კიმ ჩენ ირი ოლიმპიური ჩემპიონია! - კვირის პალიტრა

კიმ ჩენ ირი ოლიმპიური ჩემპიონია!

ზაფხულის 30-ე ოლიმპიური თამაშების მეოთხე "სამუშაო" დღე ქართველი სპორტსმენებისთვის უიღბლო გამოდგა. ლაშა შავდათუაშვილის წარმატებამ ამბიციები მოგვიმატა, მაგრამ 31 ივლისს მედლის გარეშე დავრჩით. ავთანდილ ჭრიკიშვილი ოლიმპიურ ტატამზე ტრავმირებული გამოვიდა და ამერიკელ სტევენსთან განცდილი, დაუგეგმავი მარცხის გამო ვერ გავაკრიტიკებთ. მშვილდოსანმა ქრისტინე ესებუამ მაქსიმალურ შედეგს ვერ მიაღწია - მსოფლიოს ჩემპიონი, ჩილელი დენისე ასტრიდ ვან ლამოენი კი დაამარცხა, მაგრამ კორეელი სუნგ ჯინ ლეეს წინააღმდეგ ვერაფერს გახდა. სამწუხაროდ, აზიელი ლეე ქართველ ქრისტინეზე უფრო ძლიერი აღმოჩნდა. ანა ტატიშვილმა რუს ნადია პეტროვასთან წააგო. მეტოქეს სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია, მაგრამ ასაკოვანი ნადიას გამოცდილებამ თავისი გაიტანა. ტატიშვილის შეხვედრას ერთი-ორი კინკილა ქართველი გულშემატკივარი ესწრებოდა. შეიძლება ვცდები, მაგრამ ტელეეკრანებიდან დანახულმა ეს შთაბეჭდილება დამიტოვა. ლონდონში 35 ჩვენი სპორტსმენი ასპარეზობს. მათ ბატონი გია ბარამიძის ხელმძღვანელობით 100-მდე "ხელისმომკიდე" გულშემატკივრობს. ნუთუ არ შეიძლება ეს ხალხი გადანაწილდეს და ყველა შეჯიბრზე ქართველ ოლიმპიელებს გვერდით ომახიანად დაუდგნენ?!

ბატონებო, ძიუდოს ასპარეზობის გარდა ქართველები სხვა სახეობებშიც გამოდიან. მესმის რომ მედლებს ძირითადად ფალავნებისგან ველით, მაგრამ გუშინ საღამოს ანას მხარში დგომა ესაჭიროებოდა. მოცურავე ირაკლი ბოლქვაძემ 200 მეტრზე ბრასით ცურვაში, 34 მონაწილეში 28-ე ადგილი დაიკავა. ირაკლი 17 წლის გახლავთ და ოლიმპიური საგზური საკუთარი შრომის ფასად მოიპოვა. დარწმუნებული ვარ, რომ 2016 წლის თამაშებში უფრო კარგ შედეგებს მიაღწევს.

დღეს ქართველები მედლის მოპოვებას ველოდებით, მაგრამ ამის შესახებ წერილის დასასრულს ვისაუბროთ.

გუშინდელი დღის პირველი მთავარი მომქმედი "გმირი", ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ირი გახდა - ძალოსანმა ომ იუნ ჩხოლმა ოლიმპიური ოქროს მედალი მოიპოვა. სპორტსმენმა ასპარეზობა B ჯგუფში დაიწყო, მაგრამ კიმ ჩენ ირის სიყვარულმა შეუძლებელი შეაძლებინა. (კორეელის ფოტო შეგიძლიათ იხილოთ).

კომუნისტური ქვეყნის შვილმა ჩრდილოეთ კორეას მესამე ოქროს მედალი მოუტანა. შეჯიბრების შემდეგ ჩატარებულ პრეს-კონფერენციაზე ძალოსანმა განაცხადა, რომ ეს წარმატება კიმ ჩენ ირის დამსახურებაა: "ამ ცხოვრებაში ჩემი მეგზური კიმ ჩენ ირია. მშობლები მყავს, მაგრამ გვერდით მხოლოდ "ამხანაგი" კიმი მიდგას. ოქროს ჯილდო მოვიპოვე, მაგრამ ჩემს ნაცვლად კიმ ჩენ ირი რომ გამოსულიყო, ანალოგიურ შედეგს მიაღწევდა. ეს წარმატება მისი დამსახურებაა." - განაცხადა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ომ იუნ ჩხოლმა.

ცოტა ხნის წინ ყაზახურმა "აქტობემ" ქუთაისის "ტორპედო" დაგვიმარცხა. გია გეგუჩაძის ბიჭები მაშინ მთელმა საქართველომ გააკრიტიკა - ყაზახებთან როგორ წააგესო! რას ერჩოდით? გუშინ ყაზახეთმა მესამე ოლიმპიური მედალი მოიპოვა და ამ მაჩვენებლით რუსეთს გაუსწრო.

რუსულ სპორტულ საიტებზე ამ ფაქტის გამო გლოვა გამოცხადდა. ჟირინოვსკიმ ამჟამად დუმილი არჩია. მაგრამ ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის ჟურნალისტები ხმამაღლა ალაპარაკდნენ. რუსებმა იხმაურონ, ყაზახები კი ზეიმობდნენ.

"სუსტი სქესის" ძალოსანმა მაია მანეზამ ყაზახეთს მესამე ოქრო მოუტანა. ოთხი დღის შემდეგ ამ ქვეყანამ რუსეთს გაუსწრო და "უბერებელმა" ნურსულთან ნაზარბაევმა ეს მოვლენა ისტორიულ მოვლენად მიიჩნია.

დღეს ოლიმპიური საფეხბურთო ტურნირის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის შეხვედრები გაიმართება. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ესპანეთის ნაკრები ხვალ დილით სამშობლოში დაბრუნდება.

პირველ ტურში იაპონიასთან განცდილი მარცხი ესპანელმა ჟურნალისტებმა კარის დარაჯი დავიდ დე ჰეას ცუდი ხარისხის კონტაქტურ ლინზებს დააბრალეს.

"ამომავალი მზის" ქვეყნის შვილებთან წაგების შემდეგ მსოფლიო ჩემპიონები ჰონდურასის მოკრძალებულ გუნდთან დამარცხდნენ. ესპანური მასმედია კარის დარაჯის აუგად მოხსენიებით აღარ შემოიფარგლა და კრიტიკის ქარ-ცეცხლში მთელი გუნდი გაატარა.

ნაკრებში ევროპის ბოლო პირველობის სამი გამარჯვებული ირიცხება: ხუან მატა, ხავი მარტინესი და ხორდი ალბა. ამის მიუხედავად გუნდმა თავი საქვეყნოდ შეირცხვინა. ესპანეთის ოლიმპიური ნაკრები ჯგუფში ჩარჩა და სამშობლოში თავჩაქინდრული ბრუნდება.

წამყვანმა ესპანურმა გაზეთებმა თავიანთი ეროვნული გუნდის წევრები ძირფესვიანად მოთხარეს. ამჯერად "სუსტი მხედველობის" მქონე დე ჰეა იოლად გადარჩა. კრიტიკის ძირითადი ნაწილი ხუან მატასა და ხორდი ალბას დაატყდათ.

ქართველები ბუნებით ოპტიმისტები გახლავართ. დღეს ოლიმპიური თამაშების მორიგი დღე გველის. ძიუდოისტთა ასპარეზობაში მონაწილეობას ვალერი ლიპარტელიანი მიიღებს, ნინო სალუქვაძე კი სპორტული პისტოლეტიდან ისვრის. ვუსურვოთ მათ წარმატება. იმედი მაქვს რომ ხვალინდელი წერილის დასაწყისში ლიპარტელიანისა და სალუქვაძის მიერ მიღწეული გამარჯვებებით მოგილოცავთ.

გიორგი გაჩეჩილაძე (სპეციალურად საიტისთვის)