რამ დააპანიკა პუტინი ანუ სადამდე შეაღწევენ რუსეთის სიღრმეში "აღვირმოხსნილი" უკრაინული რაკეტები?!
გერმანიის ახალი კანცლერის - ფრიდრიხ მერცის განცხადება იმის შესახებ, რომ გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და თვით ტრამპის აშშ-იც კი, უხსნიან ყველა შეზღუდვას კიევს, დასავლეთისგან მიწოდებული რაკეტების აგრესორი რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში გამოყენებაზე, მეორე დღეა, არ კარგავს აქტუალურობას და მსოფლიოს მასმედიის განხილვის მთავარ თემად რჩება, ხოლო თავად რუსეთი კი გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის სასწრაფოდ გამართვას მოითხოვს, რადგან კრემლის მტკიცებით, ეს ყველაფერი, თურმე, „მსოფლიოში მშვიდობას ემუქრება“, თითქოს, იმავე კრემლის დავალებით მეოთხე წელია, მიწასთან არ ასწორებდნენ უკრაინულ ქალაქებსა და სოფლებს...
მაინც ასე რამ ააფორიაქა პუტინის რუსეთი და მართლაც რამდენად სახიფათო გახდება მისთვის „აღვირმოხსნილი“ უკრაინული რაკეტების „დაუპატიჟებელი სტუმრობები“?
საერთოდ, ომების ისტორიებიდანაც კარგად ჩანს, რომ ბრძოლაში უპირატესობას იღებს ის მხარე, რომელსაც უფრო შორს შეუძლია მიწვდეს და დააზიანოს მოწინააღმდეგე - ასე იყო ქვითა და ხელკეტით მებრძოლ პირველყოფილ ადამიანებს შორის და ასე არის დღესაც - რაკეტებისა და დრონების ხანაშიც...
ის, რომ „გრძელ ხელკეტში“ რუსეთს უკრაინასთან შედარებით უდიდესი უპირატესობა აქვს, საკამათოდაც კი არ ღირს, რადგან საბჭოთა მემკვიდრეობიდან შემორჩენილი საკონტინენტშორისო ბირთვულქობინიანი ბალისტიკური რაკეტებით რუსეთი ჩრდილო-ამერიკის კონტინენტსაც კი სწვდება, ხოლო მეზობელი უკრაინის დასაბომბად ოპერატიულ-ტაქტიკური და ტაქტიკური დანიშნულების ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტებიც ჰყოფნის, რომლებიც უკრაინის ტერიტორიის ნებისმიერ წერტილამდე აღწევენ.
გერმანული „ტაურუსების“ უკრაინისთვის გადაცემის შემთხვევაშიც, ამ ომში დიდი გარდატეხა არ მოხდება, მაგრამ რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში არა ერთი საიარაღო საწყობი და სამხედრო ქარხანა აგიზგიზდებდა...
უკრაინის საპასუხო მოქმედებები ბოლო პერიოდში ბევრად უფრო ეფექტიანი გახდა, შორსმფრენი კამიკაძე-დრონების მასობრივი წარმოებისა და გამოყენების შედეგად, მაგრამ უკრაინის არმიას ძალზე მცირე რაოდენით აქვს საკუთარი წარმოების „ნეპტუნის“ ფრთოსანი რაკეტები და მხოლოდ ახლა ცდის „გრომ-2“-ის ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკურ მობილურ სარაკეტო სისტემებს, რომლებიც რუსული „ისკანდერების“ ერთგვარი საპირწონე უნდა გახდნენ ამ ომში.
სამაგიეროდ, უკრაინის არმიის შეიარაღებაში მესამე წელია, გამოიყენება დასავლური წარმოების სარაკეტო შეიარაღება, მათ შორის - 250 კმ-მდე მფრენი ბრიტანული Storm Shadow და ფრანგული SCALP-EG ტიპის ფრთოსანი რაკეტები, ასევე, ამერიკული „ჰაიმარსებიდან“ გასაშვები აერობალისტიკური რაკეტები MGM-140B ATACMS Block 1A , რომლებიც 300 კმ-მდე აღწევენ.
თავად უკრაინული წარმოების ხომალდსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტის, „ნეპტუნის“ ფრენის მაქსიმალური სიშორე 280 კმ-ია, თუმცა მის მოდერნიზებულ ვარიანტს, რომელიც „ხმელეთი-ხმელეთის“ კლასის ფრთოსან რაკეტად გადაიქცა, 400 კმ-ზეც შეუძლია მიღწევა.
თითქოს კიევს ბევრი საწუწუნო აღარ უნდა ჰქონდეს, რადგან მის არსენალში თავი მოიყარა 4-5 ტიპის ფრთოსანმა და ბალისტიკურმა რაკეტამ, რომელთა მოქმედების რადიუსი 250-დან 400 კმ-მდეა და ამით შეუძლიათ, სათანადო პასუხი გასცენ რუსული „ისკანდერების“ მხრიდან უკრაინული ქალაქების გამუდმებულ დაბომბვებს. მაგრამ საქმე ასე მარტივად არ არის, რადგან ასეთ ფართომასშტაბიან და დროში გახანგრძლივებულ ომში მნიშვნელოვანი ხდება უფრო რაოდენობა, ვიდრე ხარისხი - უკრაინელი სამხედროების განკარგულებაში კი „ხმელეთი-ხმელეთის“ კლასის როგორც სამამულო, ისე - დასავლური წარმოების ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტების მხოლოდ მიზერული რაოდენობაა, რომლებსაც თვალისჩინივით ინახავენ და მხოლოდ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი რუსული სამიზნეებისთვის თუ „იმეტებენ“...
რა შეიცვლება ამ მხრივ, თუკი გერმანიის ახალმა კანცლერმა მაინც გაბედა და „ტაურუსის“ ფრთოსანი რაკეტები მიაწოდა უკრაინას?
პირველი - TAURUS KEPD 350/150-ი ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების „ჰაერი-ჰაერის“ კლასის ფრთოსანი რაკეტაა და ის ბრიტანული Storm Shadow-სა და ფრანგული SCALP-EG -ის ერთგვარი გერმანულ-შვედური ანალოგია.
მეორე - „ტაურუსის“ მოქმედების რადიუსი აღემატება 500 კმ-ს, რაც რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში მნიშვნელოვანი სამიზნეების ოპერატიულად დაზიანება-განადგურების საშუალებას მისცემს უკრაინის გენშტაბს.
მესამე - „ტაურუსის“ საბრძოლო ქობინი 481 კგ-ს იწონის და ტანდემური სქემის ბეტონგამტანი კონსტრუქციისაა, რაც კარგად გამაგრებული სამიზნეების გასანადგურებლად გამოიყენება, მათ შორის - მოწინააღმდეგის მიწისქვეშა სამეთაურო პუნქტებისა და შეირაღების საწყობების.
მეოთხე - „ტაურუსი“ გამოირჩევა ზუსტი ნავიგაციისა და დამიზნების კომბინირებული სისტემით, რომელიც აერთიანებს ინერციულ სანავიგაციო სისტემას (მასზე არანაირად არ მოქმედებს მოწინააღმდეგის რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებები, თუმცა თავად სისტემა არ გამოირჩევა რაკეტის მიზანზე გაყვანის დიდი სიზუსტით); საბორტე კომპიუტერში ფრენის მარშრუტის ციფრული რუკების არსებობა, რომელთანაც ხდება შედარება იმ ციფრული ფოტოების, რომლებსაც ფრენის დროს იღებს რაკეტაზე დაყენებული ოპტიკური მოწყობილობა და ამით აკორექტირებს ფრენის მარშრუტს, რაც თავის მხრივ, რაკეტას საშუალებას აძლევს, ძალიან დაბალ სიმაღლეზე იფრინოს, რელიეფის მიყოლებით და ძნელად აღმოსაჩენი გახდეს მოწინააღმდეგის რადილოკატორებისთვის.
ასე რომ, გერმანულ „ტაურუსს“, ანალოგიური დანიშნულების ფრანგულ და ბრიტანულ ფრთოსან რაკეტებთან შედარებით, უფრო დახვეწილი ნავიგაციისა და დამიზნების სისტემები გააჩნია, რაც ზრდის მიზნამდე მისი მიღწევისა და უზუსტესად დაზიანების ალბათობას, მით უმეტეს - ძლიერი რუსული საჰაერო თავდაცვის პირობებში.
მაგრამ მთავარი დიდი პრობლემა აქაც იგივეა - გერმანიის არსენალში რჩება 479 ერთეული „ტაურუსის“ ფრთოსანი რაკეტა, თუმცა მათგან ტექნიკურად გამართული მხოლოდ 250 თუ იქნება და ამ, ისედაც მცირე რაოდენობიდან, ბერლინმა კიევისთვის არა უმეტეს ასიოდე „ტაურუსი“ თუ შეიძლება გაიმეტოს...
ასიოდე „ტაურუსიც“ არ არის პატარა საქმე, თუკი ისინი მიაღწევენ სასურველ მიზნებს, მაგრამ ამ რაოდენობის, თუნდაც ასე „დახვეწილი“ რაკეტები ასეთ ფართომასშტაბიან ომში დიდ გარდატეხას მაინც ვერ შეიტანენ, თუმცა პუტინის აგრესორ რუსეთს სერიოზულად კი გაამწარებენ...