"ქართული სცენარი" უკრაინისთვის?! - რა გამოთვალეს ამერიკული "მორგანის" ანალიტიკოსებმა
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ოთხთვიანი მცდელობა რუსეთ-უკრაინის ომის დროებით შეჩერების თაობაზე დღემდე უშედეგოა, მაგრამ ეს საშინელი ომი, რომელიც უკვე მეოთხე წელია გრძელდება და ხანგრძლივობით მალე შეიძლება მეორე მსოფლიო ომსაც კი გადაასწროს, ადრე თუ გვიან, მაინც დამთავრდება.
მაგრამ რა შედეგით? - სწორედ ეს არის უმთავრესი კითხვა, რომელზეც პასუხის გაცემა ცნობილი ამერიკული საფინანსო კორპორაცია JPMorganChase-ს ანალიტიკოსებმა სცადეს.
მათი აზრით, უკრაინის ომის დასრულების ოთხი სცენარი არსებობს, იმის გათვალისწინებით, თუ როგორ მთავრდებოდა ესა თუ ის შეიარაღებული კონფლიქტი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში და რამდენად მისაღები იქნება ის უკრაინის მომავლისთვის.
ამ ოთხ სცენარში არის საუკეთესო, მეტ-ნაკლებად მისაღები და უარესი ვარიანტიც, რაც შეიძლება ელის უკრაინას აგრესორ რუსეთთან ამ ფართომასშტაბიანი ომის, ადრე თუ გვიან, დასრულების შემდეგ.
პირველი სცენარი - საუკეთესო გამოსავალი უკრაინისთვის: საბრძოლო მოქმედებები წყდება იმ მომენტში არსებული ფრონტის ხაზის გასწვრივ, ისევე როგორც 1953 წელს კორეის ომში 38-ე პარალელზე, უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე შედიან ევროპის ქვეყნების სამშვიდობო სამხედრო კონტინგენტები, ამერიკული მხარე კიევს მშვიდობის შენარჩუნების გარანტიებს აძლევს, მაგრამ უკრაინა ვერ ხდება ნატოს წევრი, თუმცა აგრძელებს დასავლეთისკენ სვლას. სამაგიეროდ, რუსეთის განკარგულებაში რჩება იმ დროისთვის ოკუპირებული უკრაინის მიწები. ამ სცენარის გათამაშების ალბათობას ამერიკელი ანალიტიკოსები ძალიან დაბალ, მხოლოდ 15 %-ით აფასებენ.
მეორე სცენარი - კარგი ვარიანტი უკრაინისთვის, თუკი მოვლენები "ისრაელის ვარიანტით" განვითარდება: ომის შეჩერების მიუხედავად, უკრაინა აგრძელებს თავდაცვისუნარიანობის გაზრდას დასავლეთის სამხედრო-ტექნიკური მხარდაჭერის ხარჯზეც, ზრდის შეიარაღებული ძალების რაოდენობას და მუდმივ მზადყოფნაშია, რათა სათანადოდ უპასუხოს რუსეთს აგრესიის გაგრძელების შემთხვევაში - ამ სცენარის ალბათობა 20%-ითაა შეფასებული.
მესამე, "ცუდი" სცენარი კი ჩვენი, ქართულია - ომი ჩერდება, რუსეთი ინარჩუნებს მანამდე ოკუპირებეულ ტერიტორიებს, დასავლეთი "იღლება" უკრაინის სამხედრო და ეკონომიკური დახმარებით და კიევთან მისი ურთიერთობა ცივდება - ამ სცენარს ყველაზე მეტი, 50%-იანი "განაღდების" შანსი აქვს.
მეოთხე სცენარი - "ბელარუსული" კი ყველაზე ცუდად არის მიჩნეული - აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია აჩერებს უკრაინისთვის ყოველგვარ სამხედრო-პოლიტიკურ დახმარებას, ევროპელებს არ ჰყოფნით რესურსები კიევის დასახმარებლად და უკრაინა კაპიტულაციას აცხადებს, იცვლება მისი ხელისუფლება კრემლიდან დანიშნულით და უკრაინა ბელარუსივით შედის რუსეთთან პოლიტიკურ კავშირში - დასავლეთი წაგებულია, პუტინის არმია გადის ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე - ამ ვარიანტის გამართლების ალბათობა მხოლოდ 15%-ითაა შეფასებული.

საგულისხმოა, რომ ამ ომში რუსეთის საოკუპაციო ძალების დამარცხებას და უკრაინის ტერიტორიის სრულ დატოვებას ამერიკელი ანალიტიკოსები არც განიხილავენ, რაც სამწუხარო რეალობითაა განპირობებული, რადგან ამ "ომმა გაძლებაზე" აჩვენა, რომ უკრაინისთვის აქამდე გატარებული შეწონილი სამხედრო დახმარების დასავლურმა პოლიტიკამ არ გაამართლა, რუსეთზე დაწესებულმა საერთაშორისო სანქციებმა არ იმუშავა, რამაც კრემლს საშუალება მისცა, თავისი ეკონომიკა სამხედრო ყაიდაზე გადაეწყო და ომი უკრაინაში კიდევ გააგრძელოს, მიუხედავად დიდი საბრძოლო დანაკარგისა და ამასთან, კვლავ დაიპყროს ახალ-ახალი უკრაინული მიწები.
ამერიკელი ანალიტიკოსების ვარაუდი, რომ უკრაინა მეორე "საქართველოდ" გადაიქცეს და აგრესორ კრემლთან დაახლოება დაიწყოს, მთლად არ შეესაბამება რეალობას - აგვისტოს ომიდან განვლილი 17 წლის მიუხედავად, საქართველოს არ აღუდგენია რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა, არ უცნია ოკუპირებული ტერიტორიები და ასრულებს რუსეთზე დაწესებულ საერთაშორისო სანქციების დიდ ნაწილს, ყოველ შემთხვევაში, ბევრჯერ უფრო მკაცრადაც, ვიდრე თავად დასავლეთი - უკრაინულ ქალაქებზე ყოველღამ საჰაერო იერიშების მიმტანი რუსული კამიკაძე-დრონების, ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების ფრაგმენტებში უკრაინელი სპეციალისტები ისევ პოულობენ სულ რამდენიმე თვის წინ აშშ-ისა და ევროპის ფირმებში დამზადებულ რადიოელექტრონულ მოწყობილობებს - ანუ ცალი ხელით დასავლეთი უკრაინის არმიას ეხმარება, მეორით კი (თავისდა უნებურად თუ რუსეთზე დაკისრებულ საერთაშორისო სანქციებზე არასაკმარისი კონტროლის გამო) უკრაინის დამბომბველ რუსულ კამიკაძე-დრონებს მიზნებისკენ ზუსტად "უძღვება".
ამერიკელი ანალიტიკოსების ამ საინტერესო სცენარებს ჩვენსასაც დავამატებთ:
ჯერ პუტინი არ აპირებს უკრაინაზე შეტევის შეჩერებას, პირიქით, ემზადება დიდი საზაფხულო იერიშისთვის ფრონტის სხვადასხვა უბანზე, პირველ რიგში კი უკრაინის ჩრდილოეთ საზღვრის ხელმეორედ გადასალახავად, რასაც ე.წ. ბუფერული ზონის შექმნის აუცილებლობით ხსნის.
რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ მისი არმია რუსეთ-უკრაინის საზღვარზე "ბუფერული ზონის" შექმნას აპირებს. შარშან კი პუტინი აცხადებდა, რომ უკრაინასთან საზღვარზე "სანიტარული ზონა" უნდა მოეწყო.
რას შეიძლება წარმოადგენდეს კრემლისთვის "სანიტარული" თუ "ბუფერული" ზონები?
1991 წლის ბოლოსთვის დაშლილი საბჭოთა კავშირის შემდეგ, დამოუკიდებლობაგამოცხადებულ რუსეთსა და უკრაინას შორის 2 295 კმ სიგრძის სახელმწიფო საზღვარი დაფიქსირდა, აქედან 1 974 კმ სახმელეთო და 321 კმ საზღვაო.
2014 წელს უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ოკუპირება-ანექსიისას და უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში რუსული სეპარატისტული მოქმედებების დაწყების შემდეგ რუსეთ-უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დიდი ნაწილის გაკონტროლების საშუალება ოფიციალურმა კიევმა დაკარგა.
2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო აგრესიის დაწყებისთანავე, განსაკუთრებით უკრაინის ჩრდილოეთ საზღვრის მიმართულებით, თითქმის აღარ დარჩა რუსეთ-უკრაინის სახმელეთო საზღვრის მონაკვეთი, რომელსაც უკრაინელი მესაზღვრეები აკონტროლებდნენ, რადგან რუსეთის საოკუპაციო ძალები შეიჭრნენ ლუგანსკის, ხარკოვის, სუმისა და ჩერნიგოვის საზღვრისპირა რაიონებშიც.
მას შემდეგ, რაც 2024 წლის სექტემბერ-ნოემბერში უკრაინის არმიამ კონტრიერიშებით შეძლო რუსი აგრესორების გაყრა ქვეყნის ტერიტორიის ჩრდილოეთ ნაწილიდან, უკრაინელმა მესაზღვრეებმა აღადგინეს საზღვრის კონტროლი ჩერნიგოვის, სუმისა და ხარკოვის ოლქების სასაზღვრო მონაკვეთებზე, რომლებიც ესაზღვრება რუსეთის ფედერაციის ბრიანსკის, კურსკისა და ბელგოროდის ოლქებს. უკრაინის ლუგანსკის ოლქი, რომლის მოსაზღვრე ჩრდილოეთით რუსეთის ვორონეჟის ოლქია, თითქმის მთლიანად აქვთ ოკუპირებული რუს აგრესორებს.
2023 წელს, მაშინ, როდესაც რუსეთ-უკრაინის ფრონტის აღმოსავლეთ მონაკვეთზე, დონბასში, გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობდა და ხერსონისა და ზაპოროჟიეს მიმართულებებზეც არ წყდებოდა ორმხრივი საარტილერიო ცეცხლი, უკრაინის ჩრდილოეთ საზღვარზე თვეობით სრული სიჩუმე სუფევდა.
სიტუაცია შეიცვალა 2024 წლის 10 მაისს, როდესაც რუსეთმა ხელმეორედ მიიტანა იერიში ხარკოვის ოლქის ქალაქ ვოვჩანსკსა და ლიპცზე, რომლებიც უშუალოდ საზღვრის სიახლოვეს მდებარეობენ.
ამას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტ პუტინის 2024 წლის მარტში გაკეთებული განცხადება, უკრაინასთან საზღვარზე "სანიტარული ზონის" შექმნის შესახებ, რასაც კრემლი ეტყობა სწორედ საზღვრის გასწვრივ და ამასთან, უკრაინის ტერიტორიაზე აპირებდა.
მოსკოვის ჩანაფიქრი მაშინ ჩაიშალა, რადგან რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დღემდე ვერ აიღეს ვოვჩანსკიც კი, სამაგიეროდ, თავად უკრაინამ შესთავაზა დიდი სიურპრიზი კრემლს და 2024 წლის 6 აგვისტოს შეიჭრა კურსკის ოლქის სიღრმეში და ოკუპანტი ქვეყნის ათას კვადრატულ კმ-ზე მეტი ფართობი დაიკავა. უკრაინა რვა თვის განმავლობაში ინარჩუნებდა პოზიციებს რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში.
უკრაინელი სამხედროების ასე ღრმად შეჭრამ კურსკის ოლქში, ასევე უკრაინული სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფების ხშირმა რეიდებმა ბელგოროდის ოლქში, რასაც შეიძლება მოჰყვეს ანალოგიური თავდასხმები ბრიანსკის ოლქზეც, ეტყობა, კრემლი აიძულა ხელახლა გაეხსენებინა "სანიტარული ზონის" შექმნის იდეა, რომელიც შარშან ჩაუფლავდა და ახლა უკვე "ბუფერული ზონის" სახელით შეეცდება გააძლიეროს თავისი სამხრეთ საზღვრის მონაკვეთი უკრაინასთან, რათა შემდგომში გამორიცხოს ისეთივე კონფუზი, რაც გასული წლის აგვისტოში მოუვიდა, როდესაც უკრაინის ორფერიანი დროშებაღმართული ჯავშანმანქანები კურსკის ოლქის 35-40 კმ-ის სიღრმეში ასფალტირებულ გზებზე უშიშრად დანავარდობდნენ.
ბუნებრივია, რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა ეცდება "ბუფერული ზონა" არა თავის, არამედ უკრაინის ჩერნიგოვის, სუმისა და ხარკოვის საზღვრისპირა ტერიტორიებზე შექმნას და ის "შეუერთოს" უკვე ოკუპირებულ ლუგანსკის ოლქს.
ამისთვის რუსეთის საოკუპაციო ძალებს მოუწევთ არანაკლებ 500 კმ სიგრძისა და 30 კმ სიგანის უკრაინის ჩრდილოეთ საზღვრისპირა ზოლის დაპყრობა, რათა უკრაინულ შორსმსროლელ არტილერიას, საარტილერიო ჭურვებსა და რაკეტებს გაუჭირდეს რუსეთის საზღვრისპირა რაიონებში სამიზნეებამდე მიღწევა.
მაგრამ უკრაინული ქალაქები სუმი და ხარკოვი სწორედ 30-30 კმ-ით არიან დაშორებული საზღვრიდან, რაც არ გამორიცხავს, რომ კრემლმა მის მიერვე დაანონსებულ "ბუფერულ ზონაში" შეიძლება უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქის, ხარკოვის მოქცევაც მოინდომოს.