ლაშამ გვასახელა, ვინ იქნება შემდეგი? - კვირის პალიტრა

ლაშამ გვასახელა, ვინ იქნება შემდეგი?

ლონდონის ზაფხულის 30-ე ოლიმპიური თამაშების მეორე დღეს კარალეთელმა ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა საქართველოს დელეგაციას ასპარეზობის დასაწყისში ქვეყანას განცდილი სირცხვილი მოწმინდა და პირველი ოქროს მედალი მოუტანა.ლაშაზე მოგვიანებით ვილაპარაკებ. ამჯერად ოლიმპიური თამაშების პირველ დღეს დავუბრუნდები.

1996 წელს ატლანტაში დავით ხახალეიშვილის მაგალითმა ქართველებს ჭკუა ვერ გვასწავლა. მოკრივე მერაბ თურქაძე აწონვაზე დროულად კი "მიიყვანეს", მაგრამ დადგენილ წონაზე 300 გრამით მძიმე აღმოჩნდა. ვინ უნდა აგოს პასუხი? სპორტსმენი რამდენიმე წლის განმავლობაში შეჯიბრებისთვის ემზადება და მავანთა არაკომპეტენტურობის გამო ასპარეზობიდან იხსნება. შეიძლება ვცდები, მაგრამ ქართული სპორტის სათავეებში არაპროფესიონალები მოგვიმრავლდნენ. მიმაჩნია, რომ ამ ინციდენტში თურქაძე ნაკლებადაა დამნაშავე.

დარწმუნებული ვართ, ბატონი შოთა ხაბარელი ლონდონში რომ ყოფილიყო, ბეთქილ შუკვანს ტატამთან დროულ და ზუსტ რჩევას მისცემდა და მოჭიდავე იმ ხუთ წამში არ წააგებდა. გასულ სეზონზე ბიჭებს ლეიბთან ოლიმპიური ჩემპიონი ზვიადაური მოძღვრავდა. ეს უკანასკნელი მოგვიანებით პოლიტიკაში გადავიდა. ავსტრიელმა ზაიზენბახერმა ქართული არ იცის, ამიტომ ორთაბრძოლების მიმდინარეობისას ფალავნებს ვერ ხელმძღვანელობს.

24 წლის ველომრბოლელმა გიორგი ნადირაძემ საგზატკეცილო რბოლის 250-კილომეტრიანი დისტანცია ვერ დაფარა, - ასპარეზობას 150-ე კილომეტრზე ჩამოშორდა. მართალია, ამბობენ, მთავარია ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობაო, მაგრამ ასეთი მოუმზადებელი სპორტსმენის სტარტზე გაყვანა არ შეიძლება.

ლაშა შავდათუაშვილმა გუშინ გაგვახარა. ძიუდოისტთა შეჯიბრების დაწყების წინ რამდენიმე საბუკმეიკერო დაწესებულებების სავარაუდო ფსონებს გავეცანი და ქართველი ფავორიტებს შორის არ მოიხსენიებოდა. ამიტომ მით უფრო ღირებულია მისი წარმატება. შავდათუაშვილი ყველაზე ახალგაზრდა ძიუდოისტი ჩემპიონია. სპორტის ამ სახეობაში ლაშა საქართველოდან რიგით მეექვსე გამარჯვებულია.

ნახევარი წლის წინ ძნელად თუ იფიქრებდა ვინმე, რომ შავდათუაშვილი ლონდონის ოლიმპიურ ლიცენზიას მოიპოვებდა. მაგრამ მან ეს შეძლო - დიდებში გადასვლიდან ხუთ თვეში ჯერ სასურველი ლიცენზია გაინაღდა, გუშინ კი ჩემპიონის წოდებასაც დაეუფლა. კიდევ ერთხელ ვულოცავთ ლაშას გამარჯვებას და იმედია, მომავალშიც თავს არ შეირცხვენს.

ოლიმპიური თამაშები კი გახურდა და რთულ აღმართს შეუდგა. გუშინდელი დღე ერთი მძლეოსნისთვის ტრაგიკული აღმოჩნდა. სენტ-კიტსისა და ნევისისა წარმომადგენელმა ტამეკა უილიამსმა დოპინგკონტროლი ვერ გაიარა და ის სამშობლოში დააბრუნეს.

სკანდალია დიდი ბრიტანეთის ოლიმპიურ საფეხბურთო ნაკრებშიც. ამ გუნდის თითოეულ მოთამაშეს ეროვნებად დიდი ბრიტანელი უწერია. თამაშების ორგანიზატორების შეცდომით, სენეგალის გუნდთან მატჩის წინ ფეხბურთელი ჯო ალენის ეროვნებად პროგრამაში ინგლისელი გახლდათ მითითებული. საერთოდ საფეხბურთო ტურნირს რამდენიმე გაუგებრობა უკვე მოჰყვა. ჯერ დევიდ ბექჰემის გახმაურებული "საქმე" იყო, შემდეგ კი ჩრდილო კორეის ქალთა ნაკრები სამხრეთკორეელებად მონათლეს.

რადგან სიტყვამ დევიდ ბექჰემი მოიტანა, მთელი ქვეყანა აღშფოთებას ვერ მალავს. დევიდს ოლიმპიადაზე თამაში სურდა და გუნდის მთავარმა მწვრთნელმა სტიუარტ პირსმა ამისი გარანტია მისცა. სამწუხაროდ, სიტყვა არ შეასრულა და ფეხბურთელი თამაშგარე მდგომარეობაში დატოვა.

ოლიმპიური თამაშები მესამე დღეა, რაც დაიწყო და წამყვანი ბრიტანული გამოცემების მთავარი გმირი კვლავ ბექჰემია. ბატონი პირსის გადაწყვეტილებამ დევიდი ქვეყნის უპოპულარეს პირად აქცია. მის დასაცავად ხმა ცნობილმა მუსიკოსმა, სერ პოლ მაკარტნიმაც ამოიღო.

ქართველი ნინო სალუქვაძე მეშვიდე ოლიმპიადაზე ასპარეზობს. მას ამ მხრივ ერთი კონკურენტი გამოუჩნდა.

გამოცემა "როიტერს"-ის ცნობით, ავსტრალიის ცხენოსანთა ნაკრების ღირსებას 53 წლის ენდრიუ ჰოი დაიცავს. მან პირველად 1984 წელს ლოს-ანჯელესში იასპარეზა, შემდეგ 1988 წელს - სეულში, 1992 წელს - ბარსელონაში, 1996 წელს - ატლანტაში. 2000 წლის ოლიმპიადას სიდნეიმ უმასპინძლა. მისტერ ჰოიმ ავსტრალიაში ორი ჯილდო მოიპოვა: გუნდურ შეჯიბრებაში ოქრო და პირადში - ვერცხლი.

ცხენოსანი ათენშიც გამოვიდა, პეკინის თამაშები კი გამოტოვა. ლონდონში გამგზავრების წინ სპორტსმენმა ავსტრალიურ მასმედიას ინტერვიუ მისცა და აღნიშნა, რომ თავის მეშვიდე თამაშებში მხოლოდ გამარჯვებისთვის იბრძოლებს.

დღეს ლონდონის ოლიმპიური თამაშების მესამე სამუშაო დღეა. ძიუდოისტთა შეჯიბრებაზე საქართველოს ღირსებას ნუგზარ ტატალაშვილი დაიცავს. მისი პირველი მოწინააღმდეგე კორეელი კი-ჩუნ ვანგია, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი. იმედია, ტატალაშვილი ლაშა შავდათუაშვილის დაწყებულ საქმეს გააგრძელებს და საღამოს ზეიმის საბაბი ისევ მოგვეცემა.

საჩოგბურთო კორტებზე ანა ტატიშვილი და მაკა ჩახნაშვილი იასპარეზებენ, მშვილდოსანთა შეჯიბრებაში კი ქრისტინე ესებუა გამოვა.

გიორგი გაჩეჩილაძე  (სპეციალურად საიტისთვის)

იხილეთ ვიდეო: ლაშა შავდათუაშვილი ოლიმპიური ჩემპიონია