელები იყვნენ. გამოძიების დროს გაირკვა, რომ უმცროსი ფაშინიანი „მეორე ყარაბაღის ომში“ დაღუპული ერთ-ერთი ჯარისკაცის დედის, გაიანე აკოფიანის თხოვნით თავად ჩაჯდა ავტომობილში. აშოტ ფაშინიანმა გამოძიებას განუცხადა, რომ: „გატაცება იმ მომენტიდან დაიწყო, როდესაც მანქანიდან გადმოსვლა მინდოდა, მაგრამ ქალბატონმა გაიანემ ამის უფლება არ მომცაო“. ვიდეოკადრებზე ჩანს, თუ როგორ გადმოდის ოდნავ დაძრული ავტომობილიდან აშოტ ფაშინიანი. როგორც თავად აცხადებს, ამ მომენტში მან ფეხის ტრავმა მიიღო, ხოლო „ გამტაცებლები“ გაიქცნენო.

„გამტაცებლების მეთაური“ – გაიანე აკოფიანი ომში დაღუპული სამხედროების მშობლების მიერ შექმნილი საზოგადოებრივი ორგანიზაცია „შვილთა ძახილის“ ერთ-ერთი აქტიური წევრია. გარდაცვლილი ჯარისკაცების მშობლების განცხადებით, ისინი აშოტ ფაშინიანს ქუჩაში შემთხვევით შეხვდნენ და „ერაბლურის“ სამხედრო სასაფლაოზე მათთან ერთად წასვლა შესთავაზეს. ის მანქანაში ჩაჯდა, მაგრამ შემდეგ, როდესაც მანქანა დაიძრა, გადმოხტა და გაიქცაო. 2023 წლის 9 ივნისს ერევნის სასამართლომ გაიანე აკოფიანი დამნაშავედ ცნო და ოთხწლიანი პირობითი სასჯელი მიუსაჯა.

gaiane-akopiani-1747981933.jpg

გაიანე აკოფიანი

ეს ტრაგიკომიკური ფაქტი იმ დიდი პრობლემის გამოძახილია, თუ როგორ მფარველობენ მაღალჩინოსანი მშობლები საკუთარ შვილებს. ამ შემთხვევაშიც „მეორე ყარაბაღის ომში“ დაღუპული ჯარისკაცების მშობლების პრეტენზიები ადამიანურად გასაგებია: თუ შენს შვილს მალავ, სხვის შვილებს როგორ მოუწოდებ ომში წასვლისა და სამშობლოს დაცვისკენ? შვილმკვდარი დედების განრისხება იმ

sazeimo-gacileba-1747981960.jpg

საზეიმო გაცილება

გარემოებამაც გამოიწვია, რომ დღემდე არავინ იცის, მონაწილეობდა კი აშოტ ფაშინიანი „ ყარაბაღის მეორე ომში“? ამ ომამდე ორი წლით ადრე, 2018 წლის 9 ივლისს, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ოჯახმა საზეიმოდა გააცილა აშოტ ფაშინიანი ჯარში. მაშინ სომხეთის ოფიციალურმა მასმედიამ დიდი „პიარი“ მოაწყო ამ ფაქტისგან და მსოფლიოს ამცნო: პრემიერ-მინისტრის ვაჟი სამხედრო სამსახურს საკუთარი მოთხოვნით (!) ყარაბაღში გაივლისო. აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ბოლო ომი მთიან ყარაბაღში 2020 წლის 27 სექტემბერს დაიწყო და 10 ნოემბერს დასრულდა. როგორც იტყვიან, „სამართალმა პური ჭამა“ და აზერბაიჯანმა დაიბრუნა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ აღიარებული საკუთარი ტერიტორიები. მსხვერპლი ორივე მხრიდან საკმაოდ დიდი იყო და ესაა ყველაზე გულსატკენი. ყველა ომის დროს რიგითი მოქალაქეები გაფაციცებით აკვირდებიან „დიდი ჩინოვნიკების“ შთამომავლობის რეალურ და არა - მოჩვენებით მონაწილეობას ბრძოლებში ქვეყნის დასაცავად. აშოტ ფაშინიანმა სავალდებულო სამხედრო სამსახური 2018 წლის ივლისში დაიწყო და 2020 წლის ივლისში დაასრულა. სომხეთის ოფიციალური მედიის ინფორმაციით, ომის დაწყების შემდეგ, 2020 წლის 5 ოქტომბერს, ის მოხალისედ კვლავ ჩაირიცხა არმიაში და მონაწილეობა მიიღო საბრძოლო მოქმედებებშიო. თავად აშოტ ფაშინიანმა საკუთარ „ფბ“-ის გვერდზე დაწერა: ახლახან ჩავეწერე ცენტრალურ სამხედრო კომისარიატში მოხალისედ. ძვირფასო თანამებრძოლებო, ახლა ჩვენი ჯერია, ვემსახუროთ სამშობლოსო. მან ასევე გამოაქვეყნა ფოტო სამხედრო კომისარიატიდან, რომელზეც ის სამხედრო ფორმაშია გამოწყობილი.

ashot-pashiniani-1747981982.jpg

აშოტ ფაშინიანი ომში მიდის?

ამასთან დაკავშირებით საინტერესო განცხადება გააკეთა თავად სომხეთის პრემიერ-მინისტრმა: მე არ ვიცოდი, თუ სად იმყოფებოდა ჩემი ვაჟი ომის დროს და შეგნებულად არ დავინტერესებულვარ მისი ადგილმდებარეობის დადგენითო. მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ შევიტყვე, რომ აშოტი სადაზვერვო დანაყოფის რიგებში იბრძოდა და ერთ-ერთი საბრძოლო მოქმედებების დროს მისი მეგობარი დაიღუპაო. ამ ინფორმაციების მიუხედავად, ფაშინიანის პოლიტიკურ ოპოზიციას და მედიასაშუალებების ნაწილს დღემდე ეჭვი შეაქვთ აშოტ ფაშინიანის ომში მონაწილეობის რეალობაზე. აი, მეორე შემთხვევაში კი, დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ამ ქვეყნის პრეზიდენტის ვაჟი არ მონაწილეობდა „ ყარაბაღის მეორე ომში“. უფრო მეტიც: ამის სურვილიც, რომ ჰქონოდა, მას არავინ გაუშვებდა ბრძოლის წინახაზზე - ის ხომ „ტახტის მემკვიდრეა“ და ქვეყნის მომავალი პრეზიდენტი უნდა გახდეს! ალბათ, მიხვდით: საუბარია აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ვაჟზე - ჰეიდარ ალიევი-უმცროსზე. 1983 წელს ილჰამ ალიევი და მეჰრიბან ფაშაევა დაქორწინდნენ: ერთ წლის შემდეგ პირველი ქალიშვილი – ლეილა დაიბადა , ხოლო 1989 წელს მეორე ქალიშვილი – არზუ მოევლინა ამ ქვეყანას. თუმცა „დიდი“ ჰეიდარ ალიევი გვარის გამგრძელებლისა და „პატარა პრინცის“ დაბადებას ელოდა. ალიევებს ეს ოცნება მხოლოდ 1997 წელს აუსრულდათ: ლონდონის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კლინიკაში დაიბადა ჰეიდარ ალიევი-უმცროსი.

alievebis-sami-dinastia-1747982004.jpg

ალიევების სამი დინასტია: მარჯვნივ მომავალი პრეზიდენტია?

პატარა ჰეიდარს „ცივ ნიავს“ არ აკარებდნენ, თუმცა ამის მიუხედავად, ის ხშირად ავადმყოფობდა. თუ ლეილასა და არზუს ცხოვრება-მოღვაწეობის თითქმის ყველა ნიუანსი ცნობილია, ჰეიდარ უმცროსის შესახებ ინფორმაცია ბოლო დრომდე მაქსიმალურად გასაიდუმლოებული იყო. მან განათლება მიიღო ბაქოს უნივერსიტეტ ADA-ში, სადაც 2017 წელს ბაკალავრის ხარისხი მიენიჭა; 2018-2019 წლებში გაიარა სავალდებულო სამხედრო სამსახური; ოფიციალური ინფორმაციით, მსახურობდა სპეციალური დანიშნულების რაზმში;

alievebis-ojaxi-1747982020.jpg

ალიევების ოჯახი სრული შემადგენლობით: „ბიჭი ჯარში მიდის“.

„ყარაბაღის მეორე ომის“ სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობის შესაძლებლობა არ ჰქონდა, ის უკვე დემობილიზებული იყოო, - ასე გვანუგეშებს აზერბაიჯანის ოფიციალური მასმედია. თუმცა ამის მიუხედავად, ჰეიდარ-უმცროსს, ისევე, როგორც მის მშობლებს, უყვართ, სამხედრო ფორმაში გამოწყობილებს, თავის მოწონება.

deda-shvili-alievebi-qarabagshi-1747982035.jpg

დედა-შვილი ალიევები ყარაბაღში, ომის შემდეგ.

სამ თვეში ჰეიდარ ალიევი- უმცროსი 28 წლის გახდება და, ალბათ, თანდათან მოხდება მისი „ჰარმონიული ჩართვა“ ქვეყნის მართვის პროცესებში.

ilham-alievi-shvils-1747982052.jpg

ილჰამ ალიევი შვილს: ქვეყნის მართვა ინფორმაციის ანალიზით უნდა დაიწყო...

ბოლო პერიოდში ჰეიდარ ალიევი-უმცროსი გამოჩნდა რამდენიმე მაღალი დონის ოფიციალურ ღონისძიებაზე. მაგალითად, 2024 წლის ბოლოს იგი დაესწრო აზერბაიჯანის მთავრობის სხდომას, რომელიც ეკონომიკურ საკითხებს მიეძღვნა. ამ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო მისმა დედამ, ვიცეპრეზიდენტმა მეჰრიბან ალიევამაც. ყარაბაღის დაბრუნების შემდეგ აზერბაიჯანის პრეზიდენტს უფრო მეტი დრო ექნება „გაწვრთნას“ ამჟამინდელი კრონპრინცი და აზერბაიჯანის შესაძლო მომავალი პრეზიდენტი. აშოტ ფაშინიანი და ჰეიდარ ალიევი-უმცროსი, ალბათ, არ იცნობენ ერთმანეთს და ყველასთვის კარგი იქნება, თუ ეს ორი ახალგაზრდა (ისევე, როგორც სხვა ლიდერების შვილები) ერთმანეთს არა ბრძოლის ველზე შეხვდებიან, არამედ ჩვენი საერთო სახლის - სამხრეთ კავკასიის მშვიდობიან განვითარებას მიუძღვნიან საკუთარ ცხოვრებას.