საგანგაშო პროგნოზი ანუ პუტინი 2 წელიწადში ბალტიისპირეთს დაარტყამს?!
"ჩემი აზრით, ევროპაზე რუსეთის შეტევის ალბათობა, კერძოდ, ბალტიის ქვეყნებზე, ძალიან მაღალია (1 ან, მაქსიმუმ, 2 წლის პერიოდში), მათ შორის ბელარუსის გამოყენებით. მთავარი ფაქტორია, რომ დრო არ არის პუტინის მხარეს და მისი პროგრესირებადი სიბერე ნაკლებ დროს უტოვებს როგორც თავისი გეგმების შესასრულებლად, ისე სულ უფრო ზრდის მის წინააღმდეგ სხვადასხვა ჯგუფის შეთქმულებისა და გადატრიალების შანსს. ასე რომ, თუ რამის დასრულება უნდა, მან ეს უნდა დაასრულოს, მაქსიმუმ, მომდევნო 4-5 წლის განმავლობაში. რეჟიმისთვის ომის შეჩერება პოლიტიკურად და იდეოლოგიურადაც წარმოუდგენელია, იმიტომ, რომ როგორც კი ომი შეჩერდება, მაშინვე ეჭვქვეშ დადგება პოლიტიკური რეჟიმის ლეგიტიმურობა და სიმყარე", - წერს სოციალურ ქსელში პოლიტოლოგი ლაშა ძებისაშვილი.
- დღეს რუსეთში არის ის პოლიტიკური რეჟიმი, რუსული შოვინიზმის ერთგვარი ნაზავი, რომელიც ამავე დროს მისტირის სსრკ-ს, სტალინის კულტსა და რუსულ იმპერიას. ეს არის ავადმყოფური მიდრეკილებების, იდეოლოგიისა თუ პოლიტიკების ნაზავი. ქვეყანაში დიქტატურაა, რომელიც მოსახლეობისთვის მოითხოვს ისეთი სურათის შექმნას, თითქოს რუსეთი გლობალურ დაპირისპირებაშია რაღაც დიდ მტერთან, რომელთანაც სხვა გამოსავალი არ არის, გარდა მუდმივი ომისა. ხანგრძლივი ომი რეჟიმს იმიტომ სჭირდება, რომ სანამ ომს აწარმოებს, მას მანამდე აქვს საკუთარი არსებობის გამართლება. ეს არის ის რეჟიმი, რომელიც ამ დიდ დაპირისპირებაში, დავარქვათ ამას პირობითად "დიფ სთეითი", დასავლეთი თუ რაც, მისდევს იმ მიზანს, რომ აღადგინოს "დიადი რუსეთი". ფაქტობრივად, შიდაპოლიტიკურად ის მოითხოვს განმარტებას შიდამოხმარებისთვის - გარეშე მტერთან ვართ დაპირისპირებაში და ის უნდა მოვიგოთ, თუ წავაგებთ, რუსეთი არ იარსებებს. მათი გადმოსახედიდან, უკრაინაში ომი არც უნდა დასრულდეს, შეძლებენ წლის ბოლომდე დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს საზღვრებამდე მისვლას, მიუხედავად უდიდესი დანაკარგისა. ვფიქრობ, შემდგომ აპირებენ ერთგვარად გაყინონ ფრონტის ხაზი, რაც არ ნიშნავს, რომ ომი შეჩერდება და რუსეთი ამით დაკმაყოფილდება. კრემლის მიზანი არ არის მშვიდობა.
- რატომ?
- წარმოიდგინეთ ფრონტიდან მილიონნახევრიანი არმიის დაბრუნება რუსეთში, რომელსაც ჩადენილი აქვს ყველა საზიზღრობა, არაფრის შიში აღარ აქვს და ყველაფრის მკადრებელია. ასეთი ასიათასობით ჯარისკაცი დაბრუნდება რუსეთში და აპირებს ის მშვიდობიან ცხოვრებას?
რეჟიმისთვის ომის შეჩერება პოლიტიკურად და იდეოლოგიურადაც წარმოუდგენელია, იმიტომ, რომ როგორც კი ომი შეჩერდება, მაშინვე ეჭვქვეშ დადგება პოლიტიკური რეჟიმის ლეგიტიმურობა და სიმყარე - როცა მილიონ-ნახევარი გამოცდილი ხალხი, გენერლები სახლში დაბრუნდებიან და ვიღაცები მათ "პრავებს უკაჩავებენ", ისე მოიქეცით, როგორც ჩვენ გვინდაო, ეს როგორ წარმოგიდგენიათ?
ზოგს ჰგონია, რომ რუსეთს ჯავშანტექნიკის რესურსი ამოეწურა და მას სხვაგან ომის გაჩაღება აღარ შეუძლია. არ დაგვავიწყდეს, რომ ომმა ტრანსფორმაცია და ტექნოლოგიური წინსვლა განიცადა, რუსეთი უკრაინასთან ერთად არის პირველი დრონების წარმოებასა და ინტეგრირებაში. უდიდესი გამოცდილება მიიღეს როგორც ტაქტიკურ, ისე ოპერატიულ ხელოვნებაში.
ორივე შორსაა წასული, რასაც ვერ ვიტყვით ვერც ერთ ევროპულ-ნატოელ სახელმწიფოზე. რუსებმა სულაც ცალმხრივად რომ გაყინონ უკრაინის ფრონტის რომელიღაც ან უდიდესი ნაწილი, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ უკრაინა შეტევაზე გადავა. ნებისმიერი ქვედანაყოფი, რომელიც შეტევაზე გადადის, მეტს კარგავს, ვიდრე ის, ვინც თავდაცვაშია. არც ეს დაგვავიწყდეს, თუ ევროპა ახლა მთელი თავისი რესურსებით ეხმარება უკრაინას, საკუთრივ ევროპას თუ შეუტია, ბუნებრივია, დახმარება წავა უკვე სხვა მიმართულებით. ბევრი ფაქტორია, რასაც უკრაინელები და რუსები ითვალისწინებენ. მათ ესმით, რომ რეჟიმმა მომდევნო 5 წლის განმავლობაში მაინც რომ შეინარჩუნოს სტაბილურობა, ომი უნდა შენარჩუნდეს, ოღონდ ომს თავისი ფასი აქვს და რუსი საზოგადოებისთვის რაღაც მომენტში დადგება კითხვა, რა არის ის შედეგი, რასაც ამ ომით მივიღებთ? ამას კრემლში კარგად აანალიზებენ. ისინი ვეღარ გაყიდიან პროპაგანდას, ლუგანსკი-დონეცკი გავათავისუფლეთ და ზაპოროჟიე ავიღეთო. სხვა საქმეა, თუ ამ ომის დიდი ნადავლი იქნება შედარებით სუსტად მომზადებული ბალტიის ქვეყნები, ვინაიდან მათი სამხედრო რესურსი ვერ გაუტოლდება უკრაინის რესურსს.
- მაგრამ ბალტიის ქვეყნების უკან ნატო და ევროკავშირი დგანან...
- აქამდე ევროკავშირსა და ნატოს შორის ყოველთვის იყო პასუხისმგებლობის ერთგვარი გაყოფა - ეკონომიკისა და პოლიტიკის საკითხებს კურირებდა ევროკავშირი, თავდაცვასა და უსაფრთხოებას - ნატო, მაგრამ ორივე შემთხვევაში ამ ალიანსებს ახასიათებთ ნელი რეაგირება, რასაც რეალობის უარყოფა ჰქვია. ევროპელებს ნაკლებად აქვთ რეალობასთან თვალის გასწორების სურვილი, რადგან ამისთვის საჭიროა იმოქმედონ, ხოლო რომ იმოქმედონ, ეს ნიშნავს ძალიან მტკივნეულ გადაწყვეტილებებს - ეკონომიკური, საზოგადოების ტრანსფორმაციის, საინფორმაციო და ფსიქოლოგიური მომზადების შესახებ. ამიტომ, რადგან ევროპელები არ არიან მზად, რომ ეს მტკივნეული გადაწყვეტილებები მიიღონ, აქ ბევრი მომენტი შემოდის - ჩნდება შეიარაღებისა და აღჭურვის პრობლემები, საუბარია ბირთვულ გარანტიებზეც. საიდუმლო აღარ არის, რომ ამერიკელები კონცენტრირდებიან საკუთარ თავზე, მათ ნაკლებად აინტერესებთ ევროპა. როგორც ჩანს, ტრამპი არ აპირებს "ცივი ომის" ტრადიციის გაგრძელებას, როცა ამერიკელები ეუბნებოდნენ სსრკ-ს, რომ ევროპაზე თავდასხმის ნებისმიერი ცდა ბირთვული ომით დამთავრდებოდა და ორივენი განადგურდებოდნენ. ეს აშინებდა სსრკ-ს, ამიტომ ევროპაში ომი არ ყოფილა. ახლა ამერიკელები ამ ლოგიკას არ ავითარებენ, მათ სულაც არ სურთ ევროპის გამო ბირთვული ომის დაწყება - ანუ ტრამპს არ ესმის, როგორ ფუნქციონირებს ზოგადად ბირთვული შეკავება. როცა რუსებს ეუბნები, რომ ნებისმიერი თქვენი შეტევა ავტომატურად გამოიწვევს ჩვენს პასუხს, მათ შორის ბირთვულს, რუსებს ეს თავის ადგილას სვამს. ტრამპის ადმინისტრაცია ამ სიგნალებს აღარ გზავნის, შესაბამისად, ეს არის პირდაპირი მწვანე შუქი პუტინისთვის, მინიშნება, რომ ევროპა მიგდებულია, რაც ჩვეულებრივი დაპატიჟებაა, გეოპოლიტიკასა და სტრატეგიულ გათვლებში ეს მინიშნებაა - ვოვა, თავისუფალი ხარ შენს არჩევანში. მით უმეტეს, ვსაუბრობთ ბალტიისპირეთის ქვეყნებზე, რომლებიც სსრკ-ის ნაწილი იყო. შესაბამისად, ეს ერთიათასად ზრდის შანსს, რუსეთმა უკრაინაში დააგდოს საომარი მოქმედებების ტემპი და ამავე დროს გახსნას ფრონტის ახალი მონაკვეთი. ამ ომში შესაძლოა ჩააბას ბელარუსი, როგორც დამხმარე რუსული ჯარისთვის.
- ევროპის ქვეყნებზე ანუ ბალტიისპირეთზე თუ არ ექნათ მწვავე რეაგირება, საქართველოს თუ მოადგა რუსეთი, ალბათ, არავინ შეიმჩნევს...
- ჩვენთან ცოტა სხვა სიტუაციაა. ერთი მხრივ, გვყავს ხელისუფლება, რომელიც ითვალისწინებს რუსეთის ინტერესებს, მეორე მხრივ, სამეზობლოში არიან სამხედრო თვალსაზრისით ძლიერი ქვეყნები - თურქეთი და აზერბაიჯანი, რომელთათვისაც მაინცდამაინც არ არის სასურველი, რომ საქართველოში, რომელიც მათი დამაკავშირებელი სახმელეთო ხიდია, უცებ რუსის ჩექმა ჩადგეს. ბუნებრივია, თუ აქ რუსი შემოვიდა, სომხეთიც ავტომატურად რუსეთის ორბიტას დაუბრუნდება, თურქეთი და აზერბაიჯანი კი ერთმანეთს მოსწყდებიან, რაც არც ერთის ინტერესში არ შედის. არ დაგვავიწყდეს, რომ რუსეთი თუ პირდაპირ წამოვა აქეთ, "ოცნებას" მოუწევს რეაგირება: 1. თუ რუსის ჯარი ჩვენკენ დაიძრა, ჩვენს შეიარაღებულ ძალებს სამხედრო მოქმედებებში მოუწევთ ჩაბმა; 2. მოსახლეობა აღმოჩნდება დარტყმის ქვეშ და მასაც მოუწევს მოქმედება, რომ ჯარს მხარი დაუჭიროს, ანუ ჯარი და ხალხი გაერთიანდებიან და ამ სიტუაციაში საქართველოს ხელისუფლებამ ისევ პრორუსული პოზიცია თუ დაიჭირა, მას პირდაპირ კოლაბორაციაში დაედება ბრალი და მერე ვინ იცის, რა მოხდება. ჩვენ "ოცნების" წყალობით არა ვართ დასავლეთისა და აშშ-ის დღის წესრიგში, უბრალოდ, შენარჩუნებული ვართ როგორც გეოგრაფიული მონახაზი, ტერიტორია, რომელიც გარკვეულ ეკონომიკურ ფუნქციას ასრულებს. საქართველო პოლიტიკურად თანდათანობით კარგავს მნიშვნელობას, მით უფრო, დაკარგავს, თუ ხელისუფლება უფრო გაამყარებს ავტორიტარული მმართველობის სტილს. ერთი სიტყვით, საქართველოში რაც უფრო ავტორიტარული გახდება ხელისუფლება, მით უფრო ნაკლებად საინტერესო იქნება ის დასავლეთისთვის. აქ ომი რომც იყოს, შეიძლება მალევე დასრულდეს და იმიტომ რომ რეჟიმს აქ ხანგრძლივი ომი არ სჭირდება. ან რა საჭიროა სამხედრო ოპერაცია, როცა რეგიონში შენი ინტერესები ისედაც დაცულია?
- ბალტიისპირეთის მერე ვინ იქნება?..
- მოდელირებულ სცენარს თუ განვიხილავთ, სამხედრო ოპერაციების დაგეგმვის სქემა მუშავდება როგორც დასავლეთში, ისე რუსეთში. საუბარია სუვალკის კორიდორის გამოყენებაზე, ოღონდ გასვლა პოლონურ მხარეზე იქნება თუ ლიტვურზე, არავინ იცის. როცა ორივე მხრიდან, როგორც ბელარუსიდან, ისე კალინინგრადის მხრიდან იქნება დარტყმები და ლიეტუვა იზოლირებული გახდება პოლონეთისგან. ესტონეთის აღმოსავლეთ საზღვრისპირა რეგიონებზე შეტევა სანქტ-პეტერბურგის მხრიდან შეიძლება, შეიქმნება ერთგვარი ნახევარალყა, რომლის მეშვეობითაც დარტყმებს მიაყენებენ ბალტიისპირა ქვეყნების სამივე დედაქალაქს. ლატვიელებიც აღიარებენ, რომ იქ განთავსებული ქვედანაყოფები (როგორც ნატოს მრავალეროვნული ბრიგადები, ისე ეროვნული - ლიეტუვას, ლატვიის და ესტონეთის) რაოდენობრივად მაინცდამაინც არ არის ადეკვატური იმისა, რასთანაც მათ შეიძლება შებრძოლებამ მოუწიოთ. ამ სამს რაც არ უნდა ლილიპუტ სახელმწიფოებად მივიჩნევდეთ (ესტონეთი დაახლოებით 1,5მლნ-იანია, ლატვია და ლიეტუვა - 3 მლნ), წარსულიდან ვიცით, 3,5-მილიონიანმა ფინეთმა როგორი წინააღმდეგობა გაუწია სსრკ-ს 1939 წლის ბოლოდან 1940 წლის მარტამდე. ამ გადმოსახედიდან არ ვიცით, რა როგორ დალაგდება, რა როლს ითამაშებენ ფინეთი, შვედეთი, დანია, ნორვეგია...
რეჟიმს კრემლში სჭირდება დიდი ხანგრძლივი ომი, რომელსაც თან ტერიტორიული მონაპოვარი ექნება. მას თავისუფლად შეუძლია რუსი საზოგადოების სავარაუდო პოტენციური პროტესტის (რომელიც ეკონომიკური ვითარების გაუარესებით შეიძლება იყოს გამოწვეული) გადაყვანა სხვა არხში, მაგალითად, ნაციონალურ-პატრიოტულ-შოვინისტურ არხში - აგერ, მტრები გვყავს, დასავლეთთან ომში ვართ და ნამდვილმა რუსმა ამაში თავისი სიცოცხლე უნდა ჩადოსო. ვფიქრობ, მომდევნო 2 წლის განმავლობაში, სექტემბერში თუ არა, სადღაც 2026 წლის მაისიდან რუსეთმა შეიძლება შეტევა დაიწყოს.
- რატომ უნდა აუნთოს ტრამპმა რუსეთს მწვანე შუქი ევროპაში, როცა სულ ამბობს, ჩემი პრეზიდენტობის დროს ახალი ომი არსად დაიწყებაო...
- შესაძლოა რუსების სამხედრო წარმატების შედეგად ევროპა ერთიანი სულაც აღარ იყოს. ტრამპის გადმოსახედიდან ეს სცენარი სულაც არ არის მიუღებელი, იმიტომ, რომ მერე ამერიკა შემოვა როგორც ერთადერთი სუპერძალა, რომელსაც შეუძლია მათ შორის ევროპული ქვეყნებისთვის თავისი პოლიტიკის დიქტატი - გრენლანდიით დაწყებული, პოლიტტექნოლოგიებით თუ ფინანსური ტარიფებით დამთავრებული... მაგრამ ეს ყოველივე სულაც არ ნიშნავს, რომ რუსეთი დალხინებულია. ისტორიას თუ გავიხსენებთ, ნებისმიერი გაჭიანურებული ომი, სადაც მოწინააღმდეგე დასავლეთია, რუსეთისთვის კრახით მთავრდება ხოლმე, ხოლო ომი, სადაც რუსეთი დასავლეთთან კოალიციაშია, წარმატებით სრულდება. ამიტომ საინტერესო იქნება, როგორ შეიცვლება ევროპული პოლიტიკა და საზოგადოება, რამდენად სწრაფად შეძლებენ რუსული მეხუთე კოლონის განადგურებას. ჩვენც ამ მოზაიკის შემადგენელი ნაწილი ვართ და ჩვენთან რა პროცესებიც ხდება, დიდწილად განპირობებულია იმით, თუ რა ხდება ჩვენი ქვეყნის საზღვრებსგარეთ. ეს პირდაპირპროპორციულად აისახება საქართველოზე. …