საიდუმლო დოკუმენტები სტალინის პირადი არქივიდან - "თურქეთი მივუქსიოთ საქართველოს, რაც საშუალებას მისცემს რუსეთს, ჩაერიოს, როგორც შუამავალი და გადამრჩენი
უცნაური ხალხი ვართ ქართველები: დამოუკიდებლობის დღეს დიდი პომპეზურობით ვზეიმობთ და მტერ-მოყვარის გარჩევას ვივიწყებთ; ქვეყნის აყვავებას ვქადაგებთ და რეალურად ამისთვის არაფერს ვაკეთებთ. საუკუნეები გადის - ამბიციები და სიზარმაცე კი კვლავ ჩვენს მთავარ უბედურებად რჩება. 26 მაისი ერთდროულად სიხარულის და ტკივილის დღეა. არ დაგიმალავთ, არ ვიცი, რომელი სძალობს: საუკუნეების მანძილზე ნანატრი თავისუფლების გამოცხადების სიხარული თუ შემდეგ თავისუფლების დაკარგვით გამოწვეული ტკივილი.
მკითხველს შევახსენებ, რომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის არასრული სამი წელი გარე და შიდამტერთან მუდმივი ბრძოლის ისტორიაა. ჩრდილოეთიდან - ბოლშევიკები, აღმოსავლეთიდან ჯერ აზერბაიჯანის რესპუბლიკა (ოსმალოებისგან შეგულიანებული) გვედავებოდა ისტორიულ მიწებს, შემდეგ კი ბაქო გახდა ბოლშევიკების საქართველოზე შეტევის ფორპოსტი. 1918 წლის ბოლოს სომხებმა სამხრეთიდან ჩაგვცეს ზურგში მახვილი, ოსმალოს კი ტაო-კლარჯეთისა და ბათუმის მისაკუთრება სურდა და ხან ჯარით, ხან კი მოსყიდული ჯაშუშებით საქართველოს ძირძველი მიწების მიტაცებას ცდილობდა. არც დასავლეთის სივრცე და შავი ზღვის სანაპირო იყო საიმედო. 1918 წლის დასაწყისიდან ბოლშევიკების წინააღმდეგ მებრძოლი (თუმცა ერთიანი და განუყოფელი რუსეთის იმპერიის აღდგენის მომხრე) "თეთრები" უტევდნენ საქართველოს სანაპიროს: გაგრას, სოხუმს, ფოთსა და ბათუმს.
იოსებ სტალინი
ასოთხი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც 1921 წლის 25 თებერვალს ბოლშევიკურმა რუსეთმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია-ანექსია მოახდინა. როგორ იგეგმებოდა საქართველოს ოკუპაცია: რაზე მეტყველებენ საიდუმლო დოკუმენტები, საქართველოზე შეტევის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორის, იოსებ სტალინის პირადი არქივიდან? ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა ის საარქივო დოკუმენტები, რომლებიც ბოლშევიკების საქართველოში შემოჭრას და თურქეთთან ერთად ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის გადანაწილებას ეხება. 1921 წლის თებერვალში საქართველოზე თავდასხმას ბოლშევიკები დიდხანს ამზადებდნენ. 1920 წლის 7 მაისის სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება, საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობა და დიპლომატიური ურთიერთობის დამყარება - ეს ყველაფერი საერთაშორისო საზოგადოებრიობის თვალის ასახვევად და საქართველოს მთავრობის ყურადღების მოსადუნებლად კეთდებოდა, ფარულად კი - "ბორჩალოელ მუშათა აჯანყება" და "შულავერის კომიტეტის" შექმნა იგეგმებოდა.
საქართველოსთან გაფორმებული სამშვიდობო ხელშეკრულება რუსეთისთვის მხოლოდ "ლეღვის ფოთლის" ფუნქციას ასრულებდა: საკუთარი ბოროტი ზრახვების შესანიღბად.
1920 წლის გაზაფხულზე რუსეთს ძალა არ ჰქონდა, თორემ საქართველოს ოკუპაცია ადრევე მოხდებოდა, თავად "სამშვიდობო ხელშეკრულების" ხელმოწერის წინაპროცესში კიდევ ერთხელ დადასტურდა ბოლშევიკების გაიძვერობა. საქართველო-რუსეთს შორის სამშვიდობო ხელშეკრულება ფიქცია და ბოლშევიკური რუსეთის მხრიდან დროის გაყვანის ტაქტიკა რომ იყო, სტალინის არქივში შემორჩენილი, მის მიერ დაწერილი ან ჩასწორებული საიდუმლო დოკუმენტებით კიდევ ერთხელ დასტურდება. 1920 წლის 16 ნოემბერს ვლადიკავკაზიდან სტალინი საიდუმლო შიფრ-დეპეშას უგზავნის მოსკოვში ლენინს, სადაც ვკითხულობთ: "...ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად საჭიროა, ახლავე მოვახდინოთ საქართველოს გასაბჭოება და ჩვენი ჯარი ზაქათალასთან გადავიყვანოთ, რათა ხელსაყრელი საბაბის შემთხვევაში, დავიძრათ ტიფლისის შემოვლით".
1920 წლის 22 ნოემბერს სტალინი საიდუმლო დეპეშას უგზავნის ბოლშევიკური რუსეთის საგარეო საქმეთა სახალხო კომისარ გ. ჩიჩერინს, ხოლო ასლს - ვლადიმერ ლენინს: "ჩიჩერინს, ასლი ლენინს თქვენი #9056 დეპეშის პასუხად: ბურჟუაზიულ საქართველოს დახმარება უნდა არა ანტანტის, არამედ - თურქეთის წინააღმდეგ, თუ ანტანტა ბათუმს დაიკავებს იმისთვის, რომ დაეხმაროს საქართველოს. ლოზუნგი "საქართველოსთვის" ნიშნავს თურქეთის წინააღმდეგ კომბინაციებს, რასაც უეჭველია, ცდილობს ანტანტა, რათა ჩვენ დაგვაპირისპიროს თურქეთთან. აი, რას მატყობინებს ჰუსეინოვი (გასაბჭოებული აზერბაიჯანის მეთაური - ბ.ა.): "საქართველოში ამჟამად დიდი შეშფოთებაა თურქების შემოტევის გამო. ჟორდანიამ გულახდილად გვითხრა მე და შეიმანს (შეიმანი - ბოლშევიკური რუსეთის წარმომადგენელი საქართველოში - ბ.ა.), რომ ინგლისმა სომხეთი გაყიდა და იმავეს გაიმეორებს საქართველოშიცო... ამასთან, თურქეთთან ომი პოპულარულია საქართველოში, რასაც ვერ ვიტყვით ანტანტასთან ომზე. ჩემი აზრით, ერთ-ერთი საუკეთესო კომბინაციაა თურქეთის წარმატებული ომი საქართველოსთან, რაც საშუალებას მისცემს რუსეთს, ჩაერიოს, როგორც შუამავალი და გადამრჩენი... სტალინი".
1920 წლის 28 ნოემბერს სტალინი ბაქოში საიდუმლო დეპეშას უგზავნის სერგო ორჯონიკიძეს და თურქეთის საქართველოზე "მიქსევას" მოითხოვს. დეპეშის შინაარსი ძალზე საინტერესო იქნება მკითხველისთვის: "ბაქო. ამხ. ორჯონიკიძეს #5712 28/11 სასწრაფო პირდაპირი ხაზი "შენ გუშინ უკვე უნდა მიგეღო გადაწყვეტილება. აჩქარება არ ღირს, საჭიროა დამატებითი ძალების დალოდება, თურქებთან ბრძოლა დაშნაკების მაგივრად საჭირო არაა, მაგრამ თურქებისთვის ყველაფრის დათმობაც, აგრეთვე, დაუშვებელია. საჭიროა თურქებს სომხებისთვის ალექსანდროპოლის შესახებ დაველაპარაკოთ, თუმცა, ყარსის შესახებ საკითხი ჯერჯერობით ღია დავტოვოთ. როგორც ჩანს, სომხეთში თურქები ანტანტის ნებართვით მოქმედებენ, ამიტომ მათი ნდობა არ შეიძლება. აუცილებელია, ისინი (თურქეთი - ბ.ა.) მოვწყვიტოთ ანტანტას, საჭიროა, თურქეთი მივუქსიოთ საქართველოს და შევხედოთ, წავლენ თუ არა ისინი საქართველოს წინააღმდეგ. სტალინი".
საინტერესოა, რომ ეს დაშიფრული დეპეშა ბაქოში 29 ნოემბრის დილას გაშიფრეს და დედანი დაწვეს, რასაც მშიფრავის ხელმოწერაც ადასტურებს. ტექსტიდან კარგად ჩანს, რომ ბოლშევიკები საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობას არასდროს შეურიგდებოდნენ და საკუთარი მიზნების მისაღწევად თურქეთის გამოყენებასაც არ მოერიდებოდნენ, რაც შემდგომ თვეებში განვითარებულმა მოვლენებმა დაადასტურა.
1921 წლის თებერვალში მე-11 არმიის საქართველოზე შეტევას სამხრეთიდან რუსეთ-თურქეთს შორის არსებული ფარული შეთანხმებით გათვალისწინებული თურქეთის ჯარის შეტევაც დაემატა. ეს ყველაფერი ბოლშევიკების, უპირველესად კი - სტალინის მიერ შემუშავებული გეგმის ნაწილი იყო, რასაც ჯერ კიდევ 1921 წლის 13 იანვარს სტალინის მიერ ორჯონიკიძისთვის გაგზავნილი საიდუმლო შიფრ-დეპეშაც ადასტურებს: "თქვენი შეკითხვის პასუხად ცკ გაცნობებთ: რადგანაც ჩვენ თურქებთან სრული შეთანხმების გზაზე ვართ (ჩვენთვის ბათუმის, ახალქალაქისა და ახალციხის დატოვების საფუძველზე), თურქეთთან სამხედრო შეჯახება გამოირიცხება. ყველა ეს ქალაქი, განსაკუთრებით კი - ბათუმი, დაიკავეთ თურქებთან ერთად, თუ ეს დაპირისპირებას არ გამოიწვევს. მოიქეცით დიპლომატიურად. რეგულარულად მოგვაწოდეთ ინფორმაცია". აი, ასე იყოფდნენ საქართველოს „ბოლშევიკები“ და თურქები!
1921 წლის 15 თებერვალს ლენინმა დაშიფრული დეპეშა გაუგზავნა მე-11 არმიის მეთაურებს და საქართველოს ოკუპაციის შენიღბვის კონკრეტული დავალება მისცა: "მე-11 არმიის ოპერაციები ცკ-ს მიაჩნია ნეიტრალური ზონის აჯანყებულთა დასაცავად მიმდინარე დახმარებად. გაითვალისწინეთ ყველა საჯარო გამოსვლაში ამ ოპერაციის ეს პოლიტიკური შეფასება. ჩვენ ველით მე-11 არმიისგან ენერგიულ და სწრაფ მოქმედებებს ტიფლისის ასაღებად, რაც სამხედრო თვალსაზრისით, აუცილებელია ნეიტრალური ზონის დასაცავად". 1921 წლის 17 თებერვალს სტალინი ორჯონიკიძისთვის გაგზავნილ დეპეშაში ნოე ჟორდანიას აქილიკებს: "ჟორდანიას შეცდომა - მისი მთავრობა შედგენილი იყო თითქმის სულ გურულებისაგან, რის გამოც იგი არ სარგებლობდა აღმოსავლეთ საქართველოს თანაგრძნობით, ჩვენ არ უნდა გავიმეოროთ".
1921 წლის 19 მარტს სტალინი შიფრ-დეპეშას უგზავნის თბილისში ორჯონიკიძეს, რომელიც კვლავ საქართველოს ტერიტორიის განაწილებას ეხება: "ტიფლისი, ამხ. ორჯონიკიძეს, თურქებთან უკვე მოწერილი ხელშეკრულების მიხედვით, ბათუმი საქართველოს დარჩა. კარაბეკირმა ეს უნდა იცოდეს, რომ (ტექსტი არ იკითხება - ბ.ა.) მაგრამ... (ტექსტი არ იკითხება - ბ.ა.) უნდა შევძლოთ თურქების ბათუმიდან გაყრა და შემდეგ კი ეს, როგორც გაუგებრობა, ისე ავხსნათ. ინიციატივა თავის თავზე უნდა აიღონ მეთაურებმა. მათ საქართველოს მთავრობა უნდა დაეხმაროს, მაგრამ ჩრდილში უნდა დარჩეს. 19/03/21 #132 სტალინი". საქართველოს წინააღმდეგ თურქეთთან ბოლშევიკური რუსეთის ფარულ გარიგებაზე სტალინის არქივში შემორჩენილი ხელნაწერიც ადასტურებს, რომელიც მან ლენინს 1921 წლის 7 ნოემბერს გაუგზავნა.
ჩანს, რომ საქართველოს ტერიტორიის ერთობლივი დანაწილების შემდეგ თურქები ბოლშევიკებისგან შეპირებულ ფულსა და იარაღს დაჟინებით ითხოვდნენ: "ამხ. ლენინ! თურქებს საჭიროა, მივცეთ გათვალისწინებული ფინანსების მეორე ნაწილიც (1 100 000 რუბლი), ამავე დროს ნათლად და გარკვევით ავუხსნათ მათ, რომ ჯერჯერობით, სამწუხაროდ, არ შეგვიძლია მეტის მიცემა, რუსეთში დაწყებული შიმშილის გამო, რაც შეეხება მათთვის გამზადებულ იარაღს, ისიც მივცეთ. სტალინი. 7/11.21".
საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ სულ რაღაც ორწელიწად-ნახევარი იარსება და ჟორდანია-რამიშვილის მთავრობამ ამ მოკლე პერიოდში სასწაულის მოხდენა ვერ შეძლო - ქვეყნის დამოუკიდებლობა ვერ შეინარჩუნა. ამისთვის ნუ გავკიცხავთ ამ თავდადებულ მამულიშვილებს, იმ ისტორიულ ეპოქაში მათ მეტის გაკეთება ობიექტურად არ შეეძლოთ. რუსეთ-თურქეთის გარიგების, ევროპა-აშშ-ის პრაგმატულ-ეგოისტური მოქმედებებისა და ბოლშევიკებთან პოლიტიკური თამაშების გამო, სამწუხაროდ, საქართველოს ბედი გადაწყვეტილი იყო. საუკუნეზე მეტი გავიდა, თუმცა რამდენი მსგავსებაა დღევანდელ მდგომარეობასთან. ისტორიული დოკუმენტებისა და მემუარული ლიტერატურის შესწავლის შემდეგ თვალნათელი ხდება ის რთული გეოპოლიტიკური მდგომარეობა, რომელშიც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლებას უხდებოდა მუშაობა. მათ თავდადებას "მუშაობასაც" ვერ დავარქმევთ. ეს იყო ყოველდღიური ბრძოლა ქვეყნის გადარჩენისთვის - ხილულ და უხილავ მტერთან, ფრონტის ხაზზეც და ტფილისში, პარიზში, ბერლინში, ლონდონში და თავად მოსკოვშიც.
დამოუკიდებელი საქართველოს მტრები: მიქოიანი, სტალინი და ორჯონიკიძე
"ევროპა თუ რუსეთი?" - ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალური 1917 წელს, რუსეთის იმპერიის დანგრევის შემდეგ გახდა. თავიდან საქართველოს პირველი რესპუბლიკის სოციალ-დემოკრატიული მთავრობა იმედოვნებდა, რომ "ბოლშევიკების" ხელისუფლებასთან საერთო ენას გამონახავდა და ორი დამოუკიდებელი ქვეყნის მშვიდობიანი თანაარსებობა სავსებით შესაძლებლად მიაჩნდა. თუმცა ილუზიები მალევა გაქრა: "ბოლშევიკურმა რუსეთმა" სწრაფადვე გამოაჩინა "მტაცებლის ეშვები" და საქართველოში სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობის არევას შეეცადა. ამის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ ერთადერთი სწორი არჩევანი გააკეთა. 1920 წლის 13 იანვარს გამართულ დამფუძნებელი კრების საზეიმო სხდომაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია, რომელმაც განაცხადა (სტილი უცვლელია): "დასავლეთი თუ აღმოსავლეთი - აი, საკითხი ჩვენს წინაშე დასმული და აქ ყოყმანი შეუძლებალია, ჩვენ მუდამ ვირჩევდით და ვირჩევთ დასავლეთს... ვიცი მტრები აყვირდებიან - იმპერიალისტებს ემხრობითო. ამიტომ აქ გადაჭრით უნდა ვსთქვა: მირჩევნია დასავლეთის იმპერიალისტები აღმოსავლეთის ფანატიკოსებს" (ციტატის დასასრული). ეს მკაფიო განცხადება მაშინ მისაღები აღმოჩნდა საქართველოს ყველა პოლიტიკური პარტიისთვის.
ხემ თქვა: "ცული მე რას დამაკლებდა, შიგ ჩემი გვარისა რომ არ ერიოსო". ქართველების ხელით აი ასე მზადდებოდა და განხორციელდა საქართველოს ოკუპაცია და ანექსია. ამგვარია უტყუარი საარქივო დოკუმენტები. დასკვნები კი თავად გამოიტანეთ.