"სანიტარული ზონიდან" "ბუფერულ ზონამდე" - რა ჩაიფიქრა პუტინმა რუსეთ-უკრაინის საზღვარზე? - კვირის პალიტრა

"სანიტარული ზონიდან" "ბუფერულ ზონამდე" - რა ჩაიფიქრა პუტინმა რუსეთ-უკრაინის საზღვარზე?

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ მისი არმია რუსეთ-უკრაინის საზღვარზე „ბუფერული ზონის“ შექმნას აპირებს...

ერთი წლის წინ იგივე პუტინი აცხადებდა,რომ უკრაინასთან საზღვარზე „სანიტარული ზონა“ უნდა მოეწყო...

რას შეიძლება წარმოადგენდეს კრემლიდან დანახული „სანიტარული“ თუ „ბუფერული“ ზონები?

1991 წლის ბოლოსთვის დაშლილი საბჭოთა კავშირის შემდეგ,დამოუკიდებლობაგამოცხადებულ რუსეთსა და უკრაინას შორის 2 295 კმ სიგრძის სახელმწიფო საზღვარი დაფიქსირდა,აქედან 1 974 კმ სახმელეთო და 321 კმ საზღვაო.

2014 წელს უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ოკუპირება-ანექსიისას და უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში რუსული სეპარატისტული მოქმედებების დაწყების შემდეგ,რუსეთ-უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დიდი ნაწილის კონტროლის საშუალება ოფიციალურმა კიევმა დაკარგა.

2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის შეიარაღებული ძალების ღია სამხედრო აგრესიის დაწყებისთანავე,განსაკუთრებით კი უკრაინის ჩრდილოეთ საზღვრის მიმართულებით,თითქმის აღარ დარჩა რუსეთ-უკრაინის სახმელეთო საზღვრის მონაკვეთი,რომელსაც უკრაინელი მესაზღვრეები აკონტროლებდნენ,რადგან რუსეთის საოკუპაციო ძალები შეიჭრნენ ლუგანსკის,ხარკოვის,სუმისა და ჩერნიგოვის საზღვრისპირა რაიონებშიც.

მას შემდეგ,რაც 2024 წლის სექტემბერ-ნოემბერში უკრაინის არმიამ წარმატებული კონტრიერიშების შედეგად შესძლო რუსი აგრესორების გაყრა ქვეყნის ტერიტორიის ჩრდილოეთ ნაწილიდან,უკრაინელმა მესაზღვრეებმა აღადგინეს საზღვრის კონტროლი ჩერნიგოვის,სუმისა და ხარკოვის ოლქების სასაზღვრო მონაკვეთებზე,რომლებიც შესაბამისად ესაზღვრება რუსეთის ფედერაციის ბრიანსკის,კურკისა და ბელგოროდის ოლქებს.უკრაინის ლუგანსკის ოლქი,რომლის მოსაზღვრე ჩრდილოეთით რუსეთის ვორონეჟის ოლქია,თითქმის მთლიანად აქვთ ოკუპირებული რუს აგრესორებს.

2023 წელს,მაშინ,როდესაც რუსეთ-უკრაინის ფრონტის აღმოსავლეთ მონაკვეთზე-დონბასში გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობდა და ხერსონისა და ზაპოროჟიეს მიმართულებებზეც არ წყდებოდა ორმხრივი საარტილერიო ცეცხლი,უკრაინის ჩრდილოეთ საზღვარზე თვეობით სრული სიჩუმე სუფევდა.

სიტუაცია შეიცვალა 2024 წლის 10 მაისს,როდესაც რუსეთმა ხელმეორედ მიიტანა იერიში უკრაინის ხარკოვის ოლქის ქალაქ ვოვჩანსკსა და ლიპცზე,რომლებიც უშუალოდ საზღვრის სიახლოვეს მდებარეობენ.

2-bup-1747988446.png
უკრაინული ინტერნეტრესურსის DeepStateMap-ის ოპერატიული რუკა რუსეთ-უკრაინის საზღვრისპირა რაიონში 23 მაისს არსებული სიტუაციის მიხედვით - მწვანე ფერად მონიშნულია უკრაინის ის ტერიტორიები, რომლებიც რუსეთს 2022 წელს დროებით ჰქონდა ოკუპირებული, ხოლო ყავისფრით კი ის, რაც დღესაც აქვს დაპყრობილი...

ამას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტ პუტინის 2024 წლის მარტში გაკეთებული განცხადება, უკრაინასთან საზღვარზე „სანიტარული ზონის“ შექმნის შესახებ, რომლის განხორციელებას კრემლი ეტყობა, სწორედ საზღვრის გასწვრივ და ამასთან უკრაინის ტერიტორიაზე აპირებდა.

მოსკოვის ჩანაფიქრი მაშინ ფაქტობრივად ჩაიშალა, რადგან რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დღემდე ბოლომდე ვერ დაიპყრეს უკრაინული ვოვჩანსკიც კი, სამაგიეროდ, თავად უკრაინამ შესთავაზა დიდი სიურპრიზი კრემლს და 2024 წლის 6 აგვისტოს შეიჭრა რუსეთის კურსკის ოლქის სიღრმეში და ოკუპანტი ქვეყნის ათას კვადრატულ კმ-ზე მეტი ფართობის ოკუპაცია განახორციელა. უკრაინის მხარე რვა თვის განმავლობაში ინარჩუნებდა პოზიციებს რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში.

უკრაინელი სამხედროების ასე ღრმად შეჭრამ კურსკის ოლქში,ასევე უკრაინული სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფების ხშირმა რეიდებმა ბელგოროდის ოლქში, რასაც შეიძლება მოჰყვეს ანალოგიური თავდასხმები ბრიანსკის ოლქზეც, ეტყობა კრემლი აიძულა ხელახლა გაეხსენებინა „სანიტარული ზონის“ შექმნის იდეა, რომელიც ერთი წლის ჩაუფლავდა და ახლა უკვე „ბუფერული ზონის“ სახელით ეცდება გააძლიეროს თავის სამხრეთ საზღვრის მონაკვეთი უკრაინასთან, რათა შემდგომში გამორიცხოს ისეთივე კონფუზი, რაც გასული წლის აგვისტოში მოუვიდა, როდესაც უკრაინის ორფერიანი დროშებაღმართული ჯავშანმანქანები რუსეთის კურსკის ოლქის 35-40 კმ-ის სიღრმეში ასფალტირებულ გზებზე უშიშრად დანავარდობდნენ...

ბუნებრივია, რომ რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა ეცდება ასეთი „ბუფერული ზონა“ არა თავის, არამედ, უკრაინის ჩერნიგოვის, სუმისა და ხარკოვის საზღვრისპირა ტერიტორიებზე შექმნას და ის „შეუერთოს“ უკვე ოკუპირებულ ლუგანსკის ოლქს.

ამისთვის რუსეთის საოკუპაციო ძალებს მოუწევთ არანაკლებ 500 კმ სიგრძისა და 30 კმ სიგანის უკრაინის ჩრდილოეთ საზღვრისპირა ზოლის დაპყრობა,რათა უკრაინულ შორსმსროლელ არტილერიას გაუჭირდეს რუსეთის საზღვრისპირა რაიონებში სამიზნეებამდე საარტილერიო ჭურვებისა და რაკეტების მიღწევა.

მაგრამ, უკრაინული ქალაქები სუმი და ხარკოვი სწორედ 30-30 კმ-ით არიან დაშორებული საზღვრიდან,რაც არ გამორიცხავს,რომ კრემლმა მის მიერვე დაანონსებულ „ბუფერულ ზონაში“ შეიძლება უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქის-ხარკოვის მოხვედრაც მოინდომოს...