"პედაგოგებმა თვითონ ჩაიყვანეს ლექსო მოსკოვში, პოტენციალი იგრძნეს. მე მსახიობობა მინდოდა, თუმცა დედამ კატეგორიულად არ მომცა უფლება" - ნინო თორაძის მო - კვირის პალიტრა

"პედაგოგებმა თვითონ ჩაიყვანეს ლექსო მოსკოვში, პოტენციალი იგრძნეს. მე მსახიობობა მინდოდა, თუმცა დედამ კატეგორიულად არ მომცა უფლება" - ნინო თორაძის მოგონებები პიანისტ ძმაზე, მსახიობ დედასა და კომპოზიტორ მამაზე

ცნობილი პიანისტის - ლექსო თორაძის ცხოვრებაში მის დას, რომელიც მასზე 5 წლით უმცროსია, გამორჩეული და მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა. ქალბატონი ნინოსთვის კი ის იყო და დღემდე არის საფიცარი ძმა, რომლისთვისაც ყველაფერს გადადებდა, თუკი ლექსოს მისი გვერდით ყოფნა სჭირდებოდა.

ნინო თორაძე: "ფაქტობრივად, ყველა ჩემი სასიხარულო დღე ლექსოსთან იყო დაკავშირებული და სიყვარულით სავსე წერილებში სულ ვწერდი ან პირადად ვეუბნებოდი - შენ ხარ, ჩემი სიხარულის მომგვრელი ადამიანი".

nino-da-lekso-torazeebi-1748604388.jpg
ნინო და ლექსო თორაძეები

- როდის გააცნობიერეთ, რომ ძმისთვის დედასავით იყავით?

- ბავშვობიდან, თავისთავად მოხდა და გათვითცნობიერების მომენტი არც ყოფილა. დედამ (მსახიობი ლიანა ასათიანი) დაინახა, რომ მქონდა სიყვარულის და ზრუნვის უნარი, იფიქრა, ყოჩაღი არისო და ალბათ, ამიტომ მომცა ეს როლი, ასე გამზარდა. როცა დედას არ ეცალა და ლექსოს მოსკოვში ვერ მიჰყვებოდა, მე უნდა ვყოფილიყავი მასთან. მამასაც (კომპოზიტორი დავით თორაძე) თავისი საქმე ჰქონდა, სტუდენტებიც ჰყავდა. თვეების მანძილზე მიწევდა სკოლის გაცდენა. იგივე ხდებოდა მაშინაც, როცა კონსერვატორიაში ვსწავლობდი. ლექსოს როდესაც სჭირდებოდა ჩემი გვერდით ყოფნა, მასთან ვიყავი. მეც მოვერგე ამ როლს. ლექსო ძალიან კომფორტულად იყო ჩემთან ერთად და ყოველთვის მადლიერებას ვხედავდი მის თვალებსა და დამოკიდებულებაში. მართალი გითხრათ, სადღაც გაკვირვების გრძნობაც უჩნდებოდა, რომ ასეთი ხასიათი მქონდა. ლექსო ჩემი სიცოცხლე იყო, მას ვიფიცებდი და დღესაც ასეა.

lekso-da-nino-mshoblebtan-ertad1-1748604038.jpg
ლექსო და ნინო მშობლებთან ერთად

- როგორი იყო ყოველდღიურობა ოჯახში?

- გულწრფელად გეტყვით: ოჯახი, სადაც იზრდებოდა ორი ბავშვი და ორი ხელოვანი, არ იყო მატერიალურად დიდად უზრუნველყოფილი, ყოველთვის საუბრობდნენ იმაზე, რომ ლექსოს ეს სჭირდება, ნინოს ის სჭირდება... ოჯახში იყო ზრუნვა და შრომა იმისთვის, რომ შვილებს არაფერი მოჰკლებოდათ. ლიანა არაჩვეულებრივად ამზადებდა კერძებს (კულინარია ეხერხებოდა), სხვა საოჯახო საქმესაც შესანიშნავად ართმევდა თავს. უზომოდ მოსიყვარულე დედას, ხასიათში შერწყმული ჰქონდა ორი ძლიერი გრძნობა - საოცარი დისციპლინა და უსაზღვრო სიყვარული. მამაზე ვგიჟდებოდი, მასაც ძალიან ვუყვარდი. მისგან მუდამ მესმოდა: "ჩემო სასოებავ, ჩემო თვალისჩინო, ჩემო ოჯახის დამამშვენებელო...". მე და ლექსო ასეთ დიდ სიყვარულში და მშობლების მიმართ უდიდეს პატივისცემაში გავიზარდეთ.

- დაბადების დღეებს როგორ გაიხსენებთ?

- ლექსოს დაბადების დღე - 30 მაისი იყო დღესასწაული. მახსოვს, სეზონის შესაბამისად აუცილებლად გვქონდა მარწყვის ტორტი. მე ივლისში დავიბადე. ამ დროს ჩემი ამხანაგები უკვე წასულები იყვნენ დასასვენებლად, ამიტომ დედამ გადმოიტანა დაბადების დღე 27 იანვარს და ნინოობაზე, ზუსტად ნახევარი წლით ადრე აღვნიშნავდით. ასე დამკვიდრდა და ლექსოც ყოველთვის მილოცავდა 27 იანვარს, როგორც დაბადების დღეს.

- დედის გვერდით რომელიმე ფილმის გადაღებაზე ყოფილხართ?

- მე და ლექსო პირველად წაგვიყვანა დედამ, ფილმ „თავადის ქალი მაიას“ გადაღებაზე, მაგრამ მაშინ პატარა ვიყავი. იმ პერიოდის ამსახველი ფოტოც გვაქვს, სამივე ერთად ვართ სურათზე. კარგად მახსოვს „მაცი ხვიტია“ და გადაღებები ყაზბეგში. მომწონდა, დედას რომ აცმევდნენ, გრიმს უკეთებდნენ... ეს პროცესი შთამბეჭდავია გოგოსთვის და ყველა ბავშვისთვის. ვუყურებდი მის ფილმებს, ხშირად მესმოდა დედაჩემის სახელი და არ არის გასაკვირი, რომ მეც ძალიან მომინდა მსახიობობა. თუმცა დედამ არ მომცა უფლება, თან უარი კატეგორიულად მითხრა. მათხოვრულ პროფესიად თვლიდა.

2-1748604081.webp

- კონსერვატორიის პირველი კურსი თბილისში დაასრულა ლექსომ და მერე გადავიდა მოსკოვში. ეს მამის სურვილით მოხდა?

- არა, პედაგოგების გადაწყვეტილება იყო. ლექსო სწავლობდა ორ არაჩვეულებრივ პედაგოგთან - როზა რაჟოკი და ემილ გურევიჩი, ორივე შვილივით ზრდიდა. დედამ 5 წლის ლექსო მიუყვანა როზა მიხაილოვნას. კონსერვატორიაში ასწავლიდა ემილ იაკოვლევიჩი, თუმცა მანამდეც იყო ჩართული ლექსოს მუსიკალურ აღზრდაში. როდესაც იგრძნეს ლექსოს პოტენციალი, გადაწყვიტეს, მისთვის სხვა გზა მიეცათ. პედაგოგები იყვნენ რუსული სკოლის წარმომადგენლები და მეგობრები ჰყავდათ მოსკოვის კონსერვატორიაში. მათ თვითონ ჩაიყვანეს ლექსო მოსკოვში. ასეთი რამ იშვიათად ხდება. ჩემს მშობლებს არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამთ პედაგოგების კონსულტაციის გარეშე. ლექსო მოსკოვის კონსერვატორიაში სწავლობდა ბრწყინვალე მუსიკოს იაკობ ზაკთან და მასთან გააგრძელა მეხუთე კურსამდე. ბოლოს სხვა პედაგოგი ჩაერთო მის ცხოვრებაში.

111-1748604112.jpg

- ლექსოს არა ერთ კონცერტს დასწრებიხართ აქაც და საზღვარგარეთ. განსაკუთრებული მაინც რომელი იყო?

- ლექსოს უცხოეთში წასვლიდან 5 წლის შემდეგ, 1988 წელს დედა ჩავიდა მასთან ამერიკაში. მომდევნო წელს უკვე მე მომცეს უფლება, ინგლისში მენახა ლექსო, სადაც ის კონცერტებს ატარებდა. მე და ჩემი მეუღლე ლონდონში გავფრინდით. საოცარი შეგრძნება მქონდა, თითქოს არც ყოფილა დაშორების წლები... მაგრამ, რა თქმა უნდა, ბედნიერი ვიყავი, რომ ლექსოს კონცერტზე და მასთან ერთად ვიყავი.

- ოჯახმა მძიმე პერიოდი გადაიტანა, რაც, ალბათ, კგბ-ს უკავშირდებოდა.

- მაშინდელი კგბ-ს უფროსი იყო ინაური... თუმცა, უცნაურ ამბავს გეტყვით. ლექსო როცა დაიბადა, ჩვენები პლეხანოვზე ცხოვრობდნენ, ხოლო იმავე სართულზე, მოპირდაპირე ბინაში, მეზობლები ინაურები იყვნენ. ლექსოს მოვნათლავო, ინაურის მეუღლეს უთქვამს. ასე რომ, ჩვენს ოჯახზე ზეწოლა დიდად არ მიგრძნია. თუმცა, მამაჩემმა თავად მოითხოვა ინაურთან შეხვედრა და სამსაათიანი საუბარი შედგა.

deda-da-shvilebi-1748604153.jpg
დედა და შვილები

- თქვენს პროფესიასა და ოჯახზე მიამბეთ. ინგლისში საცხოვრებლად როდის წახვედით?

-კონსერვატორიაში შევედი, როგორც პიანისტი და მერე გადავედი მუსიკათმცოდნეობაზე. შვილი - ნინი შემეძინა და ვეღარ ვახერხებდი როიალთან მეცადინეობას. 1991 წლის დეკემბერში, გაგანია ომის დროს, დედამ როგორ შეძლო დღესაც არ ვიცი, სამხედრო თვითმფრინავში ჩაგვსვა და მოსკოვში გაგვისტუმრა, იმიტომ, რომ ვიზებს იქ იძლეოდნენ. ჩვენი ოჯახის მეგობარი, ბრიტანეთის ელჩი სერ როდრიგ ბრეიტვეიტი, ფანტასტიკური კაცი დაგვეხმარა (ის ცოცხალია, ჩვენ ახლაც ვურთიერთობთ), ყველაფერი უცებ გააკეთა და 1992 წლის 22 იანვარს ჩავედით ინგლისში. მას შემდეგ იქ ვართ. 7 წელი ვცხოვრობდით სამხრეთ ინგლისში, ზღვისპირა ქალაქ საუთჰემპტონში, საიდანაც „ტიტანიკი“ გავიდა. მერე გადავედით ლონდონში.

ინგლისში როცა ჩავედით, ნინი იყო 10 წლის, შემდეგ დაამთავრა „იუსიელ“ - ლონდონის ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტი. პროფესიით მუსიკოსი არ არის, თუმცა ერთხანს მუსიკალურ სააგენტოში მუშაობდა. მუსიკა მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ჩემი მეუღლე თორნიკე ბეგიშვილი ექიმი-ალერგოლოგია, 32 წელი ლონდონის ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში მუშაობდა. შარშან გავიდა პენსიაში. მეც ვმუშაობდი, ვიყავი პიარი დიდ კომპანიაში, რომელიც აფინანსებდა არტისტების კონცერტებს. ლონდონში მცხოვრები ქართველებიდან ახლო მეგობრების პატარა წრე მყავს და მათთან ყოველდღე ვურთიერთობ.

lekso-da-davit-torazeebi-1748604183.webp
ლექსო და დავით თორაძეები

- მუსიკის გარდა, ლექსოს რა გატაცებები ჰქონდა?

- საოცარი გაქანების ადამიანი იყო, მას აინტერესებდა ყველაფერი. ლექსოს ჰობი იყო სიგარები, ჩიბუხების უზარმაზარი კოლექცია ჰქონდა. უყვარდა ხატვა, ჯაზი... იუმორით და ხალისით იყო სავსე. საჭმლის მომზადება ეხერხებოდა, ხელიდან ყველაფერი გამოსდიოდა. ამერიკაში ვიყავი მასთან და უთო გამიფუჭდა. ვეუბნები, ახალი უთო მიყიდე, ამან გამაწამა-მეთქი. გეხვეწები, დამაშლევინეო... დაშალა და თავიდან ააწყო. თავის სტუდენტებს ღვინოს აწურვინებდა, არაყს ხდიდნენ... ლექსო სულით ქართველი იყო, ეს ყველაფერში იგრძნობოდა მის სახლში.

- წელს მესამედ ატარებთ თორაძის საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს. ძნელი იყო ამ საქმის დაწყება?

რა არის მისი მიზანი?

- ძნელი ის სიტყვა არ არის. წარმოუდგენლად რთულია ამხელა საქმესთან შეჭიდება ამ ქვეყანაში. გვერდში დამიდგნენ მეგობრები, ეს არის ჩემი დიდი ძალა. ფესტივალის მიზანია, ახალგაზრდა ნიჭიერი მუსიკოსების გამოვლენა და მხარდაჭერა. მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს ლექცია-მასტერკლასები. ფესტივალის დახურვის საღამოზე სტიპენდიანტები გამოვლინდებიან. მუსიკოსის პროფესია უდიდეს შრომას ითხოვს და ახალგაზრდებს ყველამ უნდა შევუწყოთ ხელი.

- თქვენი ძმა გესიზმრებათ ხოლმე?

- ხშირად და სიზმარში ვსაუბრობთ... სულ ვეუბნებოდი, მე რომ აღარ ვიქნები, ჩემთვის დაუკარი შოსტაკოვიჩის კონცერტის მეორე ნაწილი-მეთქი, ძალიან მიყვარს. ისე გამოვიდა, რომ თავის თავს „დაუკრა“ დაკრძალვაზე. ლექსოს ყოველდღე სანთელს ვუნთებ, ვეფერები, ველაპარაკები, რაღაცას ვთხოვ...

ნანული ზოტიკიშვილი

(სპეციალურად საიტისთვის)