რაც მოგივა, დავითაო - კვირის პალიტრა

რაც მოგივა, დავითაო

ბიძინა ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ საქართველოში ძალიან ბევრი უცნაური კანონი მიიღეს. ფული რატომ გაქვს,  მეზობელთან ნარდი რატომ ითამაშე, რა ჭამე, დიეტაზე რატომ ხარ... მოკლედ, ყველაფერი კანონის ჩარჩოში მოექცა, მაგრამ საინტერესოა, რას იზამს ხელისუფლება, თუ არჩევნების შემდეგ წასვლამ მოუწია. ქართველების უმრავლესობას, ალბათ, ძალიან გაუხარდება, თუ ეს კანონები ცოტა ხანს მაინც დარჩება, რათა ოპოზიციაში გადასულმა "ნაციონალურმა მოძრაობამ" თავის თავზე იწვნიოს მათი ძალა. მაშ ასე, ვნახოთ, რა მოხდება, თუ ეს კანონები ახალმა ხელისუფლებამაც შეინარჩუნა.

ადმინისტრაციულ შენობასთან მიტინგის ჩატარების გამო დააკავებენ და 15-დღიან პატიმრობას მიუსჯიან ვანო მერაბიშვილსა და შალვა ნათელაშვილს.

კონტროლის პალატის პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი ეკა ბესელია განაცხადებს, რომ ხალხის მოსყიდვის გამო 20 მილიონი ლარით დაჯარიმებულია დავით კეზერაშვილი.

ტელეკომპანია "რუსთავი 2" პროტესტს გამოთქვამს, რადგან საქართველოს მოსახლეობას არ აქვს საშუალება, უყუროს მის გადაცემებს და მოითხოვს, შეცვალონ 2012 წლის ივნისში მიღებული კანონი, რომლის ძალითაც ტელეკომპანიის კუთვნილი სატელიტური ანტენებია დაყადაღებულ.

"რეალ TV"-ის გადაცემა "სპექტრს", რომლის წამყვანი იქნება გურამ დონაძე, ყოველ მეორე დღეს სტუმრად ეყოლება გიგა ბოკერია.

გიგი უგულავა გააპროტესტებს საგადასახადოს გადაწყვეტილებას ოთხივე სამარშრუტო კომპანიის ერთდროულად შემოწმების თაობაზე და განაცხადებს, რომ ამ კომპანიებს თავის დროზე პატიოსნად აქვთ მოგებული ტენდერები.

არასამთავრობო ორგანიზაცია "პატიმრების უფლებების" დამფუძნებლები - ძმები ახალაიები - აღშფოთდებიან ციხეებში შექმნილი მდგომარეობით.

დავით ბაქრაძე მშვიდობის ხიდთან გამართავს აქციას ლოზუნგით: "ხალხს უჭირს! რა დროს ხიდების შეცვლაა!"

რა თქმა უნდა, კვლავ პარლამენტის წევრები (პარტია ჯერ არ ვიცით) მიხეილ მაჭავარიანი, ხათუნა გოგორიშვილი და გიგი წერეთელი გააპროტესტებენ ბიუჯეტის დაზოგვის მიზნით  მიღებულ მთავრობის დადგენილებას, რომლის მიხედვითაც პარლამენტის დეპუტატს არ უნაზღაურდება სამგზავრო და საცხოვრებელი ხარჯები და მითხოვენ პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანას.

"გონივრული ეჭვის" საფუძველზე ყოფილი პარტია "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს დააკავებენ ბანკიდან დიდი ოდენობის თანხის მოხსნის გამო.

მეცხრე არხზე გავა ფარული ჩანაწერი, სადაც ნუგზარ წიკლაური ტელეფონით ელაპარაკება ვიღაც რუსს რუსულად, რის საფუძველზეც მას გამოაცხადებენ რუსეთის აგენტად, მაგრამ აღმკვეთ ღონისძიებას არ შეუფარდებენ.