როგორ მწიფდებოდა ოსეთისა და აფხაზეთის კონფლიქტი - კვირის პალიტრა

როგორ მწიფდებოდა ოსეთისა და აფხაზეთის კონფლიქტი

საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებით გამოწვეულ პრობლემებს, სამოქალაქო ომს, ტერიტორიების დაკარგვას, სპეციალისტები დღემდე არაერთგვაროვნად აფასებენ. ბევრმა 90-იანი წლებში განვითარებული პრობლემები სახელმწიფოებრივი გამოუცდელობით ახსნა, ზოგმა კი მაშინ გადადგმულ ნაბიჯებს სახელმწიფო შეცდომა უწოდა... ელექტრონული ფოსტის საშუალებით აფხაზსა და ოსს დავუკავშირდი და მათი თვალით დანახული პოსტსაბჭოთა საქართველოში განვითარებული მოვლენების გახსენება ვთხოვე.

ივანე ციცირბა - ისტორიკოსი, აფხაზეთის (სახელმწიფო) უნივერსიტეტის ლექტორი:

- ქართველებს დღემდე მიაჩნიათ, რომ ისტორიული სიმართლე მათ მხარესაა. ეს არის კონფლიქტის მოგვარების მთავარი პრობლემა... უახლოეს წარსულზე, კონფლიქტის მომწიფებაზე მკითხეთ, 80-იან წლებში უკმაყოფილების ტალღა უკვე აგორებული იყო, ძირითადი სამოქმედო გეგმაც არსებობდა და ალტერნატიულიც. აფხაზური დაჯგუფებები ჩუმად, მაგრამ გეგმაზომიერად ვმუშაობდით. მაგრამ აზრთა სხვადასხვაობა მათ შორისაც იყო, - ერთი ნაწილი, მათ შორის მეც, მივიჩნევდით, რომ აფხაზეთში მცხოვრებ რამდენიმე ქართველთან ამ თემაზე საუბარი და კონსენსუსის მიღწევა შეიძლებოდა (კავკასიელ მთიელ ხალხთა კონფედერაციაზე იყო საუბარი, მაგრამ მოვლენები ერთბაშად სხვაგვარად განვითარდა). მეორე ნაწილი, ქართველებთან ურთიერთობას თავს არიდებდა, რადგან საერთო დაძაბულობიდან გამომდინარე ხვდებოდა, რომ ტყვიის გავარდნა გარდაუვალი იყო...

1989 წელს სოხუმში მრავალათასიანი მიტინგები იმართებოდა. იქ შეკრებილი აფხაზები ქართველებს ვთხოვდით, პრესაში აფხაზების ზიზღითა და სიძულვილით გაჯერებული პუბლიკაციები შეწყვეტილიყო. მაშინ გამოქვეყნებული სტატიები საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული იქნება და გაეცანით, რას წერდნენ მაშინ თქვენი სასიქადულო პოეტები, მწერლები, ისტორიკოსები, საზოგადო მოღვაწეები; პასუხს კითხვაზე, თუ როგორ მწიფდებოდა აფხაზეთში ქართულ-აფხაზური კონფლიქტი, მათ პუბლიკაციებში იპოვით... ქართველი მეცნიერების ეს დებულება სასწრაფოდ აიტაცეს ეგრეთწოდებული "ეროვნული მოძრაობის" აქტივისტებმა და ქართულმა საზოგადოებამ. 1989 წლის მიტინგებზე ჟღერდა ქსენოფობიური ფრაზები: "აფხაზური ენა არ არსებობს!" "აფხაზი ერი არ არსებობს!" "ძირს ველური აფსუები!" "აფსუეები ჩვენი მტრები არიან!" "უნდა გავყაროთ საქართველოდან აფსუები, აფხაზეთი მათი მიწა არ არის!.." არსებობს დოკუმენტური მასალა, სადაც ისინი XVII საუკუნეში ჩრდილოეთ კავკასიიდან ჩამოსახლებულებს გვიწოდებენ. პირად საუბრებშიც კი, როცა ვეუბნებოდით, პავლე ინგოროყვას ზღაპრების გარდა, ერთი კონკრეტული ისტორიული წყარო მაინც დაედოთ, დემაგოგიაზე გადადიოდნენ. არქანჯელო ლამბერტის ცნობით, რომელმაც XVII საუკუნის პირველ ნახევარში აფხაზეთში იმოგზაურა, აღწერილია აფხაზეთი, თავისი აფხაზური მოსახლეობით. თავის წყაროებში იქაურ მაცხოვრებლებს აბორიგენებად მოიხსენიებდა. არც ვახუშტი ბატონიშვილი აღნიშნავს აფხაზეთში ამა თუ იმ ტომის ჩამოსახლებას, ის აფხაზებს აფხაზებად იხსენიებს და არა აფსუებად. მაგრამ ქართველ საზოგადოებას ამის გაგონებაც არ უნდოდა.

ქართული პრესა და თქვენი პირველი პრეზიდენტი მაშინ "კაგებეს" დაკვეთას ასრულებდნენ. ახლა კი ამბობენ, ქართველები და აფხაზები პროვოკაციაზე წამოვეგეთო, ეს არის ნაწილობრივი სიმართლე. ჩვენ შეგნებულად, მიზანმიმართულად წავედით ამ გზით, სხვა გამოსავალი არ გვქონდა. საქართველოს სსრ-ს შემადგენლობაში ყოფნა არ გვინდოდა. ისევე, როგორც თქვენ არ გინდოდათ საბჭოთა კავშირში ყოფნა.

- ახლა რა ხდება აფხაზეთში?

- გვიჭირს. ბოლომდე არც მშვიდობა გვაქვს, არც დამოუკიდებლობა, არც სტაბილური ეკონომიკური განვითარება, რაზეც მთლიანად სახელმწიფოს განვითარებაა დამოკიდებული, მაგრამ იმედია, თანდათან წინ წავალთ. მძიმედ, მაგრამ მაინც ვითარდება ტურისტული ბიზნესი; რუსული და სომხური ბიზნესი ცდილობს, ფეხი მოიკიდოს; ხელმძღვანელობა თმობს, მოსახლეობა – არა. სტატისტიკის თანახმად, ფსოუს საზღვარს ყოველდღიურად 2 ათასზე მეტი რუსი ტურისტი კვეთს. ისინი ინფრასტრუქტურის არარსებობას აპროტესტებენ, რასაც კიდევ ერთი მწვავე პრობლემა, კრიმინოგენული ვითარებაც ემატება, კორუფცია ყველა საზოგადოების ყველა ფენაში უსაზღვროდ არის განვითარებული, მაგრამ ბევრი რამე უკეთესობისკენ იცვლება. ასეთია დღევანდელი აფხაზეთის რეალობა.

მიხეილ ცაგოევი:

- ცხინვალი 90-იანი წლების ომის შემდეგ დავტოვე, რადგან იქ ცხოვრება გამიჭირდა; შედეგი, რისთვისაც ვიბრძოლეთ, ვერ მივიღეთ. ცხინვალიდან წამოსულები ამას ვგრძნობთ, იქ დარჩენილები – ვერა. სამწუხაროა, მაგრამ იქ სრული რუსიფიკაცია მიმდინარეობს. დანარჩენი, თუ როგორ ვითარდება კლანური ბიზნესი, როგორ იზრდება რუსული გავლენა, სამხედრო ბაზების რაოდენობა და მიგრაცია, სხვა საკითხია.

ყველაფერი "ეროვნული მოძრაობის" რიგებიდან წამოსული აგრესიით დაიწყო. 1989 წელს, როცა ამ ძალამ მთელი საქართველო მოიცვა, საერთო მუხტს ცხინვალელი ქართველებიც არ ჩამორჩნენ. ბოლო თვეების განმავლობაში მათი მხრიდან, ცოტა არ იყოს, აგდებული ტონიც კი ვიგრძენით. ქართველებთან ყოველთვის კარგი დამოკიდებულება მქონდა და მეწყინა, მაგრამ "ვიღაც ოსი" ვიღას ახსოვდა, - დამოუკიდებლობა მოიპოვეს. მახსოვს, ჩემ წინ ერთი ქართველი ქალბატონი ცხოვრობდა, მასწავლებელი. ერთ დღეს ქუჩაში შემხვდა და აგიტაცია ჩამიტარა, თუ როგორ შეიფარეს ქართველმა სამაჩაბლოელმა დიდგვაროვნებმა მთიდან ჩამოსული ჩვენი წინაპარი. დაძაბულობას ბიძგი ზვიად გამსახურდიას სიტყვებმა, - "საქართველო მხოლოდ ქართველებისთვის!", მისცა. ქართველები აღტყინებული იყვნენ, მაგრამ გულის სიღრმეში მაინც გამიკვირდა, რომ ეს ლოზუნგი მიუღებელი არავისთვის ყოფილა. სწორედ ამ მოთხოვნით, 1989 წლის 23 ნოემბერს "ეროვნულმა მოძრაობამ" ცხინვალში მასშტაბური მიტინგის მოწყობა გადაწყვიტა. ცხინვალში, მთელი საქართველოს მასშტაბით, 50 ათასზე მეტი ადამიანი შეკრიბეს... მაშინ პირველად გაისმა, - ეს ამბავი უსისხლოდ არ ჩაივლისო. საპროტესტო მუხტი აგორებული იყო. ჩამოყალიბდა ოსური შეიარაღებული ფორმირებები, რომლებიც გამალებით იარაღდებოდნენ რუსეთიდან. საქართველოს ეროვნულ ხელისუფლებაში ვითარების განეიტრალებაზე არავის უზრუნია. ცხინვალშიც ეს უნდოდათ. მოხალისეთა რაოდენობა დღითიდღე იზრდებოდა, - საქართველოსთან თანაცხოვრება დასრულდა! ომი გარდაუვალია! - ამბობდნენ ჩვენები. ჩემი ქართველი მეზობლები იქაურობას ნელ-ნელა ტოვებდნენ.

1991 წლის იანვარში გამსახურდიას ხელისუფლებამ ცხინვალში სამხედრო ძალები შემოიყვანა. მათ შეიარაღებული ოსების გაუვნებელყოფა ჰქონდათ დავალებული, რასაც საპასუხო ცეცხლი მოჰყვა... ამ კონფლიქტს 1000-ზე მეტი ადამიანი შეეწირა, 2500-მდე კი მძიმედ დაიჭრა. ეს მცირერიცხოვანი ოსებისთვის დიდი დანაკარგი იყო. მალე სამშობლოს სიყვარულით გადადგმულ, არასწორ ნაბიჯებს შეეწირა ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება (რამდენად დამსახურებულად, ამის განსჯა ქართველი ისტორიკოსებისთვის მიმინდვია). თუმცა, ქართველ საზოგადოებაში დღემდე ისმის მოსაზრებები, მისი პატრიოტობის შესახებ... ჩემი აზრით, როგორც ქართულ-ოსურ, ისე ქართულ-აფხაზურ ომებში, ყველაზე მეტად რუსეთმა იხეირა. ჩვენ კი, სამივე მხარე, თვითმყოფადობის შენარჩუნება-გადარჩენაში ძალიან დავზარალდით.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)