„უზარმაზარი ფული იხარჯება ლობისტურ საქმიანობაში და ...“ - კვირის პალიტრა

„უზარმაზარი ფული იხარჯება ლობისტურ საქმიანობაში და ...“

გასულ კვირას ოპოზიციის კიდევ ერთი ლიდერი, ზურაბ "გირჩი" ჯაფარიძე დააპატიმრეს... ქვეყნის შიგნით თუ გარეთ მიმდინარე პროცესებზე ექსპერტი მამუკა არეშიძე გვესაუბრება.

- მსოფლიო საზოგადოება დიდ იმედს ამყარებდა სტამბოლის შეხვედრებზე, მაგრამ იმაზე ბევრად დაბალეფექტური გამოდგა, ვიდრე წარმოგვედგინა. მოსკოვმა­ მაინც მოახერხა თავისი დღის წესრიგის გატანა, მოლაპარაკების ცენზი დასწია და ტყვეების გაცვლამდე დაიყვანა.

- ამერიკამ კიდევ რა უნდა გააკეთოს, რომ რუსეთი წნეხში მოექცეს?

- ძალიან მნიშვნელოვანა ხელშეკრულება, რომელიც ახლა დაიდო საუდის არაბეთში. მისი ერთი ნაწილი მოიცავს ნავთობის მოპოვების გაზრდას, რაც ნიშნავს ნავთობის ფასების დაცემას. ენერგომატარებლების გაიაფება რუსეთისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა. საბოლოოდ შესრულდება თუ არა, ამის თქმა გამიჭირდება. რუსეთსაც აქვს კავშირები საუდის არაბეთის ხელისუფლებასთან და არ ვიცი, საუდის არაბეთის ხელისუფლება ამ გადაწყვეტილების ერთგული იქნება თუ არა.

მინდა ჩვენი რეგიონის პოლიტიკასაც შევეხოთ. საინტერესო სურათს ვაკვირდებით­ - ეს არის ჩვენი მეზობლის, აზერბაიჯანის არნახული პოლიტიკური აქტიურობა. აზერბაიჯანი, რომელიც ყარაბაღის ომის დასრულების შემდეგ უკვე თეთრ ცხენზე მოიაზრებდა საკუთარ თავს, ახლა თავს მიიჩნევს არა მხოლოდ რეგიონის წამყვან ქვეყნად, არამედ კასპიისა და შავი ზღვის აუზების სივრცის ერთ-ერთ ლიდერად. ხდება ძალიან საინტერესო საერთაშორისო მოთამაშე, რომელსაც აქვს საუკეთესო ურთიერთობა თურქეთთან, თურქეთთან დაპირისპირებულ ისრაელთან, აუმჯობესებს­ ურთიერთობას ევროკავშირთანაც. ამას მოწმობს კალასისა და ზოგიერთი სხვა ლიდერის ვიზიტი. პლუს საუკეთესო ურთიე­რთობა აქვს პაკისტანთან, მეგობრობის ხელშეკრულება აქვს დადებული რუსეთთან, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების წინადღეს გააფორმა. ამასთან, ძალიან ცდილობს მოხვდეს აბრაამის ხელშეკრულებაში, რომელიც ძალიან აქტუალურია წინა აზიაში. ხელშეკრულება დაიდო ისრაელთან დაპირისპირებული არაბული სამყაროს ზოგიერთ ქვეყანასა და ისრაელს შორის. იგეგმება ხელშეკრულების ფორმატის გაზრდაც, რომელშიც უნდა შევიდნენ სხვა მუსლიმანური ქვეყნები როგორც აფრიკიდან, ისე აზიიდან, ვისაც სურს ისრაელთან თანამშრომლობა. თან აზერბაიჯანი ამას ცდილობს აზერბაიჯანის ებრაული თემის მეშვეობით. თუ გახსოვთ, ერთი თვის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანის სპეცსამსახურებმა დააკავეს საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანელი, რომელიც ირანის სპეცსამსახურების დავალებით აზერბაიჯანის მთავარი რაბინის, ისაევის მკვლელო­ბას აპირებდა. დღეს ის რაბინი აშშ-შია, აზერბაიჯანის მხარდასაჭერი არაერთი შეხვედრა გამართა და საბოლოოდ ამერიკელი რაბინები სთხოვენ აშშ-ის ხელმძღვანელობას (ეს მნიშვნელოვანი ლობია), რომ აზერბაიჯანს სანქციები მოუხსნას, რათა შევიდეს აბრაამის ხელშეკრულებაში. აზერბაიჯანის ასეთი აქტიურობა ჩვენი რეგიონისთვის ძალიან სიმპტომატური და მნიშვნელოვანია, თან აღმოსავლური დიპლომატიის კლასიკური წესებით მოქმედებს, ახლა არ მინდა შორს წავიდე, მაგრამ ყურადღებამისაქცევია. ასე რომ, რეგიონში სერიოზული აქტიურობაა. ამასთან, ლაპარაკია პროექტზე, რომ თურქმენულმა­ გაზმა აზერბაიჯანისა და მერე, ალბათ, საქართველოს გავლით უნდა მოამარაგოს ევროპა. ამაშიც აზერბაიჯანი აქტიურობს, მეგობრების მეშვეობით ცდილობს ამ პროექტის რეალიზებას. შევხედოთ ამას გვერდიდან და საქართველოს როლი და ფუნქცია დავინახოთ. ყოველთვის ვითხოვდი და ვითხოვ საქართველოს ხელისუფლებებისაგან­ - ინიციატივების პაკეტის შექმნით პატარა ქვეყანას შეუძლია მსოფლიოს წინაშე წარდგეს და თავისი საჭიროების ხარისხი გაზარდოს. საქართველოს აქვს შიდა, გეოგრაფიული რესურსის უკეთესი მდგომარეობა, მაგრამ დაკავებულია შიდაპოლიტიკური­ გარჩევებით. ინიციატივების სერიოზული­ დეფიციტი აქვს. საქართველოს ინიციატიური ხმა საერთაშორისო ასპარეზზე არ ისმის, ისმის მხოლოდ თავის მართლებით ან საყვედურით. ეს წამგებიანი მიდგომაა. დღეს მსოფლიოს პატარა ქვეყნის შიდა პოლიტიკის გარჩევისთვის ნამდვილად არ სცალია. იქ ვიღაც უილსონებისთანა ტიპების მატერიალურ დაინტერესებას საზღვარი არა აქვს და როგორც ჩანს, ამის გამო აკეთებენ იმას, რასაც აკეთებენ ამგვარი სხვა ორგანიზაციებიც. უზარმაზარი ფული იხარჯება ლობისტურ საქმიანობაში პრაქტიკულად ქვეყნის წინააღმდეგ. ამ შემთხვევაში ოპოზიციის ერთ ნაწილს ვგულისხმობ, თვითონ ქვეყანაში კი გაუთავებელი პოლიტიკური დაპირისპირებაა. სხვათა შორის, ეს საქართველოს ისტორიისთვის დამახასიათებელი იყო და ამის შედეგი ქვეყნის დასუსტებაა. დღესაც იმავე დღეში ვართ.

ხელისუფლება უნდა იყოს უაღრესად ინიციატივიანი საგარეო პოლიტიკაში. არ არის დეკლარირება იმისა, რომ საქართველო უნდა გახდეს რეგიონის ეკონომიკური და ჰუმანიტარული ჰაბი. კულტურული აქტივობითაც საქართველოს შეუძლია გახდეს რეგიონის ცენტრი...

- შიდაპოლიტიკური ვითარება ისევ რთულია­, ამ ვითარებიდან გამოსასვლელად რა უნდა გაკეთდეს?

- აუცილებელია ორივე მხარის კომპრომისი... ოპოზიციური პარტიების ასეთი დისკრედიტაცია საზოგადოების ცნობიერებაში არ მახსოვს. არის გაუთავებელი ლაპარაკი, რომ არჩევნები გაყალბდა. ჯერ ერთი, არ არის სიმართლე და მეორე, არ არის ეფექტური, ეს ხომ უნდა დაინახო და იგრძნო. ვთქვათ, არ სურთ მხარეებს კომპრომისი, გასაგებია, მაშინც ხელისუფლებამ ისეთი რამ უნდა შესთავაზოს საზოგადოებას, რომელიც გარღვევას გამოიწვევს ეკონომიკის განვითარებაში.

- ხელისუფლება იმის ნაცვლად, რომ ამას ცდილობდეს, პირიქით, აკავებს პოლიტიკურ ლიდერებს, დააკავეს ოქრუაშვილი, ჯაფარიძე.

- არ უნდა დაეკავებინათ არც ერთი-მეთქი, რომ ვთქვა, არც ამაში ვიქნები მართალი, და არც იმაში, რომ ვთქვა, ყველა ვინც კანონი დაარღვია, უნდა დაიჭირო. მართალია, კანონის დარღვევა ფორმალურად გულისხმობს დასჯას, მაგრამ უფრო მოქნილად მოქმედება შესაძლებელია. მაგალითად, ვთქვათ, ზოგიერთი პოლიციელს ფიზიკურად შეეხო, მაგრამ ხომ შეიძლება­ იყოს განსხვავებული მიდგომა მათ მიმართ. როგორ მეთოდსაც იყენებს ოპოზიცია, იმავეს იყენებს ხელისუფლებაც­, არადა, მას მეტი მოეთხოვება... ყველას ახსოვს აქციების პირველი დღეები, ფეირვერკული შეტევები პარლამენტის შენობაზე და პოლიციელებზე თავდასხმა, მაგრამ მას მერე დრო გავიდა და თუ იმ დღეებში ხელისუფლება იყო უკომპრომისო, დღეს შეიძლება მიდგომების შეცვლა. თუნდაც იმიტომ, რომ საკუთარ თავზე საგარეო თავდასხმების ხარისხი შეამციროს.

- მაშინ რატომ არ აკეთებს ამას?

- არ ვიცი, ეგ კითხვა აბსოლუტურად რიტორიკულია. მთელი პოლიტიკური სპექტრია დამნაშავე იმაში, რაც ქვეყანაში ცუდი ხდება. მე არასოდეს მავიწყდება ოპოზიცია 2008 წლის მოვლენების დროს, როცა გამოვიდა პარლამენტში ლევან გაჩეჩილაძე და გამოაცხადა, ჩვენ ვწყვეტთ ყველანაირ აქტივობას, ვიდრე ქვეყანა ასეთ მდგომარეობაშიაო. ლევან გაჩეჩილაძეს კი არ ვაქებ, მე ვამბობ, რომ ოპოზიციამ მაშინ სწორი გადაწყვეტილება მიიღო - როცა ქვეყანას უჭირს, როცა გეოპოლიტიკური გამოწვევების ხარისხი იზრდება არა შიდა პოლიტიკიდან, არამედ მსოფლიო წესრიგის ჩამოშლიდან გამომდინარე. ყველაა პასუხისმგებელი, საზოგადოებაც პასუხისმგებელია.

- სალომე ზურაბიშვილის პოზიცია ცნობილია... პაატა ბურჭულაძემ ისაუბრა ტელეფონით არჩევნების ჩატარებაზე. ორი სხვადასხვა­ ფორმატია, რომელია უფრო მისაღები?

- ორივე დეკორატიული გზაა. ხომ დაარქვეს ამას პლებისციტი, მათი ნებაა, მაგრამ იურიდული ფორმა არასოდეს არ ექნება. თუ ჩემს რჩევას დაიჯერებენ, დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე ეს პლებისციტიც არ გაამართლებს. თბილისში შეიძლება მეტ-ნაკლებად იმუშაოს, მაგრამ რეგიონებში ნამდვილად არ იმუშავებს.­ თუ ვინმეს ჰგონია, საქართველო მარტო თბილისია, ცდება. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ოპოზიცია რეგიონებს არ იცნობს. ჩემი სამუშაო სივრცე ზუსტად რეგიონებია. იქ აბსოლუტურად სხვანაირად ფიქრობენ იმაზე, რაც თბილისში ხდება...

ჩვენ სახელმწიფოებრიობა ისედაც მყიფეა და მეტი რყევა არ სჭირდება. ჩვენი­ მეზობლები ამაზე რომ გამეცადინებული არიან, ფაქტია. ხელისუფლებაში ბევრი ვერ აცნობიერებს იმ გამოწვევების მასშტაბს, რომლებიც ქვეყნის წინაშეა, ვერ იყურება მომავალში. როდესაც აზერბაიჯანის გაძლიერებაზე ვლაპარაკობდი, არ ვგულისხმობდი აზერბაიჯანის, როგორც ქვეყნის მხოლოდ გაძლიერებას, მე ამ შემთხვევაში ვლაპარაკობ იმ ძალების გაძლიერებაზე, რომლებიც მათ უკან დგანან. ჩვენ ხომ დაახლოებით ასე ვმსჯელობთ - ერთი მხარე ებრძვის ევროპას, მეორე - რუსეთს, ამ დროს კი რა ხდება სამხრეთში, აღმოსავ­ლეთში, ამას ნაკლები ყურადღება ექცევა. არსად გამქრალა ჩვენი რეგიონისთვის პოლიტიკური ისლამის საფრთხე იმ ქვეყნებისგან, რომელთაც პოლიტიკური ისლამი დროშად აქვთ აღმართული.

- ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერი ხელისუფლებისთვის წინააღმდ­ეგობის გაწევასა და მსხვერპლზეც კი საუბრობს...

- არ მინდა ასეთი ტიპის განცხადებები სერიოზულად მივიღო. გედევან ფოფხაძემ თქვა, მსხვერპლი უნდა იყოსო, ეს სხვასაც უთქვამს. მაგრამ ოპოზიციას ერთი პირი არა აქვს. ახლა იმ ბიჭებს აგინებენ, ციხეში რომ სხედან, იმიტომ, რომ ხელი მოაწერეს წერილს, სააკაშვილის ბანერები მოაშორეთ მიტინგებიდანო. იმდენად არასერიოზულია ეს ყველაფერი, რომ უკვე გამაღიზიანებელია საზოგადოების დიდი ნაწილისთვის...