”ვგავარ მე იმ კაცს, ფულს რომ ”შეაწერენ”? - კვირის პალიტრა

”ვგავარ მე იმ კაცს, ფულს რომ ”შეაწერენ”?

ცოტა ხნის წინ რამდენიმე ჟურნალისტს შეხვედრა გვქონდა ბიზნესმენ თემურ ჭყონიასთან, სულ სხვა თემაზე და სხვა ფორმატში. შეხვედრის შემდეგ კი გადავწყვიტე, შემთხვევით მესარგებლა და საქართველოში ერთ-ერთი წარმატებული ბიზნესმენისთვის რამდენიმე კითხვა დამესვა, მით უფრო, რომ წინასაარჩევნოდ სულ უფრო ხშირად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხელისუფლება ბიზნესს ”ატერორებს”, ფულს ”აწერს” და წინასაარჩევნო კამპანიისთვის იყენებს.

თემურ ჭყონია, ბიზნესმენი: ”ვგავარ მე იმ კაცს, ფულს რომ ”შეაწერენ”? ზოგ შემთხვევაში არც მჭირდება თხოვნა, მე თვითონ ვაკეთებ რაღაცებს. ამ ქვეყანაში ცხოვრობ და არ უნდა ცხოვრობდე ამ ქვეყნის წესებით? ოღონდ ისე არა, რომ შენი საქციელი პატივისცემას არ იმსახურებდეს. ჩვენი ბიზნესი ხელისგულზე ჩანს, თუ არის ისეთი პროექტი, რასაც სახელმწიფო აკეთებს და ჩემი მხარდაჭერა სჭირდება, იმ ფარგლებში, რაც მე შემიძლია, არაფერს დავიშურებ, მაგრამ ისე არა, რომ ის აშენდეს და ამან მე დამაქციოს. იყო შემთხვევა, მითხრეს, ავტობანზე ”მაკდონალდსი” გააკეთეო, მაგრამ არ გავაკეთე, რადგან არ იქნებოდა მომგებიანი, ავუხსენი და დარწმუნდნენ.

- ბიზნესის წარმოება როდის უფრო იოლი იყო, ამ ბოლო 15 წელს თუ გადავხედავთ?

- პოლიტიკური თვალსაზრისით მეკითხებით? რაც უნდა ამუხრუჭო ბიზნესი, ის მაინც განვითარდება. მსოფლიო ვითარდება და შეუძლებელია, ამას შენმა ქვეყანამაც არ აუწყოს ფეხი. თავისთავად შეიძლება მოხდეს გარკვეულ დონეზე განვითარება. ბიზნესის წარმოება კი ყოველთვის რთულია, რადგან ძალიან ბევრი ფული გჭირდება.

პოლიტიკაზე კი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ბიზნესი. ხშირად ამბობენ, თავისუფალი ვართ პოლიტიკისგანო, მაგრამ გამორიცხულია, არც ერთ ქვეყანაში არც ერთი ბიზნესი არ არის პოლიტიკისგან თავისუფალი. შეიძლება იმ გაგებით არ იყოს ყველგან შეზღუდვები, რომ მაინცდამაინც დასაჭერად დასდევდნენ ბიზნესმენებს, მაგრამ გარკვეული ურთიერთობა მაინც აქვს ყველა ბიზნესმენს პოლიტიკასთან.

- მაშინ ეს მითხარით, როგორი იყო ეს ურთიერთობები რამდენიმე წლის წინ, წინა ხელისუფლებასთან, და როგორია ახლა?

- რამდენი პრეზიდენტი მყავს გამოცვლილი და არაჩვეულებრივი ურთიერთობა მქონდა ყველასთან. რატომ, არ ვიცი, მართალი რომ გითხრათ.

- გეცოდინებათ...…

- რეცეპტი გითხრათ? ვიცი, მაგრამ ვერ გეტყვით, ”კოკა-კოლას” რეცეპტივით ესეც საიდუმლოა.

- მაშინ ის გვითხარით, ვისთან უფრო კარგი ურთიერთობა გქონდათ, წინასთან თუ ამ ხელისუფლებასთან?

- ბიზნესისთვის მთავარი არ არის, ვინ არის პოლიტიკაში, მისთვის მთავარია, საქმე როგორ კეთდება. არც ერთი ხელისუფლებისგან არ ველოდები ხელის შეწყობას. რომ ითხოვენ მთავრობისგან, ბიზნესს შეუწყვე ხელიო, რა ხელი უნდა შეუწყოს? ხშირად ლაპარაკობენ მცირე ბიზნესის განვითარებაზე და არავინ იცის, რა არის მცირე ბიზნესი. არასდროს ვედრები ბაფეტს, ბილ გეითსს, მე მაქვს ჩემი ცხოვრება, რითაც კმაყოფილი ვარ. არ დავფრინავ ცაში, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიყვარს ოცნება, მაგრამ ვიცი ჩემი საქმის კეთება. მცირე ბიზნესი რომ განვითარდეს, ჯერ ქვეყანაშიUუნდა შეისწავლონ დიდი ბიზნესი და შემდეგ გადაწყვიტონ, რისი გაკეთება შეუძლიათ მისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. მაგალითად, ”კოკა-კოლას” ბოთლს ხომ სჭირდება საცობი, ჰოდა, ეს საცობი უნდა გააკეთოს მცირე ბიზნესმა და ჩემი სახით გარანტირებული მომხმარებელი ეყოლება, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ბიზნესი წარმატებული იქნება. ისე, როგორც ”ჯენერალ მოტორსი” ამზადებს ავტომობილის ჩონჩხს და შემდეგ დეტალების დამზადებაზე ტენდერს აცხადებს. საქართველოში კი მცირე ბიზნესი ცალკე, განყენებულად შენდება და ამიტომაც არის წარუმატებელი. მეწარმე ჯერ იწყებს რაღაცის კეთებას, შემდეგ ეძებს მისი გასაღების ბაზარს და შემდეგ აღმოჩნდება, რომ ეს ბაზარი დაკავებულია და პროდუქცია, რომელსაც ამზადებს, თურქეთიდან შემოდის, იმიტომ, რომ იქიდან შემოტანა უფრო იაფი ჯდება. იქ კი მცირე ბიზნესს უკვე მთელი ისტორია აქვს.

- გამოდის, მსხვილმა ბიზნესმა უნდა მისცეს იდეა მცირე ბიზნესს?

- კი მაგრამ, არავინ მოდის ჩვენთან, რომ შემოგვთავაზონ ან გვკითხონ. ”მაკდონალდსისთვის” პლასტმასის ჩანგლები თურქეთიდან ჩამოგვაქვს. არადა, უმარტივესი დანადგარია, რომელიც ამ ჩანგლებს ამზადებს. ასეთი ქარხანა კი საქართველოში არ არის. ჩვენთვის ამ პროდუქციის თურქეთიდან ჩამოტანა დამატებითი ხარჯია: მანქანა, ტრანსპორტირება, საწყობში შენახვა. არ გვირჩევნია, აქ შევიძინოთ? დავრეკავდით და მოგვიტანდნენ. ამიტომ მცირე ბიზნესი მსხვილი ბიზნესის გარშემო უნდა განვითარდეს.

- თქვენზე ამბობენ, ”კოკა-კოლას” არ სვამსო, მართალია?

- თქვან... რასაც ამბობენ, ყველაფერი მართალი კი არ არის. ძალიან ბევრს ვსვამ. ჩემს შვილიშვილს, თემურიკოსაც ძალიან უყვარს.

- ქობულეთში 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო გაქვთ, ლაზიკასთან დაკავშირებით არა გაქვთ გეგმები?

- ახალი ქალაქის მშენებლობა ცუდი იდეა არ არის. მაგარი იქნება ლაზიკა. ვენეციას რომ აშენებდნენ, გგონიათ, ასეთი ჩხუბი და აზრთა სხვადასხვაობა არ იქნებოდა? ან გორგასალმა რომ გადაწყვიტა თბილისის გაშენება, ფიქრობთ, მოწინააღმდეგეები არ ეყოლებოდა?

- საქართველოს ბევრი რეგიონი, სოფელი დანგრეულია...

- შესაძლოა ჯობდეს ახალი ააშენო, ვიდრე ძველს დაუწყო ფეხზე წამოყენება. როგორც ვიცი, ფოთის პორტი, როგორც თავისუფალი ეკონომიკური ზონა, იმიტომ ვერ განვითარდა, რომ ნავმისადგომს საკმარისი სიღრმე არა აქვს, დიდი გემები ვერ შემოდიან. არ ვიცი, რატომ ვერ გათვალეს ეს თავიდან. ლაზიკაში კი შეიძლება საერთაშორისო მნიშვნელობის პორტი აშენდეს. არა მგონია, ეს მხოლოდ ემოციაზე აგებული პროექტი იყოს. ექსპერტი არა ვარ, მაგრამ ასე მგონია. ვნახოთ, რა იქნება და გეგმებსაც ამის შემდეგ დავსახავ”.

(სპეციალურად საიტისთვის)