რუსეთმა თავისივე „სასიკვდილო რეკორდი“ მოხსნა და ამ ღამით კიდევ უფრო დაუნდობლად დაბომბა უკრაინა... - კვირის პალიტრა

რუსეთმა თავისივე „სასიკვდილო რეკორდი“ მოხსნა და ამ ღამით კიდევ უფრო დაუნდობლად დაბომბა უკრაინა...

გუშინ ამავე ბლოგში გამოქვეყნებულ სტატიაში „ყველაზე დიდი საჰაერო თავდასხმა კიევზე...“, ვწერდით,რომ 23-24 მაისის ღამე რუსეთ-უკრაინის ომის ისტორიაში შევიდა, როგორც რუსეთის შეიარაღებული ძალების ყველაზე დიდი საჰაერო შეტევა უკრაინის დედაქალ კიევზე...

საერთო ჯამში, ამ ღამეს რუსეთმა უკრინაზე კომბინირებული საჰაერო დარტყმა განახორციელა არანაკლებ 250 „შაჰიდის/გერანის“ კამიკაძე-დრონითა და 14 აერობალისტიკური რაკეტით „ისკანდერით“, რომელთაგან უკრაინული მხარის განცხადებით ჩამოგდებული იქნა ექვსი „ისკანდერი“ და 128 კამიკაძე-დრონი, კიდევ 117 დრონი „გაქრა“ რადიოლოკატორების ეკრანებიდან, რაც სავარუდოდ იმაზე მიუთითებს, რომ ისინი მხოლოდ ცრუ სამიზნე დრონები იყვნენ და ემსახურებოდნენ უკრაინის საჰაერო სისტემის გადატვირთვას...

2-2-1748165967.jpg
უკრაინის წინააღმდეგ ერთ საჰაერო შეტევაში გამოყენებული დრონებისა და რაკეტების რაოდენობით აგრესორმა რუსეთმა 25 მაისის გამთენიისას ახალი საშინელი „რეკორდი“ დაამყარა...

დღეს კი სამწუხაროდ გვიწევს ამავე თემის გაგრძელება, რადგან რუსმა აგრესორებმა თავის თავსაც კი „აჯობეს“და 24-25 მაისის ღამეს ახალი „სასიკვდილო რეკორდი“ დაამყარეს მეზობელი უკრაინის ოთხწლიანი დაბომბვების საშინელ ისტორიაში...

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა ოფიციალურად იტყობინება, რომ ამ ღამით რუსმა აგრესორებმა უკრაინის ქალაქების წინააღმდეგ გამოიყენეს კურსკის ოლქიდან გაშვებული 9 აერობალისტიკური რაკეტა Искандер-М/KN-23 (ანუ როგორც რუსული, ისე ჩრდილოკორეული წარმოების); სარატოვის ოლქისა და შავი ზღვის აკვატორიის თავზე მფრენი რუსული სტრატეგიული რაკეტმზიდ-ბომბდამშენებიდან Ту-95МС და ТУ-160-დან სტარტაღებული Х-101ტიპის და შავი ზღვაში მცურავი სარაკეტო კორვეტებიდან გაშვებული Калибр-ის ტიპის 55 ერთეული ფრთოსანი რაკეტა; შორი მოქმედების რაკეტმზიდ-ბომბდამშენიდან Ту-22М3-დან გაშვებული ერთი Х-22 ტიპის ფრთოსანი რაკეტა;ტაქტიკური ავიაციის თვითმფრინავებიდან გაშვებული „ჰაერი-ხმელეთი“ კლასისა და Х-59/69 ტიპის 4 მართვადი რაკეტა და რაც მთავარია, 298 ერთეული Shahed/Герань-2 ტიპის დამრტყმელი კამიკაძე-დრონი და დრონი-იმიტატორი,უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის გადასატვირთვად.

3-3-1748165986.png
საშინელი ხანძარი უკრაინულ სოფელში რუსული საჰაერო შეტევის შემდეგ...

გამოდის, რომ 24 მაისის ღამის „რეკორდი“, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 25 მაისის ღამეს, მნიშვნელოვნად „გადაფარეს“ და 264 საჰაერო შემტევიდან, ის 367-მდე გაზარდეს...

გარდა ამისა, სამწუხაროდ გაიზარდა მსხვერპლისა და დაშავებულების რაოდენობა უკრაინის ქალაქების მშვიდობიან მოსახლებაში და რუსეთის „რეკორდულმა“ საჰაერო შეტევამ ამ დილას უკრაინაში 11 ადამიანი(მათ შორის სამი ბავშვი) იმსხვერპლა და 33 დაჭრა...

უკრაინელებს შორის დანაკარგი შეიძლება ბევრად მეტი ყოფილიყო,უკრაინის საჰაერო თავდაცვას 367-ი რუსული საჰაერო სამიზნიდან 266 დრონი და 45 რაკეტა არ ჩამოეგდოთ, რაც ცუდ შედეგად ნამდვილად არ ითვლება(მითუმეტეს, ბირთვული ქობინების გადამტანი Х-101ტიპის ფრთოსანი რაკეტების ჩამოგდება,რომლებიც ძირითადად ევროპაზე და ჩრდილო ამერიკის კონტინენტზე ბირთვული დარტყმების მისაყენებლად არიან განკუთვნილი).

აგრესორი რუსეთის ასეთი გააქტიურება ბოლო ორ დღეში შემთხვევითი არ არის, რადგან უკრაინამაც ბოლო დღეებში მნიშვნელოვნად გაზარდა კამიკაძე-დრონებით შეტევები რუსეთის ტერიტორიაზე-ამ დილას, მაგალითად, რუსეთის ტვერში მიგალოვოს სამხედრო აეროდრომს შეუტია, რომელზეც რუსული მძიმე სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებია განთავსებული.

უბრალოდ, დიდად განსხვავდება რუსული და უკრაინული კამიკაძე-დრონების სამიზნეების არსი, რადგან თუკი რუსული „გერანები“ „არ თაკილობენ“ უკრაინული ქალაქების საცხოვრებელ კორპუსებზე მასობრივად შეჯახებასა და აფეთქებას (სწორედ რაც განაპირობებს დაღუპულთა და დაჭრილთა დიდ რაოდენობას უკრაინის ქალაქების მშვიდობიან მოსახლეობაში), უკრაინული „ლიუტები“ ძირითად სამიზნეებად რუსულ სამხედრო და სამრეწველო ობიექტებს ირჩევენ, რაც თავისთავად ამცირებს მსხვერპლის რიცხვს რუსეთის მშვიდობიან მოსახლეობაში, მაგრამ სამაგიეროდ მტკივნეულად აისახება პუტინის არმიის საბრძოლო პოტენციალზე, განსაკუთრებით მას შემდეგ, როდესაც უკრაინული კამიკაძე-დრონები საბრძოლო მასალების შენახვის მორიგ რუსულ საწყობს თუ ასევე მორიგ დიდი ნავთობბაზას ააგიზგიზებენ...

4-3-1748166257.png

რუსეთის ტვერთან მდებარე მიგალოვოს სამხედრო აეროდრომი,მასზე განთავსებული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებით, რომელიც 25 მაისის გამთენიისას უკრაინული კამიკაძე-დრონების თავდასხმის სამიზნე გახდა...

სწორედ, შედარებით იაფი კამიკაძე-დრონების მასიური გამოყენებაა ის მთავარი გზა, რომელიც უკრაინას საშუალებას აძლევს ერთგვარი პარიტეტი დაამყაროს აგრესორ რუსეთთან საჰაერო დარტყმების რაოდენობაში, რაც რუსეთის მოსახლეობის დიდ ნაწილს (და არა მარტო უკრაინის საზღვრის სიახლოვეს მაცხოვრებლებს) უკვე უქმნის იმის შეგრძნებას (თუნდაც ხშირად გაუქმებული ავიარეისების, დაკეტილი აეროპორტებისა და გამორთული ინტერნეტის გამო), რომ მათივე პრეზიდენტის წამოწყებული ეს დიდი და ხანგრძლივი ომი, მათსავე რუსეთში დაბრუნდა და ეტყობა კიდევ უფრო „გაფართოვდება“...

P.S. სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეოკადრები და ცნობილი ხდება,რომ დღეს, გამთენიისას რუსმა მეზენიტეებმა ტყვიამფრქვევებიდან ცეცხლი გაუხსნეს ტვერის სამხედრო აეროდრომიდან აფრენილ თვითმფრინავს, რომელიც არც მეტი და არც ნაკლები თავად რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების კუთვნილი Ту-134 ტიპის ორძრავიანი რეაქტიული თვითმფრინავი გახლავთ და მისი არევა იმ უკრაინულ კამიკაძე-დრონებში, რომლებიც სწორედ ამ დღეს დაესხნენ თავს ტვერის სამხედრო აეროდრომს, უბრალოდ შეუძლებელია და ამ აეროდრომის დამცველი რუსი სამხედროების არაპროფესიონალიზმზე ან უფრო კი იმ დიდ პანიკაზე მიუთითებს, რომელიც მათ დაეუფლათ უკრაინული კამიკაძე-დრონების საჰაერო თავდასხმის დროს...ამასთან, მათ ვერც ამ თავის „ტუ“-ს მოარტყეს მგეზავი ტყვიების ჯერები...