"სიკვდილის მედალიონით" გაცოცხლებული ისტორია - კვირის პალიტრა

"სიკვდილის მედალიონით" გაცოცხლებული ისტორია

"10 მაისს ქერჩში საძიებო სამუშაოე­ბის დროს აღმოაჩინეს ორი წითელარმიელის ნეშტი. მდებარეობის მიხედვით ერთი ჯარისკაცი მეორეს სამედიცინო დახმარებას­ უწევდა. იქვე იპოვეს ე. წ. სიკვდილის მედალიონი. საბედნიეროდ, მოხერხდა მისი წაკითხვა - ხაჟა­ლია ლევან ზაქარიას ძე. დაბადებული 1907 წ. ქ. ცხაკაიაში, დღევანდელი სენაკი.­ სამხედრო არქივებში მის შესახებ ინფორმაცია არ იძებნება. ოჯახის დადგენის მიზნით ვეძებთ ლევან ზაქარიას ძე ხაჯალიას ოჯახის წევრებს და ნათესავებს",­ - ასეთი პოსტი გამოქვეყნდა სენაკელთა­ ჯგუფში.

11-1748202087.jpg

"კვირის პალიტრის" სტუმარია 1942 წელს ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული ქართველი მებრძოლის, ლევან ხაჯალიას შვილიშვილი თენგიზ ვერულავა.

- სულ ვამბობდი, უბაბუოების თაობას­ მივეკუთვნები-მეთქი. ჩემი თაობის უმრავ­ლესობას ბაბუები ან ომში დაღუპული ჰყავთ, ან უგზო-უკვლოდ დაკარგული.

დედაჩემი დოდო, ლევანის ნაბოლარა ქალიშვილი, სწორედ იმ ზამთარს დაიბადა, როდესაც ლევანი დაიღუპა. ყველაფერი კი ასე დაიწყო: ჩემმა დიდმა ბაბუამ, სენაკელმა ზაქარია ხაჯალიამ, პარასკევა ნადარეიშვი­ლზე იქორწინა. ულამაზესი პატარძალი ხაჯალიებში ფაეტონით მიუყვანიათ, მზითვის­ გრძელ ჩამონათვალთან ერთად... ზაქარია შეძლებული და განათლებული კაცი იყო, ის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის ნამდვილი წევრი გახლდათ. სენაკში ძველი ნაშენის ქუჩაზე სახლობდნენ, დღევანდელი ჩხეტიას ქუჩაზე. ეს ტერიტორიები­ მათი მამული იყო. მერე კომუნისტებმა ჩამოართვეს და სხვა ოჯახები დაასახლეს, ამიტომაც იქაურობას ნაშენის ქუჩა დაარქვეს. ზაქარიასა და პარასკევას­ 5 შვილი შეეძინათ. ერთ-ერთი ჩემი ბაბუა ლევანი გახლდათ, რომელიც ფარმაცევტი იყო...

ლევანმა ბებიაჩემ ანტისა ლომიაზე იქორწინა. 1941 წელს ომი რომ დაიწყო, ბაბუა აფთიაქს ხელმძღვანელობდა. მისი ძმა კოტე ომში გაიწვიეს. იმ დროს კოტე არ იყო დაოჯახებული, ლევანს კი ორი ქალი­შვილი ჰყავდა, 3 და 4 წლის და მესამეს­ (დედაჩემს) ელოდა. ის არ გაუწვევიათ ომში, თავისი ნებით წავიდა.

- ამის შემდეგ ცოლ-ქმარს ერთმანეთი აღარ უნახავთ?

- მხოლოდ ერთხელ, როდესაც ბაბუა ბათუმში ჩაჰყოლია მატარებელს, რომელსაც დაჭრილები ჩამოჰყავდა, ბებია უფროს შვილთან ერთად გაქცეულა მის სანახავად. ამ დროს ბებია ჯერ ისევ ორსულად იყო დედაჩემზე. თურმე სთხოვდა ქმარს, დარჩიო, მაგრამ ვერ დაიყოლია, უთქვამს, მე სამშობლოს ვჭირდებიო!

667-1-b56-1748202087.jpg

- წერილებს თუ იღებდნენ მისგან?

- უკანასკნელი წერილი 1941 წლის ზამთარში მიიღეს, სადაც წერდა, ჩემ წინ წყალია, უკან კი ცეცხლიო. ამის შემდეგ მის შესახებ აღარაფერი გაუგიათ... სწორედ იმ ზამთარს დაიბადა დედაჩემი, 2 თებერვალს.

- კოტე და ლევანი ერთად იბრძოდნენ?

- არა. კოტე დაბრუნდა ომიდან და სიცოცხლის ბოლომდე ეძებდა ბაბუას, თუმცა­ ამაოდ, ძმის კვალს ვერსად მიაგნო.

- ოფიციალურად ლევანის დაღუპვის ამბავი მიიღო ოჯახმა?

- არა, უგზო-უკვლოდ დაკარგულის სტატუსი ჰქონდა მინიჭებული. ბებია სულ ელოდა. მის ტკივილს­ კიდევ ერთი ამბავი დაერთო. 1947-48 წლებში მენინგიტის ინფექციები გავრცელდა და უფროს შვილს, ნაზის, მენინგიტი დაემართა. პენიცილინი­ მალევე უშოვიათ, მაგრამ გოგონას მდგომარეობა მაინც დამძიმდა და თბილისში წამოუყვანიათ სამკურნალოდ. ერთ დილას ნაზის დედისთვის უთქვამს, როგორ გაიწელა­ ეს უკუნითი ღამე, აღარ თენდებაო!­ ეს რომ გაუგონია ბებიას, თურმე ფანჯრიდან­ ხტებოდა. ნაზი დაბრმავდა... მიუხედავად ამისა, ის კარგი მოსწავლე გახლდათ. უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი წითელ დიპლომზე­ დაამთავრა. ბებია ეხმარებოდა, ყველაფერს ის უკითხავდა. აკაკი შანიძესა და შალვა რადიანს უხუმრიათ, დიპლომი დედა-შვილს, ორივეს გეკუთვნითო. ნაზი დიდი ხნის განმავლობაში ჟურნალისტად მუშაობდა, ბებია კი ამაყი და ბედნიერი იყო მისი წარმატებით.

8885-4fa-1748202087.jpg

- თქვენ რა იცოდით ბაბუას შესახებ?

- მთელი ბავშვობა მის ფოტოს ვაკვირდებოდი და ათას კითხვას ვუსვამდი ხოლმე ბებიას. ისიც მიამბობდა, რომ ბაბუა ძლიერი, მამაცი, მშრომელი, მზრუნველი კაცი იყო, ერთ დღესაც დაბრუნდებოდა, ჩამოგვიტანდა ბევრ საჩუქარს და ყველანი ბედნიერად ვიცხოვრებდით.

9 მაისს სოციალურ ქსელში ვწერდი მეორე მსოფლიო ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულ ბაბუაზე - კაცზე, რომლის არც საფლავი ვიცით და არც დაღუპვის ადგილი. 10 მაისს მოვიდა შეტყობინება, სევა­სტოპოლთან, მეკენზის მთებში, საძიებო სამუშაოებისას აღმოაჩინეს ჯარისკაცის ნეშტი­ და "სიკვდილის მედალიონი", რომელზეც ეწერა: "ხაჯალია ლევან ზაქარიას ძე, დაბ. 1907 წ. ქ. სენაკი (ყოფილი ცხაკაია)".

მეკენზის მთებში, ერთ-ერთ ყველაზე რთულ მონაკვეთზე, სადაც ოდესღაც გამა­ნადგურებელი ბრძოლები მძვინვარებდა,­ სამძებრო რაზმები მუშაობენ. ყოველი ახალი­ აღმოჩენა ისტორიას გვიყვება მეორე მსოფლიო ომის ყველაზე სისხლიან შეტა­კებებზე­. 2025 წლის მაისის დამდეგს მაძიებლებმა ორი უსახელო მეზღვაურის ნეშტი აღმოაჩინეს. 10 მაისს გათხრებისას კიდევ ორი მებრძოლი იპოვეს სანგარში. სავარაუდოდ, ისინი 1941 წლის დეკემბერში ან 1942 წლის იანვარში სევასტოპოლის მეორე შტურმისას დაიღუპნენ. ერთს ფეხი მოტეხილი ჰქონდა, სავარაუდოდ, დაჭრილი იწვა. მეორეს გარშემო გადაუდებელი დახმარების შესახვევი მასალა და მინის პიპეტები ჰქონდა შემოწყობილი, ალბათ, მედიკოსი იყო და უკანასკნელ წუთამდე ცდილობდა თანამებრძოლის გადარჩენას. ორივეს თან ჰქონდა ებონიტის კაფსულა - ე.წ. სიკვდილის მედალიონი. ერთში შიგთავსი არ იყო, მეორეში კი აღმოჩნდა ხელით შევსებული ფაქიზად გადახვეული ქაღალდი: "ხაჯალია ლევან ზაქარიას ძე, რიგითი. დაბ. 1907. საქართველოს სსრ, ქალაქი ცხაკაია".

სევასტოპოლში ადგილობრივი ორგანიზაცია საქართველოში ანალოგიურ ორგანიზაციას ("დაბრუნებას") დაჰკავშირებია და ინფორმაცია გადმოუცია ქართველი მებრძოლის შესახებ. მათაც ეს ამბავი სოციალურ ქსელში გაავრცელეს.

- როგორ შეხვდა ამ სიახლეს დედა, ლევან ხაჯალიას ნაბოლარა ქალიშვილი?

- დედა ახლა 83 წლისაა. მე და ჩემი და დიდხანს ვბჭობდით, როგორ გვეთქვა მისთვის ეს ამბავი. რომ გაიგო, გაიხსენა, ბავშვობაში როგორ ელოდა მამას, ეზოდან­ გავიდოდი, სახლის მოშორებით ჩამოვჯდებოდი, იმ გზასთან, სადაც, ჩემი აზრით, უნდა გამოევლო შინ მომავალ მამას, რომელიც ბევრ კანფეტს ჩამომიტანდაო.…

თურმე იმ ადგილას, სადაც ბაბუას ნეშტი­ იპოვეს, 150-მდე ცხედარი უპოვიათ ადგილობრივი ორგანიზაციის მოხალისეებს, მაგრამ ვერც ერთის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა. ამიტომ ძმათა­ საერთო სასაფლაო გაუკეთებიათ მათთვის. მხოლოდ­ ბაბუას შემთხვევა იყო გამონაკლისი, რომლის იდენტიფიცირებაც შესაძლებელი გახდა. ახლა ვიცით, რომ ბაბუა ლეგენდარული 25-ე დივიზიის წევრი ყოფილა, რომელიც ჩაპაევის სახელს ატარებდა.

ლევან ხაჯალიას ორი მოსახელე შვილიშვილი გვყავს - ლევან ქავთარაძე, რომელიც ახლა აშშ-ში სწავლობს და ძმისშვილი, ლევან ხაჯალია.

ახლა მიმდინარეობს დოკუმენტაციის მოწესრიგება, ბაბუას ნეშტს სენაკში, ბებიას­ გვერდით დავასაფლავებთ. თითქოს­ ადგილს­ ვუნახავდით - ბებია და ნაზი დეიდა რომ გარდაიცვალნენ, ისე დავკრძალეთ, მათ შორის რატომღაც ადგილი დავტოვეთ - ოჯახის უფროსის, ლევან ხაჯალიას ადგილი, როგორც ბრძოლაში დაღუპული ჯარისკაცის. ვეტერანთა საბჭოს­ გადაწყვეტილებით, ბაბუას ზალპის თანხლებით მიაბარებენ მშობლიურ მიწას. მას 83 წლის შემდეგ ეღირსება ჭირისუფლის ცრემლი. 83 წლის დედაჩემი დაიტირებს უცნობ მამას.

P.შ. ეს ამბავი რომ გავიგე, ერთ-ერთი ინტერვიუ გამახსენდა ბუბა კიკაბიძესთან, რომელიც, ჩემი დღევანდელი რესპონდენტის არ იყოს, ამბობდა, უმამოების თაობა ვარო. ისიც მთელი ცხოვრება ეძებდა მამას, თუმცა კვალს ვერსად მიაგნო. მისი მამაც, კოტე კიკაბიძე, ქერჩში იბრძოდა. ვინ იცის, იქნებ ლევან ხაჯალია და კოტე კიკაბიძე იცნობდნენ კიდეც ერთმანეთს...

ბუბა კიკაბიძე: „დედა რომ დავკრძალე, მამაჩემის ფოტო ჩავაყოლე, ვითომ ერთად არიან...“

ამონარიდი ბუბა კიკაბიძის ინტერვიუდან: "ჩვენს კლასში 35 ბიჭი ვსწავლობდით და მათგან მხოლოდ ერთს, სოსო მამფორიას ჰყავდა მამა თბილისში - ის სამხედრო ექიმი იყო. დანარჩენების მამები ომში იყვნენ და მათი 80% არც დაბრუნებულა. მამფორიას მამა რომ მოაკითხავდა სკოლაში, მთელი კლასი დავერეოდით სოსოს და ვცემდით. ჩვენს აგრესიას მამის გვერდით ცხოვრების უსაზღვრო სურვილი იწვევდა...

ბავშვები ახალ წელს სულ ელიან თოვლის ბაბუას. ჩემი თაობის ბავშვებისთვის თოვლის ბაბუა იყო მამა... ოჯახის კაცი, რომელიც უნდა მოვიდეს ღამე და ბავშვმა დილით ნახოს ფეხსაცმელში ჩადებული მისი დანატოვარი საჩუქარი... მე სულ ვეძებდი,­ მაგრამ ჩემს ფეხსაცმელში არასდროს არაფერი იდო, იმიტომ, რომ მამა არ იყო... ოფიციალური ვერსიით, მამა ქერჩთან დაიღუპა. ბევრი ქართველი დაიღუპა ქერჩთან. როგორც ამბობენ, დაახლოებით 20 მეტრის სიგრძეზე წყალი სულ წითლად ყოფილა სისხლისგან შეღებილი. დედა სულ ბორგავდა, ელოდა... ერთხელ მითხრა, ამდენ ხალხს­ იცნობ და გასტროლებზე რომ იქნები, რუსეთში "პაგონებიანებს" დაელაპარაკე,­ იქნება მამაშენზე რამე შეიტყოო.…მართლაც, ჩამივარდა თუ არა მომენტი, მამაზე ვუამბე.­ ჩვენს ხელში რომელი სტრუქტურის მონაცემებიც არის, ყველას ამოვწევთო, დამპირდნენ. ქერჩში მისი გვარი ამოტვიფრულია მემორიალზე, მაგრამ მიწერილი აქვს: "უგზო-უკვლოდ დაკარგული". ერთი თვის შემდეგ დამიკავშირდნენ: ათი კიკაბიძე მოვიძიეთ, თუმცა არც ერთის მონაცემები არ მიესადაგება მამათქვენისასო.

დედა რომ დავკრძალე, მამაჩემის ფოტო ჩავაყოლე, ვითომ ერთად არიან".