ჟირინოვსკი განრისხდა - კვირის პალიტრა

ჟირინოვსკი განრისხდა

ლონდონში მიმდინარე ზაფხულის 30-ე ოლიმპიური თამაშების მესამე დღე ქართული დელეგაციისთვის უიღბლო გამოდგა. ძიუდოისტ ნუგზარ ტატალაშვილს ფორტუნამ უმტყუნა და ასპარეზობის პირველივე წრეში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, კორეელი კი-ჩუნ ვანგი არგუნა. თანაბარ ბრძოლაში ოდნავ ძლიერი აზიელი ფალავანი გამოდგა. მომდევნო შეჯიბრებებზე ნუგზარს რევანშის საშუალება მიეცემა და იმედია, გაგვახარებს.

დღეს ასპარეზობაში ავთანდილ ჭრიკიშვილი ჩაებმება. მას შედარებით იოლი განთესვა ერგო და რაიმე სპორტული "მოულოდნელობა" თუ არ დაფიქსირდა, საპრიზო ადგილისთვის აუცილებლად უნდა იბრძოლოს. ავთანდილს წერილის დასასრულს დავუბრუნდები, მანამდე კი სხვადასხვა საინტერესო "ოლიმპიურ ინფორმაციას" გაგაცნობთ.

თამაშების დაწყების წინ სპორტის სფეროში მოღვაწე კომპეტენტურმა პირებმა პროგნოზი გააკეთეს. მათი მტკიცებით, მოპოვებული ჯილდოების რაოდენობით ლონდონის თამაშებს აშშ მოიგებს. მეორე პოზიციას ჩინეთი დაიკავებს, მესამე ადგილისთვის კი გერმანია და რუსეთი იბრძოლებენ. ოლიმპიური თამაშები სამი დღის დაწყებულია და ლიდერობისთვის მაო ძედუნის თანამემამულეები და "კაპიტალისტური" ამერიკის წარმომადგენლები იბრძვიან. გერმანიის სპორტული დელეგაციის აქტივში კინკილა ვერცხლია, რუსებმა კი ორი ოქრო და სამი ბრინჯაო მოიპოვეს.

ერთ-ერთ რუსულ საიტზე ბატონ ვლადიმირ ჟირინოვსკის მრისხანე ინტერვიუს წავაწყდი. "ვოლფოვიჩი" რუსული სპორტის მაღალჩინოსნებს დაუფარავად აკრიტიკებდა. ჟირინოვსკის მტკიცებით, სირცხვილია, რომ რუსებს "წვრილთვალება აზიელები" და გაზულუქებული ამერიკელები სჯობნიან.

ჟირინოვსკი და ჩინელები საკუთარ პრობლემებს უჩვენოდ მოაგვარებენ. ალბათ, დრო მოვიდა და გუშინდელი "ოლიმპიური გმირები" უნდა წარმოგიდგინოთ.

23 წლის ახალგაზრდა მიშელ მორგანელი ფეხბურთელია. ჭაბუკი შვეიცარიის ოლიმპიურ ნაკრებში ასპარეზობს. გუშინ მას ლონდონის დატოვებამ მოუწია. მცველმა ერთ-ერთ შვეიცარიულ გაზეთს ინტერვიუ მისცა და სამხრეთ კორეის ეროვნული გუნდის მოთამაშეების შესახებ რასისტული მოსაზრებები გამოთქვა. თბილისში ბევრი აზიელი დადის. ამ მიზეზის გამო ფეხბურთელი მიშელის მოსაზრებების გამეორებისგან თავს შევიკავებ. ფაქტია, რასისტული მიდრეკილებების საჯარო დაფიქსირების გამო ბერძენი პარასკევის შემდეგ, ოლიმპიური თამაშების გამოტოვებამ შვეიცარიელ მორგანელის მოუწია.

გუშინდელი დღის მეორე მთავარი "გმირი" ინდოელი ქალიშვილი მადჰურა ნაგენდრა აღმოჩნდა. ის ლონდონის ერთ-ერთი უნივერსიტეტის სტუდენტია. მხოლოდ მისთვის ცნობილი "გზების" გამოყენებით ქალმა ოლიმპიური თამაშების გახსნის საზეიმო ცერემონიალზე დაუბრკოლებლად შეაღწია და სტადიონზე ინდოეთის სპორტულ დელეგაციასთან ერთად გამოჩნდა.

ამ ამბავმა დიდი რეზონანსი გამოიწვია. ინდოელებმა ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე სებასტიან კოუს ოფიციალური განმარტება მოსთხოვეს. მათი მტკიცებით, სპორტულ სარბიელებზე უსაფრთხოების ზომები ბოლომდე დაცული არ არის. წინააღმდეგ შემთხვევაში, სტუდენტი მადჰურა სტადიონის ბილიკებზე ოლიმპიური დელეგაციის წევრებთან ერთად ვერ გამოჩნდებოდა. ყოფილმა მძლეოსანმა კოუმ ინდოელებს ბოდიში მოუხადა, სტუდენტი გოგონა კი თანამემამულეთა თვალში ეროვნულ გმირად გადაიქცა (სურათზე მადჰურა წითელ მაისურშია).

გუშინ მსოფლიო მასმედიის თვალთახედვის არეში ბრაზილიელი ძიუდოისტი ფელიპე კიტაძი აღმოჩნდა. ფელიპემ 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. გაგეცინებათ და სპორტსმენმა ეს ჯილდო ერთ საათში საშხაპეში დააზიანა.

ოფიციალური დაჯილდოების შემდეგ კიტაძი შხაპის მისაღებად განმარტოვდა. ბრინჯაოს მედალი ზედ ეკიდა. სამწუხაროდ, სპორტსმენს ფეხი დაუცდა, დავარდა და ოლიმპიური ჯილდო გატეხა. მართლაც რომ დაუჯერებელი ისტორიაა, მაგრამ ეს სინამდვილე გახლავთ. "უიღბლო" ფელიპე კიტაძის ფოტოსურათსაც ამ წერილში იხილავთ.

ბრაზილიის ოლიმპიური გუნდის ხელმძღვანელი ბერნარდ რაიზმანი იძულებული გახდა, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობისთვის დამატებით კიდევ ერთი ბრინჯაოს მედლის გამოყოფა მოეთხოვა. სპორტული მსოფლიო კიტაძის შესახებ იცინის. თამაშების ისტორიას არ ახსოვს, რომ მედალი მიღებისთანავე დაეზიანებინოთ, ისიც საშხაპეში.

ჟირინოვსკიზე ვისაუბრეთ, მადჰურა ვახსენეთ, უიღბლო კიტაძისაც შევეხეთ. დადგა დრო და ქართველი ოლიმპიელების დღევანდელი გამოსვლა უნდა განვიხილოთ. წერილის დასაწყისში ვახსენე, რომ ავთანდილ ჭრიკიშვილს მედლის მოპოვების საშუალება აქვს. პირველ წრეში ის თავისუფალია. შემდეგ ხორვატ მარიჯანოვიჩს შეხვდება. ნახევარფინალამდე განთესილი ძლიერი მოწინააღმდეგე არ დაუპირისპირდება.

ჩოგბურთელი ანა ტატიშვილი რუს ნადია პეტროვას ეთამაშება. პეტროვა უფრო გამოცდილია, მაგრამ ანას მისთვის ღირსეული მეტოქეობის გაწევა ნამდვილად შეუძლია.

გიორგი გაჩეჩილაძე (სპეციალურად საიტისთვის)