რამდენად არის შესაძლებელი ავადმყოფობის შემთხვევაში საპენსიო დანაზოგის გატანა - კვირის პალიტრა

რამდენად არის შესაძლებელი ავადმყოფობის შემთხვევაში საპენსიო დანაზოგის გატანა

ამჯერად ადმინისტრაციულ, სამოქალაქო საქმეთა და ბავშვთა უფლებებში სპეციალიზებული ადვოკატი ნუგბარა როსტიაშვილი უპასუხებს შეკითხვებს.

nugbara-rostiashvil-1746959139.jpg

ახლობელს აქვს ჩემი ვალი, რომელსაც წლებია არ მიბრუნებს. გვაქვს მხოლოდ სიტყვიერი შეთანხმება და შემდეგ მიმოწერა, რითაც დასტურდება, რომ მას ჩემთვის ფული დასაბრუნებელი აქვს. რა გავაკეთო, რომ კუთვნილი თანხა დავიბრუნო?

- უნდა მიმართოთ სასამართლოს სარჩელით და მოითხოვოთ თანხის გადახდის დაკისრება თქვენი ახლობლისთვის. თუ მას რაიმე სახის ქონება აქვს, შეგიძლიათ გამოიყენოთ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაც, რათა შემდგომში სასამართლო გადაწყვეტილება იყოს აღსრულებაუნარიანი და მოხდეს თქვენი თანხის ამოღება.

გვაქვს ანდერძი, რომლითაც ბაბუამ მე და ჩემს ძმას სოფლის სახლი დაგვიტოვა. ახლა გვედავება ბიძაშვილი. ამბობს, რომ წილი მასაც ეკუთვნის. არც მამაჩემი და არც მისი მამა ცოცხალი არ არის და თან ბიძაჩემი სხვაგან ცხოვრობდა. ეკუთვნის თუ არა მას წილი, როცა არსებობს ანდერძი?

- ვინაიდან სამკვიდროს გახსნის დროისათვის თქვენი და თქვენი ბიძაშვილის მშობლები აღარ იყვნენ ცოცხალი, რომლებიც მამკვიდრებლის ანუ თქვენი ბაბუის მემკვიდრეები უნდა ყოფილიყვნენ, თქვენ და თქვენი ბიძაშვილი თანასწორად მიიღებთ იმ წილს, რომელიც კანონით მემკვიდრეობის დროს თქვენ გარდაცვლილ მშობელს ერგებოდა. თუმცა რადგან არსებობს ანდერძი, ბიძაშვილს უფლება აქვს მიიღოს მხოლოდ სავალდებულო წილი ბაბუის სამკვიდროდან გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში.

სოფელში გვაქვს ერთი საერთო ეზო, სადაც დგას ორი სახლი და ცხოვრობდა ორი ძმა. ჩვენ მათი შთამომავლები, მეოთხე თაობა ვართ. ახლა მინდა ჩვენი წილის ცალკე გამოყოფა, დავდივარ იუსტიციაში, მაგრამ წლებია ვერ შევძელი საკუთარი ნაწილის გამოყოფა, რადგან, როგორც ჩანს, ორივე სახლს აქვს ერთი საკადასტრო. როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემა?

- თუ ორივე სახლის განლაგება იძლევა შესაძლებლობას, რომ გაიმიჯნოს, მაშინ უნდა აზომოთ და გააკეთოთ თითოეულ სახლზე ინდივიდუალური ნახაზი, ორივე სახლის მესაკუთრეები უნდა შეთანხმდეთ აღნიშნულზე და ცალ-ცალკე დაარეგისტრიროთ რეესტრში.

ვიყიდე საკუთარი სახლის 1 სართული, მეორე სართული იყიდა სხვა მყიდველმა ცოტა ხნის წინ. მაქვს ოფიციალურად გაფორმებული საჯარო რეესტრში, გვაქვს საერთო მიწა, რადგან თანასაკუთრებაში ვერ გაიმიჯნა ეზო, ახლა ახალ მესაკუთრეს უნდა თავისი წილი მიწის დარეგისტრირება და მთავაზობს მორიგებას. ასეთ დროს მიწა თანაბრად უნდა გაიყოს?

- თუკი თქვენ და თქვენი მეზობელი მორიგდებით, მაშინ შესაძლებელია ისე გამიჯნოთ, როგორც თქვენთვის ხელსაყრელია. თუ სახლის განლაგება იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ გაიყოს თანაბარწილად და გაიმიჯნოს, მაშინ გაიყოფა თანაბრად, ხოლო თუ ამის შესაძლებლობა არაა, მაშინ უნდა გაიმიჯნოს იმდაგვარად, რომ ორივე მხარისათვის ხელსაყრელი იყოს და არ გეზღუდებოდეთ ეზოთი ან სახლის შესასვლელით სარგებლობა. კანონით განსაზღვრულია, რომ თანასაკუთრების წილის პროპორციულად უნდა გაიმიჯნოს საერთო საკუთრება.

დამქირავებელი ბინიდან არ გადის, არც ქირას იხდის. გავუთიშე კომუნალურები, მაგრამ მოახერხა ჩართვა და რომ მივდივარ ბინაში, კარსაც არ მიღებს. სასამართლოს გარეშე ხომ არ შეიძლება პრობლემის მოგვარება? ან საქმე სასამართლოში რომ შევიტანო, მომიწევს თუ არა ბაჟის გადახდა, რამდენის და რა დრო დასჭირდება სასამართლოს?

- უნდა მიმართოთ სასამართლოს, სხვა გამოსავალი არ არის, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა კი შესაძლოა განისაზღვროს 60 ან 120 ლარით.

უცხო ქვეყნის მოქალაქის სახელზე უპრობლემოდ გაფორმდება თუ არა ბინა და ასევე ხომ არ ვრცელდება შეზღუდვა არაბებზე?

- უცხო ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია უპრობლემოდ შეიძინოს ბინა და დაირეგისტრიროს საკუთარ სახელზე საჯარო რეესტრში.

მეუღლისგან დამრჩა უძრავი ქონება, ბინა თბილისში და სახლი სოფელში. ეს ქონება მემკვიდრეობით გაფორმდა ჩემს სახელზე და თანამესაკუთრედ არ არის არავინ დარეგისტრირებული. მყავს ერთი შვილი, რომელიც გათხოვილია, მის ქმართან მაქვს უთანხმოება, ამიტომ ახლა ჩემი შვილი ითხოვს წილს სოფლის სახლიდან და თბილისის ბინიდან. მინდა სოფლის სახლი გადავუფორმო. თუ აქვს შვილს უფლება, რომ ბინაც გამაყიდვინოს? იურისტმა მითხრა, რომ მემკვიდრეობიდან მასაც უნდა მიეღო თავისი წილი. ის მაშინ არასრულწლოვანი იყო და ქონება ამიტომაც გაფორმდა ჩემს სახელზე. 10 წელია გასული მეუღლის გარდაცვალებიდან. თუ სასამართლოში მიჩივლებს, შეუძლია ბინაც გამიყიდოს?

- სამკვიდროს მოთხოვნის ვადა ხანდაზმულია. რადგან მესაკუთრე თქვენ ბრძანდებით, თქვენს სურვილზეა დამოკიდებული, გაუფორმებთ თუ არა რაიმე ქონებას თქვენს შვილს.

დეიდას სურს ქონება ჩემს სახელზე გააფორმოს. ის არ არის გათხოვილი და არა ჰყავს ქმარ-შვილი, ჰყავს და-ძმა. შეუძლით თუ არა ამ ქონებაზე პრეტენზია ჰქონდეს მის და-ძმასაც?

- პირს შეუძლია საკუთარი ქონება განკარგოს და გაასხვისოს საკუთარი შეხედულებისამებრ, მესამე პირს არ წარმოეშობა არანაირი უფლება შეუზღუდოს მას ეს უფლება.

"სფერო ჰოლდინგში" მქონდა თანხა ჩადებული, მე ვცხოვრობ ქირით და ამ დრომდე იხდის კომპანია. მისგან ვითხოვ კუთვნილი თანხის უკან დაბრუნებას, რადგან ვაპირებ ბინის შეძენას, კომპანია კი არ მიბრუნებს. როგორც ვიცი, კომპანიას უკვე ადევს რამდენიმე მომჩივანისგან ყადაღა. სად შეიძლება ვნახო ამ კომპანიის სახელზე არსებულ ქონებაზე ინფორმაცია? სასამართლოში რომ შევიტანო საჩივარი, საკმაოდ დიდი თანხა ბაჟის სახით უნდა გადავიხადო. სხვა გზა თუ არსებობს და რას მირჩევთ?

- საჯარო რეესტრსა და სამეწარმეო რეესტრში შეგიძლიათ მოიძიოთ ინფორმაცია "სფერო ჰოლდინგისა" და მისი ქონების შესახებ. სასამართლოს უნდა მიმართოთ, სახელმწიფო ბაჟი იქნება დავის საგნის ღირებულების 3%, რომელიც დავის თქვენს სასარგებლოდ დასრულების შემდგომ ეკისრება მოპასუხე მხარეს თქვენს სასარგებლოდ.

მეზობლიდან ჩამომდის წყალი, მაგრამ ის უარს ამბობს თავისი მილის შეკეთებაზე, რა გზას მივმართო?

- თუ წყალი ჩამოდის, უშუალოდ ფაქტის დასაფიქსირებლად უნდა გამოიძახოთ პოლიცია და ოქმით დაფიქსირდეს წყლის ჩამოსვლის ფაქტი, ის, რომ ზიანი მეზობლისგან მომდინარეობს. აღნიშნულის შემდეგ, ვინაიდან მეზობელი ნებით არ აღმოფხვრის პრობლემას, უნდა მიმართოთ სასამართლოს სარჩელით, რათა აღიკვეთოს მეზობლის ზიანის მომტანი ქმედება.

სოფელში ვიყიდე მიწის ნაკვეთი და ავაშენე სახლი, სადაც ჩავდივარ პერიოდულად. ჩემი სახლის გვერდით მეზობელს აქვს ბოსელი და ზაფხულში აუტანელი სუნია. მქონდა საუბარი მასთან, მაგრამ გადატანაზე უარს ამბობს, ამბობს, რომ იქ მუდმივი მცხოვრებია. კანონით თუ არის დადგენილი, რამდენ მეტრით უნდა იყოს დაშორებული ბოსელი მეზობლის სახლიდან?

- მსგავსი დაშორების მანძილი კანონით არ არის განსაზღვრული, თქვენ გაქვთ თმენის ვალდებულება, ვერ აიძულებთ, რომ გადაიტანოს.

როცა ერთმა მემკვიდრემ გაიფორმა მთლიანი მემკვიდრეობა ისე, რომ დამალა სხვა მემკვიდრის არსებობა, რა პასუხისმგებლობა დაეკისრება მას? სასამართლო გააუქმებს მისი საკუთრების უფლებას და თანაბრად გაყოფს ქონებას მემკვიდრეებზე? ასეთ დროს გასაჩივრებისთვის ხანდაზმულობის ვადები არსებობს?

- პირის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში მემკვიდრეები მიმართავენ ნოტარიუსს სამკვიდროს გახსნის მოთხოვნით. თუ გასულია 6 თვეზე მეტი გარდაცვალებიდან, მაშინ ფაქტობრივი ფლობის დადგენის გზით ხდება სამკვიდროს მიღება, თქვენს შემთხვევაში კი სამკვიდროს მიღება შეიძლება სადავო გახდეს ორი თვის განმავლობაში იმ დღიდან, როცა შეიტყვეთ, რომ ამისათვის არსებობს სათანადო საფუძველი.

გვყავს ორი შვილი, პატარა 7 თვისაა. ვცხოვრობთ ქირით. როგორც შევიტყვე, არსებობს სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამა და რადგან მყავს წლამდე ბავშვი, შემიძლია ვისარგებლო და პროცენტის 4%-ს დამიფარავს სახელმწიფო. ღირს თუ არა გარისკვა და ბინის შეძენა? რას უნდა მივაქციო ყურადღება­ ბანკში, რომ არ აღმოვჩნდე რაიმე პრობლემის წინაშე? ხომ არ არის მოსალოდნელი, სახელმწიფომ უარი თქვას გადახდაზე, გვაქვს ცოტაოდენი დანაზოგი და ამ თანხით პირველადი შენატანის გაკეთებას შევძლებდით.

- ნებისმიერი სახელშეკრულებო ურთიერთობა, თუ არ შეიცავს სტანდარტულ და მრავალჯერადი გამოყენების პირობებს, საჭიროებს საკითხის დეტალურად გავლას. მოცემულ საკითხზე რამდენიმე კითხვაა დასმული, კერძოდ, კითხვაზე, თუ რამდენად ღირს გარისკვა და ბინის შეძენა. ეს არის უშუალოდ თქვენი ფინანსური შესაძლებლობების საკითხი და ცხადია, იურისტის რჩევა ალოგიკური იქნება, კითხვა ასევე შეიცავს ფინანსური მდგომარეობის ანალიზს, რაზეც იურისტის პასუხი ასევე ალოგიკური იქნება.

რაც შეეხება საკითხს, თუ რას უნდა მიექცეს ყურადღება, რომ რაიმეში არ შეცდეს მსესხებელი, სამართლებრივი შეცდომის დაშვება თითქმის დაზღვეულია იმ საფუძვლით, რომ ნებისმიერი ბანკი მოქმედებს ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული სტანდარტებით. რაც შეეხება სესხის გაცემის საკითხს, უშუალოდ ბანკთან გასავლელი თემაა. ამ საკითხზე პასუხი ბანკის ნაცვლად ასევე ალოგიკური იქნება.

- მაქვს შაქრიანი დიაბეტი. შემიძლია თუ არა საპენსიო დანაზოგი გამოვიყენო.

- საპენსიო დანაზოგის გატანა მხოლოდ შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზის შემთხვევაში არ არის შესაძლებელი, თუმცა არსებობს საპენსიო დანაზოგის მიღების გზა. გაეცანით დეტალურად, იქნებ რომელიმე კატეგორიას მიეკუთვნებით და ამ რომელიმე საფუძვლით შეძლოთ დანაზოგის გატანა. პროგრამული გატანა გავრცელებული მეთოდია, რომლითაც გამოითვლება მონაწილის სიცოცხლის დარჩენილი ხანგრძლივობა და გასატანი თანხა გადანაწილდება ყოველწლიურად. მაგალითად, თუ საპენსიო ასაკის მიღწევის თარიღისათვის საშუალო-სტატისტიკური სიცოცხლის ხანგრძლივობა 74 წელია, პირის ასაკი - 65 წელი, ხოლო საპენსიო ფონდში იმ დროისთვის დაგროვებული თანხის ოდენობა – 100.000 ლარია, მაშინ ვადა, რომელზეც უნდა განაწილდეს საპენსიო ფონდში დაგროვილი თანხა, არის 9 წელი (74-65). ყოველწლიურად გასაცემი თანხის ოდენობა დაახლოებით 11.111 ლარია, ყოველთვიურად გასაცემი კი - დაახლოებით 926 ლარი. ერთჯერადი გადახდა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ საპენსიო სქემაში ჩაერთეთ საპენსიო ასაკამდე, არა უმეტეს 5 წლით ადრე. ანუიტეტის შეძენა შეგიძლიათ თქვენს ანგარიშზე დარიცხული დანაზოგით შეიძინოთ კერძო საპენსიო სადაზღვევო პროდუქტი და მიიღოთ გარანტირებული შემოსავალი სიცოცხლის ბოლომდე. განსაკუთრებულ შემთხვევებში დანაზოგის მიღება შესაძლებელია საპენსიო ასაკამდეც: შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მიღებისას; საქართველოდან სამუდამოდ გამგზავრებისას (წარმოდგენილი უნდა იყოს სხვა ქვეყანაში მუდმივი ცხოვრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი).

გაზეთ „კვირის პალიტრაში“ გრძელდება მკითხველებისთვის საინტერესო კითხვებზე პასუხების გაცემა. თუ გაქვთ შეკითხვა იურისტთან და გჭირდებათ კომპეტენტური პასუხის მიღება, შეგახსენებთ ჩვენი ფოსტის მისამართს.Tea.khurtsilava@gmail.com ამ ფოსტასა და ასევე ჩვენი საიტის ვებგვერდზე, სტატიის ქვეშ, შეგიძლიათ მოგვწეროთ შეკითხვები და შევეცდებით უმოკლეს დროში მიიღოთ პასუხები