პირველი რესპუბლიკის დამხობა - შეიძლებოდა თუ არა დიდი ქართული კატასტროფის თავიდან აცილება?!
რა თქმა უნდა, ისტორიას ქმნიან ფაქტები და არა შესაძლო ვარიანტები. გულუბრყვილობაა რაღაც ალტერნატიულ ისტორიაზე მსჯელობა - მაგალითად, რა იქნებოდა, ქართველები 80 მილიონი რომ ვყოფილიყავით, ან ბირთვული იარაღი რომ გვქონოდა. თუმცა იმაზე საუბარი, შეგვეძლო თუ არა თავიდან აგვეცილებინა რომელიმე დიდი ქართული ტრაგედია, აუცილებელია. ცოტა კი გვიჭირს ისტორიის გაკვეთილებიდან დასკვნების გამოტანა, მაგრამ იმედია, ბოლოს და ბოლოს, შევძლებთ.
ქაოსი, კადრების არასწორად განაწილება, მობილიზაციის ჩავარდნა, მცდარი პოლიტიკური გადაწყვეტილებები - ასე მოქმედებდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლება 1921 წელს, როდესაც წითელმა არმიამ ჩვენს ქვეყანას შემოუტია. ჩვენი ემიგრანტების მემუარებიდან ბევრ საინტერესო ფაქტს ვიგებთ. მაგალითად, იმას, რომ ბიუჯეტი 60-ათასიან ჯარზე იყო გადადებული და ომის დროს 13 ათასი კაცის გამოყვანა მოხერხდა. ქუთაისის დაკავების შემდეგ რუსებმა საწყობებიდან ალაფად 300 ახალთახალი ტყვიამფრქვევი წაიღეს, საქართველოს ჰქონდა ავიაცია, რომელსაც ბევრ ბრძოლაში გადამწყვეტი როლის შესრულება შეეძლო, თუმცა... საწვავი არ იყო და ეს ხდებოდა მაშინ, როდესაც მაშინდელ ხელისუფლებას სხვადასხვა წყაროდან მისდიოდა ინფორმაცია, რომ რუსეთი თავდასხმისთვის ემზადებოდა.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი - 1920 წელს საქართველოსა და წითელ რუსეთს შორის გაფორმდა ხელშეკრულება. ლენინის მთავრობის მოთხოვნით, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლებამ ბოლშევიკური "მეხუთე კოლონის" ლეგალიზება მოახდინა, რამაც ასევე არცთუ უმნიშვნელო როლი შეასრულა ტრაგიკულ მოვლენებში.
ქართულ ჯარს, ფაქტობრივად, არ ჰყავდა კავალერია, რომელიც მაშინ ერთ-ერთი დამრტყმელი ძალა იყო. მიზეზი სულელური გახლდათ - მაშინდელმა სამხედრო მინისტრმა თქვა ქართველ ოფიცრებზე, - ეგენი აზნაურები არიან და ცხენები იმიტომ უნდათ, რომ იკუნკულონო. შესაბამისად, ცხენების შესაძენად ფული არ გამოიყო.
ცნობილი ქართველი პოლიტიკური და საზოგადოებრივი მოღვაწე, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი რევაზ გაბაშვილი თავის მემუარებში "რაც მახსოვს..." საინტერესო ისტორიებს იხსენებს.
"როცა უკვე ვიცოდით შავი და კასპიის ზღვაზედ რუსის ჯარის მოგროვება, დარიალის ყელთანაც, სომხეთშიც; ჰეკერის პლანიც, 1920 წლის ქრისტეშობის თვეში, მომზადებისა და ქუდზე კაცის დაძახების მაგიერ ჩვენ მოვახდინეთ "დემობილიზაცია ჯარის კადრებისა!" ეს მაშინვე გასაშტერებელი უტვინობა, შემდეგ, პარიზში, ბ-ნმა დავით შარაშიძემ თავის წიგნში არა მარტო დაადასტურა, ახსნაც გამოუნახა: "უნდა გვეჩვენებინა ბოლშევიკებისათვის, რომ ომი არა გვწადიანო". ტუტუცი ცხვარის ანგარიში, - მგლის მადის…- ვითომ გასანელებლად".
"ავედი ტაბახმელაზე, სადაც ბრძოლები მიმდინარეობდა. ბრტყელ ბექობზე იდგა 4 პატარა, სამთო ზარბაზანი. ოფიცერი ჩრდილელი მბრძანებლობდა ამ "ბატარეას". სამი ზარბაზანი ისროდა და მეოთხე პირდაღებული იდგა ჩუმად. აქვე მყოფ ჩემს ყოფილ მასწავლებელს ("გიმნასტიკისა") ა. ჩხეიძეს ამის მიზეზი რომ ვკითხე, მიპასუხა: ამ სამი ზარბაზნისათვისაც ძლივს გვყოფნის ყუმბარებიო. წამოსვლისას მითხრა: ხომ ხედავთ, რა მდგომარეობაა და უთხარით თბილისში, ყუმბარები მოგვაწოდონ, რამდენი ხანია ვეხვეწებით, გვპირდებიან და არსადა სჩანს; მესამე დღეა, ახალგაზრდებს, ამ სიცივეში, არც ცხელი საჭმელი უნახავთო.
იმ საღამოსვე წერილობითი "პატაკი" წავიღე თბილისის შტაბში, საცა მხოლოდ თევზაძე დამხვდა. სიტყვიერადაც ავუხსენი მდგომარეობა და მხრები აიწია: რა ვქნათ, ხალხი არა გვყავს, მაგრამ ხვალვე ვეცდები ერთი კამიონი ყუმბარა და ერთი კამიონი საჭმელი გაუგზავნო მაინცაო. მეორე დღეს, როცა ტაბახმელაზე უკვე სამნი ავედით, მე, გიორგი ამირეჯიბი და საშა ჩხეიძე, გზაზე ერთმა დახურულმა კამიონმა გაგვიარა და გულში გავიფიქრე: "ყოჩაღ თევზაძე, მაინც მოუხერხებია რაღაც!", მაგრამ შტაბში რომ მივედი, შემომჩივლეს ყუმბარებისა და საჭმლის მაგიერ შეცდომით (?) ერთი კამიონი ძველი შინებით მოგვივიდაო", და საწყალი გაყინული იუნკრებიც, ისევ ცივი ჭადით ილოღნებოდნენ".
"გავემართე მაზნიაშვილის შტაბისაკენ. დავინახე გენერალი მაზნიაშვილი, აჩქარებით გამოსული, რაღაც დაკეცილი ქაღალდის ქნევით ჰაერში: აბა, ჩქარა, ერთი ცხენი მიშოვეთ, შიკრიკი უნდა გაიგზავნოს შავნაბადაზე!" შეიქნა რაღაც ჩოჩქოლი…+- სადა გვყავს ცხენები? აგერ ცხენები… ეგ გვარდიისაა, ჯარს არ ეკუთვნის და სხვა - ჩემი თვალით ვხედავდი ათიოდე მშვენიერ ცხენს, დაბმულს შორიახლოს ფარდულში, ფრუტუნით ქერსა და თივას რომ სჭამდნენ, მაგრამ მტკვრის გაღმა და გამოღმა რამდენიმე ვერსის ფრონტის სარდალს, გენ. მაზნიაშვილს, არა მარტო შიკრიკისათვის, თავისთვისაც არა ჰყავდა ცხენი… რომ "ეკუნკულნა" ფრონტებს შორის. გაიმართა ხვეწნა-ჭიდილი-ვაჭრობა ფრონტის უფროსსა და გვარდიის "წარმომადგენელს" შუა, და, რის ვაი-ვაგლახით "კომპრომისით" გათავდა: გვარდიელის ცხენზე შესხდნენ ორნი, ერთი გვარდიელი და ერთი ჯარისკაცი, შიკრიკი მაზნიაშვილისა საჩქარო ქაღალდით და წავიდნენ…
სარდალი ეფიცებოდა გვარდიელს:
- ცხენს ერთ საათში დაგიბრუნებთ!
- არა, ეს გვარდიის ცხენებია, თქვენ საკუთარი უნდა გყავდეთ!
- კაცო, რა დროს მაგაზე დავაა, საჩქარო საქმეა!
- გვარდიის შტაბი ნებას არ იძლევა ჩვენი "ინვენტარისა და იარაღის თხოვებაზე"… და ასე გაუთავებლად…
…აი, ხომ ხედავთ, რა პირობებში გვიხდება ომი, ვეხვეწებით, ერთი ცხენი მაინც გამომიგზავნონ ასეთი საჭიროებისათვის, შემდეგ გამიყარა ხელი მაზნიაშვილმა და წამიყვანა იმ ადგილების საჩვენებლად, სადაც წინა დღეებში ქართველმა მებრძოლებმა სასტიკი მარცხი მიაყენეს რუსებს. აი, ამ სანგარში შემოიჭრა მტერი, მაგრამ დახოცეს, დასჭრეს, გაჰყარეს და ტყვეები ჩავიგდეთ ხელში. ორიოდე ცხენოსანი ესკადრონი რომ გვყოლოდა გაქცეული მტრების სადევნელად, სულ გავანადგურებდით და ათასობით კიდევ მეტს ტყვეებს ჩავიგდებდით ხელშიო,… შემდეგ მითხრა: გადაეცით თბილისში, რომ არაფერი საშიში არ არის, ფრონტი მთლიანად გვიჭირავს, და თუ დაპირებულ ბატალიონს დააჩქარებენ, კიდევ დიდხანს ვერას დაგვაკლებენ ეს უნიფხვო ბოლშევიკებიო".
რაც შეეხება კადრების არასწორ გადანაწილებას. რევაზ გაბაშვილი კიდევ ერთ საინტერესო ისტორიას იხსენებს. იყო ასეთი გენერალი, ზაქარია ბაქრაძე, რომელიც მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის ომში, ჩინეთში ლაშქრობაში და პირველ მსოფლიო ომში ლვოვის აღებისთვის წმინდა გიორგის ჯვრით იყო დაჯილდოებული. გაბაშვილი იხსენებს, რომ გაგანია ომისას გენერალი ბაქრაძე თბილისში ერთ-ერთ საწყობთან ნახა. ეს გაბაშვილს გაუკვირდა და ჰკითხა, თუ რატომ არ იყო ასეთი საბრძოლო გამოცდილების გენერალი ფრონტზე. ზაქრო ბაქრაძემ გაბაშვილს შესჩივლა - ომი რომ დაიწყო, მაშინვე მოხალისედ ჩავეწერე, მაგრამ მითხრეს, რომ ადგილები აღარ გვაქვს და აგერ საწყობის ყარაულად დამაყენესო.
სხვათა შორის, ეს ამბები ძალიან ჰგავს აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს, სადაც ასევე ქაოსი და განუკითხაობა სუფევდა. რუსებმა ვირეშმაკული ხელშეკრულებით ქართული ჯარი განაიარაღეს და მძიმე ტექნიკა ფოთში გაიტანეს და ყველაფერმა ქართველი ჯარისკაცების პერსონალურ გმირობაზე გადაიარა, ისე, როგორც 1921 წელს.
ტრაგედია შეუქცევადი გახდა თბილისის დატოვების შემდეგ. დღესაც უპასუხოდაა კითხვა: იყო კი თბილისის დატოვება ასე აუცილებელი?! იყო კი ასეთი საგანგაშო მდგომარეობა ფრონტზე?!
აი, რას წერს რევაზ გაბაშვილი: "შემოვარდა ვეშაპელი და გამოგვიცხადა: "ბრძანებაა გაცემული, 12-საათზე ღამე იხსნება ფრონტი და თბილისსა ვტოვებთ!"-ო. როგორ, რათა, ვისი ბრძანებაა? დილას ფრონტზე მაზნიაშვილი მარწმუნებდა, არაფერი საშიშროება არ არისო და რა მოხდა ამის შემდეგ? მთავრობის დადგენილებაა… და ხეირიანადაც აღარ აგვიხსნა, ისევ გავარდა.
ისეთი თავზარდამცემი ამბავი იყო მორალურად, რომ არა გვჯეროდა, მაგრამ ჩაბნელებული, უკვე მიძინებული - მიწყნარებული თბილისი, საიდანაც მთავრობა და სამხედრო ძალა იპარებოდა ხალხის გაუფრთხილებლად, - მძიმე შთაბეჭდილებას სტოვებდა.
ერთ-ერთმა ცნობილმა მენშევიკმა პეტრე გელეიშვილმა აი, რა უპასუხა მტრის შემოსევითა და ქართველ ხელისუფალთა უცხოეთში გაქცევით შეცბუნებულ მუშებს, როცა მათ ჰკითხეს: " - ამხანაგო პეტრე, ეს რა ამბავია, რავა იქნება ეხლა საქმე? რა გვეშველება? "ამხანაგმა" პეტრემ ნერვიული გაბრაზებით შეჰყვირა: - გამიჭირეთ საქმე, ყველგან მაგას მეკითხებიან: "რა მოხდა, რა მოხდა?!-ო, რა მოხდა? რაზე ღელავთ?: ერთი სოციალისტური პარტია მიდის, მეორე მოდის, სხვა არაფერი, საღელავი რაა?".
ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მძიმე წასაკითხია. რა თქმა უნდა, ყველა რესურსის სწორად გამოყენების შემთხვევაში საქართველოს შეეძლო ამ აგრესიის მოგერიება. თუმცა საკითხავი სხვა რამეა - რამდენი წლით გახანგრძლივდებოდა საქართველოს დამოუკიდებლობა? როგორც დღეს, მაშინაც ქვეყანა დამოკიდებული იყო საერთაშორისო ვითარებაზე. საქართველოს მთავარი მოკავშირე გერმანია უკვე დამარცხებული იყო, დასავლურ ქვეყნებს კი პილატესავით ხელები დაბანილი ჰქონდათ. საბჭოთა რუსეთი საქართველოს ყველაზე ბოლოს დაესხა თავს, მანამდე მან სომხეთი და აზერბაიჯანი დაიპყრო. საქართველო მტრულ რკალში იყო - აქეთ საბჭოთა რუსეთი სამი მხრიდან და იქით ასევე მტრულად განწყობილი თურქეთი, რომელიც აჭარას ეპოტინებოდა.
დიახ, საქართველო შეიძლებოდა გადარჩენილიყო 1921 წელს, მაგრამ უკვე ვეღარ გადარჩებოდა მაშინ, როდესაც სტალინის საბჭოთა რუსეთი მომძლავრდებოდა. რა თქმა უნდა, სტალინი არ დაუშვებდა, მისი "პატარა სამშობლო" დიდი იმპერიის ნაწილი არ ყოფილიყო.
გიორგი კვიტაშვილი