ლევან გაჩეჩილაძის "გაკვეთილები", პაატა ბურჭულაძის "პარალელური არჩევნები" და სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგობა ანუ რას ურჩევს მამუკა არეშიძე ოპოზიციას - კვირის პალიტრა

ლევან გაჩეჩილაძის "გაკვეთილები", პაატა ბურჭულაძის "პარალელური არჩევნები" და სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგობა ანუ რას ურჩევს მამუკა არეშიძე ოპოზიციას

გთავაზობთ ეპიზოდს ექსპერტ მამუკა არეშიძის ინტერვიუდან, რომელიც "კვირის პალიტრის" 26 მაისის ნომერში გამოქვეყნდა. ექსპერტი შიდა პოლიტიკაზე საუბრისას, კომპრომისის აუცილებლობაზე საუბრობს.

- აუცილებელია ორივე მხარის კომპრომისი... ოპოზიციური პარტიების ასეთი დისკრედიტაცია საზოგადოების ცნობიერებაში არ მახსოვს. არის გაუთავებელი ლაპარაკი, რომ არჩევნები გაყალბდა. ჯერ ერთი, არ არის სიმართლე და მეორე, არ არის ეფექტური, ეს ხომ უნდა დაინახო და იგრძნო. ვთქვათ, არ სურთ მხარეებს კომპრომისი, გასაგებია, მაშინც ხელისუფლებამ ისეთი რამ უნდა შესთავაზოს საზოგადოებას, რომელიც გარღვევას გამოიწვევს ეკონომიკის განვითარებაში.

- ხელისუფლება იმის ნაცვლად, რომ ამას ცდილობდეს, პირიქით, აკავებს პოლიტიკურ ლიდერებს, დააკავეს ოქრუაშვილი, ჯაფარიძე.

- არ უნდა დაეკავებინათ არც ერთი-მეთქი, რომ ვთქვა, არც ამაში ვიქნები მართალი, და არც იმაში, რომ ვთქვა, ყველა ვინც კანონი დაარღვია, უნდა დაიჭირო. მართალია, კანონის დარღვევა ფორმალურად გულისხმობს დასჯას, მაგრამ უფრო მოქნილად მოქმედება შესაძლებელია. მაგალითად, ვთქვათ, ზოგიერთი პოლიციელს ფიზიკურად შეეხო, მაგრამ ხომ შეიძლება­ იყოს განსხვავებული მიდგომა მათ მიმართ. როგორ მეთოდსაც იყენებს ოპოზიცია, იმავეს იყენებს ხელისუფლებაც­, არადა, მას მეტი მოეთხოვება... ყველას ახსოვს აქციების პირველი დღეები, ფეირვერკული შეტევები პარლამენტის შენობაზე და პოლიციელებზე თავდასხმა, მაგრამ მას მერე დრო გავიდა და თუ იმ დღეებში ხელისუფლება იყო უკომპრომისო, დღეს შეიძლება მიდგომების შეცვლა. თუნდაც იმიტომ, რომ საკუთარ თავზე საგარეო თავდასხმების ხარისხი შეამციროს.

- მაშინ რატომ არ აკეთებს ამას?

- არ ვიცი, ეგ კითხვა აბსოლუტურად რიტორიკულია. მთელი პოლიტიკური სპექტრია დამნაშავე იმაში, რაც ქვეყანაში ცუდი ხდება. მე არასოდეს მავიწყდება ოპოზიცია 2008 წლის მოვლენების დროს, როცა გამოვიდა პარლამენტში ლევან გაჩეჩილაძე და გამოაცხადა, ჩვენ ვწყვეტთ ყველანაირ აქტივობას, ვიდრე ქვეყანა ასეთ მდგომარეობაშიაო.

ლევან გაჩეჩილაძეს კი არ ვაქებ, მე ვამბობ, რომ ოპოზიციამ მაშინ სწორი გადაწყვეტილება მიიღო - როცა ქვეყანას უჭირს, როცა გეოპოლიტიკური გამოწვევების ხარისხი იზრდება არა შიდა პოლიტიკიდან, არამედ მსოფლიო წესრიგის ჩამოშლიდან გამომდინარე. ყველაა პასუხისმგებელი, საზოგადოებაც პასუხისმგებელია.

- სალომე ზურაბიშვილის პოზიცია ცნობილია... პაატა ბურჭულაძემ ისაუბრა ტელეფონით არჩევნების ჩატარებაზე. ორი სხვადასხვა­ ფორმატია, რომელია უფრო მისაღები?

- ორივე დეკორატიული გზაა. ხომ დაარქვეს ამას პლებისციტი, მათი ნებაა, მაგრამ იურიდული ფორმა არასოდეს არ ექნება. თუ ჩემს რჩევას დაიჯერებენ, დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე ეს პლებისციტიც არ გაამართლებს. თბილისში შეიძლება მეტ-ნაკლებად იმუშაოს, მაგრამ რეგიონებში ნამდვილად არ იმუშავებს.­ თუ ვინმეს ჰგონია, საქართველო მარტო თბილისია, ცდება. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ოპოზიცია რეგიონებს არ იცნობს. ჩემი სამუშაო სივრცე ზუსტად რეგიონებია. იქ აბსოლუტურად სხვანაირად ფიქრობენ იმაზე, რაც თბილისში ხდება...

ჩვენ სახელმწიფოებრიობა ისედაც მყიფეა და მეტი რყევა არ სჭირდება. ჩვენი­ მეზობლები ამაზე რომ გამეცადინებული არიან, ფაქტია. ხელისუფლებაში ბევრი ვერ აცნობიერებს იმ გამოწვევების მასშტაბს, რომლებიც ქვეყნის წინაშეა, ვერ იყურება მომავალში. როდესაც აზერბაიჯანის გაძლიერებაზე ვლაპარაკობდი, არ ვგულისხმობდი აზერბაიჯანის, როგორც ქვეყნის მხოლოდ გაძლიერებას, მე ამ შემთხვევაში ვლაპარაკობ იმ ძალების გაძლიერებაზე, რომლებიც მათ უკან დგანან. ჩვენ ხომ დაახლოებით ასე ვმსჯელობთ - ერთი მხარე ებრძვის ევროპას, მეორე - რუსეთს, ამ დროს კი რა ხდება სამხრეთში, აღმოსავ­ლეთში, ამას ნაკლები ყურადღება ექცევა. არსად გამქრალა ჩვენი რეგიონისთვის პოლიტიკური ისლამის საფრთხე იმ ქვეყნებისგან, რომელთაც პოლიტიკური ისლამი დროშად აქვთ აღმართული.

- ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერი ხელისუფლებისთვის წინააღმდ­ეგობის გაწევასა და მსხვერპლზეც კი საუბრობს...

- არ მინდა ასეთი ტიპის განცხადებები სერიოზულად მივიღო. გედევან ფოფხაძემ თქვა, მსხვერპლი უნდა იყოსო, ეს სხვასაც უთქვამს. მაგრამ ოპოზიციას ერთი პირი არა აქვს. ახლა იმ ბიჭებს აგინებენ, ციხეში რომ სხედან, იმიტომ, რომ ხელი მოაწერეს წერილს, სააკაშვილის ბანერები მოაშორეთ მიტინგებიდანო. იმდენად არასერიოზულია ეს ყველაფერი, რომ უკვე გამაღიზიანებელია საზოგადოების დიდი ნაწილისთვის...

წაიკითხე ვრცლად