დაყადაღების სერია გრძელდება - კვირის პალიტრა

დაყადაღების სერია გრძელდება

საქართველოში დაყადაღების სერია გრძელდება. ამჯერად საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის ანგარიში დააყადაღეს. მიზეზი კვლავ ბუნდოვანია. სავარაუდოდ, ამ ინსტიტუტის საქმიანობა მავანმა და მავანმა კვლავაც პოლიტიკას დაუკავშირა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი დამოუკიდებელი, არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც 2011 წელს დაფუძნდა. ამ ორგანიზაციის მიზანი საქართველოში საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცოდნის დონის გაუმჯობესება და შესაბამისი მეცნიერული კვლევების ჩატარებაა. ინსტიტუტის დამფუძნებლები არიან: ზაზა შათირიშვილი, გია ხუხაშვილი და ვახტანგ ხმალაძე. არავისთვისაა უცნობი, რომ ბატონო გია და ბატონი ვახტანგი აქტიურად არიან ჩაბმული პოლიტიკურ პროცესებში, თუმცა, როგორც თვითონ აცხადებენ, ამის გამო უკვე კარგა ხანია უარი თქვეს ინსტიტუტის მართვაში მონაწილეობაზე. ამ საკითხზე ვესაუბრებით კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძეს:

- ბატონო ვახტანგ, თუ მიიღეთ ოფიციალური განმარტება, რატომ დააყადაღეს თქვენი ინსტიტუტის ანგარიში?

- არა, ამგვარი განმარტება ჯერ არ მიგვიღია და, სავარაუდოდ, ალბათ, არც მივიღებთ. როდესაც აღმოჩნდა, რომ ანგარიში დაყადაღებული იყო, ინსტიტუტის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე თეონა აქუბარდიამ ვიღას არ მიმართა იმის გასარკვევად, თუ რატომ და ვინ დააყადაღა ანგარიში, თუმცა, ამაოდ. ბოლოს და ბოლოს, მივიღეთ დოკუმენტი თბილისის საქალაქო სასამართლოსგან, სადაც მითითებულია ერთი კონკრეტული მუხლი, რომელიც მოიცავს იმ დანაშაულების ჩამონათვალს, რის გამოც შეიძლება დაყადაღებულ იქნეს ესა თუ ის ანგარიში, მაგალითად, ისეთი მძიმე დანაშაულებისაც, როგორიც არის სხვადასხვა სახის სისხლის სამართლის მძიმე დანაშაული, ტრეფიკინგი, ფინანსური დანაშაულით მოპოვებული ქონების განკარგვა და ა.შ. თუმცა, არანაირი დასაბუთება, კონკრეტულად რაში გვედება ბრალი, ჩვენთვის არავის მოუცია. ყველაფერთან ერთად აღმოჩნდა, რომ თურმე არც ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება გვაქვს, რადგან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, ჩვენ არ განვიხილებით საქმის წარმოების პროცესში მხარედ. წარმოგიდგენიათ, რა აბსურდთან გვაქვს საქმე, - ჩვენ შეგვეზღუდა საკუთრების უფლება. ფაქტია, რომ ამ ვითარებაში ინსტიტუტს ძალიან გაუჭირდება არსებობის გაგრძელება. ჩვენ არ ვიცით, რაში გვადანაშაულებენ და არც ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება შეგვიძლია. ორი სიტყვა მინდა ვთქვა თვითონ ინსტიტუტზეც. უკვე არაერთი უმნიშვნელოვანესი სამეცნიერო ნაშრომი მომზადდა, მათ შორის ნაწილი გამოიცა, ნაწილი კი გამოსაცემია და, ალბათ, ვეღარც გამოვცემთ. ამასთან, 40 თანამშრომელი რჩება უხელფასოდ და მალე, ალბათ, უსამსახუროდაც დარჩება.

- მოგეხსენებათ, აქამდეც არაერთი მსგავსი დაყადაღების ფაქტი ვიხილეთ, მარტო კახი კალაძის პირადი ანგარიშების დაყადაღების გახსენებაც საკმარისია. იმ შემთხვევებშიც დაზარალებულს, ვისაც საკუთრების უფლება ეზღუდება, გასაჩივრების უფლება წართმეული აქვს. იურისტი ბრძანდებით, იქნებ აგვიხსნათ, რასთან გვაქვს საქმე?

- ეს არის იმ საკანონმდებლო ცვლილებების შედეგი, რომელიც არცთუ დიდი ხნის წინ მიიღეს და რომელიც სრულიად ანტიკონსტიტუციურია. ვგულისხმობ, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლს, რომლის მიხედვით, ადამიანს, რომელიც სისხლის სამართლის პროცესის მიხედვით მხარე არ არის, საქმის მასალების გაცნობის და გასაჩივრების უფლება წაერთვა, არადა, ეს უფლებები გარანტირებულია ქვეყნის კონსტიტუციით. თითოეულ მოქალაქეს აქვს უფლება, გაეცნოს მის შესახებ სახელმწიფო უწყებებში არსებულ ინფორმაციას და ასევე აქვს უფლება, როდესაც მიიჩნევს, რომ მისი უფლებები ილახება, ეს გაასაჩივროს სასამართლოში.

- ბატონო ვახტანგ, ბუნებრივად ჩნდება ვარაუდი, რომ ეს გადაწყვეტილება უკავშირდება თქვენი და ბატონი გია ხუხაშვილის პოლიტიკურ აქტიურობას.

- შესაძლოა, თუმცა ამის არავითარი იურიდიული საფუძველი არ არსებობს, მე და გია ვართ ინსტიტუტის დამფუძნებლები. ინსტიტუტს მართავს სპეციალური საბჭო, რომლის წევრიც გია ხუხაშვილი მას მერე აღარ არის, რაც პოლიტიკაში წასვლის თაობაზე გააკეთა განცხადება. მეც, რაკი გადავწყვიტე, მეყარა მაჟორიტარობის კანდიდატად კენჭი, დავტოვე საბჭო და თანამდებობაც, რომელზეც ვმუშაობდი, მე ინსტიტუტის იურიდიულ დეპარტამენტს ვხელმძღვანელობდი. თუმცა კანონი ჩემგან ამას არ მოითხოვდა, უბრალოდ, მივიჩნიე, რომ ინსტიტუტში სრულფასოვანი საქმიანობისთვის დრო აღარ დამრჩებოდა.

ნათია დოლიძე (სპეციალურად საიტისთვის)