„მე და კახი, როგორც „ხალხის მტრის“ შვილები, სასწავლებლიდან გაგვრიცხეს“ - კვირის პალიტრა

„მე და კახი, როგორც „ხალხის მტრის“ შვილები, სასწავლებლიდან გაგვრიცხეს“

იმერი კავსაძე ჯერ კიდევ ბავშვი იყო, როდესაც დედამ უფროს ძმასთან, კახისთან ერთად ნიჭიერთა მუსიკალურ ათწლედში­ შეიყვანა, მაგრამ მალე სასწავლებლიდან­ გარიცხეს, როგორც "ხალხის მტრის" შვილები­ და ვიოლინოც უკან მიატანინეს­. მომხდ­არმა­ მასზე იმდენად იმოქმედა, იფიქრა, მუსიკას­ აღარასდროს გაჰკარებოდა, მაგრამ­ სიმღერის გარეშე დიდხანს ვერ გაძლო. კონსერვა­ტორიის დასრულების შემდეგ საოპერო სცენას მიაშურა და ამ სცენაზე ნახევარ საუკუნეზე მეტი გაატარა...

"2013 წლის ივნისში კრაკოვში ბოლო სპექტაკლში ვიმღერე. მაშინ დავსვი წერტილი და ვთქვი, რომ სიმღერა დავასრულე.­ ეს წერტილი პროექტ "მიმღერემდე"­ გაგრ­ძელდა.­ ეს არ არის დიდ სცენაზე­ დაბრუნება, მაგრამ არის მსმენელთან შეხვედრა", - ამბობს იმერი კავსაძე.­ პროექტში­ ის ირაკლი კავსაძესთან ერთად მღერის.

- ირაკლიმ მითხრა, ამ პროექტში ოჯახები გამოდიან და მინდა ჩემთან ერთად­ იყოო. უარს როგორ გეტყვი-მეთქი და ისე დავთანხმდი, დეტალები არ ვიცოდი. მერე ვკითხე, რა უნდა გავაკეთო-მეთქი? უნდა იმღეროო! რა უნდა ვიმღერო, ამდენი წელია ხმა არ ამომიღია, 53 წელი სცენაზე გავატარე, ჩემი სამღერი უკვე ნამღერი მაქვს­ და საკმარისია-მეთქი. უფრო დეტალურად ამიხსნა, როგორი სპეციფიკა იყო, მაგრამ მაინც ვერ დამითანხმა. ამის შემდეგ გადაცემის პროდიუსერი დამიკავშირდა და სტუმრად მიმიწვია. სტუმრად კი ბატონო, ჩემი თავი გენაცვალოთ-მეთქი. რეპეტიცია ჰქონდათ და საოცარი­ გარემო დამხვდა, დავით მაზანაშვილი უკრავდა.­ ისე მოხდა, რაღაცით დამაინტერესეს... მერე ირაკლიმ მითხრა, რომ დაგინახე, თვალები აგენთო, მივხვდი, საქმე სხვაგვარად იყოო. ბევრი რომ არ გავაგრძელო, მიმიტყუეს და დამითანხმეს. ახლა კი გულწრფელად გეტყვით, ამ ადამიანებთან­ თანამშრომლობით უდიდესი სიამოვნება მივიღე. ჩემს სიცოცხლეში­ შეიძლება ასეთ კარგ ადამიანებს ვერც შევხვედროდი... გადაცემის ანონსი რომ გავიდა, ძალიან ბევრმა­ დამირეკა, ზარებს თვლა არ ჰქონდა. ახლა დიდია მოლოდინი და თავს უხერხულადაც კი ვგრძნობ - მე და ირაკლიმ უნდა გავამა­რთლოთ! ირაკლის ახლა ფეხი სტკივა და ეს ხელს უშლის,­ არადა, არაჩვეულებრივი სცენური მოძრაობები აქვს. ჩემთვის ირაკლი ნიჭიერების ეტალონია.

- თქვენ და ბატონ კახის საოცარი ძმობა გქონდათ, თქვენი და ირაკლის ურთიერთობის შესახებაც გვიამბეთ.

- ირაკლი ჩემთვის ყველაზე ახლობე­ლია, ძალიან კარგი ადამიანია, ან როგორ­ შეიძლებოდა კახის შვილი სხვაგვარი ყოფილიყო? უნიჭიერესია, პატარა რომ იყო, ფეხბურთს თამაშობდა და ძალიან კარგი­ მონაცემები ჰქონდა. მამამისმა ვერაფ­რით აიძულა მუსიკაზე ეტარებინა,­ დღეს კი მაშინ­დელ ურჩობას ნანობს. საოცრად­ მუსიკალურია? ბავშვი­ იყო, "ბითლზების" რეპერტუარი ზეპი­რად რომ იცო­და­...

სადაც არ უნდა ვყოფილიყავით, მე და ირაკლის სულ გვქონდა ურთიერთობა. ერთხელ­ სხვად­ასხვა ქვეყანაში მყოფებმა ფეხბურთსაც კი ერთად ვუყურეთ. ირაკლი და მისი ქალიშვილი ბარსელონის გულშემატკივრები არიან, მე - მადრიდის "რეალის". ამ შეხვედრას ჩვენს ტელევიზორებში ვუყურებდით და თამაშის პარალელურად ინტერნეტში ვჩხუბობდით (იცინის).

კავსაძეების ოჯახში სულ ასე იყო. მე და კახი ერთად რომ ვიყავით და მერე სახლებში­ ვბრუნდებოდით, აუცილებლად უნდა დაგვერეკა ერთმანეთისთვის და გვეთქვა - სახლში მივედი! ყოველი დილა მოკითხვით იწყებოდა, კახი ჩემზე ადრე იღვიძებდა და პირველი ის რეკავდა... ჩემმა­ შვილმაც იცის, რომ შინ მისვლისას უნდა დამირეკოს და მითხრას, რომ მივიდა.

zmebi-dedastan-ertad-1748202549.jpg

- ირაკლისთან ურთიერთობა ძმის მონატრებას რაღაც ფორმით გინაცვლებთ?

- ვერა, ის კახი იყო, ეს ირაკლია, ისინი ჩემი გულის სხვადასხვა ნაწილში სხედან.

- 53 წელი სცენაზე გაატარეთ, მაგრამ­ მუსიკასთან "პირველი შეხვედრა" მტკივნეულად გახსოვთ...

- დიახ, ნიჭიერთა მუსიკალურ ათწლე­დში დედამ მე ვიოლინოზე, კახი ფორტეპიანოზე შეგვიყვანა, მაგრამ... გაირკვა, რომ ომში წასული მამა ტყვედ იყო ჩავარდნილი და ჩვენ, როგორც "ხალხის მტრის" შვილები, სასწავლებლიდან გაგვრიცხეს. ახლაც მახსოვს, თავი როგორ შეურაცხყოფილად ვიგრძენი. რაღაც პერიოდი მართლაც ვფიქრობდი, მუსიკას აღარასდროს გავკარებოდი­. მერე დედა სულ ცდილობდა,­ კავსაძეების გვერდით ვყოფილიყავით, ყველანი ძალიან მუსიკალურები იყვნენ... ლოტბარი სოლომონ გველესიანი მამას ახლობელი იყო, ჩვენთან ხშირად მოდიოდა და კონცერტებზეც დავყავდით.

ოპერა მე და კახის ბავშვობი­დან გვიყვარდა. ფირფიტებს ვაგროვებდით. არასდროს დამავიწყდება ის ემოცია, როდესაც კარუზოს პირველად მოვუსმინეთ. ეს მიშა ჭიაურელთან ოჯახში­ მოხდა, სადაც სოფი­კომ მიგვიწვია. ძია მიშა მამასთან ახლობლობდა და რომ გაგვიცნო, გაუხარდა.­ ოპერაში პირველად დედამ­ წაგვიყვანა სპექტაკლზე "ფაუსტი" და უზომოდ დიდი შთაბეჭდილებით დავბრუნდით.

- როგორც მუსიკოსს, დღემდე აუხდენელი ნატვრა თუ გაქვთ?

- სულ მქონდა სურვილი ფორტეპიანოზე დაკვრა შემძლებოდა, მაგრამ ძალიან ცუდად ვუკრავ. შეიძლება ითქვას, ვერც ვუკრავ. ეს ჩემი აუხდენელი ოცნებაა. ერთ-ერთი საყვარელი ინსტრუმენტია ვიოლინო.

31-1748202549.jpg

- თქვენთვის რა ძალა აქვს მუსიკას?

- ოჰ, ოჰ! მუსიკა ცხოვრების სტიმულს გაძლევს. ადამიანი, რომელსაც უყვარს მუსიკა და ადამიანი, რომელსაც არ უყვარს მუსიკა, ერთი და იმავე საგანს სხვადასხვაგვარად აღიქვამენ. ამაში 100%-ით დარწმუნებული­ ვარ. კიდევ არსებობს მესამე კატეგორია, ადამიანი, რომელსაც ესმის მუსიკა და ეს სხვა თემაა.

- ალბათ, მუსიკის დამსახურებაცაა, რომ 88 წლის ასაკშიც ასეთი ახალგაზ­რდა ხართ...

- მუსიკა ენერგიას გმატებს და გაცოცხლებს. სცენაზე რომ გავდიოდი, არა მხოლოდ ჩემი, აბსოლუტურად ყველა მომღერლის პარტია თავიდან ბოლომდე ვიცოდი. თავის ქება გამიმდის, მიუხედავად იმისა, რომ თავმდაბალი კაცი ვარ. ანსამბლი როგორც არ უნდა არეულიყო, მე რომ ვმღეროდი, დირიჟორი ისვენებდა, ჩემი პერსონაჟი გამოთიშული ჰყავდა, იცოდა, კავსაძისგან არევა არ მოხდებოდა. კონსერვატორიაში სწავლისას, დიდ მუსიკოსთან, გრიგოლ კილაძესთან ვმუშაობდი. მან საოპერო­ სტუდია ჩამოაყალიბა და სწავლების ისეთი მეთოდი გამანდო, მთელი ცხოვრება ძალიან მეხმარებოდა.

- ძმები ერთმანეთის შემოქმედების როგორი შემფასებლები იყავით?

- სანამ დედა ცოცხალი იყო, ყველა გამოსვლას ესწრებოდა. ის ყოველთვის ჩემი პედაგოგის, ანა ჩიჯავაძის გვერდით იჯდა. წარმოდგენებს კახიც ყოველთვის ესწრებოდა. ზედა იარუსზე ასვლა და იქიდან მოსმენა უყვარდა. შენიშვნას ძალიან მოკლედ მეტყოდა, მაგრამ ზუსტ წერტილში არტყამდა. კახი იმდენად მუსიკალური და გემოვნებიანი იყო, როგორ შეიძლებოდა მისი რჩევა არ გამეთვალისწინებინა?! არ არსებობდა, რამე არ მოსწონებოდა და არ ეთქვა.

მე კახის მხოლოდ სპექტაკლებს კი არა, რეპეტიციებსაც ვესწრებოდი. ინსტიტუტის სპექტაკლი მახსოვს, რვეული მქონდა და ვინიშნავდი, რაც არ მომეწონებოდა და ისიც ამას უდიდეს ყურადღებას აქეცვდა.

კახიმ თეატრალურში რომ ჩააბარა, ძალიან ცუდი მეტყველება ჰქონდა,­ იმდენად ცუდი, რომ ინსტუტუტში ამბობდნენ, ამან სცენაზე როგორ უნდა ილაპარაკოსო?­ მაგრამ­ გაუმართლა, ძალიან კარგი პედაგოგები (ანიკო მრევლიშვილი, ბაბულია ნიკალაიშვილი, კოტე მახარაძე) შეხვდნენ, თავადაც მოინდომა და სრული გარდასახვა მოახდინა. ნიჭიერება ხელს თუ გიწყობს და სათანადოდ მოინდომებ, მიუღწეველი არაფერია!

თამუნა კვინიკაძე