"დღევანდელი მოცემულობა მსოფლიოს ახალ ბიპოლარულ წესრიგში შეიყვანს“ - კვირის პალიტრა

"დღევანდელი მოცემულობა მსოფლიოს ახალ ბიპოლარულ წესრიგში შეიყვანს“

რა თქვა სინამდვილეში მარკო რუბიომ, ვინ რა დასკვნა გამოიტანა მისი განცხადებიდან, როგორ შეიძლება გაგრძელდეს ქართულ-ამერიკული ურთიერთობა და რა ფასის გადახდამ შეიძლება მოუწიოს საქართველოს ხელისუფლებას, ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე გიორგი გობრონიძე გვესაუბრება.

- მე არ ვიცი, საქართველოს ხელისუფლებამ რა და როგორ გაიგო - ერთია პოზიცია, რაც მათ საჯაროდ გაახმოვანეს, და მეორე - რაც დახურულ კარს მიღმა განიხილეს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მარკო რუბიოს განცხადებას უპასუხეს ყველა იმ დონეზე, ვისაც ამის შესაძლებლობა და ფუნქციური ვალდებულება ჰქონდა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს საკმაოდ შემაშფოთებელი სიგნალი იყო. მართალია, მათ განცხადებებში რეალური საფრთხე არ იგრძნობა, მაგრამ ჩვენი მთავრობა არ გამოირჩევა მაღალი გამჭვირვალობის ხარისხით - ქართველი პოლიტიკოსი ერთს ამბობს, ფიქრობს მეორეს და აკეთებს მესამეს. ფაქტია ერთია - "ქართულმა ოცნებამ" მიიღო სიგნალი და ახლა თავდაცვის რეჟიმშია. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა შეჩერებულია და რუბიოს სტრატეგიული თანამშრომლობის აღდგენაზე არაფერი უთქვამს, უნდა ვივარაუდოთ, რომ ჩვენი ურთიერთობა აქტიური გადახედვის სტადიაზეა. არ ვიცი, როგორ დასრულდება, მაგრამ ვიცი, რომ პროცესის დასასრულს ქართულ-ამერიკული ურთიერთობის სრულიად სხვა კონტურები გამოიკვეთება.

- როგორი შეიძლება იყოს ეს კონტურები და რა შეიძლება იყოს რეალური მიზეზი, რის გამოც შეიძლება ტრამპის ადმინისტრაციამ "ქართულ ოცნებას" ფასი გადაახდევინოს?

- ამერიკის შეერთებულ შტატებს ირანის ისლამური რესპუბლიკისთვის 1979 წლიდან აქვს სანქციები დაწესებული, ჩრდილოეთ კორეის მთავრობისთვის დაწესებული სანქციებიც რამდენიმე ათეულ წელს ითვლის. აკლია რამე აიათოლა ხამენეის ან კიმ ჩენ ინს? არა, მაგრამ ირანელი და ჩრდილოკორეელი ხალხი ნამდვილად შეჭირვებულია. ამ მაგალითების გათვალისწინებით, შეშფოთებით ვუყურებ ამ ყველაფერს და ვერ ვიზიარებ ოპოზიციისა და აქტივისტების სიხარულს იმის გამო, რომ შეიძლება ივანიშვილი დასანქცირდეს. რა თქმა უნდა, ივანიშვილს შეექმნება ფინანსური პრობლემები, მაგრამ მასზე ბევრად მეტი სირთულის წინაშე ჩვენ აღმოვჩნდებით. როდესაც გაქვს კომპანია, საერთაშორისო ეკონომიკურ პროცესში ერთვები და ფინანსურ ინსტიტუტებთან ამყარებ კომუნიკაციას, დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ რამდენად სტაბილური იურისდიქციაა ქვეყანაში, რომელსაც წარმოადგენ. როგორ წარმოგიდგენიათ, სახელმწიფო, რომლის ხელისუფლებაც სანქცირებულია, ჩაითვლება მაღალი რისკის იურისდიქციის მქონედ? გამოდის, საქართველოს ხელისუფლების შეცდომების გამო ფასს ჩვენ გადავიხდით.

- ცოტა ხნის წინ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ზურა-"გირჩი" ჯაფარიძე, "ქართული ოცნების" საგამოძიებო კომისიაზე მიუსვლელობისა და შემდგომ დაკისრებული გირაოს გადაუხდელობის გამო დააპატიმრეს. იმავე მოტივით დააპატიმრეს ირაკლი ოქრუაშვილიც. სხვა ლიდერები აცხადებენ, რომ არც კომისიის სხდომაზე გამოცხადდებიან და არც გირაოს გადაიხდიან. შეგნებულად ციხეში წასვლა არის თუ არა იმის მაჩვენებელი, რომ უკომპრომისო ბრძოლისთვის არიან მზად და შეცვლის თუ არა ეს მათდამი საზოგადოებრივ განწყობებს?

- აჯობებდა გადაეხადათ გირაო, ბოლომდე გაეწელათ სასამართლოში საქმე და პარალელურად გაეგრძელებინათ ხალხთან მუშაობა. კი, დასავლეთი ნამდვილად აღიქვამს საქართველოს ხელისუფლებას დიქტატორულად და როგორც ჩანს, ლიდერების ეს ნაბიჯიც ამაზე იყო გათვლილი. სწორედ ეს არის ჩვენი პოლიტიკური კლასის დიდი შეცდომა. ოპოზიციის საგარეო პოლიტიკა გადასულია შიდაპარტიული დაპირისპირების პრიზმაში და სხვა არაფერი კეთდება.

მთავრობა ცდილობს საკუთარი არსებობის ლეგიტიმაციას გარკვეულ საგარეო პოლიტიკურ სუბიექტებთან, ოპოზიცია კი ცდილობს გვაჩვენოს, რომ მთავრობა არ არის ლეგიტიმური. ამოცანა გვეკითხება, საბოლოოდ ვინ უნდა შეცვალოს საქართველოს მთავრობა? გასაგებია ოპოზიციის ლიდერების თავგანწირვა, მაგრამ ბევრად შედეგიანი იქნებოდა ხალხთან მუშაობა.

სხვათა შორის, ხელისუფლებამაც დაუშვა შეცდომა ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრებით. მათ შორის ვინმე გონიერი რომ ყოფილიყო, ასეთ გადაწყვეტილებას არ მიიღებდნენ, რადგან ეცოდინებოდათ: როცა პარტნიორებს საკუთარი მმართველობის ლეგიტიმურობას უმტკიცებ, პოლიტპატიმრები არ უნდა გყავდეს. შეიძლება ითქვას, ორივე მხარემ დაუშვა შეცდომა და ორივემ დააზარალა ეროვნული ინტერესები.

არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც საქართველოს ჰყავს ანტიამერიკული ან პრორუსი მთავრობა. საქართველოს ჰყავს მთავრობა, რომელსაც სურს სამუდამოდ იყოს ძალაუფლების სათავეში. სხვათა შორის, ამ ბრალდებების კორიანტელში ვიღაცებს დაავიწყდათ მესამე აქტორი - ჩინეთი, რომელთანაც აქტიურად თანამშრომლობს "ქართული ოცნება".

6tq24fom4nmqnlwoyji3rgui2u-1748181256.jpg

- ანალიტიკოსების ერთი ნაწილი საქართველოში, და არა მარტო საქართველოში, მიიჩნევს, რომ ამერიკა ამ ეტაპზე ვერ ახერხებს რუსეთზე ისეთ ზეწოლას, რაც პუტინს სამშვიდობო მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას აიძლებს.

- თუ ამერიკას სხვა გზა აღარ დარჩება, პუტინს აუცილებლად მოუწევს ამერიკელების შესაძლებლობების საკუთარ ტყავზე გამოცდა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, არც შეიძლება ამ ორი ქვეყნის თავდაცვის ბერკეტების შედარება, ტექნოლოგიურ შესაძლებლობებსა და ნებისმიერ რეგიონში საკუთარი დღის წესრიგის გატარების უნარზე აღარაფერს ვამბობ. რა თქმა უნდა, ამერიკელები ყოვლისშემძლეები ნამდვილად არ არიან, მაგრამ მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნისთვის პრობლემების შექმნა კი ნამდვილად შეუძლიათ. თუ ვაშინგტონში დარწმუნდნენ, რომ პროცესები იმ მიმართულებით არ მიდის, საითაც მათ მიჰყავთ, აუცილებლად გადაიხედება რუსეთთან დამოკიდებულება. ამერიკელების ინტერესებია შეაჩერონ რუსეთ-უკრაინის ომი, რაღაც დონით უზრუნველყონ მშვიდობა ევროპის კონტინენტზე და რუსებთან მუშაობის შედეგად შეასუსტონ რუსულ-ჩინური ღერძი. თუ ეს არ გამოვა, მაშინ ამერიკა აუცილებლად მიიღებს შესაბამის ზომებს. ჩემი აზრით, დაგვიანებულიც კია რუსულ-ჩინური ღერძის საკითხის გადაწყვეტა. ამიტომ, ვფიქრობ, ძალიან მალე ვიხილავთ აბსოლუტურად განსხვავებულ პროცესებს. სხვათა შორის, ზოგიერთ ანალიტიკოსს საქართველოში, განსაკუთრებით კი ხელისუფლებას, უნდა ესმოდეს, რომ თუ ამერიკა ამ ეტაპზე არ ან ვერ უქმნის პრობლემებს რუსეთს, ეს არ ნიშნავს, რომ ვერც საქართველოს შეუქმნის.

- გავრცელდა რუბიოს გზავნილი, რომლის მიხედვითაც, რუსეთმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის სატელეფონო საუბრის შემდეგ პირობა დადო, რომ აშშ-ს გაუგზავნის პირობებს, თუ რა იქნება საჭირო უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად. ამის შემდეგ პუტინი აცხადებს, რომ უკრაინასთან საზღვარზე "ბუფერული ზონა" შეიქმნება. ტრამპი კი ევროპელ ლიდერებს მიმართავს, რომ პუტინს ომის დასრულება არ სურს, რადგან მიაჩნია, რომ იმარჯვებს. თუმცა ტრამპი მაინც ამბობს, რომ პუტინთან სატელეფონო საუბრით კმაყოფილია, რადგან "გარკვეულ პროგრესს მიაღწია".

- რუსებს კარგად გამოსდით რევერსული პოლიტიკა და ინჟინერია - ვერაფერს ქმნიან, მაგრამ ყველაფერს "გადასარევად" აფუჭებენ. პუტინმა კარგად დაინახა დასავლეთში არსებული განხეთქილების მასშტაბები, რომელიც ამ დრომდე ასე თვალში საცემი არ იყო. ამერიკა-ევროკავშირის ურთიერთობას რომ თავი დავანებოთ, თავად ევროკავშირიც არ არის ერთიანი რუსეთის საკითხზე. აგერ, პოლონეთში გამოჩნდა საპრეზიდენტო კანდიდატი, რომელიც ამბობს, რომ არ დაუშვებს უკრაინის ნატოში გაწევრებას. დიდი ხანია ვიცით უნგრეთისა და სლოვაკეთის პოზიციაც ამ საკითხზე. არც ესპანეთი და პორტუგალია იკლავენ თავს აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე პროცესების მოგვარებაზე. ცალკე თავსატეხია გერმანელი მემარჯვენე პოლიტიკოსის ალის ვაიდელის პოზიცია, რომელიც ძალიან დიდი საფრთხეა ევროპული უსაფრთხოებისთვის. იტალიასაც განსხვავებული პოზიციები აქვს... ამ დრომდე გსმენიათ რომელიმე ამერიკელ ლიდერს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს ტერიტორიის ანექსიაზე ესაუბროს? ტრამპმა ეს ძალიან მარტივად გააკეთა - ნატოს წევრი მეზობელი ქვეყნის შეერთებაზე ილაპარაკა. ცალკე პრობლემაა ტრამპის ილუზიები, რომ პუტინთან რაიმეზე შეთანხმება შესაძლებელია. ევროპა უკვე დგას ძალიან დიდი რისკის წინაშე და ამას ძალიან კარგად ხვდება პუტინი. მისი უპირატესობა იმაშიც მდგომარეობს, რომ ევროკავშირის ლიდერების მსჯელობა უკრაინის უზრუნველყოფაზე დაემსგავსა საუბარს იმის შესახებ, თუ რამდენი ანგელოზი დაეტევა ნემსის წვერზე. გასაგებია, რომ ევროპული და ამერიკული დახმარების გარეშე დღეს უკრაინული სახელმწიფო აღარ იარსებებდა, მაგრამ იცით, პრობლემა რაშია? დასავლურმა დახმარებამ უკრაინას არსებობა კი გაუხანგრძლივა, მაგრამ გამარჯვების შესაძლებლობა არ მისცა. ისიც გასათვალისწინებელია, რომ პუტინის უკან მდგარ ჩინეთს დიდი ტექნოლოგიური რესურსი აქვს იმისთვის, რომ რუსეთის უზრუნველყოფა შეძლოს დასავლური სანქციების მიუხედავად. რა თქმა უნდა, რუსეთს ამისთვის აუცილებლად მოუწევს ფასის გადახდა და მის ტერიტორიაზე ჩინეთის გავლენა კიდევ უფრო გაიზრდება, მაგრამ ეს მხოლოდ რუსეთის კი არა, მთელი მსოფლიოს პრობლემა გახდება. ეს ახალი მოცემულობა მსოფლიოს ახალ ბიპოლარულ წესრიგში შეიყვანს. თუ "ცივი ომის" დროს ორი პოლუსი იყო - მოსკოვი და ვაშინგტონი, ამიერიდან იქნება პეკინი და ისევ ვაშინგტონი. როგორც არ უნდა დასრულდეს ახლა უკრაინის ომი, ჩვენ უკვე მაინც ორპოლუსიანი მსოფლიო გვექნება.

- როდემდე შეძლებს რუსეთი დროის გაყვანას.

- მანამდე, სანამ ამერიკელები არ დარწმუნდებიან, რომ პუტინის ნდობა არ შეიძლება. ერთი პუტინის პოზიციიდანაც შეხედონ სიტუაციას - ამერიკა ეხმარება უკრაინას და უცებ ამბობს, რომ განზე გადგება. მართლა გიჟი ხომ არ არის, რომ რამე დათმოს? ერთი საინტერესო ფაქტორია - ტრამპი რუსეთს არ განიხილავს ბოლომდე ანტიამერიკულ მთავრობად და საქართველოს შესახებ რა გადაწყვეტილებას მიიღებს, არავინ იცის.

- თავად უკრაინა როდემდე გაძლებს ასეთი მოკავშირეების იმედად?

- საზოგადოდ, ომის ჭრილობების გადატანა იმ ქვეყნებს უფრო უჭირთ, რომელთათვისაც საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლე ძვირფასია.

რუსეთს საკუთარი ხალხი არ აინტერესებს, თუ დასჭირდა ხორცსაკეპ მანქანაშიც დაუფიქრებლად შეყრის. სწორედ ასეთი დამოკიდებულების ხარჯზე იგებდა ყოველთვის ომებს. პუტინი ამბობს, რომ ბოლო უკრაინელამდე იბრძოლებს. მისი მოსახლეობა 140 მილიონს შეადგენს, უკრაინა კი 40 მილიონს ითვლის. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რამდენი კაცი გავიდა ომის განმავლობაში უკრაინიდან, ადამიანური რესურსის გამოფიტვის საფრთხის წინაშე უკრაინა გაცილებით ადრე დადგება, ვიდრე რუსეთი.

reactions-to-trump-zelenskyy-oval-1748181256.jpg

- ფაქტია, ტრამპს რუსეთის ბოლომდე დასუსტება არ უნდა, თუნდაც იმიტომ რომ ჩინეთის წინააღმდეგ ბრძოლაში პარტნიორად გაიხადოს. თქვენ როგორც რუსეთის სპეციალისტს, რისი თქმა შეგიძლიათ, შეძლებს ტრამპი პუტინის დაყოლიებას თანამშრომლობაზე?

- გამორიცხულია, თუმცა პუტინი ტრამპის ამ მცდელობას მანამდე გამოიყენებს, სანამ ტრამპი ამას არ მიხვდება. არც ვიცი, რა უნდა დავარქვა ტრამპის პოზიციას, როდესაც ზელენსკის დიქტატორი ეძახა. მერე იუარა, ასეთი არაფერი მითქვამსო. ასეთ არასერიოზულ განცხადებებს ვერაფრით ავხსნი.

არც ვიცი, როგორ უნდა მოვახერხოთ ასეთ რთულ და გაუგებარ ვითარებაში ქართველებმა გადარჩენა. ჩვენთვის ახლა ძალიან მნიშვნელოვანია იმდაგვარად გადავრჩეთ, ტერიტორიების დაბრუნებას ვინ ჩივის, რაც გვაქვს, ნეტავ იმის შენარჩუნება მოვახერხოთ.

ხათუნა ბახტურიძე