"გიორგი ბაჩიაშვილის დაკავება ფარული გარიგების "გაპრავებას" ემსახურება" - ანდრო გოცირიძის ვერსია: ემუქრება თუ არა საფრთხე ბაჩიაშვილის სიცოცხლეს?! - კვირის პალიტრა

"გიორგი ბაჩიაშვილის დაკავება ფარული გარიგების "გაპრავებას" ემსახურება" - ანდრო გოცირიძის ვერსია: ემუქრება თუ არა საფრთხე ბაჩიაშვილის სიცოცხლეს?!

გიორგი ბაჩიაშვილის დაკავების შესახებ The Guardian-მა გუშინ ასეთი ინფორმაცია გაავრცელა: ბაჩიაშვილი გაერთიანებულ საამიროებში ადგილობრივმა უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა. ამის შესახებ გამოცემა ინფორმაციას გიორგი ბაჩიაშვილის მეგობრებსა და ადვოკატებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბაჩიაშვილის მეგობრების ცნობით, იგი აბუ-დაბიში, ჯუმეირას სანაპირო სასტუმროში მივიდა, ადგილობრივ ადვოკატთან შესახვედრად.

ამის ნაცვლად, წყაროების ცნობით, ის სასტუმროს "ვესტიბიულში" ადგილობრივი უსაფრთხოების სამსახურის, დაახლოებით, რვა წევრმა დააკავა, რის შემდეგაც ის დუბაის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს და საქართველოსკენ გამოამგზავრეს.

რეალურია თუ არა ეს ვერსია და ემუქრება თუ არა ბაჩიაშვილის სიცოცხლეს საფრთხე? - ამის შესახებ ანდრო გოცირიძე გვესაუბრება:

- ვისურვებდი, რომ ქვეყნის სპეცსამსახურები, თუ დამნაშავის დაკავების ან დასჯის ღონისძიებებში მათი ჩართვა აუცილებელია, უფრო სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის, სეპარატისტულ რეჟიმებს შეფარებული მკვლელების და ტერორისტების პასუხისგებაში მიცემის საკითხებში იყვნენ ჩართულები. მათ საამისო ცოდნა და შესაბამისი ტექნიკური საშუალებებიც გააჩნიათ. როგორც არ უნდა მომხდარიყო, ბაჩიაშვილის დაკავება, მხოლოდ საქართველოს სპეცსამსახურების მოქმედებით თუ სხვა სახელმწიფოსთან ორმხრივი თანამშრომლობით, ობიექტის დარწმუნებით, გამოტყუებით თუ ფარული გატაცებით, ეს მეტყველებს ქართული სპეცსამსახურების ოსტატობაზე. ათწლეულებია, რაც ქართული სპეცსამსახური, დასავლური ტრენინგების, ინფორმაციის გაზიარებისა და ტექნიკური დახმარების ხარჯზე, მეტად საიმედო პარტნიორად ითვლებიან ანტიტერორისტულ თუ საერთაშორისო დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებებზე. ამ ფონზე, ორმაგად დასანანია, რომ ამ ცოდნის, გამოცდილების, ძალების და საშუალებების გამოყენება პოლიტიკური მიზნით ხდება და ეს პოტენციალი სახელმწიფო უსაფრთხოებას აკლდება, არსებული საფრთხეების პირობებში.

- საზოგადოების გარკვეულ ნაწილში გაჩნდა კითხვა, თუ ასე მცირე დროში მოხერხდა გიორგი ბაჩიაშვილის დაკავება, რატომ ვერ აკავებენ იმავე დავით კეზერაშვილს, დათა ახალაიას და სხვებს?

- თქვენ მიერ ჩამოთვლილი ძებნილების დაუკავებლობა, შესაძლოა, სუბიექტური, მაგალითად, სათანადო ნების არარსებობით ან ობიექტური ფაქტორებით იყოს გამოწვეული: ყველა ქვეყანაში ვერ ხერხდება შესაბამისი სპეცოპერაციის ჩატარება, საკითხის დელიკატურობისა და შესრულების ტექნიკური სირთულის გამო.

- შეიძლება თუ არა ვივარაუდოთ, რომ საქმე მხოლოდ ფინანსურ დანაშაულს არ ეხება და ბაჩიაშვილი, ასევე, ფლობს სხვა ტიპის ინფორმაციას, რის გამოც უსაფრთხოების სამსახურს მისი ფიზიკური დაბრუნება სჭირდებოდა?

- არ მგონია, საქმე ინფორმაციის ამოღებას ეხებოდეს. ბაჩიაშვილი გამოცდილი ბიზნესმენია და მისი საარსებო გარემოდან გამომდინარე, შანტაჟისა თუ ინტრიგების დარგში გაწაფული უნდა იყოს. თუ იგი რაიმე ინფორმაციას ფლობს, სათანადოდაც ექნება შენახული და ავტომატური გავრცელებაც დაზღვეული, მისი ლიკვიდაციის შემთხვევაში. უფრო მგონია, რომ მისი დაკავება ფარული გარიგების "გაპრავებას" ემსახურება. შესაძლოა, ეს, ყველაფერი, დაჯგუფებებს შორის ურთიერთობების გარკვევასაც ემსახურებოდეს. ობივატელის ხედვით, სპეცსამსახურს ამის საშუალება, ალბათ, ერთი თვის წინაც ჰქონდა, მაგრამ მაშინ სხვა ხელმძღვანელობას მიჰყავდა საქმე. სხვათა შორის, მისი გაქცევაც იმავე ხელმძღვანელობის წარუმატებელ საქმიანობას დაუკავშირა ბევრმა.

- როგორ გგონიათ, ემუქრება თუ არა ბაჩიაშვილის სიცოცხლეს საფრთხე?

- არ მგონია, მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდეს. მიზანი ეს რომ ყოფილიყო, ამის გაკეთება საქართველოს საზღვრებს გარეთაც მოხერხდებოდა. მიუხედავად ამისა, არ არსებობს გარანტია, რომ „შეთანხმების მიღწევის“ პროცესში ვინმე არ გადააჭარბებს, აქედან გამომდინარე შედეგებით.

ხათუნა ბახტურიძე

(სპეციალურად საიტისთვის)