"გამყიდველმა გაზეთში გახვეული წიგნი გადმომცა: რასაც ეძებდი, ახლახან მომიტანესო. აგერ, ისიც - "აკრძალული ლიტერატურა", ყდაშემოცლილი. წინასიტყვაობა ნიცშეს დას დაუწერია" - როგორ ყიდულობდა ჟურნალისტი კომუნისტების მიერ აკრძალულ წიგნებს
მიხეილ კოპალეიშვილი რესპუბლიკის დამსახურებული ჟურნალისტი გახლდათ. ის რამდენიმე ათეული წელი ემსახურა ამ დარგს და მისი არაერთი ინტერვიუ, ნარკვევი, ნოველა თუ ჩანახატი დაბეჭდილა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთში, ასევე, გადაცემულა რადიოთი და ტელევიზიით.
განათლებულ ადამიანს წიგნები განსაკუთრებულად უყვარდა და მდიდარი ბიბლიოთეკაც დატოვა. ჟურნალისტისა და მწერლის ერთი ჩანაწერი, რომელიც მოგვაწოდა მისმა ქალიშვილმა თამარმა, მოგვითხრობს იმაზე, თუ როგორ შეიძინა ბატონმა მიხეილმა აკრძალულ ლიტერატურად მონათლული წიგნები.
მიხეილ კოპალეიშვილი:
„გამომცემლობა „სამშობლოს“ რომ ჩავუვლიდი, იქვე იყო ბუკინისტური მაღაზია. უნივერსიტეტიდან შინ მიმავალს, რა გული გამიძლებდა, არ შემევლო. მართალია, იქ რარიტეტული წიგნიც კი საკმაოდ იაფი ღირდა, მაგრამ ჩემი მოკრძალებული სტუდენტური ჯიბე საშუალებას არ მაძლევდა, რაც მსურდა, ყველაფერი შემეძინა (ეს არის 1950-იანი წლების მეორე ნახევარი).
იმ დღეს, საზღვარგარეთული ლიტერატურის ისტორიის ლექტორი, ბატონი შოთა რევიშვილი გვესაუბრა ფრიდრიხ ნიცშეს შემოქმედებაზე. ყურადღება განსაკუთრებით გაამახვილა მის განთქმულ ნაწარმოებზე „ესე იტყოდა ზარატუსტრა“. მეც, ლექციების შემდეგ ჩვეულებისამებრ, ამ მაღაზიაში შევედი და გამყიდველს შევეკითხე - ესა და ეს წიგნი თუ გაქვთ-მეთქი. მამაკაცმა გაკვირვებით მიმოიხედა, მერე ჩემკენ გადმოიხარა და წყნარად მითხრა: აბა, საიდან უნდა მქონდეს, აკრძალულ ლიტერატურას ჩვენთან რა უნდა!..
- დღეს გვიამბო ლექტორმა და ძალიან დამაინტერესა-მეთქი.
უფრო ახლოს გადმოიხარა - რომელმა? შოთა რევიშვილმა ხომ არა?
- დიახ, გახარებულმა მყისვე ვუთხარი.
წელში გასწორდა, სერიოზული სახე მიიღო - ვერაფერს გეტყვითო, მითხრა, შებრუნდა და სხვას გამოელაპარაკა.
მას შემდეგ დღე თითქმის არ გამომიტოვებია, იქ არ შევსულიყავი. ცოტა დრო გავიდა და ვესალმებოდი კიდეც. იმ პერიოდში შევიძინე ჩინური პოეზიის მომცრო ოთხტომეული (მოსკოვი, 1957 წ.), კნუტ ჰამსუნის თხზულებათა სრული კრებულის პირველი ტომი (მოსკოვი, 1905 წ.) და სხვა. თუმცა, ორიოდე სიტყვა მინდა ვთქვა გეორგ ბრანდესის მე-7 და მე-9 ტომებზე. იმანაც დამაინტერესა, რომ მე-9 ტომს შიდა გვერდის განაკიდეს, კუთხეში წვრილი ასოებით რუსულად ეწერა - „დემნა შენგელაია“. წესითა და რიგით, დემნა შენგელაიას იმ დროს ამის გასაჭირი არ უნდა ჰქონოდა. ალბათ, ვინმემ ასწაპნა ან ინათხოვრა და როცა პატრონს გადაავიწყდა, გასაყიდად გაიტანა (თითო წიგნის ღირებულება 10 მანეთი). ასეა თუ ისე, ორივე ტომი ჩემს პატარა ბიბლიოთეკაშია.
ერთხელ, შესვენება იწყებოდა, მაგრამ მაინც შევედი. მივესალმე და წიგნებს დავუწყე თვალიერება. მაღაზიაში არავინ იყო. გამყიდველი დახლიდან გამოვიდა, კარი ჩაკეტა და იქვე, პატარა ოთახში შემიყვანა. მაგიდის უჯრიდან გაზეთში გახვეული ნივთი გადმომცა: აჰა, აი, რასაც ეძებდი, ახლახან მომიტანეს. გაზეთი ფრთხილად შემოვაცალე და აგერ, ისიც - ყდაშემოცლილი (ალბათ, განგებ?!). ამის გამო გარეთა ფურცლები დაზიანებული და გაყვითლებულია, ვიღაცას ორი ფერის ფანქრით სტრიქონების ქვეშ და არშიებზე საკმაოდ „უმუშავია“, მაგრამ ამას დავეძებ? წინასიტყვაობა ნიცშეს დას დაუწერია 1905 წლის დეკემბერში. ნეტავ, როდის არის გამოცემული? ალბათ, არაუადრეს 1911 წლის შემოდგომისა, რადგან როგორც რედაქციის მინაწერშია აღნიშნული, სწორედ ამ წელს ამოუღია სანქტ-პეტერბურგის საოლქო სასამართლოს რამდენიმე თავი რუსული თარგმანიდან.
იმით დაფეთებულმა, რომ ამის ფული ახლა არ მექნება, გამყიდველს ხმის კანკალით ვკითხე: რამდენი უნდა მოგართვათ? თითქოს არაფერიო, ისე ჩაილაპარაკა - რამდენიც აწერია! გადმოვაბრუნე და რუსულად წერია „საქწიგნი. ფასი - 2“. გახარებულ-დაბნეულმა ორი მანეთი გავუწოდე. ძვირფასი, სანატრელი წიგნი იმავე გაზეთში ფრთხილად გავახვიე და წამოსვლა დავაპირე. -მხოლოდ, ნურავის ეტყვით, მე რომ მოგეცით! მომცა კი არა, მაჩუქა. წამოვედი და იღლიას მითბობდა ძვირფასი განძი... თურმე ქართულადაც ყოფილა შესანიშნავად თარგმნილი. თანაც მთარგმნელს, როგორც წინასიტყვაობის ბოლოს მიწერილი თარიღიდან შეიძლება დავასკვნათ, ეს საქმე გაუსრულებია 1922 წლის 15 ნოემბერს.
მარჯანიშვილის ქუჩაზე, მეტროსადგურიდან ათიოდე მეტრის დაშორებით წიგნის პატარა, მყუდრო მაღაზია აღმოვაჩინე და გახარებული ვიყავი. და აი, ერთხელაც, იმ მაღაზიის ვიტრინაში თვალი მოვკარი ღია, მკრთალ ვარდისფერყდიან წიგნს. ზედ მოწითალო ასოებით ეწერა რუსულად: „სოპერ. მეტყველების ხელოვნების საფუძვლები“. შევედი და შევათვალიერე. ავტორი აშშ-დან, ტენესის უნივერსიტეტის პროფესორი ყოფილა. წიგნი 1956 წელს დაუბეჭდავთ ნიუ-იორკში. რუსებს სასწრაფოდ, ორ წელიწადში უთარგმნიათ და გამოუციათ კიდეც. წიგნი 5 სექტემბერს შემიძენია. ზეპირი სავარჯიშოების ამონაკრების განყოფილებაში, პირველად სწორედ მაშინ წავაწყდი ნაწყვეტებს უილიამ ფოლკნერის, უინსტონ ჩერჩილის, ლინკოლნისა და სხვათა მიერ წარმოთქმულ სიტყვებს, როგორც მჭევრმეტყველების საუკეთესო ნიმუშებს.
გამაოცა წინადადებამ, რომელსაც წავაწყდი 36-ე გვერდზე ერთ-ერთ ქვეთავში - „საჯარო გამოსვლა - საპასუხისმგებლო საქმე“. აი, ისიც: „ბევრი ყველაზე უპასუხისმგებლო და უზნეო წინამძღოლი ყოფილა გულწრფელი. ჰიტლერი თავის გამოსვლების უმეტესობაში შეთაყვანებამდე მისული გულწრფელობით იყო შეპყრობილი“. ჰიტლერი და გულწრფელიო?! თანაც შეთაყვანებამდე, სიშმაგამდე მისულიო?! ახლა ქართულად თარგმნილი „მაინ კამპფ“-იც თავისუფლად იყიდება. იმ დროს კი... ხომ გახსოვთ გალაკტიონს იმ კარადის დაწვაც სურდა, სადაც ეს წიგნი იდო...
ერთი სიტყვით, მეორე დღეს, ლექციების დაწყებამდე თუ შესვენებისას, რამდენიმე თანაჯგუფელს ვუამბე, რა საინტერესო წიგნიც შევიძინე. რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, ფიურერზე ვუთხარი. რამდენიმემ მისი ყიდვის სურვილი გამოთქვა, ლექციების შემდეგ ერთად წავედით მაღაზიაში. სოპერის წიგნი მოვიკითხე.
- ასეთი წიგნი არ გვქონიაო, ცივად მომიგო გამყიდველმა.
- როგორ, გუშინ თქვენ არ მომყიდეთ-მეთქი?
გამყიდველი დახლზე გადმოიხარა და წყნარად, ოდნავ შეშინებულმა მითხრა: როგორ და გუშინვე, საღამოს ორი კაცი შევიდა დირექტორთან, ეგ წიგნი რაც დაგვრჩა, წაიღეს და საერთოდ, როგორც თქვეს, ქალაქის ქსელიდან ამოიღეს.
ოხერი დრო და ქვეყანა იყო!"
ნანული ზოტიკიშვილი
(სპეციალურად საიტისთვის)