პუტინი მეგაშეტევისთვის ემზადება: გაუძლებენ თუ არა უკრაინელები?! - Bild
როგორც გერმანული გაზეთის „ბილდის“ (Bild) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაშია ნათქვამი (სათაურით „რუსები უკრაინის წინააღმდეგ მეგაშეტევას გეგმავენ: კრემლს ახლა ოთხის ნაცვლად შვიდი ოლქის ხელში ჩაგდება სურს“. ავტორი - იულიან რეპკე), რუსეთის არმიამ სუმის, ხარკოვისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებისაკენ წინსვლა დაიწყო. კრემლი ოთხის ნაცვლად 7 ოლქის დაპყრობას ცდილობს - ამისათვის მას სრული შანსები აქვს. დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის სემდეგ რუსეთი შესამჩნევად გააქტიურდა.
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
უკრაინისათვის ცუდ ამბებს ბოლო არ უჩანს. დონალდ ტრამპის განცხადების შემდეგ, რომ აშშ, სავარაუდოდ, თავს დაანებებს ომის დარეგულირების მცდელობებს, ვლადიმერ პუტინს საომარი მოქმედებების ესკალაციის შესაძლებლობა მისცა.
„კრემლს ცეცხლის შეწყვეტის სურვილი არასოდეს არ ჰქონია. ვლადიმერ პუტინი მოლაპარაკებებს სამხედრო უპირატესობის შესაქმნელად იყენებს“, - აცხადებს „ბილდთან“ საუბარში სამხედრო ექსპერტი, 50 წლის ნიკო ლანგე, გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, - „რუსეთს ივნისში ფართო შეტევა აქვს დაგეგმილი, რომლისთვისაც მზადება უკვე მთავრდება.
რუსეთის მიზანია ახალი რეგიონების დაპყრობა და იმ ოლქების ტერიტორიის ბოლომდე გაკონტროლება, რომლებიც ახლა მხოლოდ ნაწილობრივ არის ოკუპირებული.
კრემლი სუმისა და ხარკოვის ოლქების საზღვრებთან თავს უყრის და დიდ სამხედრო დაჯგუფებას ქმნის. უკრაინის სახელმწიფო საზღვრის ზოგიერთი მონაკვეთი რუსეთის არმიის ქვედანაყოფებმა უკვე დაარღვიეს და სუმის ოლქში შეიჭრნენ, ე.წ. „ბუფერული ზონის“ შექმნის მზნით.
რუსები აქტიურად გადაადგილდებიან დონეცკის ოლქშიც: მათ რამდენიმე კილომეტრი აშორებთ ქალაქ კონსტანტინოვკას (70 ათასი მცხოვრებით).
რუსეთის არმიის სარდლობამ, სამთვიანი პაუზის შემდეგ, ფრონტზე ათასობით ახალი სამხედრო მოსამსახურე გადაისროლა, გაზარდა მძიმე სამხედრო ტექნიკის (ტანკების, ქვეითთა საბრძოლო მანქანებისა და ჯავშანტრანსპორტიორების) რაოდენობა, ასევე განამტკიცა სამხედრო-საჰაერო პოტენციალიც.
„ვლადიმერ პუტინის შეიარაღებულმა ძალებმა გაკვეთილები გამოიტანეს და დასკვნები გააკეთეს დრონების საბრძოლო გამოყენების საკითხში. მათ გამოცდილება დააგროვეს და ახალი დრონები შექმნეს“, - ამბობს ნიკო ლანგე.
„რა თქმა უნდა, უკრაინაც უქმად არ არის და თავის უპილოტო საფრენ აპარატებს აუმჯობესებს, მაგრამ რუსებმა შედარებით სწრაფად აუღეს ალღო ახალ დრონებს, უკრაინის გამოცდილებასაც სწავლობენ და საკუთარსაც უკეთესად იყენებენ, ოპტიკურ-ბოჭკოვანი კავშირის მეშვეობით. რუსები თვალს ადევნებენ უკრაინის ლოჯისტიკას და უკრაინულ ქალაქებს დარტყმებს დღეში ათჯერ და მეტად აყენებენ.
ამას ემატება სამოქალაქო მოსახლეობის დაშინება: მათი დაბომბვების ინტენსიურობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამას ადასტურებს კიევზე ინტენსიური თავდასხმები. დრონები იმდენია, რომ უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის საშუალებები მათ ჩამოგდებას ვერ ასწრებენ და თუ ჩამოაგდებენ, ისინი ქალაქის საცხოვრებელ კვარტალებზე ეცემიან და შენობებს აზიანებენ, ხშირად მოსახლეობაც იღუპება.
კიევის მერი ვიტალი კლიჩკო მოსახლეობას მოუწოდებს, რომ დაბომბვების დროს მიწისქვეშა თავშესაფრებს მიაშურონ.
მოამზადა სიმონ კილაძემ