"დადგება დრო, როცა საქართველო გახდება თავისუფალი და დამოუკიდებელი ქვეყანა!" - ჩვენი დროის "შავლეგოს" გზა და ნაკლებად ცნობილი ფოტოები
მერაბ კოსტავა: "დადგება დრო, როცა საქართველო გახდება თავისუფალი და დამოუკიდებელი ქვეყანა, მაგრამ თუ ამ დროს შენ არ იქნები თავისუფლებისთვის მებრძოლი, მაშინ შენც და ქვეყანაც დაკარგავთ ამ თავისუფლებას".
1939 წელს, 26 მაისს - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, თბილისში დაიბადა. 1989 წლის 13 ოქტომბერს სოფელ ბორითთან დაიღუპა. ის მაშინ 50 წლის იყო.დღემდე ძნელია დაზუსტებით იმის მტკიცება, ბორითთან მომხდარი ავტოავარია მართლაც უბედური შემთხვევა იყო თუ დაგეგმილი მკვლელობა. ბავშვობიდან დისიდენტი მერაბ კოსტავა ქართული ეროვნული მოძრაობისთვის იმდენად დიდი ფიგურა იყო, რომ საზოგადოების დიდმა ნაწილმა შემთხვევითობა თავიდანვე გამორიცხა. ავტოავარიის შედეგად დაშავდა, მოგვიანებით კი გარდაიცვალა ეროვნული მოძრაობის კიდევ ერთი ლიდერი ზურაბ ჭავჭავაძე.
სწავლობდა თბილისის ვაჟთა პირველ სკოლაში.
გამოირჩეოდა ნიჭითა და სიბეჯითით, იმის გამო, რომ კარგი მუსიკალური მონაცემები აღმოაჩნდა, IX კლასიდან სწავლა ფალიაშვილის სახელობის მუსიკალურ სასწავლებელში გააგრძელა. კარგად უკრავდა, მღეროდა, ლექსებს წერდა. მოსწავლეობის პერიოდიდან იწყება პოლიტიკური მოღვაწეობა, რადგანაც გაიცნო და დაუმეგობრდა ზვიად გამსახურდიას და მასთან და რამდენიმე თანატოლთან ერთად, დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი პირველი პატრიოტული, არალეგალური ორგანიზაცია "გორგასლიანი" დააარსა.
1956 წლის დეკემბერში კი რუსთაველისა და მაშინდელი "პლეხანოვის" გამზირებზე, იმ დროისთვის გამაოგნებელი შინაარსის პროკლამაციები გაჩნდა: "ძირს პირსისხლიანი კომუნისტები, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!" ანტისაბჭოთა პროკლამაციების გავრცელებისთვის საიდუმლო ორგანიზაცია "გორგასლიანის" წევრები - ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა, ვოვა სიხარულიძე, თემურ ცერცვაძე, თამაზ გუნჯუა, გურამ სხირტლაძე, ანატოლი მიქაძე და გურამ დოჩანაშვილი დაიჭირეს. ექვსი თვის შემდეგ, როგორც არასრულწლოვანი, პირობითი სასჯელით გაათავისუფლეს.
1972 წელს მერაბ კოსტავამ ზვიად გამსახურდიასთან ერთად, საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის საინიციატივო ჯგუფი ჩამოაყალიბა. რეპრესიები მის წინააღმდეგ არ წყდებოდა. სუკ-ი გამუდმებით უთვალთვალებდა. მის სახლთან ყოველთვის მორიგეობდა უშიშროების მანქანა. მერაბიც ცნობდა მათ. ხშირად უთქვამს: "მთელი დღე აქ დგანან, მოშივდებოდათო" და საჭმელი გაუგზავნია მოთვალთვალეებისთვის.
1977 წლის 7 აპრილს მერაბ კოსტავა ზვიად გამსახურდიასთან ერთად დააპატიმრეს. მერაბს 3 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. საბაბი ანტისაბჭოთა აგიტაცია და პროპაგანდა, ჟურნალ "ოქროს საწმისის" გამოცემა იყო.
1980 წელს ირკუტსკის ოლქში, ტაიშეტის რაიონის დაბა კვიტოკში გადაასახლეს. იქ მისი მონახულება დედამ და მეგობარმა მოახერხეს. "ეზოში ვიდექით. ისე აღელდა, უკან გაბრუნდა, ახლოს მოსვლა ვერ შეძლო. მხოლოდ რამდენიმე წუთის შემდეგ გამოვიდა და გადაგვეხვია. ავტირდი. მერაბი მტკიცე კაცი იყო, მის თვალზე ცრემლი არასდროს დამინახავს. ერთი კვირა დავრჩით კვიტოკში, მან თავისი მოყვანილი ბოლოკი და წიწმატი მოიტანა სუფრაზე და შემოგვჩივლა, აქ პატარა ბოსტანი გავაკეთე, იქ, ჩვენთან, ბოლოკი კონად მოდის, აქ კი სათითაოდ იკეთებს თავსო. გაგვეცინა, არ იცოდა, რომ ჩვენთანაც სათითაოდ მოდიოდა ბოლოკი და უბრალოდ, შეკონილი იყიდებოდა," - იხსენებს ზურაბ შაუთიძე.