ტრამპის "ქართული მანევრები": "თბილისში გამოგზავნილ წერილში მან სინამდვილეში რუსეთს მიანიშნა, რომ..." - მირიან მირიანაშვილის ვერსია
"არავინ იფიქროს, რომ ბიძინა ივანიშვილმა გომელაური, ისევე, როგორც ლილუაშვილი, საშვილიშვილოდ მოიშორა. მას უბრალდ არ სურს, ეს ადამიანები დღევანდელ პოლიტიკურ კურსთან ასოცირდებოდნენ", - ამის შესახებ ანალიტიკოსმა მირიან მირიანაშვილმა მას შემდეგ განაცხადა, რაც ცნობილი გახდა, რომ ვახტანგ გომელაურმა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა დატოვა და მისი პოზიცია სუს-ის უფროსის მოადგილე გელა გელაძემ დაიკავა.
„რა თქმა უნდა, სიმართლეს არ შეესაბამება გომალაურის ნათქვამი, რომ ის საკუთარი ნებით წავიდა თანამდებობიდან. მის ნებაზე რომ ყოფილიყო, კიდევ 12 წელიწადს იქნებოდა თანამდებობაზე. რაც შეეხება გელა გელაძეს, ამ დრომდე მისი არსებობის შესახებაც კი არ ვიცოდი. როგორც ჩანს, ის იმიტომ შეარჩიეს, რომ კობახიძის გუნდთან რაღაც კომუნიკაცია ჰქონდა", - ამბობს ანალიტიკოსი და საკადრო ცვლილების, ასევე, ამ ცვლილებების გამომწვევ მიზეზებსა და ამერიკელი პარტნიორების მინიშნებებზე საკუთარ ვერსიებს გვთავაზობს:
- ვფიქრობ, რომ ივანიშვილის ერთგული კადრების - გომელაურის, მანამდე კი - ლილუაშვილის თანამდებობიდან გადადგომა საგარეო პოლიტიკის კონტურებს უკავშირდება. ივანიშვილს, დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, არ სურს თავისი ძველი გვარდიის დღევანდელ ხელისუფლებასთან ასოცირება და მათი პოლიტიკურ რეზერვში გადაყვანა გადაწყვიტა, მიმდინარე პოლიტიკური ხაზის გატარება კი ირაკლი კობახიძეზე დაყრდნობით გადაწყვიტა...
ივანიშვილის წარმომადგენლებით გომელაურსა და ლილუაშვილს დასავლეთის შესაბამის სამსახურთან გარკვეული ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ. ის ყოველთვის ეჭვიანობდა და შემდეგ თანამდებობიდანაც ათავისუფლებდა პრემიერებს და მინისტრებს, რომლებიც დასავლეთის პოლიტიკურ წრეებთან რაღაც სახის ურთიერთობებს აყალიბებდნენ.
ამ მხრივ, ივანიშვილი კობახიძის სახით საფრთხეს ვერ ხედავს. დარწმუნებული ვარ, გელა გელაძეს დასავლეთის პოლიტიკურ წრეებთან ურთიერთობში თეთრი ფურცელი აქვს. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ წერილი მიხეილ ყაველაშვილს მისწერა და არა - ირაკლი კობახიძეს, წესით, ეს წერილი რუბიოს აპარატის დაწერილია, იმიტომ, რომ ამერიკაში საგარეო ურთიერთობებს სახელმწიფო დეპარტამენტი კურირებს. მეორე და, ასევე, ძალიან გავლენიანი სტრუქტურაა პრეზიდენტის უშიშროების საბჭო. ამ ორივე უწყებას რუბიო ხელმძღვანელობს. შესაბამისად, წერილი ყველა შემთხვევაში რუბიოს აპარატშია შედგენილი, ტრამპს, უბრალოდ, ფაქსიმილე დაადებინეს. ეს კი პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ თეთრ სახლში კობახიძის პერსონის მიმართ მიუღებლობა აქვთ. თავად განსაჯეთ, რამხელა პოლიტიკური ბონუსი იქნებოდა კობახიძისთვის, ტრამპის წერილის ადრესატი ყაველაშვილის ნაცვლად თავად რომ ყოფილიყო?! ვფიქრობ, კობახიძის პოზიციების გაძლიერება ივანიშვილის კარზე სწორედ მისდამი რუბიოს ნეგატიური განწყობით არის განპირობებული. ამერიკის ადმინისტრაციიდან მოსულმა წერილმა გაანაწყენა კობახიძე, მაგრამ გაახარა -ივანიშვილი. ყაველაშვილი რომ გახარებული და ბედნიერია, ამაზე, აღარაფერს ვამბობ. ივანიშვილი დარწმუნდა, რომ ამერიკელებსა და კობახიძეს შორის უფსკრულია და ამას ახლა საკუთარი სტაბილურობისთვის გამოიყენებს.
- როგორ ფიქრობთ, ტრამპის ადმინისტრაციის მოსალოცი ბარათი ნიშნავს თუ არა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ლეგიტიმაციას?
- არავითარ შემთხვევაში, ლეგიტიმაციის მიღება-არმიღება სამართლებრივი აქტია. იმისათვის, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ „ქართული ოცნების“ ლეგიტიმურობა აღიაროს, მანამდე ბაიდენის საკანონმდებლო აქტი უნდა გააბათილოს, ეს კი სამართლებრივად შეუძლებელია. ახალ ადმინისტრაციას ძველი ადმინისტრაციის მიერ არალეგიტიმურად შეფასებული ხელისუფლების ლეგიტიმურად ცნობა მხოლოდ მას შემდეგ შეუძლია, თუ შესაბამის სტრუქტურებს სიტუაციის შესწავლას და დასკვნის დადებას დაავალებს. ვიდრე ეს არ მოხდება, ტრამპს ფიზიკურად არ აქვს „ქართული ოცნების“ ლეგიტიმურად ცნობის უფლება...
ჩემი შეფასებით, ამ წერილით ვაშინგტონმა საქართველოს ხელისუფლებას კი არა, ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს, რუსეთს გაუგზავნა მინიშინება, რომ საქართველო მისთვის მნიშვნელოვანია, მიმდინარე გეოპოლიტიკურ პროცესებში. ამ წერილში არანაირი მინიშნება და პასუხი არ ჩანს ირაკლი კობახიძის ღია წერილში დასმულ კითხვებზე და შეთავაზებებზე. აქ პრობლემა, იცით, რა არის? რუბიოს მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გამოგზავნილი წერილი ძალიან ხისტი იყო. მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი არ ვარ, მეც კი შევშფოთდი, არ შეიძლება დამოუკიდებლობის დღე ხალხს ისე მიულოცო, რომ ხელისუფლება საერთოდ ვერ დაინახო, იმიტომ, რომ ხელისუფლების შეუმჩნევლობა, დე იურეა ის თუ დე ფაქტო, იმას ნიშნავს, რომ ამ ქვეყნის სახელმწიფოებრიობას არ აღიარებ. კარგია, რომ ტრამპის წერილმა რუბიოს წერილი გაანეიტრალა.
ხათუნა ბახტურიძე
(სპეციალურად საიტისთვის)