ესროლეთ რუსეთს...სადამდეც გსურთ-ევროპა და ამერიკა თავისი რაკეტების გამოყენების სიშორეზე უკრაინას შეზღუდვებს უხსნიან...
დასავლეთი დიდი ჭოჭმანისა და ზოზინის შემდეგ დგამს იმ მნიშვნელოვან ნაბიჯს, რაც ჯერ კიდევ სამი წლის წინ უნდა გაეკეთებინა და ნება დაერთო კიევისთვის,უკრაინისთვის არმიისთვის გადაცემული დასავლური იარაღის რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში გამოყენებაზე...
ამის სანაცვლოდ ფრანგული SCALP და ბრიტანული Storm Shadow ფრთოსანი და ამერიკული MGM-140B ATACMS Block 1A აერობალისტიკური რაკეტების რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის სიღრმეში გამოყენება კიევს დასავლეთისგან კატეგორიულად აკრძალული ჰქონდა და მხოლოდ ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულისა და ოკუპირებული დონბასის მიწებზე განთავსებულ რუსულ სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ იყო დაშვებული...
გასულ წელს დასავლეთმა ერთგვარი „სულგრძელობა“ გამოიჩინა და უკრაინელ სამხედროებს რუსეთის საზღვრიდან 40 კმ-მდე სიღრმემდე დართო ნება რაკეტების გამოყენების,რაც სრულიად არასაკმარისი გახლდათ იმ ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების „ისკანდერის“ მობილური სარაკეტო დანადგარების გასაუვნებელყოფად,რომლებიც მეოთხე წელია ატერორებენ უკრაინული ქალაქების მშვიდობიან მოსახლეობას, რადგან მაქსიმალურ-500 კმ-მდე შეუძლიათ აერობალისტიკური რაკეტის გაშვება და შესაბამისად საზღვრიდან და ფრონტის ხაზიდან 100-200 კმ-ის სიღრმეში ირჩევენ სასტარტო პოზიციებს, რათა დასავლეთის მხრიდან უკრაინელებისთვის ხელოვნურად შეზღუდულ, რაკეტების გამოყენების რადიუსში არ მოხვდნენ...
მაგრამ დღეიდან შეიძლება ბევრი რამ შეიცვალოს და არა პუტინის არმიის სასიკეთოდ...
გერმანიამ, საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მა უკრაინას რუსეთის სიღრმეში დარტყმების უფლება მისცეს, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა 26 მაისს განაცხადა.
გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გადაცემულ შორ მანძილზე მოქმედ იარაღებზე დაწესებული შეზღუდვები აღარ მოქმედებს.
„ეს იმას ნიშნავს, რომ უკრაინას ახლა შეუძლია თავი რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო ობიექტებზე დარტყმებით დაიცვას. ცოტა ხნის წინ უკრაინას ამის გაკეთება არ შეეძლო და ძალიან იშვიათი გამონაკლისების გარდა, ამას არც აკეთებდა. ახლა უკრაინას ეს შეუძლია. ახლა შეუძლია სამხედრო სამიზნეებს ზურგს უკან დაარტყას და ეს უკრაინის მიერ ომის წარმოებისას გადამწყვეტ ცვლილებას წარმოადგენს“, - განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.
მისი თქმით, რუსეთი „სამოქალაქო ობიექტებზე დაუნდობელ თავდასხმებს ახორციელებს და ქალაქებს, საბავშვო ბაღებსა და საავადმყოფოებს ბომბავს“
„უკრაინა მსგავს რამეს არ აკეთებს და დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ იმას, რომ ეს მომავალშიც ასე გაგრძელდეს“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.
გერმანიის ახალი კანცლერის ეს განცხადება ძალაუნებურად ასოცირდება კიდევ ერთ, წლობით გადაუწყვეტელ პრობლემასთან-ბოლოს და ბოლოს გადასცემს თუ არა გერმანია უკრაინას „ტაურუსის“ ტიპის ფრთოსან რაკეტებს,რომელთა ფრენის მაქსიმალური სიშორე 500 კმ-ზე მეტია...
მერცის წინამორბედი გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი შეგნებულად ბლოკავდა „ტაურუსების“ უკრაინისთვის მიწოდებას,რადგან ფრთხილობდა (და შეიძლება არცთუ უსაფუძვლოდ),რომ უკრაინული ქალაქების რუსული „ისკანდერებით“ მორიგი დაბომბვით გამწარებული უკრაინელები გერმანიის მიერ გადაცემული „ტაურუსებით“ პირდაპირ კრემლს დაარტყამდნენ მოსკოვში,რასაც პუტინისგან გერმანიისთვის შეიძლება ძალზე არასასურველი საპასუხო ქმედება მოჰყოლოდა...
მაგრამ მას შემდეგ,რაც ბოლო სამი ღამის განმავლობაში რუსეთმა ათასზე მეტი კამიკაძე-დრონი, რამდენიმე ასეული ფრთოსანი და რამდენიმე ათეული აერობალისტიკური რაკეტა „შეუსია“ უკრაინულ ქალაქებს, დასავლეთმა ეს მორიგი „შიშნარევი სიფრთხილეც“ გადალახა და უკრაინულ მხარეს მოუხსნა ყველა შეზღუდვა ევროპული და ამერიკული წარმოების შეიარაღების რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის ნებისმიერ სიღრმეში სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ გამოყენებაზე...
ხაზგასასმელია,რომ ლაპარაკია სწორედ რუსულ სამხედრო და ორმაგი დანიშნულების სამიზნეებზე, რომელთა შორის ერთ-ერთი პირველი სწორედ რუსული „ისკანდერების“ სასტარტო პოზიციები უნდა იქცნენ, რომ მათ ასე დაუსჯელად ვეღარ გააგრძელონ უკრაინული ქალაქების დაბომბვები...