"მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი მიზანმიმართულად შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას" - თბილისის "დინამოს" განცხადება: რა მოხდა გორში - კვირის პალიტრა

"მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი მიზანმიმართულად შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას" - თბილისის "დინამოს" განცხადება: რა მოხდა გორში

თბილისის "დინამო" 28 მაისს, გორში, "დინამოსა" და ადგილობრივ "დილას" შორის გამართული შეხვედრისას მომხდარ ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს.

"მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენი გუნდისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის ლეგენდას - ჯაბა კანკავას. სამწუხაროდ, უსაფრთხოების სამსახურმა და სხვა პასუხისმგებელმა პირებმა ვერ შეძლეს ადამიანთა ამ ჯგუფის სტადიონიდან გაყვანა, რამაც კიდევ უფრო დიდი დაძაბულობა გამოიწვია და საბოლოოდ ისევ ჩვენი ფეხბურთელი დაისაჯა.

მთელი კლუბის სახელით მხარდაჭერას ვუცხადებთ ჯაბას. კატეგორიულად მიუღებელია ფეხბურთელებს მსგავსი პროვოკაციების ფონზე უწევდეთ ასპარეზობა. მითუმეტეს მაშინ, როდესაც საქმე ქართული ფეხბურთის ცოცხალ ლეგენდას ეხება. ადამიანს, რომელმაც ყველაზე მეტ მატჩში უკაპიტნა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს და რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა პროფესიონალიზმით, თავმდაბლობითა და ღირსებით.

გვჯერა, რომ სადისციპლინო კომიტეტი დეტალურად განიხილავს მომხდარ ფაქტს და სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს. დაუშვებელია პროვოკატორებმა მოთამაშეებს პირადი შეურაცხყოფა მიაყენონ და დისკვალიფიკაციით მოთამაშე დაისაჯოს. ყველა ჩვენგანის მიზანს უნდა წარმოადგენდეს, რომ ფეხბურთელებისთვის უსაფრთხო სათამაშო გარემო შევქმნათ", - აღნიშნულია განცხადებაში.