დაიფიცეთ, რომ საქართველოსა და უკრაინას ნატოში არ მიიღებთ-გზავნილი კრემლიდან... - კვირის პალიტრა

დაიფიცეთ, რომ საქართველოსა და უკრაინას ნატოში არ მიიღებთ-გზავნილი კრემლიდან...

თუკი უკრაინაში ომის შეჩერება გსურთ, მაშინ „დაიფიცეთ“, რომ ნატო აღარ გაფართოვდება აღმოსავლეთით და ალიანსში არ მიიღებს უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას-Reuters-ი რუსული წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ თითქოს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს სურს, დასავლეთის მთავარმა ძალებმა წერილობითი პირობა დადონ, რომ ალიანსი აღმოსავლეთით არ გაფართოვდება, რაც უკრაინის, საქართველოს, მოლდოვისა და სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ნატო-ში გაწევრიანებაზე ოფიციალურ უარს ნიშნავს.

ამავე რუსული წყაროების თანახმად,კრემლს სურს, რომ „უკრაინა ნეიტრალური იყოს, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ნაწილი მოიხსნას, გაყინული რუსული აქტივების საკითხი მოგვარდეს და უკრაინაში რუსულენოვანი მოსახლეობა დაცული იყოს“.

კრემლის ამ მოთხოვნებში, თუკი ის მართლაც პრეზიდენტ პუტინისგან მოდის,რაიმე ახალი და სენსაციური არც არაფერია, რადგან რუსეთი ბოლო წლებია დაჟინებით მოითხოვს არა მარტო იმას, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი აღმოსავლეთით არ გაფართოვდეს, არამედ იმასაც კი, რომ ის ქვეყნები, რომლებიც 1999 წლის შემდეგ შეუერთდნენ ნატოს...გარიცხულნი იყვნენ ალიანსიდან,რადგან ვარშავის პაქტის დაშლის წინ თითქოს დასავლეთი მოსკოვს შეჰპირდა, რომ ნატო აღმოსავლეთით არ გაფართოვდებოდა და ეს პირობა დაარღვიაო...

ასეთი შეთანხმების არანაირი ხელმოწერილი დოკუმენტი არ არსებობს და ეტყობა ამიტომაცაა, რომ კრემლის დღევანდელი ბინადარი,იმავე გორბაჩოვისგან განსხვავებით, „წერილობით პირობას“ ითხოვს ნატოს აღმოსავლეთით არგაფართობის თაობაზე...

1999 წლის შემდეგ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი რამდენჯერმე გაფართოვდა (და არა მარტო აღმოსავლეთით) და მის რიგებს შეემატნენ-ჩეხეთი, უნგრეთი, პოლონეთი, ბულგარეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, რუმინეთი, სლოვაკია, სლოვენია, ალბანეთი, ხორვატია, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია და საერთოდ წარმოუდგენელია, რომ ამ ქვეყნებიდან რომელიმემ თანხმობა განაცხადოს ალიანსის დატოვებაზე, როგორც ამას კრემლიდან მოითხოვენ.

უფრო მეტიც, სულ ახლახან ნატოს კიდევ ორი წევრი-ფინეთი და შვედეთი მიუერთდნენ, რომლებსაც არცთუ მცირე სახმელეთო და საზღვაო საზღვრები აქვთ რუსეთის ფედერაციასთან, მაგრამ ამაზე კრემლიდან ისეთი ისტერიული რეაქცია რატომღაც არ იყო, როგორც ეს საქართველოსა და უკრაინისთვის ალიანსში გაწევრების ფუჭ დაპირებას მოჰყვა თავის დროზე მოსკოვიდან...

სწორედ 2008 წლის ბუქარესტის ნატოს სამიტზე გაჟღერებული დაპირება, რომ საქართველო და უკრაინა გახდებოდნენ ალიანსის წევრები, იქცა იმ დათვურ სამსახურად, რაც დასავლეთმა ქართველებსა და უკრაინელებს გაგვიწია, რადგან აგრესორმა რუსეთმა ის გამოიყენა ჯერ საქართველოში, შემდეგ კი უკრაინაში შეჭრისა და ჩვენი ქვეყნების ტერიტორიების 20-20%-ის ოკუპირებისთვის...

მით უფრო გულსატკენია ეს ყველაფერი, რომ თურმე დასავლეთელი პოლიტიკური ლიდერები(მათ შორის სარკოზი თუ მერკელი), რომლებიც 17 წლის წინ ბუქარესტში ტელეკამერების წინ ქართველებსა და უკრაინელებს „ნატოს ქოლგის“ ქვეშ „შეფარებას“ მაღალფარდოვანი სიტყვებით გვპირდებოდნენ, თურმე კულუარებში არც მალავდნენ, რომ საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანება ალიანსში...არარეალური გახლდათ!

დღეს რიგი ევროპელი პოლიტიკური ლიდერები ხანდახან წამოგვაძახებენ-საქართველო ძველებურად აღარც კი აქტიურობს და კვლავ არ გვთხოვს ნატოში მიღებასო...

რატომ და ვის უნდა ეხვეწო ის,რის შეუძლებლობაშიც თავად დაგარწმუნეს 17 წლიანი მუდმივი ტყუილებითა და იმის მტკიცებით თითქოს საქართველო ჯერ კიდევ არ არის ამისთვის მზად, თუმცა ერაყსა და ავღანეთში ქართველი სამხედროების გვერდით დგომა რატომღაც სულ სურდათ ანუ ქართული არმია მზად იყო ერაყისა და ავღანეთის ოპერაციებში (რომელთა სამართლებრივი სტატუსი და არსი დღემდე დიდ ეჭვს ტოვებს) სისხლი ეღვარა, ხოლო მთლიანად საქართველო კი არ იმსახურებდა ნატოს წევრობასა და კოლექტიური უსაფრთხოების გარანტიების მოცემას ალიანსიდან...

სწორედ ის მთავარი მიზეზი, რასაც ერქვა ნატოს და მთლიანად დასავლეთის პოლიტიკური ელიტის შიში კრემლის ბინადარი პუტინისადმი, იქცა იმის უმთავრეს მიზეზად,რისა გამოც ვერც საქართველო და ვერც უკრაინა ვერ გახდნენ ალიანსის წევრები და უახლოეს მომავალში ვერც გახდებიან,რადგან ამისთვის ჩვენ კი არა,სწორედ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი არ არის მზად...

უკრაინა, რომელიც აგრესორი რუსეთისგან თავდასაცავად მეოთხე წელია დიდ მსხვერპლს იღებს,შეიძლება არც კი მიიწვიონ 24-25 ივნისს ჰააგაში, ნატოს მორიგ სამიტზე,რადგან თურმე ასე სურს აშშ-ის 47-ე პრეზიდენტს...

თუკი ეს მართლაც ასე მოხდა, იქნება ბოლო წერტილი უკრაინის ნატოში გაწევრიანების იმედის დასარულისთვის, საქართველოსთან მიმართებაში კი ნატომ ეს უკვე გააკეთა, როდესაც მორიგ თავის დოკუმენტში აღარც კი შეიტანა ბუქარესტის სამიტზე 17 წლის დაპირებული, რომ საქართველოსთვის ნატოს კარები თურმე ღიაა და ის ოდესმე გახდება ალიანსის წევრი...