რა გააგიჟებდა უცხოელს, თუ ის ქართული პოლიტიკით დაინტერესდებოდა
რამდენიმე დღის წინ საქართველოში ქართული ენის მცოდნე და ქართულ პოლიტიკაში ჩაუხედავი უცხოელი რომ ყოფილიყო, ეგონებოდა, ან გაგიჟდა, ან ძალიან უცნაურ ქვეყანაში მოხვდა. მაგალითად, გადართავდა "ფორმულაზე", სადაც სალომე ზურაბიშვილი იჯდა ეთერში და ნახავდა ტიტრს "ინტერვიუ პრეზიდენტთან". გადართავდა "იმედზე", სადაც მიხელ ყაველაშვილი საუბრობდა და იქაც ნახავდა ტიტრს - "ინტერვიუ პრეზიდენტთან". ალბათ, გაახსენდებოდა, რომ ქართველებს ორ-ორი ახალი წელი გვაქვს და კიდევ რამდენიმე დღესასწაული და იფიქრებდა, ტრადიციებს აგრძელებენო. ხუმრობა იქით იყოს და, ზემოხსენებული ეფექტი კარგად ასახავს ქართული პოლიტიკის დღევანდელობას - გაორებას, გაურკვევლობასა და ტრაგიკომედიას, რომელიც თუ დიდხანს გაგრძელდა, სასაცილოდ ნამდვილად არ გვექნება საქმე.
სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუდან მედიამ ყურადღება გაამახვილა იმ ნაწილზე, როდესაც მეხუთე პრეზიდენტს ჰკითხეს, ნანობს თუ არა, რომ მიხეილ სააკაშვილი არ შეიწყალა. "ნანობს" ვერ იქნება, რადგან ამას შედეგი არ ექნებოდა. ეს კარგად უნდა გაიგოს ყველამ, სამართლებრივი კონტექსტი ისე იყო შექმნილი, რომ შეწყალება-არშეწყალება არაფერს შეცვლიდა. მეორე, მესამე საქმე იყო და გააგრძელებდნენ. არ გამოვიდოდა არც ერთი დღით ციხიდან; მეორეა ჩემი მორალური გადაწყვეტილება, რაზეც არა ვარ ვალდებული, რომ ახსნა-განმარტება გავაკეთო, თუმცა ვიტყვი, რომ ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისთვის, ეს გადაწყვეტილება, რომელსაც ეწინააღმდეგებოდა ნახევარი ქვეყანა, ჩემი მორალური პოზიციიდან მისაღებია; მესამე - დღეს მე არც ვნანობ და არც უარვყოფ, რასაც ვამბობდი, მაგრამ დღეს ძალიან მეცოდება, რადგან ეს გაუგებარი სიტუაციაა, რაც ხდება. ადამიანურად ადრეც მეცოდებოდა და ვცდილობდი, ვიდრე მქონდა რაღაც ურთიერთობა არსებულ მთავრობასთან, დამერწმუნებინა ისინი, რომ როგორც პრეზიდენტს, სხვანაირად მოჰქცეოდნენ და სამაჯურით გაეყვანათ გარეთ, როგორც ხდება დემოკრატიულ, ცივილიზებულ ქვეყნებში და არა ამ პროცესით. დღევანდელ დღეს მე არანაირი კავშირი და საუბარი არა მაქვს. ისიც უნდა ითქვას და გაიგონ, ვინც იცავს სააკაშვილს, დღეს მისი გამოშვების საკითხი მთლიანად მიბმულია ამ რეჟიმის შეცვლასთან. ყველაფერი, რაც კეთდება და აპირისპირებს ადამიანებს ოპოზიციაში, რაც ქმნის ისეთ საკითხებს, რაც ყველასთვის არ არის მისაღები, ასუსტებს ოპოზიციას, მთლიანად მუხტს, რომელიც ყველას გვინდა, რომ იყოს ერთიანი. უფრო გვაშორებს ერთიანი მიზნისგან, რომ ეს რეჟიმი შეიცვალოს და სამართლიანი გადაწყვეტილებები იყოს მიღებული", - უპასუხა ზურაბიშვილმა.
რაც შეეხება მიხეილ ყაველაშვილის ინტერვიუს, მედიამ ყურადღება გაამახვილა იმ ეპიზოდზე, როდესაც მან აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადება შეაფასა.
"დღესაც და გუშინაც იყო რუბიოსთან დაკავშირებული სპეკულაციები ჯო უილსონის კითხვასთან დაკავშირებით, როდესაც მან პასუხი გასცა, იქაც გამოიკვეთა პრინციპში არსებული პოზიცია, აშშ-ის პოზიცია, რომელიც ამ ეტაპისთვის არიან აბსოლუტურად განსხვავებულ რეჟიმში. მათ რამდენიმე კონკრეტული გამოწვევა აქვთ, ეს არის უკრაინის ომი, ახლო აღმოსავლეთი, ტარიფების თემა, ევროკავშირთან დაკავშირებით გამოწვევები, არაერთი გამოწვევაა და ამას მთელი მსოფლიო თვალს ადევნებს ხომ? ის, რომ სამართლიანი დამოკიდებულება ჰქონდეს ქვეყანასთან, რომელსაც ყველამ ვიცით, რომ გაგვაჩნია სტრატეგიული პარტნიორობა და იმ სპეკულაციების ფონზე გუშინაც გამოიკვეთა მის პასუხში, რომ აუცილებელია სრულყოფილი ინფორმაცია მათგანაც, ვინც მათი სახელით მოღვაწეობს ამა თუ იმ ქვეყანაში.... ხაზგასასმელია, რომ მოქმედებს თავისი ქვეყნის ინტერესიდან გამომდინარე, ეს ინტერესები იკვეთება სხვადასხვა ფლანგზე და ჩვენთან მიმართებაში ესეც მარტივად აღსაქმელია... ჩვენ ვსაუბრობდით ტრამპის არჩევნებამდე ამ სიტუაციაზე, რომელიც შეიძლება შექმნილიყო და დაგვიანებულიყო კიდევაც შეიძლება რეაქცია, მაგრამ მთავარი რა არის ჩვენი დამოკიდებულება - ჩვენ მზად ვართ, მაშინაც ვამბობდით, ახლაც ვამბობთ, რომ აუცილებელია [ურთიერთობების] გადატვირთვა. თუნდაც გუშინ გამოჩნდა იმ კითხვიდან გამომდინარე, რომ არ შეიძლება სახელმწიფოებს შორის მსგავსი დამოკიდებულება და სპეკულაციური ინფორმაციის ფონზე მოსთხოვო შენს ხელისუფალს, რომ ამ ინფორმაციის საფუძველზე ჰქონდეს ესა თუ ის რეაქცია ამა თუ იმ ქვეყანასთან. პრინციპში, გუშინ დიპლომატიურად გასცა მან პასუხი და მე კმაყოფილი ვარ ამ პასუხის, რადგან ეს ჩანს თავისთავად", - განაცხადა ყაველაშვილმა.
რუბიოს განცხადება იმ განცხადებების კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც ისე გაიგო, როგორც სურდა. საბოლოოდ, აშშ-ის საელჩო საქართველოში იძულებული გახდა გაევრცელებინა თავისი თარგმანი, რომელიც ასეთია:
კონგრესმენ ჯო უილსონის შეკითხვა: "თქვენი ხელმძღვანელობით, რა გაკეთდება სახელმწიფო დეპარტამენტის დასახმარებლად, რომ ანტიამერიკულ "ქართულ ოცნებას" საქართველოს ხალხის სახელით დაეკისროს რეალური პასუხისმგებლობა?"
სახელმწიფო მდივანი რუბიო: "დავუბრუნდები, რაც ჩემს შესავალ განცხადებაში ვთქვი - შეერთებული შტატების მიზანია ჩვენი ეროვნული ინტერესები. ამიტომ ამით ვიხელმძღვანელებთ და ვიკითხავთ, არის ჩვენი ეროვნული ინტერესი, რომ ანტიამერიკული მთავრობა მართავდეს მსოფლიოს მნიშვნელოვან ნაწილს? თუ არა, ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს, რომ ამ მთავრობას პასუხისმგებლობა დაეკისროს. ამჟამად ეს საკითხი შეფასების პროცესშია და ჩვენ განვიხილავთ გზებს. ახლა კონკრეტული განცხადება არა მაქვს, რის გაკეთებას ვგეგმავთ, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ეს საკითხი განხილვის პროცესშია.
კიდევ ერთხელ, ეს კარგი მაგალითია იმისა, თუ რატომ მივმართავთ ჩვენს რეგიონულ ბიუროებსა და ადგილობრივ წარმომადგენლობას, რომ მივიღოთ რეკომენდაციები იმ ზომებთან დაკავშირებით, რომელზეც მთავრობას, ანტიამერიკულ მთავრობას, ყველაზე მეტად ექნება რეაგირება".
თუმცა დარწმუნებული ვართ, არც ეს თარგმანი შეცვლის რაიმეს და მაინც ყველა ისე გაიგებს, როგორც უნდა.
რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, მას ახალი არაფერი უთქვამს. ზოგადად თქვა, რომ საერთაშორისო ზეწოლამ უნდა მიიყვანოს საპროტესტოდ განწყობილი საზოგადოება წარმატებამდე. ამასობაში "ნაცმოძრაობა" თანდათან აგრესიული ხდება სალომე ზურაბიშვილისადმი. თუმცა ისმის კითხვა - რას ითხოვენ კონკრეტულად პარტიები ზურაბიშვილისგან? ბარიკადებზე ასვლას? ლიდერობას? კონკრეტული გეგმის დაწერას, თუ როგორ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში ოპოზიცია და წავიდეს "ოცნება"? თვითონ შესთავაზონ რაიმე კონკრეტული. თქვან პირდაპირ, რა უნდათ. იქნებ ეს პოლიტიკური შურია? იქნებ ბევრს ჯერ კიდევ ვერ მოუნელებია, რომ აქციის მონაწილეები პოლიტიკოსებიდან მხოლოდ სალომე ზურაბიშვილს უკრავენ ტაშს?
პარალელურ ოპოზიციურ პლატფორმაზე, რომელსაც პაატა ბურჭულაძე ხელმძღვანელობს, კვლავ ტელეფონებით ალტერნატიული არჩევნებისა თუ პლებისციტის ჩატარებაზე საუბრობენ. შეხვედრიდან გამოსული პოლიტიკოსები პირად საუბრებში ამბობენ, რომ იდეა, რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია, თუმცა ტელეეთერებში ამ ინიციატივას კბილებით იცავენ და ლამის გადამწყვეტ ფაქტორად წარმოაჩენენ. ესეც ქართული პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა.
გამოიფიტა თუ არა პროტესტი
ბოლო დროს ოპოზიციურად განწყობილ აქტივისტებში გარკვეული პესიმიზმი გაჩნდა. პროტესტი გამოიფიტა და "ოცნებას" გრძელვადიან ბრძოლაში ვერ მოუგებთო (ანუ საწინააღმდეგოს ამბობენ, რასაც ლამის ყოველდღე იმეორებს სალომე ზურაბიშვილი - რომ ეს გრძელვადიანი ბრძოლაა და ასე უცბად არაფერი ხდება). თუმცა რას ნიშნავს მოკლევადიანი ბრძოლა, არ ამბობენ. პარალელურად, დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა ელენე ხოშტარიას განცხადებას, რომლის მიხედვით, ის ძალისმიერი მეთოდებით ბრძოლას მხარს არ დაუჭერს და შეეწინააღმდეგება კიდეც. ატყდა ამბავი, დაახლოებით ასეთი სცენარით - რას კადრულობ, ელენე, ვინ განიხილავს ამ სცენარებსო? თუმცა, რადგან ხოშტარიას ასეთი ხაზგასმა დასჭირდა, არ არის გამორიცხული, ზოგიერთი "ცხელი თავი" მსგავს ქმედებებზე ფიქრობდეს. ლევან ხაბეიშვილს არ ვგულისხმობთ, რომელიც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, ანუ მას შემდეგ, რაც სააკაშვილი დაიჭირეს, ხან "ვივამედის" შტურმზე საუბრობს და ხან ძალის ძალით მოგერიებაზე. ამას უკვე მისივე თანაპარტიელებიც არასერიოზულად მიიჩნევენ.
ხაზგასასმელია, რომ თუ ვინმე მძიმე სცენარებზე ფიქრობს, გაიხსენოს 1992 წელს დანგრეული თბილისი და ის მდგომარეობა, რომელშიც ქვეყანა ჩავარდა. ვინც მძიმე სცენარებზე ფიქრობს, პირდაპირ აკეთებს საქართველოს ყველაზე დაუძინებელი მტრის საქმეს.
გადახდა თუ არგადახდა?!
გასულ კვირას პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობასთან დაკავშირებით დაკისრებული გირაოს გადაუხდელობის გამო ზურა "გირჩი" ჯაფარიძე დააკავეს. მანამდე დააკავეს ირაკლი ოქრუაშვილი. დღეის მდგომარეობით სიტუაცია ასეთია - გირაო გადახდილი აქვთ მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს, გივი თარგამაძესა და გიორგი ვაშაძეს. არ გადაუხდიათ ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას.
განსაკუთრებულ ბულინგში მოჰყვა გიორგი ვაშაძე, რომელსაც ლამის ღალატში დასდეს ბრალი. არადა, მან მიიღო ისეთი პოლიტიკური გადაწყვეტილება, როგორსაც საჭიროდ თვლიდა, ისევე როგორც ზემოთ ჩამოთვლილმა სხვა პირებმა. ოპოზიცია შეთანხმდა, რომ არც ერთი ლიდერი გირაოს არ გადაიხდიდა და ვაშაძემ პირობა დაარღვია?! არა, ასეთი შეთანხმება არ ყოფილა. არადა, პირველ რიგში მათი პოლიტიკური იმიჯისთვის კარგი იქნებოდა, შეთანხმებულიყვნენ ან ისე, ან ასე.
სხვათა შორის, ანალიტიკოსმა ვახტანგ ძაბირაძემ, რომელიც თავის დროზე დისიდენტი იყო და საბჭოთა ციხეში პოლიტიკური მოტივით იჯდა, ურჩია ოპოზიციას, ყველა ლიდერი წადით ციხეშიო. ყველა ლიდერი ციხეში (არავის არაფერს ვურჩევთ, უბრალოდ, ვსაუბრობთ როგორც პოლიტიკური ბრძოლის მეთოდზე) ალბათ, სულ სხვა სურათს შექმნიდა და ხელისუფლებასაც მეტი თავსატეხი გაუჩნდებოდა. თუმცა ფაქტია, ასეთი შეთანხმება ვერ შედგა. ამიტომაც არც ზურაბ ჯაფარიძეა დაცინვის ღირსი, რომელმაც ასეთი გზა აირჩია, და არც ისინი, რომელთაც გირაო გადაიხადეს.
თუმცა ნიკა გვარამიამ ყოფილი თანამებრძოლი გაიხსენა. კერძოდ, მან თქვა: "წინა ხელისუფლების ამბებზე "ჯაფარას" და მელიას რომ იბარებენ კომისიაზე, პარალელურად კი წინა ხელისუფლების ზოგიერთ სუპერგავლენიან პოლიტიკოსს არ ახსენებს "ქოცების კომისია", ამას ვხედავთ და რა ჰქვია, ისიც ვიცით". გვარამია გულისხმობდა გიგა ბოკერიას. ვინ როგორ გაიგო, არ ვიცი, მაგრამ თქვენმა მონა-მორჩილმა ისე გაიგო, რომ გვარამია ბოკერიას ხელისუფლებასთან გარიგებაში ადანაშაულებს. ესეც ახალი ტრენდია ოპოზიციაში - მოღალატეების ძებნა. ისე, ვის შეაქვს ხოლმე დესტრუქცია ოპოზიციაში და ამით ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს, ისედაც კარგად ჩანს.
წარმოვიდგინოთ სიტუაცია, რომ ზურაბ ჯაფარიძეს ნიკა მელია და ნიკა გვარამიაც მიაყოლეს - ექნება თუ არა ამას რაიმე პოლიტიკური ეფექტი (ოპოზიციის სასარგებლოდ)?! ვფიქრობთ, ნაკლები, რადგან დღეს არც 2017 წელია და არც თუნდაც 2020, როდესაც დასავლეთს შეეძლო ზემოქმედება "ოცნებაზე", დღეს კი როდესაც კონტაქტები მინიმუმამდეა დასული და დასავლეთს თბილისთან გეოპოლიტიკური კითხვები თუ საკითხები აქვს გასარკვევი, რაოდენ ცინიკურადაც არ უნდა ჟღერდეს, მეორეხარისხოვანია (ხელისუფლების გადასახედიდან, რა თქმა უნდა) "ერთით მეტი" თუ "ერთით ნაკლები" ოპოზიციონერი იჯდება ციხეში... თუ თბილისი ბრიუსელსა და ვაშინგტონთან დალაგდა, დარწმუნებული ვართ, ოპოზიციონერებიც დატოვებენ ციხეს, უცნაური კანონებიც შერბილდება და გამოიძებნება ფორმები პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად.
თუმცა... როდის მოხდება ეს ან მოხდება თუ არა საერთოდ, საკითხავი, აი, ეს არის.
გიორგი კვიტაშვილი