ტრამპმა საქართველოსთვის მოიცალა?! - წერილები ვაშინგტონიდან, რომელმაც ვნებათაღელვა გამოიწვია - კვირის პალიტრა

ტრამპმა საქართველოსთვის მოიცალა?! - წერილები ვაშინგტონიდან, რომელმაც ვნებათაღელვა გამოიწვია

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით აშშ-სგან ორი განსხვავებული მილოცვა ვნახეთ. ერთი აშშ-ს სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსგან, რომლის ადრესატი იყო ქართველი ხალხი და არა საქართველოს ხელისუფლება. და დონალდ ტრამპისგან, რომლის ადრესატი მიხეილ ყაველაშვილი იყო და წერილში ქართულ-ამერიკული ურთიერთობების განვითარებაზე იყო საუბარი. ამან საზოგადოების ნაწილში გააჩინა კითხვები - ემთხვევა თუ არა ტრამპისა და რუბიოს ხედვები საქართველოსთან დაკავშირებით?! ამ საკითხებთან დაკავშირებით ანალიტიკოსი ვაჟა ბერიძე გვესაუბრება.

- ორი სხვადასხვა შინაარსის წერილი იმაზე მეტყველებს, რომ პოლიტიკის დიდ მოთამაშეებს შორის ურთიერთობების გარკვევა მიმდინარეობს. ჯერჯერობით, საქართველოსთან მიმართებაში ამერიკის ახალი ადმინისტრაციის პოზიცია ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის. მოსალოდნელიც იყო, რომ ვაშინგტონში ჩვენთვის მაისამდე ვერ მოიცლიდნენ. სწორედ ახლა დადგა ის დრო, როდესაც დიდი მოთამაშეებში გარკვეული პოზიციები გამოიკვეთა და სწორედ მათი გათვალისწინებით შეიძლება ვისაუბროთ საქართველოსთან მიმართებაში დასავლეთის, მათ შორის, შეერთებული შტატების განზრაზვაზე. მართალია, ქართველები ჩვენს პერსპექტივას რუსეთ-უკრაინის ომის შედეგებს ვუკავშირებთ, მაგრამ რეალურად დასავლეთი ამ ომის ბედის გარკვევამდე ჩამოაყალიბებს საქართველოსთან ურთიერთობას - თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ სამხრეთ კავკასია მნიშვნელოვანი რეგიონია გეოსტრატეგიული და გეოეკონომიკური თვალსაზრისით და ამერიკისთვის დიდი დანაკარგი იქნებოდა რეგიონიდან გასვლა. მით უმეტეს, რომ ევროკავშირის წამყვანი ქვეყნების პოზიცია მოძველებული, ყავლგასული და არაეფექტურია.

საერთოდ არაფრის მომტანია ფრანგი პრეზიდენტის, მაკრონის დეკლარაციები, ტრამპი კი პრაგმატული პოლიტიკოსია და მსოფლიო პოლიტიკის მიმართ ახლებური ხედვები აქვს. ახლა მას პაუზა აქვს რუსეთ-უკრაინის ომთან მიმართებაში - მისი ერთი წარბის აწევით ვერ დაზავდა ეს ორი ქვეყანა. პოლიტიკას არ უყვარს დიდხანს ლოდინი და სიჩუმე, ამიტომ ამერიკამ უნდა იმოქმედოს. ის პოლიტიკა, რასაც ევროკავშირი და ამერიკის ძირძველი ლიბერალურ-დემოკრატების ნაწილი აგრძელებს, საქართველოს დასავლეთს აშორებს, რუსეთთან კი აახლოვებს - მიუხედავად იმისა, რომ ეს დაახლოება ჩინეთთან ურთიერთობების ინტენსიფიკაციის მოწოდებით არის შენიღბული. როგორც ჩანს, პრაგმატულად მოაზროვნე ტრამპმა გაიაზრა, რომ ამ პოლიტიკის მექანიკურად გაგრძელებას შედეგად საქართველოს რუსეთთან დაახლოება მოჰყვება - როგორც არ უნდა განვითარდეს უკრაინასთან დაკავშირებული მოვლენები. გასაგებია, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ქართული საზოგადოების ერთ ნაწილს მიუღებელი და არალეგიტიმური ჰგონია, მაგრამ მეორე ნაწილისთვის მისაღებიც არის და ლეგიტიმურიც. ტრამპი ამას ხედავს და მისი წერილიც ამის დადასტურებაა. მისი წერილი - ყაველაშვილის მისამართით უკვე პოზიციაა

- როგორ გგონიათ, ფიქრობს თუ არა ტრამპი, რომ დღეს საქართველოსთან ურთიერთობის გადახედვა სწორედ ამ შიდა პოლარიზაციის გათვალისწინებით არის საჭირო?

- უნდა ითქვას, რომ ქართული საზოგადოების ის ნაწილიც კი, რომელიც ივანიშვილის ხელისუფლების არსებობას აღიარებს, თამაშგარე მდგომარეობაშია და მის ინტერესებს ნაკლებად ითვალისწინებს დღევანდელი მმართველი ძალა. ძალიან მნიშვნელოვანია დისკუსიაში იმ ხალხის ჩართვა, რომელიც ოპოზიციისა და მმართველი გუნდის ინტერესებზე მაღლა ქვეყნის ინტერესებს აყენებს. ეს დისკუსია არ უნდა იყოს კულუარული. ვფიქრობ, მმართველი მავანნი დღესაც ცდილობს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობების დალაგებას, მაგრამ ამის შესახებ ჩვენ არაფერი ვიცით. ზოგადი განცხადებებით და ლოზუნგებით კი ბევრს ვერაფერს გავიგებთ.

- თქვენი შეფასებით, რატომ არ არის ტრამპის წერილის ადრესატი სიმბოლური მნიშვნელობის პოსტზე მყოფი ყავლაშვილი და არა პრემიერი კობახიძე?

-იმიტომ, რომ ჯერ ამერიკისა და არ საქართველოს ურთიერთობების შინაარსი დაზუსტებული არ არის - ჯერ კიდევ არის დადგენილი არ არის, რა რელსებზე გადადის ქართულ-ამერიკული ურთიერთობები - ადრინდელ მდგომარეობას უბრუნდება, თუ სუფთა ფურცლიდან იწყება. ამიტომ აღმასრულებელ ხელისუფლებასთან პირდაპირი საუბარი არ იქნებოდა მართებული. გაითვალისწინეთ, რომ ჩვენ რუბიომაც მოგვილოცა დამოუკიდებლობის დღე, მაგრამ მას მხოლოდ ქართველ ხალხზე ჰქონდა აქცენტი გაკეთებული. ტრამპის მოლოცვაში კი თვითონ რაღაც შეიცვალა, დაზუსტდა, თითქოს ტრამპს რაღაც გაუმხილეს და მანაც რაღაც სხვაგვარად გადაწყვიტა. ახლა ჩვენ ბიძინა ივანიშვილს უნდა მოვუწოდოთ, რომ საგარეო პოლიტიკური აქტიურობის მეტი ინტენსიფიკაცია მოახდინოს და უფრო მკაფიოდ განსაზღვროს დამოკიდებულება სტრატეგიული პარტნიორების მიმართ.

- რაც შეეხება შს მინისტრის პოსტიდან ვახტანგ გომელაურის გადადგომას. რამდენად ჰგავს სიმართლეს მისი ნათქვამი, რომ თანამდებობა საკუთარი ნებით დატოვა?

- მიუხედავად იმისა, რომ ვახტანგ გომელაური წლების განმავლობაში მუშაობდა ძალიან საპასუხისმგებლო პოზიციებზე, მის გადადგომას ასეთ მნიშვნელობას არ მივანიჭებდი. ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლების ძალოვან მიმართულებას აძლიერებს. იმიტომ, რომ მმართველი გუნდის წინაშე ძალიან სერიოზული და რთული გამოწვევებია.

- რჩება განცდა, რომ თანამდებობა ივანიშვილის გარემოცვის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა დატოვა. ეს რაზე მიანიშნებს?

- ჩემი შეფასებით, არ არსებობს ივანიშვილისა და კობახიძის გუნდები - ცალ-ცალკე. შესაძლოა, კობახიძე რაღაც მიმართულებით კიდევაც ჰქონდე არჩევანის თავისუფლება, მაგრამ წარმოუდგენლად მივიჩნევ, რომ პრემიერმა ივანიშვილთან შეუთანხმებლად გადადგას რამე ნაბიჯი.

ხათუნა ბახტურიძე

(სპეციალურად საიტისთვის)