"ნიკო ნიკოლოზობასაა დაბადებული და მისი დაღუპვის დღესაც ნიკოლოზობა იყო... ივნისის ბოლოს ბიჭს ელოდებოდა, პირველ შვილს"
"დავკარგეთ არა მხოლოდ მეგობარი, არამედ ადამიანი, რომლის სიმამაცე, სითბო და ძალა ყველასთვის შთაგონება იყო. მთები იყო შენი ეშხი, შენი სული და სწორედ იქ დაგვტოვე, შენს საყვარელ სივრცეში", - დაწერეს მეგობრებმა 29 წლის მესტიელ ალპინისტზე, მოთხილამურესა და საერთაშორისო კატეგორიის სამთო გიდზე ნიკოლოზ ფალიანზე, რომელიც 22 მაისის დილას მწვერვალ უშბაზე ექსპედიციის დროს ტრაგიკულად დაიღუპა.
"ნიკოლოზ ფალიანი იყო გამორჩეული ალპინისტი და პროფესიონალი სამთო გიდი. ნიკოლოზმა დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს ტურიზმის, განსაკუთრებით კი სათავგადასავლო და სამთო ტურიზმის განვითარებაში. მისი გარდაცვალება მძიმე დანაკარგია სრულიად ტურიზმისთვის", - გაავრცელა სამძიმრის წერილი საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ.
"ნიკოლოზის ორგანიზებული სათავგადასავლო ტურები სვანეთის მყინვარებსა და მთებში არა მხოლოდ ტურიზმის განვითარებას უწყობდა ხელს, არამედ ყველას აჩვენებდა, თუ რამხელა ძალა, სილამაზე და სიდიადე იმალება სვანეთის მთებში. მისმა გამბედაობამ და მთებისადმი ერთგულებამ სამუდამოდ დატოვა კვალი ჩვენს ცხოვრებაში. ის იყო სვანეთის სიამაყე, ჩვენი ქვეყნის სული, რომლის გარეშეც მთები თითქოს ობლად დარჩა. მისი უდროოდ წასვლა უდიდესი ტკივილია ოჯახისთვის, ნათესავებისთვის, მეგობრებისთვის, სამთო გამყოლთა საზოგადოებისა და მთელი ქვეყნისთვის.
ღრმა თანაგრძნობით ვუსამძიმრებთ ნიკოლოზის ოჯახს, მის ახლობლებს, თანამოაზრეებს, სვანეთის თემსა და ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც ის ძვირფასი იყო. მისი სიმტკიცე, ნათელი ღიმილი, გაბედული სული და მთებისადმი სიყვარული სამუდამოდ დარჩება ჩვენს გულებში. ნიკოლოზის წასვლა უდიდესი დანაკარგია, მაგრამ მისი სული, ძალა და სვანეთის მთების მიმართ სიყვარული მუდამ იცოცხლებს. მშვიდობით, ნიკოლოზ, შენი შუქი არასოდეს ჩაქრება. შენი სული სვანეთის მთებშია, შენი ნაკვალევი ქართველებში", - წერს ფაზისის აკადემიის პრეზიდენტი გია კვაშილავა.
"ნიკო 19 დეკემბერს, ნიკოლოზობა დღესაა დაბადებული, მისი დაღუპვის დღესაც ნიკოლოზობა იყო..."
დალი ფალიანი, ნიკოს მამიდა: - ნიკო ჩემთან ახლოს ცხოვრობდა, ჩვენი სახლების მიმდებარედ, შემაღლებულზე ფუსდის ეკლესიაა, ჩვენს სახლებს დაჰყურებს. სანამ ეს ტრაგედია მოხდებოდა, 2 დღით ადრე, დღის 4 საათი იქნებოდა, როცა უეცრად მოიღრუბლა, ცა მოიქუფრა, ერთი დაიჭექა და ეკლესიის გაყოლებაზე, ნიკოს სახლის სიახლოვეს, მეხი ჩამოვარდა. ეს რაღაც ავის მანიშნებელი იყო, ავფორიაქდი... მეხი ცარიელ ადგილას არ ეცემა, ასე ვიცით სვანეთში. ჩვენ, სვანები, ჯგრაგები ანუ წმინდა გიორგის ხალხი ვართ. წმინდა გიორგი ჩვენი პირველი მფარველი წმინდანია, რომელიც ფუსდმა – უფალმა მის მიერ კურთხეული ტერიტორიის ღვთაებად დასვა. სამწუხაროდ, ადამიანები ვეღარ აცნობიერებენ იმ დიდ მინიშნებას, რაც ამ დღეებში უფალმა მოგვივლინა. ალბათ, ესეც უფლის ნება იყო...
ნიკო 19 დეკემბერს, ნიკოლოზობა დღესაა დაბადებული, მისი დაღუპვის დღესაც ნიკოლოზობა იყო... უჭკვიანესი ბიჭი იყო, აუღელვებელი, ყველაფერს აკვირდებოდა, მაგრამ, ალბათ, იმ დღეს ბედისწერამ და ბუნებამ უბიძგა, დილაუთენია, მზის ამოსვლამდე რომ მიაშურა უშბას. ნიკო პირველად დაეშვა თხილამურებით უშბის კალთიდან და საუბედუროდ, მერე დიდხანს და დიდი სიმაღლიდან იფრინა ჩემმა ბიჭმა. შვეიცარია-ავსტრიიდან ჰყავდა სტუმრები, სარეკლამო რგოლს იღებდნენ და ამიტომაც ჩამოეშვა პირველი. ისეთი ბიჭი იყო, მასში სიბოროტის მარცვალს ვერ ნახავდი. იმხელა მიღწევები ჰქონდა, მაგრამ არ მინახავს, რაიმეთი ეყოყლოჩინოს, ჩუმი და უპრეტენზიო, თავმდაბალი ბიჭი იყო.
მთამ უდიდესი პიროვნება დაკარგა. პერსპექტიული ბიჭი იყო, ენებიც შესანიშნავად იცოდა, სვანურს და სვანეთსაც უდიდეს პატივს სცემდა, იყო ღვთისმოშიში... ძალიან ეკლესიური ოჯახი აქვთ, უმცროსი და-ძმები ფეხზე დააყენა, ექვსნი არიან და ყველას პატრონობდა. ნიკოსნაირ ღირსეულ ადამიანს ცოტას თუ შეხვდებით. უზომოდ უყვარდა მთა. ნიკოს ბაბუა ძალზე შრომისმოყვარე ადამიანი და კარგი ოსტატი იყო, სოფელში ყველა მადლობელი რომ ჰყავდა. ზურაბი თან მეურნე კაცი იყო, ბევრი საქონელი ჰყავდა და გაზაფხულობით მუდამ იალაღებზე მიდიოდა მთაში, ქორულდის მხარეს. უშბაც ქორულდის პირდაპირ დგას და პატარა ნიკო მუდამ ბაბუას დაჰყვებოდა მთებში. შესაძლოა სწორედ ბაბუასთან მიკედლებამ ჩაუნერგა მთის სიყვარული. არადა, რა სასტიკია და მკაცრი მთები და მით უფრო, უშბა. როგორც ჩანს, მრისხანე და დაუნდობელმა მწვერვალმა უვნებლად არ გაუშვა ნიკო მისი კალთებიდან - 800 მეტრი იფრინა არწივივით. საუბედუროდ, მისი ძმა, ზურაბი შეესწრო ამ ტრაგიკულ ამბავს.
"პირველები ვიყავით, ვინც უშბაზე გავბედეთ თხილამურით დაშვება, ჩვენ გაგვიმართლა, ნიკოს - არა"
შაკო მარგიანი, ნიკოს მეგობარი და კოლეგა:
- მე და ნიკო ბავშვობიდან ერთად მოვდივართ, მეგობრები და კოლეგები ვართ საქართველოს სამთო გიდების ასოციაციაში. როგორც გავიგეთ, დაშვებისას თხილამური ყინულის ნატეხზე გადაესვა, წამოედო, რამაც ნიკოს კონტროლი დააკარგვინა. იქ დაახლოებით 45 გრადუსის ფერდია, სადაც ზურგით თუ დაეცი, ნულია შანსი, ვერ შემოტრიალდები, მიდიხარ, ეშვები. ასე დაემართა ნიკოს, გასძვრა თხილამურიც და ჩაფხუტიც, დაახლოებით 350 ვერტიკალი იფრინა, რაც სიგრძეში დაახლოებით 800 მეტრამდეა. გადარჩენის შანსი არ იყო. ნიკოს "რედბულის" ათლეტები ახლდნენ, რომლებიც სამთო სპორტში მსოფლიოში ყველაზე გამოცდილები არიან (შვეიცარია-ავსტრიის ნაკრებია). ნიკოს 3 მოთხილამურე ახლდა, დანარჩენი ოპერატორები იყვნენ, რომლებიც ფერდიდან იღებდნენ სრიალს, მათ ნიკოს ძმა, ზურა ახლდათ, რომელიც ოპერატორების უსაფრთხოებაზე ზრუნავდა.
ამ მარშრუტზე ნიკო პირველად წავიდა, იქ ერთხელ ადიხარ და ან გაგიმართლებს, ან არა. მანამდე, 5 დღით ადრე, ხუთნი, ქართველები ავედით ამ მარშრუტზე. ისეთი მარშრუტია, ცხოვრებაში ერთხელ თუ ახვალ. მანამდე ბევრი მარშრუტი დაგვილაშქრავს, უმეტესად მესტიაში, ყაზბეგში... უშბაზე სხვადასხვა მხრიდან ავსულვართ როგორც ალპინისტები, მაგრამ თხილამურებით ქართველისთვის წარმოუდგენელი იყო იქ სრიალი. ჩვენ ვიყავით პირველები, ვინც უშბაზე გავბედეთ თხილამურით დაშვება, ჩვენ გაგვიმართლა, ნიკოს - არა, საუბედუროდ... ნიკოს ჰქონდა ასეთი ჩვევა, მწვერვალზე როცა ადიოდა, ჰარმონიკას უკრავდა ხოლმე, სულ თან დაჰქონდა...
ნიკო ჩვენი ასოციაციის, ალპინიზმისა და ტურიზმის განვითარების საყრდენი იყო, ძალიან სახელიანი ბიჭი, მასზე დიდ იმედს ვამყარებდით და ასოციაციის მთავარ გულად მოვიაზრებდით. ნიკოს მთელი სვანეთი დასტირის... რა საქმესაც ხელს მოჰკიდებდა, ყველა ბოლომდე მიჰყავდა, მისთვის შეუძლებელი არ არსებობდა, ყველაფერი გამოსდიოდა... ნიკო გამორჩეული იყო თავისი ცხოვრებით, იდეალური ადამიანი იყო... ძალიან ძნელია ასეთი მეგობრის დაკარგვა...
"ნიკო ივნისის ბოლოს ბიჭს ელოდებოდა, პირველ შვილს"
ლაშა ფირცხელანი, მთამსვლელი, ნიკოს მეგობარი:
- იმ დღეს მასთან ერთად არ ვყოფილვარ, წინა კვირას ვიყავი იმავე მარშრუტზე. ნიკო მთამსვლელი იყო და საერთაშორისო კატეგორიის სამთო გიდი, მოთხილამურე, ოქრო ბიჭი და უმაღლესი ადამიანი. ძალიან გამოცდილი იყო, თუმცა დაზღვეული არავინ ვართ, მთაში, მწვერვალებზე დიდი რისკია და როცა მივდივართ, იმასაც ვფიქრობთ, რომ შეიძლება უკან ვეღარ დავბრუნდეთ. ნიკოს სტუმრად საერთაშორისო ბრენდის წარმომადგენლები ჰყავდა, მათი ეგიდით სარეკლამო რგოლს იღებდნენ, რისთვისაც უშბიდან უნდა დაშვებულიყვნენ. ნიკო და 3 სტუმარი უშბაზე, ნიკოს ძმა და ოპერატორების ჯგუფი კი საბაზო ბანაკში იყვნენ. უბედური შემთხვევა უშბის კალთებზე (ასეთი მარშრუტია- კოკინი, უშბის უნაგირს ეძახიან და იქიდან დაშვების დროს) მოხდა, რთული მონაკვეთია. ნიკო 15 წელია, ამ სპორტშია, იცოდა ენები, ერთად გავიარეთ სამთო გიდების სკოლა. როგორც მეგობარი, იდეალური იყო, მეგობარზე მეტი... ნიკო ივნისის ბოლოს ბიჭს ელოდებოდა, პირველ შვილს.