"50-ზე მეტი ტყვე ჰყავს "ქართულ ოცნებას", რეჟიმი ყოველდღიურად იზოლაციაში აქცევს ქვეყანას და ზიზღს თესავს საზოგადოებაში" - რას წერს კახა კინწურაშვილი - კვირის პალიტრა

"50-ზე მეტი ტყვე ჰყავს "ქართულ ოცნებას", რეჟიმი ყოველდღიურად იზოლაციაში აქცევს ქვეყანას და ზიზღს თესავს საზოგადოებაში" - რას წერს კახა კინწურაშვილი

მსახიობი კახა კინწურაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

"50-ზე მეტი ტყვე ჰყავს "ქართულ ოცნებას".

6 თვეზე მეტია ერთი მტკიცებულებაც ვერ დადეს ბიჭების წინააღმდეგ ჯგუფურ დანაშაულზე!

ასობით დასახიჩრებული და ნაწამები მოქალაქე!

მე პირადად შემიძლია გაგაცნოთ ყვრიმალებდალეწილი, ცხვირგატეხილი და კოჭში გადამტვრეული ადამიანები.

ერთი სამართალდამცველიც არ არის დასჯილი დღემდე.

სასამართლო დარბაზებში რეჟიმის ხელით მართული ცრუ მოწმე პოლიციელები, პროკურორები და მოსამართლეები ადამიანებს ცხოვრებას უნგრევენ.

რეჟიმი ყოველდღიურად იზოლაციაში აქცევს ქვეყანას და ზიზღს თესავს საზოგადოებაში. ამ უსამართლობის წინააღმდეგ ადამიანები 6 თვეზე მეტია დგანან რუსთაველზე, ყინვაში, ქარში, წვიმაში. რამდენი იმედგაცრუება ნახეს თანამებრძოლებისგან, საშინაო თუ საგარეო პოლიტიკისგან, რამდენი ცილისწამება და გულგრილობა ახლობლებისგან, უცნობებისგან, მაგრამ არ უარყვეს თავიანთი სიმართლე, დაიცვეს საკუთარი სიტყვა, ქვეყნის და საზოგადოების სინდისი.

ერთი წამით წარმოიდგინეთ, რომ რუსთაველზე ხალხი არ იკრიბებოდეს ყოველ საღამოს?! როგორ გადაიტანდნენ უძილო ღამეებს რეჟიმის ტყვეები? რამდენად სამარცხვინო იქნებოდა საქართველოს ისტორიის ეს მონაკვეთი რუსთაველზე" - წერს მსახიობი კახა კინწურაშვილი სოციალურ ქსელში.