აშუღი ქალი საქართველოდან
თინათინ-ნარგილე მეჰთიევა ერთადერთი აშუღი ქალია საქართველოში, რომელიც უძველესი აღმოსავლური ინსტრუმენტის, საზის დაკვრის ტრადიციას აგრძელებს. 12 წლის იყო, როცა მშობლებმა პატარა საზი უყიდეს. ეს ხალხური საკრავი, როგორც ამბობენ, მუჰამედის დროიდან არსებობს. საზს ოდითგან, ძირითადად, კაცები უკრავდნენ. თინათინ-ნარგილე მეჰთიევა თავის ცხოვრებასა და საინტერესო შემოქმედებაზე გვიამბობს:
- დავიბადე მცხეთის რაიონის სოფელ ქსანში. მყავს მშობლები და ძმა. ძალიან ტბილ და მშრომელ ოჯახში გავიზარდე. გარემო ცუდიც იყო, კეთილიც... მამაჩემი მემანქანეა, ადრე მატარებლის მძღოლი იყო, დედაჩემი დიასახლისია. მისგან ბევრი რამ ვისწავლე. მომწონდა, როდესაც სახლში, ბაღში თუ სადილის მომზადების დროსაც კი მღეროდა და საქმეს სიხარულით, ღიმილით აკეთებდა. ყველაფერს ელაპარაკებოდა - ხეებს, ბუჩქებს, ყვავილებს. ზაფხულში მწვანე კაბას მიკერავდა, ზამთარში თეთრს, შემოდგომაზე ყვითელს... ცხოვრება დედამ შემაყვარა, ბუნების სილამაზე მან გამაცნო. ბებიაც მყავს. მამაჩემის დედა ძალიან მკაცრი და ყოჩაღი ქალია. ჩვენი სახლი ყოველთვის სტუმართმოყვარე იყო, აშუღებიც კი მოდიოდნენ...

- ხელოვნებას როდის ეზიარეთ?
- ნიჭიერი ბავშვი ვიყავი, დედამ ექვსი წელი ქართულ ცეკვაზე მატარა. კერვა და ხატვა მასწავლა. დედაჩემი დოლზეც უკრავდა და მაცეკვებდა.
- თქვენს შვილებს ასწავლით დაკვრას?
- ორი შვილი მყავს - 22 წლის ნოვრიზი და 21 წლის შაჰნაზი. ნიჭიერი და ჭკვიანი ბავშვები არიან. ჩემს შვილებს დაკვრა არ ვასწავლე, რადგან თავად წარმოუდგენლად რთული გზა გამოვიარე. ვიფიქრე, ამას ჩემ გარდა ვეღარავინ შეძლებს-მეთქი. თუმცა ჩემი მეორე ნიჭი - ხატვა შეითვისეს და შეისწავლეს. ჩვენთან ძნელია, რომ ქალმა თავი გამოაჩინოს. მიუხედავად ამისა, მე მყარად დავდექი, არ დავნებდი! ღმერთის გარდა არაფრის მეშინია ამ ცხოვრებაში!
- უძველეს ინსტრუმენტზე დაკვრა როდის ისწავლეთ?
- როცა 15 წლის ვიყავი. მშობლების დახმარებით ბაქოს კონსერვატორიაში თარის დაკვრა ვისწავლე. თარის პედაგოგი საზის ოსტატიც იყო... საქართველოში აშუღებისგან ვისწავლე აშუღური ჰანგები. აქაური აშუღების დაკვრის მანერა და ჰანგები განსხვავდება სხვა რეგიონის აშუღებისგან. მაგალითად, აზერბაიჯანის, ირანისა და სხვა რეგიონების აშუღები დაკვრის სტილით განსხვავდებიან.

- სცენაზე პირველად როდის გახვედით?
- 16 წლის ასაკში, ბაქოში. მალე 45 წლის გავხვდები და ამ ხნის განმავლობაში სად არ ვიყავი - ევროპა, თურქეთი, ჩინეთი, აზერბაიჯანი... ყველგან სოლო კონცერტი მქონდა. მიუხედავად ამისა, ჩემთვის ყველაზე მოულოდნელი იყო ფოლკლორის ცენტრის უნიკალური შემსრულებლის პირველობა. ეს კულტურის სამინისტროს დაგეგმილი ფესტივალი გახლდათ. ბრიუსელში დიდი ფესტივალი იმართება, სადაც სხვადასხვა ქვეყნის კულტურას წარმოადგენენ. გასულ წელს საქართველოს კულტურის დღეები გაიმართა, სადაც მეც გამოვედი. ორჯერ წარვდექი სოლო კონცერტით. ფესტივალის დახურვაც მე მომანდვეს, რაც განსაკუთრებით სასიხარულო იყო. გასულ წელს ქართული ენისა და ლიტერატურის წიგნში ჩემი სახელიც კი შეიტანეს.
- როგორც ვიცი, სხვებსაც ასწავლით დაკვრას...
- ახუნდოვის სახელობის მუზეუმში საზის დაკვრას ვასწავლი, მარნეულშიც მყავს მოსწავლეები.
- რას ეტყვით იმ მამაკაც აშუღებს, რომლებიც ამბობდნენ, ქალი ხარ და არ გამოგივაო...
- ახლა ხომ მიხვდნენ, რომ საზის დაკვრა ქალს მათზე არანაკლებ შეუძლია. მე შევძელი ჯიუტი ქართველი ხალხის სიყვარულის დამსახურება. არავის ვეპუებოდი, როცა მეუბნებოდნენ შენ არა ხარ ქართველი და აქედან უნდა წახვიდეო. მე საქართველოს შვილი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ სხვა ეროვნების ვარ. საქართველოში დავიბადე, საქართველომ გამზარდა. ჩემი სამშობლო საქართველოა, სხვა სამშობლოს არ ვიცნობ! ამ სიყვარულითა და სიმტკიცით ვცხოვრობ ჩემს სამშობლოში აშუღი ქალი!