"ოპოზიციამ უნდა მონახოს საკუთარ თავში­ ძალა და კრიტიკულად გადაიაზროს ეს ექვსთვიანი პერიოდი“ - კვირის პალიტრა

"ოპოზიციამ უნდა მონახოს საკუთარ თავში­ ძალა და კრიტიკულად გადაიაზროს ეს ექვსთვიანი პერიოდი“

"კარგი იქნება, რომ ოპოზიციამაც და სამოქალაქო სექტორმაც­ გაიაზროს, რათა დაინახოს, რა შეცდომები დაუშვა. ეს კი იმისთვის­ არის საჭირო, რომ ახალი სტრატეგიაა შესამუშავებელი, ახალი სტრატეგიისთვის კი მიზნები უნდა იყოს მკაფიოდ განსაზღვრული", - ამბობს პოლიტიკის ანალიტიკოსი ირაკლი მელაშვილი. თუმცა­ რამდენად იქნება ეს შესაძლებელი მაშინ, როდესაც ოპოზიციის ლიდერებს იჭერენ, ოპოზიციაში კი აშკარად უთანხმოებაა, ამაზე მელაშვილის პასუხები ასეთია:

- ჯაფარიძის დაჭერა მუქარაა, რომ ვინც წინააღმდეგობას გაუწევს, ყველას ციხეში ჩააგდებენ. ხელისუფლება ხვდება,­ რომ საზოგადოებაში უკმაყოფილებაა და ცდილობს ჩაახშოს. არადა, ჭკვიანი ხელისუფლება უნდა ცდილობდეს გამოიკვლიოს უკმაყოფილების მიზეზი და აღმო­ფხვრას. საქართველოში ბოლო 25 წელია ამას ვაკეთებთ, როგორც კი დაინახავენ, საზოგადოებაში­ უკმაყოფილებაა,­ ძალოვანი­ სტრუქტურებით ცდილობენ­ შიშის დანერგვას.­ ზურა ჯაფარიძის დაკა­ვება­ზე ვკითხულობ სოცქსელებში და გაოგნებული­ ვარ - "ოცნების" მომხრეები­ წერენ, იმიტომ დაიჭირეს, რომ სააკაშვილის მომხრე იყოო, და კმაყოფილებას არ მალავენ. ზურა ჯაფარიძესთან წინა ხელისუფლების დროს ბევრჯერ მქონია დებატები და მისი პოზიცი­ით ნამდვილად არ ვიყავი აღფრთოვანებული, მაგრამ ამის გამო დაჭერა თუ დავიწყეთ, ესე იგი, პოლიტიკური ნიშნით ვაპატიმრებთ. წულუკიანის კომისიაში რომ ხალხი ზის, ის ხალხი ვინ იყო? ტაბატაძე ვინ იყო, ვინ იყო შარმანაშვილი? ამ ხალხს სააკაშვილის დროს მაღალი თანამდ­ებობები არ ეკავათ?­ ზურა ჯაფარიძე იყო ექსპერტი, რომელიც იცავდა­ "ნაციონალების" პოზიციებს. რა თქმა უნდა, მათ პოზიციებს არც მაშინ ვეთანხმებოდი და არც ახლა, მაგრამ თუ ჯაფარიძის დაკავებას იმით ვამართლებთ, რომ სააკაშვილის მომხრე იყო, მაშინ "ქართული ოცნების" დეპუტაციის ნახევარი ციხეშია ჩასასმელი. ძალიან ბევრი მათგანი იყო მათი დავალებების შემსრულებელი და დღეს ისინი ურცხვად­ გვეუბნებიან, რომ სააკაშვილის რეჟიმი საშინელება­ იყო. ყველა ხელისუფლება საქართველოში იმ ტაშის დამკვრელებმა დაღუპეს, რომლებიც ცდილობდნენ "გაეპრავებინათ" ყველაფერი, რასაც ხელისუფლება სჩადიოდა. წინა ხელისუფლებას თუ არ ეპატია, რასაც აკეთებდა, მაშინ რატომ უნდა ეპატიოს ამ ხელისუფლებას? ამ 25 წლის განმავლობაში ყოველთვის უპრინციპო პირები იყვნენ ხელისუფლების დასაყრდენი, ვიდრე ისინი­, ვისაც სწორი ღირებულებები აქვთ და არ სურთ ხელისუფლება ავტორი­ტარულ რეჟიმს დაემსგავსოს...

- დაჭერების დაწყება დაემთხვა, ერთი მხრივ, კობახიძის ტრამპისთვის გაგზავნილ­ წერილს, რუბიოს განცხადებას, ევროკავ­შირის თანამშრომლის საქართველოში­ არშემოშვებას...­ ამასთან, პაპუაშვილმა განაცხადა, რომ რუსე­თსა­ და ინგლისს­ შორის მხოლოდ ის განსხ­ვავებაა,­ ერთი რუსულად­ ლაპარაკობს და მეორე ინგლისურადო­. რას ნიშნავს ეს ყველაფერი?

- აბსოლუტურად წყობიდან არიან გამოსული, საოცარ კომენტარებს აკეთებენ. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კონგრესის საგარეო კომიტეტზე გამოვიდა და თქვა, რამდენად გვაწყობს, რომ ასეთ მნიშვნელოვან­ რეგიონში ანტიამერიკული ხელისუფლება არსებობდესო, და ამაზე საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის რუბიოს შეფასებით, ძირითადად, კმაყოფილია. ან ვერ მიხვდა, ეს ანტიამერიკული მთავრობის სტატუსი მათ რომ ეხება, ან კმაყოფილი არიან, მათ დედა რომ არ აგინა. როგორც ჩანს, ვერ აგვარებენ ურთიერთობებს ვერც ტრამპთან, რისი დიდი იმედიც ჰქონდათ, მაგრამ ეს თავიდანვე მოსალოდნელი იყო. ტრამპი შეიძლება პუტინს რაღაცაზე გაურიგდეს, იმიტომ, რომ მის ინტერესებში იყოს, მაგრამ ტრამპისგან ყველაზე მწარედ მოხვდებათ იმათ, ვინც პუტინის სატელიტია.

- ოპოზიციურად განწყობილ საზოგადოებაში თითქოს პესიმიზმი გაჩნდა. ოპოზიციაც ერთმანეთის ლანძღვაზე გადავიდა. რა შეიძლება მოჰყვეს ამას და გამოსავალს რაში ხედავთ?

- ჩემი აზრით, 26 მაისს დასრულდება­ ერთი ეტაპი, რომელიც კობახიძის განცხადებით დაიწყო, და რასაც მოჰყვა მრავალთვიანი პროტესტი. კარგი იქნება, ეს ეტაპი ოპოზიციამაც და სამოქალაქო სექტორმაც ძალიან კარგად შეაჯამონ და დაინახონ, რა შეცდომები დაუშვეს, იმიტომ, რომ აშკარაა, ახალი სტრატეგიაა საჭირო, სტრატეგიისთვის კი მიზნების სწორად ჩამოყალიბება და ფორმატების სწორად შერჩევა, რათა ოპოზიციამ დაიბრუნოს საზოგადოების მხარდაჭერა. ბოლო დროს ხელისუფლების მხარდაჭერა სტაბილურად 1/3-ის ფარგლებშია, ოპოზიციის კი, სამწუხაროდ, ეცემა და იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, ვისაც არ მოსწონს არც ოპოზიცია და არც ხელისუფლება. ოპოზიციას ბევრი რამ გადასახედი აქვს. რა თქმა უნდა, ძალიან რთულია ავტორიტარულ სისტემაში ურჩიო პოლიტიკოსებს, როგორ მოიქცნენ. ბევრჯერ მითქვამს, რომ ბევრ რამეში ოპოზიცია თავად არის დამნაშავე, მაგრამ, ჩემი აზრით, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, 26 მაისის შემდეგ ოპოზიციამ მონახოს საკუთარ თავში­ იმის ძალა, რომ კრიტიკულად გადაიაზროს ეს ექვსთვიანი პერიოდი. საპარლამენტო არჩევნებზე რაც მოხდა, ესეც კრიტიკულად გადასააზრებელია და ამის შემდეგ ახალი გეგმითა და სტრატეგიით არის ბრძოლის დაწყება საჭირო.

ფაქტია, საზოგადოებასაც მოჰყირჭდა ამ ტიპის აქციები. პროტესტი კი არ იკლებს, არამედ ვერ ხედავენ, რომ ამ ტიპის ქმედებებით შედეგის მიღწევაა შესაძლებელი და ეს არ არის საზოგადოების ბრალი. ბევრი მიზეზი აქვს ამ ყველაფერს და ეს მიზეზებია გასაანალიზებელი ურთიერთბრალდებების და ლანძღვა-გინების გარეშე. ჩამოსაყალიბებელია ახალი სტრატეგია, თუ როგორ უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ეს ხელისუფლება მშვიდობიანი გზით შეიცვალოს და ამას როგორ მივაღწიოთ. არ არის საჭირო საზოგადოებაზე გაბრაზება, მხარს რატომ არ მიჭერო. მხარს არ გიჭერს იმიტომ, რომ ვერ დაინახეს, ცვლილებების მოტანა რომ შეგიძლია.

- გასაგებია, რომ რაღაც შესაცვლელია­ და ეს აქციები საზოგადოების ნაწილსაც მოჰბეზრდა, მაგრამ, მეორე მხრივ, აქციები რომ გაჩერდეს­, "ოცნება" ჩათვლის, რომ გაიმარჯვა­ და მერე რას გააკეთებენ, კაცმა არ იცის...

- ნებისმიერ აქციას აქვს პიკი და ჩავარდნები. ასეთი მოძრაობა ყოველთვის სპირალისებურია. ამიტომ საზოგადოების დამუნათებას, ქუჩაში რატომ არ გამოდიხ­ართო, აზრი არა აქვს. ამ ყველაფრის გადააზრებაა საჭირო, ყოველგვარი ურთიერთბრალდებების გარეშე და იმის თქმის გარეშე, საზოგადოება არ გვივარგაო. რეგიონებში ხალხი მიტოვებულია. კი გავიდა ოპოზიცია თითქოს რეგიონებში, მაგრამ მათ ჩამოსაყალიბებელი აქვთ, რას აპირებენ თუნდაც თვითმმართველობის არჩევნებზე. ოპოზიციას არა აქვს უფლება ბრძოლის გარეშე დაუტოვოს ხელისუფლებას ძალაუფლება, ჩამოაყალიბებინოს ავტორიტარული რეჟიმი, სადაც ყველა, პრემიერ-მინისტრით დაწყებული და სოფლის გამგებლით დამთავრებული, ყველა ერთი პარტიის წევრი იქნება. ამის წინააღმდეგ ბრძოლა რატომ არის ივანიშვილის მხარეს ყოფნა, ვერავინ ამიხსნა. მხოლოდ საგარეო ფაქტორებზე არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული.

სამწუხაროდ, მართალი აღმოვჩნდი, რომ ვამბობდი, დასავლეთი ნელ-ნელა­ შეეგუება, რომ ეს რეჟიმი არსებობს და გარკვეული ურთიერთობები იქნება-მეთქი.

დასავლეთისთვის ივანიშვილის ხელისუფლება არასდროს არ იქნება მათი მეგობარი და აღარასოდეს იქნება ისეთი დაფასებული, როგორიც მანამდე იყო, მაგრამ ფაქტია, გარკვეული ურთიერთობები იქნება შენარჩუნებული და ივანიშვილსაც ზუსტად ეს უნდა. მას სურს აქ დასავლეთი იყოს, მაგრამ იყოს იმდენად მინიმალურად, რომ სანქციები არ დაუწესონ და რაღაც ბენეფიტები მიიღოს, მაგრამ დასავლეთის ისე შემოსვლა, რომელიც მას დემოკრატიულ რეფორმებს­ მოსთხოვს, სულაც არ აწყობს. მას სურს თან დასავლეთი შორიახლო ჰყავდეს და თან ეუბნებოდეს, მომეცი­ საშუალება,­ რაც მინდა, ის ვაკეთოო. ჯერ ეს გასდის­ და გახარებული არიან, ამერიკელებს რომ არ აინტერესებთ­, საქართველოში რა ხდება, ევროკავშირი ვერ ასანქცირებს უნგრეთის და სლოვაკეთის გამო, მაგრამ ეს ყულფიც ნელ-ნელა ვიწროვდება. ადრე თუ გვიან, ამერიკის ადმინისტრაციასაც მოუწევს გადაწყვეტილების მიღება,­ ამას კონგრესის ორივე პალატა სთხოვს, ტრამპი მათთან ურთიერთობას არ გაიფუჭებს ივანიშვილის­ გამო და "მეგობარ აქტსაც", ადრე თუ გვიან, მიიღებენ. ევროკავშირიც აპირებს, რომ უნგრეთს ხმის უფლება შეუჩეროს და მიეცემა შესაძლებლობა, რომ ერთიანი პოლიტიკით გამოვიდეს საქართველოსთანა ქვეყნების წინააღმდეგ.

ეს არ არის მოკლევადიანი ბრძოლა და თავიდანვე ყველასთვის ნათელი უნდა ყოფილიყო, რომ ჩვენ ისეთი ტიპის რეჟიმთან გვქონდა საქმე, რომ ეს წინააღმდეგობა და დაპირისპირება მალე ვერ დამთავრდებოდა. ამიტომაც ოპოზიციამ თავისი ნაბიჯები საშუალოვადიან პერსპექტივაში უნდა გათვალოს და ვფიქრობ, ეს ყველაფერი შესაძლებელია.

რუსა მაჩაიძე