რუსული ეფ-ეს-ბე „თაღლით“ აფხაზ მრავალშვილიან დედებს დაერია - კვირის პალიტრა

რუსული ეფ-ეს-ბე „თაღლით“ აფხაზ მრავალშვილიან დედებს დაერია

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა (ეფ-ეს-ბე)­­ აფხაზი ქალების წინააღ­მდეგ თაღლითობის ბრალდე­ბით გამოძიება დაიწყო და ფსოუს საზღვარზე რამდენიმე­ ქალი უკვე დააკავა. ბრალდება ეხება აფხაზი მრავალშვილიანი დედების მიერ რუსული შემწეობების უკანონოდ მიღებას. ირკვევა, რომ აფხაზეთის მოქალაქე მრავალშვილიანი დედების აბსოლუტური უმრავლესობა 2017 წლიდან იღებდა რუსულ შემწეობას და ყველა მათგანს ემუქრება სისხლისსამართლებრივი დევნა, თუკი ისინი ფსოუს საზღვრის გადაკვეთას გადაწყვეტენ.

ფსოუს გამშვებ პუნქტზე დაკავებამ მასობრივი ხასიათი მაისში მიიღო, რასაც სოხუმში დიდი ხმაური მოჰყვა. თავდაპირველად ცნობა ოპოზიციურმა ტელეგრა­მარხებმა გაავრცელეს, შემდეგ დაკავებულმა დედებმა დე ფაქტო პარლამენტსაც მიმართეს მათი უფლებების დაცვის მოთხოვნით, რის შემდეგაც ე.წ. დეპუტატები იძულებული გახდნენ საკითხი ომბუდსმენთან ერთად განეხილათ. აფხაზური ტელეგრამარხების ცნობით, მაისის დამდეგს ფსოუს გამშვებ პუნქტზე დააკავეს სოჭიდან აფხაზე­თში მიმავალი ორი აფხაზი ქალი, რომელთაც ორმაგი მოქალაქეობა ჰქონდათ - აფხაზეთისა და რუსეთის. ერთი მათგანი ოთხი შვილის დედაა, მათ შორის ერთი შეზღუდული შესა­ძლებლობის მქონეა. მეორე ქალი ხუთი შვილის დედაა. დაკავების დროს ის არასრულწლოვან ბავშვთან ერთად გადადიოდა საზღვარზე. ორივე მათგანი გააფრთხილეს, რომ რუსეთის ტერიტორიის დატოვების უფლება არა აქვთ. ქალებს ბრალი ედებათ თაღლითობაში - ბავშვთა დახმარების უკანონოდ მიღებაში და 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

აფხაზურ მედიასთან საუბრისას ორივე­ ქალმა განაცხადა, რომ შემწეობა ერთ წელზე მეტია არ მიუღიათ. როცა დაუკავშირდნენ რუსეთის შესაბამის ორგანოებს, პასუხად მიიღეს, რომ რადგან მათი შვილები მუდმივად არ იმყოფებოდნენ რუსეთში, არ ჰქონდათ შეღავათების მიღების უფლება. ამის შემდეგ მათ არაერთხელ გადაკვეთეს ფსოუს გამშვები პუნქტი და არც ერთხელ მათთან პრეტენზია არ ჰქონიათ.

ერთ-ერთი დაკავებული, 4 შვილის დედა ელენა პროსტიტოვა, ტელეფონით დაუ­კავშირდა აფხაზურ ტელეგრამარხ "აიაშარას" თავისი ამბის გასაშუქებლად. როგორც ამბობს, ის წარმოშობით ჩეჩენია, გროზნოში დაბადებული, თუმცა წლებია აფხაზეთში ცხოვრობს, აქვს აფხაზეთის ე.წ. მოქალაქეობა და ასევე რუსეთისაც. ერთი შვილი შშმ პირია და მუდმივ მოვლას საჭიროებს. ის ფსოუს გამშვებ პუნქტზე მაშინ დააკავეს, როდესაც ადლერიდან სოხუმში მიდიოდა და ახსნა-განმარტების გარეშე შეიარაღებული დაცვით სოჭის ეფ-ეს-ბეს განყოფილებაში გადაიყვანეს. აცნობეს, რომ ეჭვმიტანილია თაღლითობაში, რომ 2017-დან 2024 წლამდე ფიქციური დოკუმენტების გამოყენებით უკანონოდ იღებდა ბავშვთა დახმარებას. "უხეშად მთხოვეს თაღლითობის ნებაყოფლობით აღიარება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩემს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძვრებოდა, რისთვისაც 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მემუქრებოდა", - ამბობს ქალი.

ელენა არ დაეთანხმა ბრალდებებს და უარი თქვა დოკუმენტების ხელმოწერაზე, რის შემდეგაც სს საქმე აღიძრა. ის ამჟამად­ ადლერშია, რუსეთის ტერიტორიის დატო­ვება აკრძალული აქვს და გაფრთხილებულია, თუკი აფხაზეთში შვილებთან დაბრუნებას შეეცდება, 10 დღით დააპატიმრებენ.

ელენას მსგავსი ბედი გაიზიარა სხვა ბევრმა აფხაზმა ქალმაც ფსოუს გამშვებ პუნქტზე. საქმე ის არის, ორმაგი მოქალაქეობის საფუძველზე აფხაზები წლებია იღებენ რუსულ პენსიებსა და სხვა სოციალურ დახმარებებს, თუმცა რუსულმა ეფ-ეს-ბემ ახლა აღმოაჩინა, რომ ბავშვებზე გაცემული­ შემწეობების მისაღებად თურმე მხოლოდ რუსეთის მოქალაქეობა საკმარისი არ არის. დაკავებულ ქალებს განუცხადეს, რომ თუ ბენეფიციარი რუსეთის ტერიტორიაზე მუდმივად არ ცხოვრობს, მას შემწეობის მიღების უფლება არა აქვს.

აფხაზური ტელეგრამარხების ცნობით, მრავალშვილიანი აფხაზი დედების აბსოლუტური უმრავლესობა იღებდა შემწეობას და ნაწილმა ამ სამართლებრივი პრობლემის შესახებ ახლა გაიგო, ზოგიერთს კი წარმოდგენაც არა აქვს და შესაძლოა ფსოუს გამშვები პუნქტის გადალახვისას კიდევ არაერთი ქალი დააკავონ თაღლითობის ბრალდებით. როგორც წერენ, გასარკვევია, კიდევ რა სახის შემწეობა შეიძლება ჩათვალოს რუსეთმა თაღლითობად და კიდევ რა ბრალდებები ელით აფხაზებს.

აფხაზი ომბუდსმენი ანა ქიშმარია აცხადებს, რომ ბავშვთა დახმარებისა და დეკრეტული კაპიტალის მიმღები აფხაზი ქალების დაკავება მასობრივია. მისი თქმით, უკვე წლებია აფხაზი ქალები რუსეთში ბავშვების დახმარების მისაღებად განცხადებებს წერენ, თანაც, წლებია დახმარების რეკლამები მხოლოდ სოციალური მედიით არ ვრცელდებოდა, არამედ ასეთი განცხადებები აფხაზეთის ყველა ავტობუსის გაჩერებასა და ბოძზე იყო გამოკრული და აბსოლუტურად კანონიერი იყო. არც აფხაზეთის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა და არც რუსეთის სხვა ორგანოებმა, სადაც შეღავათები გაიცა, არავინ გააფრთხილეს, რომ ეს ქმედებები ეწინააღმდეგებოდა რუსეთის კანონმდებლობას.

აფხაზური მედიის თქმით, რუსეთში იმდენად ბევრ ქალზე აღიძრა უკვე საქმე,­ რომ დიდმა ნაწილმა კერძო ადვოკატი დაიქირავა, ნაწილი კი დე ფაქტო პარლამენტს მიმართავს მათი უფლებების დასაცავად.

აფხაზი დედების დაკავების მასობრიობის გამო დე ფაქტო პარლამენტი იძულებული გახდა საკითხი განეხილა. როგორც "ნუჟნაია გაზეტას" მთავარი რედაქტორი იზიდა ჭანია წერს, დისკუსიის ნაწილი დახურუ­ლი იყო, ხოლო ის ნაწილი, რომელზეც მედიას დასწრების უფლება მიეცა,­ სავალალო გამოდგა: "დეპუტატებმა" შეშფოთება გამოთქვეს ქალების დაკავებების გამო, თუმცა ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს მათ ზედმეტის თქმის ეშინოდათ. ჟურნალისტის თქმით, ე.წ. დეპუტატმა დაუთ ხუტაბამ აღნიშნა, რომ ეს პრობლემები "რთულად გადასაჭრელია" და "რიგ შემთხვევაში, ჩვენი მოქალაქეები­ არიან დამნაშავე". თუმცა­ დასძინა, რომ "ამის მიუხედავად, ისინი ჩვენი მოქალაქეები არიან და ჩვენ უნდა დავიცვათ მათი ინტერესები იმდენად, რამდენადაც ამის საშუალება გვაქვს". ამგვარი ზოგადი ფრაზების შემდეგ ეს "მგრძნობიარე თემა" დახურულ კარს მიღმა განიხილეს. როგორც ჟურნალისტი წერს, ბევრი "დეპუტატი" და თანამდ­ებობის პირი არ ჩაერთო საჯარო დისკუსიაში და ეს აღარ უკვირს მას შემდეგ, რაც მათ კოლეგას კან კვარჩიას და საზოგადო მოღვაწე ლევან მიქაას რამდენიმე თვის წინ გაუგებარი მიზეზით ჩამოართვეს რუსეთის მოქალაქეობა. ასევე რუსეთმა რამდენიმე ჟურნალისტი (მათ შორის იზიდა ჭანიაც) გამოაცხადა უცხოეთის აგენტად და არც მაშინ ამოუღიათ ხმა "დეპუტატებს".

აფხაზური მედიის ნაწილი უკმაყოფილოა ოპოზიციითაც, წერენ, რომ ბევრი პრობლემა დაგროვდა, მათ შორის რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობაში და ამ დროს ოპოზიცია აქტიურობის ნაცვლად საინფორმაციო სივრციდან სრულად გაქრა. დე ფაქტო არჩევნებში ადგურ არძინბას დამარცხების შემდეგ ოპოზიცია საჯაროდ არაფერს აპროტესტებს, მხოლოდ ერთი-ორჯერ გააკეთეს ერთობლივი განცხადება. ამჯერადაც ოპოზიციურმა ფლანგმა ერთიანი­ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ აღმაშფოთებელი, დამამცირებელი და უსამართლოა აფხაზ დედებზე გავრცელებული ბრალდებები. მათი თქმით, რუსეთის მოქალაქეობის მქონე აფხაზები მონაწილეობენ რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების არჩევნებში, შესაბამისად, აქვთ სოციალური დახმარების მიღების კანონიერი უფლებაც და ისინი დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის ოლეგ ბარცი­ცისა და რუსეთის ე.წ. ელჩის დაუყოვნებლივ ჩარევას და "აფხაზეთის მოქალაქეების" კანონიერი უფლებების სამართლიან გადაწყვეტას მოითხოვენ.

აფხაზური ოპოზიციური მედიის აზრით, "თაღლითი" მარვალშვილიანების დევნის პარალელურად რუსეთის პრეზიდენტმა აფხაზებს ერთი თაფლაკვერი გადმოუგდო. პუტინმა 17 მაისს გამოსცა ბრძანება, რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას უმარტივებს­ რუსეთის მოქალაქეობის მიღებას და აფხაზებისა და ოსებისთვის რუსული ენისა და რუსეთის ისტორიის ცოდნა სავალდებულო აღარ იქნება. "თაფლაკვერი კარგია, მაგრამ ფრთხილად უნდა იყოს ყველა - ღმერთმა ნუ ქნას, იფიქროთ, რომ ეს გაძლევთ უფლებას მიიღოთ ბავშვისთვის შემწეობა ან სხვა შეღავათები, რომლებიც რუსეთის მოქალაქეებისთვისაა გათვალისწინებული, - წერენ აფხაზები.

"რუსეთის მოქალაქეობის დარიგება აფხაზებისთვის დიდი სათაგურია"

ირაკლი ცქიტიშვილი, კონფლიქტოლოგი: - ამ კონკრეტული საქმის იურიდიულ დეტალებზე არ ვილაპარაკებ, თუმცა ფაქტია, რომ რუსეთს როგორც სურს, ისე კერავს საქმეებს, იმის მიხედვით, როდის რა სჭირდება. თუ იურიდიულად აფხაზ ქალებს შემწეობის მიღების უფლება არ ჰქონდათ, 2017 წლიდან 7-8 წელია გასული და სად იყვნენ აქამდე რუსები? საქართველოშიც ასეა, თუ მოქალაქე 3 თვეზე მეტი ხნით არის გასული ქვეყნიდან, მას სოციალური დახმარებები უჩერდება, მათ შორის დევნილობის შემწეობაც. ამიტომაც იურიდიულად რუსეთის კანონმდებლობით არ ეკუთვნოდათ, მაგრამ კითხვაა, აქამდე რატომ იყვნენ ჩუმად. ამ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის ეკონომიკა სამჯერ არის შემცირებული და ამას რუსები­ ოფიციალურად არ აღიარებენ. ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ თანხების ეკონომიასთან­ გვქონდეს საქმე და ამიტომ დაიწყეს რუსებმა, ასევ ვთქვათ, ფულის დათვლა - ცხინვალის რეგიონში რუსული პენსიებისა და შეღავათების უკანონო მითვისებაზე წლის დამდეგს ალაპარაკდნენ და მოითხოვეს თანხების დაბრუნება, ახლა აფხაზეთში შემწეობების­ თაღლითურ მითვისებაზე დაიწყეს გამოძიება. არა მგონია, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში იმაზე მეტი ფული იფლანგებოდეს, ვიდრე რუსი ჩინოვნიკების ჯიბეებში ილექება ქრთამისა და სხვა მოგების სახით, მაგრამ ფაქტია, რუსეთის ეკონომიკას უჭირს, უკრაინასთან ომი ძალიან ძვირი უჯდება კრემლს და ყველა მიმართულებით უჭერენ ხელს. ეს არ ეხება მარტო ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთს, ძალიან ბევრი ფინანსური ბერკეტია უკვე ჩაკეტილი რუსეთში, ჩაკეტილია ვალუტის გატანა. სავალალო მდგომარეობაა და ყოველდღე დამატებითი ბერკეტი შემოაქვთ ფინანსური სისტემის დასაბლოკად, იმისთვის, რომ ვალუტა არ გავიდეს, პირიქით, რამენაირად შემოვიდეს. ამიტომ არ გამოვრიცხავ, ამასთან იყოს კავშირი. სხვანაირად გაუგებარია, ახლა რატომ მოინდომეს გამოძიება, თუკი 8 წელია ამ ხალხს შემწეობებს ურიგებდნენ.

- რუსეთმა აფხაზებსა და ოსებს რუსეთის მოქალაქეობის მიღება გაუმარტივა. რას მოუტანს ეს აფხაზებს და ოსებს?

- ეს პირველ რიგში რუსების ინტერესებშია. აფხაზეთში მცხოვრები ყველა ადამიანი რუსეთის კანონმდებლობას დაემორჩილება და რუსეთი ყველა ხერხს გამოიყენებს მათ წინააღმდეგ - უნდა გადაატარებს საზღვარზე, უნდა მოქალაქეობას წაართმევს, უნდა მისცემს შეღავათს, უნდა გააუქმებს. ყველაფერი რუსეთის ხელში იქნება. რუსეთის მოქალაქეობის დარიგება აფხაზებისთვის დიდი სათაგურია.

- აფხაზებში რუსული პოლიტიკის მიმართ რა დამოკიდებულებაა, არ ვგულისხმობ მხოლოდ­ ახალ ბრალდებებს თაღლითობაზე, არამედ რუსულ კანონების გატარების მცდელობაზე?

- რუსული პოლიტიკის მიმართ დამოკიდებულება ძალიან ნეგატიურია, მაგრამ კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე აფხაზებს სხვა გზა არა აქვთ, მათ ზურგში­ სხვა არავინ უდგათ, ასე თუ ისე, რუსების ხარჯზე არსებობენ და უწევთ ენას კბილი დააჭირონ და შეირგონ ის, რასაც რუსეთი აძლევს. რუსეთი რასაც აკეთებს, ან აყვედრის, ან ორმაგს ითხოვს სანაცვლოდ. რუსეთის მიზანია აფხაზეთი გამოიყენოს და არა ის, აფხაზეთმა გამოიყენოს. ვფიქრობ, არც ისე შორეულ მომავალში აფხაზები ხმას ამოიღებენ და აფეთქდებიან. სხვათა შორის, ამ დე ფაქტო არჩევნებზე ძალიან საგრძნობი იყო ანტირუსული განწყობები, თუმცა "არჩევნებმა" გადაიარა და ახლა ცოტა სიჩუმეა. ვფიქრობ, მალე მოვა დრო, როდესაც ბევრად ხმამაღლა იყვირებენ. ძნელია, არ დაინახონ, რომ რუსეთი მათი მეგობარი არ არის, არამედ იყენებს აფხაზეთს და დღეს რასაც აფხაზეთში რუსეთი აკეთებს, აკეთებს თავისთვის და არა აფხაზეთისთვის.

ეკატერინე ბასილაია