ყველაზე დიდი საჰაერო თავდასხმა კიევზე... - კვირის პალიტრა

ყველაზე დიდი საჰაერო თავდასხმა კიევზე...

23-24 მაისის ღამე რუსეთ-უკრაინის ომის ისტორიაში შევა, როგორც რუსეთის შეიარაღებული ძალების ყველაზე დიდი საჰაერო შეტევა უკრაინის დედაქალ კიევზე...

საერთო ჯამში, ამ ღამეს რუსეთმა უკრინაზე კომბინირებული საჰაერო დარტყმა განახორციელა არანაკლებ 250 „შაჰიდის/გერანის“ კამიკაძე-დრონითა და 14 აერობალისტიკური რაკეტით „ისკანდერით“, რომელთაგან უკრაინული მხარის განცხადებით ჩამოგდებული იქნა ექვსი „ისკანდერი“ და 128 კამიკაძე-დრონი, კიდევ 117 დრონი „გაქრა“ რადიოლოკატორების ეკრანებიდან, რაც სავარუდოდ იმაზე მიუთითებს, რომ ისინი მხოლოდ ცრუ სამიზნე დრონები იყვნენ და ემსახურებოდნენ უკრაინის საჰაერო სისტემის გადატვირთვას...

წინასწარი მონაცემებით, ყველაზე მასიურ რუსულ საჰაერო შეტევას უკრაინის ქალაქებში 15-მდე მშვიდობიანი მოსახლის დაჭრა-დაშავება მოჰყვა, რაც საბედნიეროდ არ არის კატასტროფული შედეგი ასეთი თავდასხმის შემდეგ, თუმცა რუსეთმა ასევე დაარტყა კიევში მდებარე „ანტონოვის“ ცნობილ საავიაციო ქარხანასაც, რომელშიც, რუსული სამხედრო დაზვერვის მტკიცებით, უკრაინელები სერიულად ამზადებენ იმ შორსმფრენ კამიკაძე-დრონებს, რომლებიც ბოლო დღეებში მასიურად „შეესიენ“ თვით მოსკოვსაც კი...

სწორედ ის გარემოება, რომ 20-23 მაისის პერიოდში უკრაინამ რუსეთს 788 ერთეული კამიკაძე-დრონით შეუტია და რუსეთის აერონავიგაციის კოლაფსი გამოიწვია აეროპორტების დაკეტვის ჩათვლით, რასაც დაემატა რუსულ ქალაქებში ინტერნეტის ქსელის სპეციალურად გამორთვაც (რუსეთის სპეცსამსახურები მთელ ქალაქებს ურთავენ ინტერნეტს, რადგან თვლიან, რომ შეტევაზე გადასულმა უკრაინულმა კამიკაძე-დრონებმა მიზანში ზუსტად მოხვედრისთვის შეიძლება ისარგებლონ ადგილობრივი ინტერნეტქსელით), კრემლმა შურისძიება გადაწყვიტა და თავის მხრივ რეკორდული რაოდენობის კამიკაძე-დრონები შეუსია უკრაინის ქალაქებს და პირველ რიგში მის დედაქალაქს, კიევს...

„დრონების ომი“ რუსეთ-უკრაინის შეიარაღებულ დაპირისპირებაში უკვე ჩვეულ ამბად იქცა და თუკი ომის პირველ წლებში სწორედ აგრესორი რუსეთი ირანული „შაჰიდებით“ ყოველ ღამე ატერორებდა უკრაინული ქალაქების მშვიდობიან მოსახლეობას, ახლა „მადა“ უკრაინელებსაც გაეხსნათ და რუსული ქალაქებისკენ აღარც თვითონ ინანებენ „ლიუტის“ კამიკაძე-დრონების მასიურ დაუპატიჟებელ „სტუმრობებს“...

კამიკაძე-დრონების მასიური საჰაერო შეტევების მოგერიება არ არის ადვილი, მიუხედავად იმისა, რომ ისინი თავისი საფრენოსნო პარამეტრებით(ფრენის სიჩქარე და სიმაღლე) მეორე მსოფლიო ომისდროინდელ გამანადგურებელ თვითმფრინავებსაც კი ბევრად ჩამოუვარდებიან, თუმცა აქ იმალება ერთი მნიშვნელოვანი ტექნიკურ-ტაქტიკური ხასიათის ნიუანსი...

როდესაც თავიდან რუსეთმა მასიურად დაიწყო უკრაინის ირანული „შაჰიდებით“ შეტევა, უკრაინელებმა ამის საწინააღმდეგოდ შექმნეს მობილური საზენიტო ჯგუფები-პიკაპის ძარაზე დამონტაჟებული იყო მძლავრი პროჟექტორი და საზენიტო ტყვიამფრქვევი, რაც 2 კმ სიმაღლემდე და 180 კმ/სთ-მდე სიჩქარით მფრენი „შაჰიდების“ ღამის ცაში აღმოჩენისა და დაზიანება-ჩამოგდების კარგ შანს იძლეოდა.

2-kie-1748077253.png
კიევზე რუსული კამიკაძე-დრონების მასიური საჰაერო შეტევის შედეგი...

მაგრამ, როგორც მოსალოდნელი გახლდათ, რუსმა სამხედროებმა გაზარდეს „შაჰიდების“ ფრენის სიმაღლე 3 კმ-მდე, რამაც უკვე არაეფექტიანი გახადა უკრაინელი მეზენიტეების მობილური ჯგუფების პიკაპების ძარებზე დამონტაჟებული 7,62 და 12,7 მმ კალიბრის ტყვიამფრქვევების ცეცხლი, რადგან მათგან გასროლილი ტყვიები ვეღარ აზიანებენ 2 კმ-ზე მაღლა.

უფრო ძლიერი, 23 მმ კალიბრის შეწყვილებულლულიანი საზენიტო ავტომატური ქვემეხების დამონტაჟება „ტოიოტას“ პიკაპის ძარაზე პრობლემატურია და ამისთვის უკვე სატვირთო ავტომობილია საჭირო, რომლის მობილურობა ჩამოუვარდება პიკაპის სისწრაფეს და ამასთან 23 მმ-იანი საზენიტო ავტომატური ქვემეხების რაოდენობა ბევრად უფრო შეზღუდულია, ვიდრე ტყვიამფრქვევების...

უკრაინულ კამიკაძე-დრონებსაც შეუძლიათ იგივე ტაქტიკის გამოყენება რუსეთის ცაში და სამ კმ-ზე ფრენა, რათა არ გახდნენ ტყვიამფრქვევებით აღჭურვილი ანალოგიური რუსული მობილური საზენტო ჯგუფების ლუკმა, მაგრამ უკრაინისგან გამსხვავებით რუსეთის საჰაერო თავდაცვას ბევრად მეტი ახალო მოქმედების „პანცირის“, „ოსასა“ თუ „ტორის“ საზენიტო-სარაკეტო დანადგარი გააჩნია და რაც მთავარია არ განიცდის საზენიტო რაკეტების მარაგის სიმცირეს-მაღლა მფრენი უკრაინული კამიკაძე-დრონების რადიოლოკატორებით აღმოჩენა კი უფრო ადვილია...

ამიტომაც უკრაინული კამიკაძე-დრონები ისევ ერთ კმ-მდე სიმაღლეებზე ფრენით აგრძელებენ რუსულ სამხედრო ობიექტებზე საჰაერო თავდასხმების მცდელობებს და ეს მეტ-ნაკლებად გამოსდით, განსაკუთრებით იქ, სადაც რუსული „პანცირები“ არ დგანან...