პროდუქტი, რომლის გამო ომები იწყებოდა - მარილი: მავნე თუ სასარგებლო ანუ რას გვირჩევენ სპეციალისტები
"მარილიანი" - ამ სიტყვით საქართველოში ყველაფერს კარგს, საუკეთესოს აღნიშნავენ, ალბათ, იმიტომ, რომ მარილი უმნიშვნელოვანესი პროდუქტია: ის ჩვენი რაციონის განუყოფელი ნაწილია და აუცილებელია ადამიანის ორგანიზმისთვის, თუმცა მისი ზედმეტად გამოყენება პრობლემებს იწვევს. რა დადებითი და უარყოფითი თვისებები აქვს მარილს? - ამის თაობაზე გვესაუბრება თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ნუტრიციოლოგი ბელა ყურაშვილი:
- მარილის გამოყენება 6 ათასი წლის წინ ჩინეთში დაიწყეს და დროთა განმავლობაში ის ადამიანისთვის შეუცვლელი პროდუქტი გახდა. ძველ ეგვიპტეში მას მუმიების ბალზამირებისთვის იყენებდნენ, შუა საუკუნეების ევროპაში კი მარილი ფულის მსგავსად მიმოქცევის საშუალება იყო. ეს პროდუქტი თანდათან იმდენად მნიშვნელოვანი გახდა, რომ მარილის გამო ქვეყნებს შორის ომები იწყებოდა. "მარილის ამბოხად" არის მიჩნეული საფრანგეთის რევოლუცია, რომლის ერთ-ერთი მიზეზი მარილის გაძვირება იყო.
- რამდენნაირი მარილი არსებობს?
- ბევრნაირი და მათ ჩამოთვლას აქ ვერ მოვახერხებთ. ყველაზე გავრცელებული სუფრის მარილია. ძალიან კარგი პროდუქტია ზღვის მარილი, რომელსაც ზღვიდან მოიპოვებენ, ხოლო ჰიმალაის მარილს - ჰიმალაის მთებიდან. არსებობს შავი და ინდური მარილიც, რომელიც გოგირდს შეიცავს, რის გამოც სპეციფიკური გემოთი და სუნით გამოირჩევა. მარილი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადამიანის ცხოვრებაში, მაგრამ მისმა ჭარბმა მოხმარებამ შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები გამოიწვიოს.
ჯერ მარილის დადებით თვისებებზე გესაუბრებით: ის არეგულირებს სისხლის წნევას და ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალურად ფუნქციონირებას. მარილი ეხმარება ორგანიზმს წყლის ბალანსის შენარჩუნებაში, ის აუცილებელია უჯრედებისა და ქსოვილების ნორმალური მოქმედებისთვის, ნერვული იმპულსების გადაცემისთვის... მოკლედ რომ ვთქვათ, მარილი ჩვენი ჯანმრთელობისთვის აუცილებელია.
- რა ზიანი მოაქვს ჭარბ გამოყენებას?
- მარილის ჭარბმა მოხმარებამ შეიძლება არტერიული წნევის ზრდა გამოიწვიოს, რა დროსაც ინსულტისა და მიოკარდიუმის ინფარქტის რისკი მატულობს.G ჭარბი მარილი ადამიანის ორგანიზმის გაუწყლოებას იწვევს, რადგან მის გამოსაყვანად და გადასამუშავებლად თირკმელებს მეტი მუშაობა სჭირდება. მარილის დიდი რაოდენობით მიღება იწვევს გულის დაავადებებს, კენჭების დაგროვებასა და თირკმლის უკმარისობას. ზედმეტი მარილი ძვლებიდან კალციუმის გამორეცხვას იწვევს, რაც ოსტეოპოროზისა და მოტეხილობების მიზეზი ხდება. თუმცა ოსტეოპოროზის განვითარებას მარტო მარილს ვერ დავაბრალებთ: თუ ადამიანს D ვიტამინი აკლია, მაშინ ოსტეოპოროზი გარანტირებული აქვს. მარილის ჭარბად მიღების უსიამოვნო შედეგია წყლის შეკავება ორგანიზმში, რაც სხეულის შეშუპებასა და სიმძიმის შეგრძნებას იწვევს. მიუხედავად ამისა, მარილი აუცილებელი პროდუქტია, რადგან ორგანიზმს ნატრიუმით ამარაგებს, ნატრიუმის გარეშე კი ადამიანის ორგანიზმი ვერ გაძლებს. მარილის გამოყენება დღეში 5 გრამს არ უნდა აჭარბებდეს - ეს დაახლოებით ერთი ჩაის კოვზია. ასეთია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციაც.
- 5 გრამი მხოლოდ ჯანმრთელი ადამიანის ნორმაა?
- დიახ, და თუ ადამიანს გული, თირკმელები ან სხვა რამ აწუხებს, მარილის ნორმა 2 გრამამდე უნდა ჩამოიყვანოს. მარილს, ისევე როგორც შაქარს, "თეთრ ჭირსაც" ეძახიან, მაგრამ დღეში 5 გრამი მარილი ჯანმრთელმა ადამიანმა უნდა მიიღოს, ისევე როგორც 60 გრამი შაქარი - ეს შაქრის ოპტიმალური ნორმაა. მარილი ასევე გამომუშავებს ჰორმონს, რომელიც შეჩვევას იწვევს და როგორც ყავას ან სიგარეტს, ადამიანი მასაც ეჩვევა, ამიტომ, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, ექიმები ურჩევენ მარილი შეზღუდოს - უმარილო ყველი და მარილით ნაკლებდ შეზავებული საკვები მიიღოს.
- რა მოხდება, თუ მარილს ჩვენი რაციონიდან ამოვიღებთ?
- ძალიან ცუდ შედეგს მივიღებთ. სულ უმარილობაც არ ვარგა, რადგან ნატრიუმის გარეშე ორგანიზმი ვერ ძლებს, თანაც, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, უმარილო საკვები უგემურია. ადამიანმა თავის რაციონში უნდა შეამციროს პროდუქტები, რომლებშიც მარილის შემცველობა ძალიან მაღალია, მაგრამ მარილზე უარს ვერ ვიტყვით. უბრალოდ, ძეხვეული და სხვა პროდუქტები, რომლებიც დიდი რაოდენობით მარილს შეიცავს, უნდა შევზღუდოთ და ბავშვებს მოვარიდოთ, რადგან ბავშვის ორგანიზმი ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი და მოწყვლადია გარემოს მიმართ. ცხადია, მარილი ზრდასრულებმაც უნდა შევზღუდოთ. ალბათ, თქვენც გინახავთ, ზოგიერთი გადმოიღებს კერძს და მაშინვე მარილს მოაყრის, ისე, რომ ჯერ არ იცის, როგორი გემო აქვს კერძს. "ოქროს შუალედი" აუცილებელია, ის ყველაფერში უნდა დავიცვათ, მათ შორის, მარილისა და შაქრის გამოყენებაშიც.
სპეციალისტები გვირჩევენ:
ეცადეთ შეამციროთ ყველა იმ პროდუქტის მიღება, რომლებშიც მარილის შემცველობა განსაკუთრებით მაღალია:
1. დამუშავებული ხორცეული, კერძოდ: ძეხვი, სოსისი, ლორი, ბეკონი და ა.შ... ეს პროდუქტები ხშირად შეიცავს დიდი რაოდენობით მარილს.
2. კონსერვები და მწნილები, რომლებსაც მარილწყალში ინახავენ.
3. სწრაფი კვების პროდუქტები - ბურგერები, ჩიფსები, კრეკერები - ეს ყველაფერი გემრიელია, მაგრამ მდიდარია არა მხოლოდ მარილით, არამედ ტრანსცხიმებითაც.
4. დამარილებული თხილეული, მაგალითად, მიწის თხილი. უმჯობესია, უმარილო ან ოდნავ დამარილებული თხილეული ვჭამოთ.
5. ყველის ზოგიერთი სახეობა მეტისმეტად მარილიანია, მაგალითად, ჰოლანდიური, პარმეზანი, ფეტა და ა.შ...
უპირატესობა მივანიჭოთ ახალ ხილსა და ბოსტნეულს, უმარილო ან ნაკლებმარილიან პროდუქტებს და შინ მომზადებულ კერძებს, სადაც მარილის რაოდენობას თავად განვსაზღვრავთ. და ბოლოს, უნდა მოვერიდოთ გაზიან სასმელებს, რომლებიც დიდი რაოდენობით მარილსა და შაქარს შეიცავს.
ხათუნა ჩიგოგიძე