უცხოელი "ნარკობარიგები" საქართველოში და ჩვენი ქვეყანა ნარკოკარტელების სამიზნეში - სასიკვდილო "ოქროს სამკუთხედი" - კვირის პალიტრა

უცხოელი "ნარკობარიგები" საქართველოში და ჩვენი ქვეყანა ნარკოკარტელების სამიზნეში - სასიკვდილო "ოქროს სამკუთხედი"

რამდენიმე დღის წინ სამართალდამცავებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დიდი ბრიტანეთის მოქალაქე დააკავეს­ - 18 წლის ბელა მეი, რომელსაც ოჯახი 5 მაისის შემდეგ ტაილანდში ეძებდა, პოლიციამ­ თბილისის აეროპორტში 11 მაისს დააკავა­ დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით. უწყების ცნობით, ბრიტანეთის მოქალაქეს 14 კგ ნარკოტიკული საშუალება შემოჰქონდა. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 18 წლის ბრიტანეთის მოქალაქეს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ელის. მანამდე, 12 მაისს, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის მცდელობის ბრალდებით ბათუმთან უკრაინის მოქალაქე დააკავეს. 23 წლის მოქალაქეს დაფასოებული ნარკოტიკები გასაყიდად სხვადასხვა ადგილზე ჰქონდა განთავსებული. ასევე, 14 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ რუსეთის ორი მოქალაქის, ანასტასია ზინოვკინასა და არტემ გრიბულის საქმე განიხილა. პროკურატურა მათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვასა და რეალიზაციაში ედავება. უწყება აცხადებს, რომ ამოღებულია 16 გრამი სინთეზური ნარკოტიკული საშუალება ალფა-PVP.

გვესაუბრება პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ვახტანგ მაისაია:

- ახლა ავღანეთში ჰეროინის პლანტაციების ყვავილობაა და მიდის მოსავლის აღება, გადამუშავება, ტრანზიტი და რეალიზაცია. მსოფლიოში სამი ძირითადი ადგილია, საიდანაც ხდება მსოფლიო გლობალური ტიპის ნარკოტიკების გადაადგილება, კულტივაცია, მოხმარება და ა.შ. ეს არის ე.წ. "ოქროს ნახევარმთვარე", "ოქროს სამკუთხედი" და ლათინურ-ამერიკული ოქროს ანდების ტერიტორიები. მათგან ორი ძირითადი გეოსტრატეგიული ნარკოტრაფიკული ბუდეა "ოქროს ნახევარმთვარე" და "ოქროს სამკუთხედი". "ოქროს სამკუთხედი" მოიცავს აზიურ ნარკოტრაფიკს (აზიაში­ მოყვანილ ოპიუმს - ლაოსი, ტაილანდი, კამბოჯა), ავღანეთში კი არის ჰეროინი­ და ოპიუმი. "ოქროს ნახევარმთვარეში" შედის ფერღანა, ჰერათი, ყანდა­არი, ყარაჩი. ამ ტერიტორიაზე მოყვანილ ავღანურ ოპიუმზე დიდი მოთხოვნაა და მისგან მიღებული 30-ზე მეტი პროდუქცია­ გამოიკვეთება. პანდემიის პერიოდის შემდეგ­ კიდევ უფრო გაიზარდა ავღანეთიდან წამოსული ნარკოტრანზიტი. თალიბების (რომლებიც დღეს ავღანეთს მართავენ) ძალისხმევით თითქოს შემცირდა ოპიუმის მოყვანა, მაგრამ, როგორც ჩანს, ყველაფერი დეკლარაციის დონეზეა. რეალურად ავღანეთში უკვე ჩამოყალიბდა ნარკოკარტელები და ასეთი ტერმინიც გაჩნდა - ახალი ტერორიზმის ფენომენი, სადაც ერთ დანაშაულებრივ კორპორაციაში ყოფილი ტერორისტები, ნარკორეალიზატორები და შესაბამისად, კრიმინალურ ორგანიზაციათა დაჯგუფებები ერთიანდებიან. ეს დაჯგუფებები მჭიდროდ თანამშრომლობენ - ტერორისტული აქტები იქნება, რადიკალური­ იდეოლოგიის გავრცელება, გასამხედროებული ელემენტების შექმნა თუ სხვა. ავღანეთში დღეს დაახლოებით სამი ნარკოკარტელი მოქმედებს­ - ყარაჩის, ყანდაარისა და პეშავარის. 2013 წელს, როცა ავღანეთში საქართველოს სამშვიდობო კონტინგენტს დაესხნენ თავს, მისი ორგანიზატორები იყვნენ არა თალიბები, არამედ ყარაჩის კარტელის წევრები. მათ ქართველ სამშვიდობოებს იმიტომ დაარტყეს, რომ ისინი მთავარ სატრანზიტო კომუნიკაციურ წერტილში დადგნენ, მათ კი ნარკოტიკების გატარება სჭირდებოდათ. სტატისტიკური მონაცემების გათვალისწინებით,

2021 წლიდან ევროკავშირის ფარგლებში ყველაზე რეკორდული რაოდენობის - 303 ტონა კოკაინი გადაიტანეს. 2022 წლიდან მოყოლებული ავღანეთში ოპიუმის მოყვანის მოცულობა წინა წელთან შედარებით 30%-ით, 2011 წლიდან კი ევროგაერთიანებაში ნარკოდანაშაულის მოცულობა 24%-ით გაიზარდა.

- ავღანეთიდან ნარკოტიკის გავრცელების რამდენი გზა არსებობს?

- ავღანეთიდან, "ოქროს სამკუთხედიდან", ჰეროინისა და კოკაინის გავრცელების 4 ძირითადი გზა არსებობს: ე.წ. ბალკანური, სამხრეთული, კავკასიური და ჩრდილოეთის ტრანზიტი. როგორც მოგეხსენებათ, კავკასია და ჩვენ, სამწუხაროდ, ერთ-ერთ უმსხვილეს სატრანზიტო გადაზიდვების მონაკვეთში ვხვდებით. ეს არის ძირითადად ავღანეთ-ირანის მიმართულება, უფრო კონკრეტულად, ავღანეთი, ცენტრალური აზია, კასპიისპირეთი და საქართველო (ნარკოტიკის მცირე ნაწილი ჩრდილო კავკასიიდანაც შემოდის). სხვათა შორის, სანამ კავკასიური ტრანზიტი გახდებოდა ცნობილი, მანამდე საქართველოში ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანზიტო მიმართულება მოქმედებდა, რომელიც მერე აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანზიტო გეოპოლიტიკურ მიმართულებად გადაკეთდა. როგორც ირკვევა, ახლა თანდათანობით აღდგა­ სამხრეთ-ჩრდილოეთის მიმართულებაც, ოღონდ ავღანეთი-ირანი-ყაზახეთი-რუსეთის­ მიმართულებით. ეს ახალი სავარაუდო სატრანზიტო გზაა, რომელსაც გაეროს ანტიტერორისტული კომიტეტიც აფიქსირებდა, ამაზე სპეციალური კვლევებიც ჩატარდა. სავარაუდოდ, ალმა-ათის იანვრის ტრაგიკული მოვლენები, როდესაც სცადეს ახალარჩეული პრეზიდენტ თოყაევისთვის სახელმწიფო გადატრიალება მოეწყოთ, დაკავშირებული იყო მათ შორის ამ სატრანზიტო კორიდორის გაჭრის ცდასთან და იქ არსებული ნარკოდაჯგუფებები­ ცდილობდნენ პოლიტიკური გამარჯვების მოპოვებას. ყაზახეთმა შეიმუშავა ბრძოლის ეფექტური მექანიზმები, თუმცაღა, ბუნებრივია, ამ ხაზის დაფიქსირების ტენდენცია იმაზე მიუთითებს, რომ გაიზარდა ოპიუმის ტიპის ნარკოპროდუქციის წარმოების მოცულობა და საჭირო გახდა მათი გადატანის ახალი გზების გამონახვა. აქედან გამომდინარე, პანდემიის მერე შემუშავებულ იქნა პარიზის პაქტი, რომელიც ცნობილია როგორც ნარკოტიკების გავრცელებასთან ბრძოლის ინიციატივა გლობალურ დონეზე. არის კიდევ ერთი მომენტი: რუსეთ-უკრაინის ომმა კორექტივები შეიტანა, ჩნდება კიდევ ერთი სატრანზიტო კორიდორის გადაფორმატება - ჩანს, კრემლში არსებული პოლიტიკური დაჯგუფებების მეოხებით ყალიბდება ახალი ტიპის ნარკოკარტელის მსგავსი გაერთიანება.

შემთხვევითი არ იყო, რომ რუსეთში გაჩნდა ახალი ტიპის აქტორი, კერძო სამხედრო კომპანიები (ომის პერიოდში ყველაზე კარგი ვარიანტია, რომ ნარკოტრანზიტი უფრო გააუმჯობესო). ჯერ კიდევ საბჭოთა მმართველობის პერიოდში, სსრკ-ის ავღანეთის ოკუპაციისა და სამხედრო აგრესიის დროს, ფაქტობრივად ჩამოყალიბდა რუსეთის სტრატეგიული დაზვერვისა და სხვადასხვა სპეცსამსახურის ახალი ტიპის კლანურ-მაფიური დაჯგუფება, რომელსაც ავღანური ოპიუმი გადაჰქონდა სსრკ-დან ევროპაში. ომის პერიოდში ყალიბდება ახალი ტიპის დაჯგუფებები და უნდა ითქვას, რომ ვლადიმირ პრიგოჟინის დაჯგუფებამ დიდი ფული იშოვა, რომლის მეშვეობითაც მან შეძლო ეფექტური სამხედრო გაერთიანება "ვაგნერის" შექმნა. "ვაგნერმა" შემდეგ ავბედითი წვლილი შეიტანა უკრაინის ომში. საიდან გაუჩნდა პრიგოჟინის კერძო სამხედრო კომპანიას ასეთი დიდი შემოსავალი? შესაძლოა ისინიც ნარკოტიკების რეალიზაციის ერთ-ერთ მიმართულებაზე "დასხდნენ".

უკრაინის ტერიტორიაზე რამდენი ნარკოლაბორატორია ყალიბდება, ეს არავინ­ იცის. ისევე, როგორც საქართველოს ხელისუფლება პანკისის ხეობას ვერ აკონტროლებდა, სადაც, თავის დროზე, ჩრდილოეთ-სამხრეთის ნარკოტრანზიტი დაიძრა, რომელსაც მაშინდელი ადგილობრივი ჯიჰადისტური დაჯგუფებები და როგორც ჩანს, ბერეზოვსკის დაჯგუფება­ აკონტროლებდა. 2003 წლის "ვარდების რევოლუციის" შემდეგ ეს ნარკოტრანზიტი­ აღიკვეთა, თუმცა შემდეგ იქვე შეიქმნა ცალკე ნარკოდაჯგუფება უკვე აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებით. სხვათა შორის, დაფიქსირებული იყო საქართველოდან ბელარუსში ნარკოტიკების ტრანზიტი. მერე ეს არხიც დაიხშო, სამაგიეროდ, გაჩნდა ახალი ტიპის არხები აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებით და თუ სავარაუდოდ საქართველოს პორტებიდან ნარკოტიკების ნაწილი უკრაინის მიმართულებით მიდიოდა, ახლა უკვე სამხრეთ ევროპისკენ გადავიდა.

ბოლო დროს მიდის ნარკორეალიზატორების მასობრივი დაპატიმრება. ეს მხოლოდ ქართული სპეცსამსახურების დამსახურება არ არის, არამედ ჩვენი სტრატეგიული მეგობრების, იმ ქვეყნების სპეცსამსახურების კოორდინირებული ქმედებაა, რომლებიც ამ სატრანზიტო კორიდორის ფორმატში არიან და ესმით აღნიშნული ასიმეტრიული საშიშროების მასშტაბი, რაც ტრანსნაციონალური დანაშაულის დიდ მოცულობაზე მეტყველებს. ნარკოკარტელები გაცილებით ძლიერი გაერთიანებებია. მათ რიგებში უკვე მოიაზრება კერძო სამხ­ედრო კომპანიების ჩართულობა - მათ ჰყავთ კერძო სპეცსამსახურები, კერძო შეიარაღებული ფორმირებები, რომლებიც ისე არიან აღჭურვილი, რომ უკვე კონვენციური­ საბრძოლო მოქმედებების წარმოებაც კი შეუძლიათ. ეს პრიგოჟინმაც კი აჩვენა, რომელმაც ფაქტობრივად 2023 წლის 23 ივლისს სამხედრო ამბოხი მოაწყო და ლამის პუტინის რეჟიმიც დაამხო. არ არის გამორიცხული, ახლახან დაწყებული ინდოეთ-პაკისტანის კონფლიქტიც ადგილობრივი ნარკოკარტელის დაჯგუფებების პროვოცირებული იყოს.

ალბათ, ცუდი არ იქნება, თუ შავიზღვისპირეთის აუზში შეიქმნება ანტიკარტელური არაფორმალური პოლიტიკური გაერთიანება და ამ საფრთხის წინააღმდეგ ქვეყნები გაერთიანდებიან. სხვათა შორის, დონალდ ტრამპმა ნარკოკარტელები (იგულისხმება კოლუმბიის, ვენესუელისა და მექსიკის ნარკოკარტელები) ამერიკის მთავარ სამხედრო საფრთხედ გამოაცხადა და სავარაუდოდ, დეკემბერში ახალ სამხედრო სტრატეგიას მიიღებს, სადაც აუცილებლად დაფიქსირდება ამ საფრთხის ინდიკაციები.

წაიკითხე ვრცლად