"არაფერს ვნანობ, რასაც ჩემი სინდისი მკარნახობს, ყოველთვის ისე ვიქცევი. არ გავიკეთე დიდი კარიერა რუსეთში. ერთხელ, მაქსიმ გალკინმა მითხრა თავის გადაცემაში - "თქვენ ხომ ჩვენი "არანჟევაია დევოჩკა" ხართო"
ambebi.ge-სა და "პალიტრანიუსის“ ერთობლივი პროექტის "სახალხო ინტერვიუ“ ძირითადად მკითხველის კითხვებზეა აგებული. პრინციპი ასეთია - დაუსვი შეკითხვა რესპონდენტს ambebi.ge - ს კომენტარების ველში და დაელოდე მის პასუხს "პალიტრანიუსის“ ტელეეთერში.
"სახალხო ინტერვიუს“ მორიგი სტუმარია მომღერალი, მუსიკოსი, ირმა სოხაძე.
- ქალბატონო ირმა, მაინტერესებს თქვენი საჯარო პროტესტის შემდეგ, თუ გქონიათ კიდევ მიწვევა სამთავრობო ღონისძიებებიდან?
- მე თვითონ გადავწყვიტე, რომ ამ ეტაპზე მქონდეს პროტესტი, არ მივიღო არაფერში მონაწილეობა, დავტოვე სამსახური და კიდევ ბევრ თანმდევ პირობაზე ვთქვი უარი. ამიტომ არ მპატიჟებენ, რადგან იციან, რომ არ მივიღებ მონაწილეობას. ამიტომ ჩვენი ეს კომუნიკაცია ამ ეტაპზე შეწყვეტილია.
- "ევროვიზიის“ კონკურსზე როგორია ზოგადად თქვენი აზრი - რა უშლის საქართველოს ხელს, რატომ ვერ არღვევს იმ ჯადოსნურ წრეს? თუმცა ამას უმცროს შემსრულებლებზე ვერ ვიტყვით. თუკი პატარები ამას ახერხებენ, დიდებს რა სჭირთ?! წელს ჩვენი კონკურსანტის ნამღერი, სიმღერა, კონკურსანტი, ინსცენირება მისაღები იყო თქვენთვის?
- ბევრს ვნერვიულობთ ამ "ევროვიზიაზე,“ ხშირად გაისმის მოსაზრება, რომ ნუ ვიღებთ საერთოდ ამ კონკურსში მონაწილეობას... ჩვენი "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ევროპული მაუწყებლების წევრია, ამიტომ მაუწყებელს ვალდებულება აქვს, რომ მონაწილეობა მიიღოს ამ კონკურსში.
მგონი, ვაჭარბებთ, როცა ვამბობთ, რომ არ უნდა მივიღოთ მონაწილეობა... თან ვაქილიკებთ, ვლანძღავთ და თან დიდ ყურადღებას ვაქცევთ, რატომ ვერ გადავედით მეორე ტურში. უნდა ითქვას, რომ ჩვენი მონაწილე ყოველთვის გამორჩეულად კარგია. ასე იყო წელსაც, მარიამ შენგელია ძალიან მომწონს და მიყვარს. მან კარგად აჩვენა თავისი თავი, რაც უნდა გაკეთებინა, ის გააკეთა. ამიტომ ვულოცავ ამ გამოჩენას. უზარმაზარ აუდიტორიას გააცნო თავისი თავი და არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ადგილ დაიკავა.
იმას თუ არ მივყევით, რაც "ევროვიზიის“ დავალებაა, მუდამ ასე იქნება... კარგია, რომ ეს კონკურსი ტარდება, ვიღაცას მოსწონს, ვიღაცას - არა. ვიღაც მას მუსიკალურად აფასებს, ვიღაც - პოლიტიკურად, მაგრამ ჩვენ მონაწილეობა უნდა მივიღოთ და ყოველთვის კარგი შემსრულებლები გავაგზავნოთ.
- დღეს არსებულ ქართულ შოუ-ბიზნესს რა სახელი ჰქვია და საერთოდ არსებობს თუ არა ის? შეაფასეთ...
- რთული კითხვაა. ქართული შოუ-ბიზნესი, ისევე როგორც რაღაც ფაქტი, მოვლენა განყენებულად არ არსებობს. ეს ყველაფერი ბევრ რამეზეა დამოკიდებული. ზოგადად რა ფონიცაა სახელმწიფოში, ქვეყანა საით მიდის, გვემღერება, არ გვემღერება, - ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი. რა თქმა უნდა, ახლა ქართული შოუბიზნესისთვის არ არის საუკეთესო პერიოდი, ამისთვის არც ხასიათი, განწყობაა, დიდად არც სიმღერები იწერება...
დღეს კონცერტების გამართვის ხალისი რომ აქვს ბევრ ჩემს კოლეგას, უცნაურია, თუმცა ღმერთმა მისცეთ განწყობა, ეს თითოეულის პირადი გადაწყვეტილებაა. რაც არ უნდა დავარქვათ - ესტრადა, შოუბიზნესი თუ მსუბუქი ჟანრი, ფაქტია, რომ ქართველებს გვაქვს არაჩვეულებრივი სიმღერები. მათ ესტრადის კლასიკას ვუწოდებ და მაქვს იმედი, რომ კიდევ არაერთი მარგალიტი შეემატება კლასიკური ნიმუშების რიცხვს.
- კარიერის განმავლობაში საკუთარ თავს შეცდომად რას უთვლით?
- კარიერის თვალსაზრისით შეცდომა ალბათ ყველას მოგვდის, სხვათა შორის, ხშირად ყოფილა ასეთი, რომ მიფიქრია, - ეს არ უნდა გამეკეთებინა, მაგრამ მერე ისე მობრუნებულა ყველაფერი, რომ მითქვამს, - რა სწორი გადაწყვეტილება მივიღე - მეთქი. ამიტომ ამ გადასახედიდან ვთვლი, რომ ღმერთმა დამიფარა, რომ სისულელე არ გავაკეთე, ცუდი ნაბიჯი არ გადავდგი. ყოველთვის ვცდილობდი და ვცდილობ, რომ მართალი ვიყო საკუთარ თავთან, არ შემრცხვეს არავის თვალებში შეხედვა. ამიტომ არ გავაკეთე დიდი კარიერა რუსეთში, თუმცა მქონდა ბევრი შემოთავაზება. ერთხელ მაქსიმ გალკინმა დამპატიჟა თავის გადაცემაში და თქვენ ხომ ჩვენი "არანჟევაია დევოჩკა“ ხართო. ბებია ვარ უკვე დიდი ხანია-მეთქი, თუმცა ნარინჯისფერი ალბათ ვარ-მეთქი... მქონდა ყველანაირი პირობა, არც დიდი თანხა არ დასჭირდებოდა ჩემს პოპულარიზაციას, მაგრამ ეს არ გავაკეთე. შეიძლება იმ ეტაპისთვის ეს ვიღაცამ შეცდომად ჩამითვალოს, მაგრამ დღეს ხომ ხედავთ, რა სწორი ნაბიჯი გადავდგი - დავრჩი ჩემს საქართველოში. მინდა აქ გიმღეროთ, ბევრი კონცერტი აქ გავმართო. მოვახერხო ის, რისი სურვილი, უნარი და შესაძლებლობა ჯერ კიდევ მაქვს.
- ქალბატონი ირმა მეუღლესთან ერთად ძალიან მომეწონა გადაცემა "იმღერეში“ და მომწონდა, როგორც წამყვანი. გული დამწყდა, რომ უცბად, ასე მოწმენდილ ცაზე გაიხურა "იმედის“ კარი. ასეთი უეცარი გარდასახვა მართლა გასაკვირია. იმედია, ნანობთ...
- არ ვნანობ, ესეც ის ერთ-ერთი გადაწყვეტილებაა, რომელსაც არ ვნანობ. სინანული არ მახასიათებს, რადგან ჯერ ვფიქრობ და გადაწყვეტილებას მერე ვიღებ. გული რასაც მეუბნება და რასაც ჩემი სინდისი მკარნახობს, ყოველთვის ისე ვიქცევი. ეს წასვლა რა მოსატანია, ორჯერ ისეთი გადაწყვეტილება მაქვს მიღებული... პირველად - 2004 წელს "საზოგადოებრივ მაუწყებელში", როცა იქ 25 წელი მქონდა ნამუშევარი და იქაურობა ჩემთვის მეორე ოჯახი იყო. 1980 წლის დასაწყისში რომ მივედი, 2004 წლამდე სხვაგან არსად მიმუშავია. როდესაც რეფორმა დაიწყო და ყველა ჩემი კოლეგა და მეგობარი გაუშვეს, დავრჩი მარტო. სხვადასხვა ტელევიზიიდან მოვიდნენ ვიღაც ახალგაზრდები, დირექტორი არ მიშვებდა, დარჩენას მთხოვდა, მაგრამ მივხვდი, რომ იქ ჩემი ადგილი იმ ეტაპზე აღარ იყო და დიდი გულისტკივილით წამოვედი...