დრონი დრონის წილ - უკრაინელების სარკისებური პასუხი: მასობრივი საჰაერო შეტევები მოსკოვზე
უკრაინის ქალაქებზე რუსული სამდღიანი მასობრივი საჰაერო შეტევების შემდეგ, უკვე უკრაინელების პასუხის დროც დადგა და სარკისებურად, რუსეთზე 27-28 მაისის ღამეს შეტევა 300-ზე მეტმა უკრაინულმა კამიკაძე-დრონმა მიიტანა, რაც თავის მხრივ რეკორდია კიევისთვის...
ყოველ შემთხვევაში, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო „იფიცება“, რომ მისმა მეზენიტეებმა, თურმე, 296 ერთეული უკრაინული დრონი ჩამოაგდეს რუსეთის ფედერაციის 14 რეგიონის თავზე, რაც ცოტა ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ასეც რომ იყოს, ადვილი წარმოსადგენია, კიდევ რამდენი უკრაინული დრონი მოხვდა ზუსტად რუსულ სამხედრო ობიექტებს, რის შესახებაც ინფორმაციას რუსული მხარე, ბუნებრივია, არ აფიშირებს...
ყოველ შემთხვევაში, სოციალური ქსელებით ვრცელდება თვითმხილველების მიერ გადაღებული ვიდეოკადრები, თუ როგორ პიკირებენ უკრაინული უპილოტო „ლიუტები“ მოსკოვის სიახლოვეს მდებარე დუბნისა და ზელენოგრადის იმ საწარმოებზე, სადაც რუსულ დრონებს აწყობენ და რადიოელექტრონულ აპარატურას აწარმოებენ.
რუსეთისგან განსხვავებით, უკრაინას დრონებით მასობრივად შეტევის სხვა ტაქტიკა აქვს და ის, ძირითადად, განსაზღვრულია სწორედ იმ რუსული ქარხნებისა და ფაბრიკების მწყობრიდან გამოსაყვანად (თუნდაც დროებით), რომლებიც აწარმოებენ რუსული შეიარაღებისთვის საჭირო კონკრეტულ დეტალებს, რის გარეშე ახალი რუსული საფრონტო ბომბდამშენები ვერ აფრინდებიან უკრაინული ქალაქებისკენ, პლანირებადი ბომბების ჩამოსაყრელად და ვერც რუსული ტანკები გაისვრიან ზუსტად მიზანში უკრაინის ფრონტზე...
თუმცა უკრაინის მიერ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო ობიექტებზე ბოლო დროს ასე გახშირებულ დრონებით საჰაერო დარტყმებს თანმხვედრი მნიშვნელოვანი ეფექტიც მოჰყვება, რაც თანდათანობით უფრო და უფრო მტკივნეულად აისახება რუსეთის ფედერაციის მოსახლეობის დიდ ნაწილზე...
რუსეთში საზაფხულო შვებულების დრო დგება და მილიონობით მისი მოქალაქე თავად რუსეთისა და ასევე საზღვარგარეთის კურორტებზე გაფრენას გეგმავს, თუმცა მათი გეგმები მაშინვე იმსხვრევა, როგორც კი უკრაინული კამიკაძე-დრონები რუსულ ცაში მასობრივად შეფრინდებიან, რადგან ცხადდება საჰაერო განგაში და რუსული აეროპორტების დიდი ნაწილი ფუნქციონირებას დროებით წყვეტს. შესაბამისად, გაურკვეველი დროით გადაიდება ასობით ავიარეისი, რაც, თავის მხრივ, აეროპორტებში თავმოყრილ ათი ათასობით მგზავრში უკმაყოფილებას კრიტიკულად ზრდის...
ესეც ომის წამომწყებ ქვეყანაში მისი უკან დაბრუნების ერთ-ერთი გამოხატვაა, რაც შედის კიდევაც ოფიციალური კიევის სტრატეგიულ გეგმებში, რომ ეს ფართომასშტაბიანი და დროში გახანგრძლივებული ომი უკრაინის მოქალაქეების გარდა, რაც შეიძლება „ღრმად“ რუსეთის მაცხოვრებლებმაც შეიგრძნონ...

„ჩაკეტილი აეროპორტების“ პრობლემა ყველაზე მეტად სწორედ მოსკოვს აწვება, რადგან ამ ღამეს მოსკოვის მიმართულებით შეტევაზე გადასული უკრაინული კამიკაძე-დრონების გამო, ერთდროულად ჩაიკეტა რუსეთის დედაქალაქის ყველა ძირითადი საერთაშორისო აეროპორტი -შერემეტიევო, ვნუკოვო, დომოდედევო და ჟუკოვსკი, რის გამოც ამ აეროპორტების მოსაცდელი დარბაზები „გადატენილია“ გაფრენის მოლოდინში მყოფი ათი ათასობით ძალზე უკმაყოფილო მგზავრით...
თუკი ასე გაგრძელდა, რუსეთის აერონავიგაციას სრული კრახი ემუქრება - უკრაინაზე თავდასხმის დღიდან, ისედაც თავად კრემლმა დაკეტა თავისივე 11 დიდი აეროპორტი უკრაინის საზღვრის სიახლოვეს, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე და მას შემდეგ მეოთხე წელია, რუსული ავიაკომპანიები დიდ წრეს არტყამენ, ყაზახეთის საჰაერო სივრცეში შესვლით, რომ რაც შეიძლება შორს ჩაუფრინონ უკრაინის ფრონტს და ამას თუკი დაემატება რუსეთის ცენტრალურ რეგიონში (და არა მარტო ცენტრალურში) სხვა აეროპორტების ხშირი დაკეტვა, უკრაინული კამიკაძე-დრონების ყოველღამისეული „დაუპატიჟებელი სტუმრობების“ გამო, მალე რუსეთის ცაში ავიარეისების შესრულება სრულიად არარენტაბელური და შეუძლებელი გახდება...

P.S. დღეს 28 მაისია და არ შეიძლება არ გავიხსენოთ 1987 წლის 28 მაისი, დღე, როდესაც უდიდესი სირცხვილი ჭამა მაშინდელმა საბჭოთა კავშირმა, თავისი პოლიტბიუროთი და გენერალური შტაბით, როდესაც 18 წლის ცხვირმოუხოცავმა გერმანელმა თინეიჯერმა მათიას რუსტმა ზედ კრემლის წინ დაუსვა თავისი ერთძრავიანი „სესნა“ გორბაჩოვს და თანაც ეს მოხდა საბჭოთა კავშირის მესაზღვრეების დღეს - რუსტმა საბჭოთა საზღვარი ფინეთის მხრიდან დაარღვია და 800 კმ-ზე მეტი დაუსჯელად იფრინა მოსკოვამდე...