ვახტანგ ძაბირაძის სკანდალური პროგნოზი: "რაღაც ძალიან დიდი და სერიოზული ხდება..." - რისთვის ემზადებიან "ოცნების" ლიდერები?!
"მონასტერი ისე აირია, არ გაგიკვირდეთ, რომ ირაკლი კობახიძემ ბიძინა ივანიშვილი დაიჭიროს და ვახტანგ გომელაურიც ზედ მიაყოლოს", - ამ ვერსიას ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ავითარებს. მისი თქმით, ბოლო დროს დაწყებული საკადრო ცვლილებები იმას მეტყველებს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კურსი იცვლება და ამას ბევრი მსხვერპლი ეყოლება.
ვახტანგ ძაბირაძე
- შინაგას საქმეთა მინისტრის სახელი და გვარი არაფერს მეუბნება. როგორც გავიგე, ისიც „ნაციონალების“ აღზრდილი კადრია და სახელმწიფო უწყებაში 2005 წლიდან მუშაობს. პირდაპირ გეტყვი, ახალი მინისტრის ვინაობაზე მნიშვნელოვანი ამბავი გომელაურის პოსტიდან წასვლაა, იმიტომ, რომ ის ბიძინა ივანიშვილის საყრდენი და სიმშვიდის გარანტი იყო. როგორც მოგეხსენებათ, შინაგან საქმეთა სამინისტრო არის სახელმწიფო სახელმწიფოში. როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, ახალი მინისტრი კობახიძის კადრია, ეს კი მნიშვნელოვნად ცვლის რეალობას. ირაკლი კობახიძეს უკვე ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება შეუძლია დამოუკიდებლად, მას შესაძლებლობა ეძლევა, ბიძინა ივანიშვილი არა მხოლოდ ჩამოაშოროს ხელისუფლებას, არამედ - დააპატიმროს კიდეც.
აქედან გამომდინარე, არ გამოვრიცხავ, რომ ივანიშვილი უკვე სერიოზულად ფიქრობდეს ქვეყნიდან წასვლას. დღეს მიმდინარე პოლიტიკური ცვლილებები ამ ქვეყანაში ივანიშვილის ხელისუფლებას აშკარად ასრულებს.
- დღეს ირაკლი კობახიძის მიერ გამართულ ბრიფინგზე პროტოკოლი დაირღვა, როდესაც პრემიერი გომელაურს ემშვიდობებოდა და მადლობას უხდიდა, გაწეული სამუშაოსთვის, უკვე ყოფილი მინისტრი პრემიერი გვერდით არ იდგა.
- დიახ, ეს ნამდვილად იყო თვალშისაცემი და ეს იმას მეტყველებს, რომ გომელაური შესაძლოა, საფრთხის ქვეშ აღმოჩნდეს.
- რას გულისხმობთ?
- ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ განვითარდება პროცესები. თუ ივანიშვილმა გარკვეული გარანტიები მიიღო და ისე გავიდა თამაშიდან, გომელაური, ლილუაშვილი და კიდევ არა ერთი პირი ძალიან მარტივად აღმოჩნდებიან დარტყმის ქვეშ. მათთვის საქართველოში ცხოვრება უსაფრთხო ნამდვილად აღარ არის. თუ ქვეყანაში პოლიტიკა შეიცვლება და ხელისუფლება თეორიულად მაინც დაუბრუნდება ძველ გზას - პროდასავლურ კურსს, ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ მხოლოდ რიგგარეშე არჩევნების საკითხი კი არ დადგება, არამედ ყველა მათგანის პასუხისმგებლობის საკითხიც - ვინც ბოლო ექვსი თვის განმავლობაში საპროტესტო აქციების დარბევასა და ხალხის დევნას ხელმძღვანელობდა. არ არის გამორიცხული, გაირკვეს, რომ ხალხის დარბევებს გომელაური ხელმძღვანელობდა და ივანიშვილი საერთოდ არაფერ შუაშია. ასევე, მარტივად შეიძლება გაწირონ ლილუაშვილი და სხვებიც. ზოგადად, ავტორიტარულ ქვეყანაში დაცული მხოლოდ მანამდე ხარ, ვიდრე რაიმე თანამდებობას იკავებ. როგორც წესი, ჩინოვნიკები პოსტებიდან წასვლის შემდეგ გაცილებით დიდი საფრთხეების წინაშე დგებიან, ვიდრე - რიგითი მოქალაქეები. ამაში სიახლე არაფერია, ყველა რეჟიმი სტანდარტულად მოქმედებს.
- თქვენ კი ვარაუდობთ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება იცვლება, მაგრამ პრემიერის პოსტზე რჩება ირაკლი კობახიძე, რომელიც განსაკუთრებულად კრიტიკულია დასავლელი პოლიტიკოსების, მათ შორის - ამერიკელების მიმართ. მეორეს მხრივ, ბიძინა ივანიშვილი უარს ამბობს ამერიკის ელჩთან შეხვედრაზე და შემდეგ თავადვე განმარტავს, თუ რატომ არ მიიღო რუბიოს გზავნილი.
- ეს იმას მეტყველებს, რომ ბიძინა ივანიშვილი ნამდვილად ემზადება პოლიტიკიდან გასასვლელად. რაც შეეხება კობახიძეს, ვფიქრობ, ყველაფერი ერთბაშად და თვალშისაცემად არ შეიცვლება. შესაძლებელია, კობახიძემ ჯერ სისტემა გაწმინდოს და შემდეგ შემოაბრუნოს პოლიტიკა, თუმცა გარანტირებულად ვერ დავიჩემებ. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ახალი რეპრესიული მანქანა მზადდებოდეს. ამ ქვეყანაში ვერაფერს გამორიცხავ. მე ვერსიების დონეზე, ლოგიკის მიხედვით ვსაუბრობ. ის ხომ ცალსახაა, რომ გომელაური სახლში ოჯახის მონატრების გამო არ წასულა, ისევე, როგორ ბაჩიაშილი არ დასეირნობდა საქართველოს საზღვრებთან. რაღაც ძალიან დიდი და სერიოზული ხდება, რაც ჯერ კიდევ არ ვიცით.
- გომელაური ასე მშვიდად წავიდოდა პოსტიდან, გარკვეული გარანტია მასაც რომ არ მიეღო?
- რა თქმა უნდა, გომელაური გარანტიას მიიღებდა, ისევე, როგორ ლილუაშვილი, მაგრამ ისეთ ქვეყანაში როგორიც საქართველოა, გარანტია არაფერს ნიშნავს. თუ რეჟიმს დასჭირდება, ნებისმიერ პერსონას გასწირავს. ვნახოთ, როგორ განვითარდება პროცესები.
ხათუნა ბახტურიძე
(სპეციალურად საიტისთვის)