რამ განაპირობა საქართველოს დაწინაურება ინტერნეტის სიჩქარით ქვეყნების 20-ეულში? - ინტერვიუ მაგთის მარკეტინგის დირექტორთან
საქართველოში 5G ქსელის დანერგვამ მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზე - მეტი შესაძლებლობა შეიქმნა ინტერნეტის გამოყენებით პროფესიული საქმიანობის შესრულებისა თუ უბრალოდ გართობისა და კომუნიკაციისათვის.
ჩვენს ქვეყანაში მაგთიმ ყველაზე სრულფასოვნად განავითარა 5G ინფრასტრუქტურა. ინტერნეტის ხარისხის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება კი მალევე აისახა საერთაშორისო პარამეტრებშიც: 5G-ის დანერგვის შემდეგ საქართველომ მობილური ინტერნეტის სიჩქარით მოწინავე ქვეყნების სიაში გადაინაცვლა.
საუკეთესო მეხუთე თაობის ინტერნეტით სარგებლობისთვის საკმარისია, მომხმარებელი იყოს მაგთის აბონენტი, ფლობდეს შესაბამის სმარტფონს, რომელსაც აქვს 5G მხარდაჭერა და აღნიშნული პარამეტრი ჰქონდეს გააქტიურებული.
5G-ის გააქტიურებით აბონენტი იღებს ინტერნეტის გამოყენების სრულიად ახალ გამოცდილებას, რომელიც საგრძნობლად გაამარტივებს და კომფორტულს გახდის მის ცხოვრებას.
უფრო დეტალურად, რა მნიშვნელობა აქვს საქართველოში 5G ქსელის დანერგვას, რა შედეგები მიიღო მაგთიმ მისი შემოტანიდან დაახლოებით 6 თვის შემდეგ და როგორია სამომავლო გეგმები, ამის შესახებ კომპანიის მარკეტინგის დირექტორი თამარ გაჩეჩილაძე საუბრობს:
· რა მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის მაღალი ხარისხის 5G ქსელს და როგორ იმუშავა მაგთიმ აღნიშნული ტექნოლოგიის დანერგვაზე?
დღეს მობილური ინტერნეტი გადამწყვეტ როლს თამაშობს თითოეული ჩვენგანის ყოველდღიურ ცხოვრებაში - მეგობრებთან კომუნიკაციის, სასწავლო პროცესის, ინფორმაციის მიღებისა და პროფესიული საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. სწორედ ამიტომ, მაგთიკომისთვის უმთავრესი პრიორიტეტი მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის, სწრაფი, სტაბილური და უწყვეტი ინტერნეტ კავშირის შეთავაზება იყო.
ამ მიზნის მისაღწევად მაგთიკომმა უახლესი 5G ტექნოლოგია დანერგა და ასევე მნიშვნელოვნად გააძლიერა არსებული 4G ქსელი. დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაგთიკომის მომხმარებელი სარგებლობს უმაღლესი ხარისხის, სწრაფი, საიმედო მობილური ინტერნეტით.
ინტერნეტის ხარისხის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება აისახა საერთაშორისო პარამეტრებშიც. Ookla-ს Speedtest-ის მონაცემებით (Speedtest Global Index), მობილური ინტერნეტის სიჩქარით საქართველო 70-ე ადგილს იკავებდა. მაგთიკომის მიერ 5G ქსელის გაშვების შემდეგ ქვეყანა მნიშვნელოვნად დაწინაურდა, ოცეულში მოხვდა და სატელეკომუნიკაციო სფეროში წამყვანი ქვეყნების გვერდით დაიკავა ადგილი.
· როგორ შეაფასებთ მიღებულ შედეგებს, როგორ გააუმჯობესა მეხუთე თაობის ქსელმა თქვენი მომხმარებლების ყოველდღიურობა? როგორი უკუკავშირი გაქვთ მათგან?
მთავარი მიღწევა, ვფიქრობ, არის ის, რომ ოპერირების დაწყებიდან დღემდე, 3 მილიონზე მეტი მომხმარებლისთვის მაგთი ხარისხია. ხარისხთან ბრენდის ასოცირებას მომსახურების სანდოობა განაპირობებს – ის, რომ ყველგან საქართველოში მაგთი მუდმივი კავშირის იმედი და გარანტიაა.
უახლესი ტექნოლოგიების დანერგვა, მუდმივი სწრაფვა ინოვაციისადმი, დროსა და მოთხოვნებზე მორგებული პროდუქტების / სერვისების შეთავაზება - ეს კომპანიის მთავარი პრიორიტეტებია. სწორედ ასეთი მიდგომა განაპირობებს იმას, რომ უკვე მეოთხედ საუკუნეზე მეტია, მაგთიკომი სატელეკომუნიკაციო ბაზრის ლიდერია.
5G ტექნოლოგიის დანერგვიდან ნახევარი წელზე ცოტა მეტი გავიდა. გადადგმულმა ნაბიჯებმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ინტერნეტის მოხმარების გამოცდილება. მაგთიკომის ქსელი, რომელიც აგებულია საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით და გამოყენებულია 5G ტექნოლოგიისათვის გამოყოფილი სიხშირული რესურსის სრული სპექტრი, მობილური ინტერნეტის სრულიად ახალ შესაძლებლობებს ქმნის.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მობილური ინტერნეტის სიჩქარის ზრდა, ქსელის სტაბილურობის გაუმჯობესება და მინიმალური დაყოვნება, რაც კრიტიკულია თანამედროვე ციფრულ კომუნიკაციაში. შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზარდა მომხმარებლის კმაყოფილების დონე. მომხმარებლების შეფასებებით, 5G-მ მნიშვნელოვნად გაამარტივა მათი პროფესიული თუ ყოველდღიური ცხოვრება. მეხუთე თაობის ინტერნეტის შესაძლებლობები:
· 5G ქსელის გამოყენებისას, პირობითად, 10 წამში გაცილებით მეტი მონაცემის ჩამოტვირთვაა შესაძლებელი, ვიდრე - 4G ქსელით სარგებლობისას, რაც მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, მნიშვნელოვნად დაზოგოს დრო, მიიღოს და გადმოტვირთოს დიდი მოცულობის ფაილები/ვიდეოები მინიმალურ დროში და შეიქმნას საუკეთესო გამოცდილება;
· მნიშვნელოვნად გაზრდილია ატვირთვის სიჩქარეც, რაც უზრუნველყოფს შეუფერხებელ კომუნიკაციას რეალურ დროში, მაგალითად, Live სტრიმინგებისა და ონლაინ ვიდეო კონფერენციების დროს, სადაც მინიმალური დაყოვნება და სტაბილური კავშირი კრიტიკულია;
· 5G-ის მაღალი სიჩქარე და დაბალი დაყოვნება, შეიძლება ითქვას, სამოთხეა გეიმერებისა და ვირტუალური რეალობის (VR) მოყვარულთათვის. გეიმერებს ახლა უკვე შეუძლიათ ბევრად უფრო რთული, გრაფიკით დატვირთული თამაშების სტრიმინგი და VR გარემოში მეტი რეალიზმითა და ინტერაქციულობით ჩართვა;
· გაზრდილი ტევადობა, რომელიც 1 მილიონამდე მოწყობილობის ერთდროული მომსახურების შესაძლებლობას იძლევა 1 კმ2-ზე (100-ჯერ უფრო მეტი, ვიდრე - 4G), აძლიერებს სპორტულ თუ მუსიკალურ ღონისძიებებზე მიღებულ გამოცდილებას, ახალ საფეხურზე აჰყავს და ქმნის დაუვიწყარ შთაბეჭდილებას მაღალი ხარისხის სტრიმინგით რეალურ დროში. ხალხმრავალ მუსიკალურ ფესტივალებსა თუ მატჩზე მისულ მომხმარებლებს ხვდებათ ძლიერი, უწყვეტი კავშირი, რაც მათ საშუალებას აძლევს, რეალურ დროში გააზიარონ ფოტო თუ ვიდეო მასალა, ეკონტაქტონ მეგობრებს, პირდაპირ ეთერში გაუშვან საყვარელი შემსრულებლის კონცერტი თუ მატჩის დროს გატანილი გოლი, თან ეს ყველაფერი შეფერხების გარეშე.
· როგორც აღნიშნეთ, მაგთიმ ასევე მნიშვნელოვნად განავითარა 4G ქსელიც. როგორ გაუმჯობესდა ის და რა შესაძლებლობები მისცა ამან მომხმარებლებს?
კომპანია, როგორც ყოველთვის, ზრუნავს უკლებლივ ყველა მომხმარებელზე და მიუხედავად იმისა, რომ ყურადღება დიდწილად 5G-ზე იყო მიმართული, ჩვენ განვახორციელეთ 4G ინფრასტრუქტურის მასშტაბური განახლებაც, ვინაიდან კარგად გვესმის, რომ 4G კვლავ ასრულებს კრიტიკულ როლს მილიონობით მომხმარებლის ყოველდღიურ ცხოვრებაში.
4G ქსელის გაძლიერება შეუძლებელი იყო დამატებითი სიხშირული რესურსის შესაბამისი ლიცენზიის შეძენის გარეშე. ეს პროცესი კი დიდი ხნის განმავლობაში შეფერხებული იყო, მაგთიკომისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო. დღეს უკვე მაგთის აბონენტებს შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ საუკეთესო ხარისხის ინტერნეტით ყველგან და ყოველთვის.
· როგორია სამომავლო გეგმები 5G ქსელის განვითარებასთან დაკავშირებით? ხომ არ გაიზრდება მისი დაფარვის არეალი?
მუდმივი განვითარების პროცესი გრძელდება იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ და გავზარდოთ ჩვენი მომხმარებლების კმაყოფილება. ჩვენ სისტემატურად ვიკვლევთ და ვთავაზობთ მომხმარებელს საინტერესო სიახლეებს, მათ მოთხოვნებზე მორგებულ პროდუქტებსა თუ სერვისებს.
· ახალი პროდუქტი „ყველაფერი ულიმიტო“ სწორედ მომხმარებლის მოთხოვნებისა და სურვილების კვლევის ბაზისზე შეიქმნა - ყველაზე კომფორტული შეთავაზება, რომელიც ულიმიტო ინტერნეტს, წუთებსა და SMS-ებს აერთიანებს ერთ პაკეტში, ყველა მომხმარებლისთვის არის ხელმისაწვდომი და შეთავაზების სასურველი ვადით (1, 3, 7 და 30 დღით) არჩევის შესაძლებლობას იძლევა;
· იმისთვის, რომ 5G ინტერნეტის გამოცდილების მიღება ყველასთვის იყოს შესაძლებელი, ფლაგმან მობილურის მწარმოებელ ბრენდებთან ერთად, მომხმარებლებს ვთავაზობთ სხვადასხვა აქციას 5G ტელეფონებზე, რაც მათ გაუმარტივებს ახალი მობილურის შეძენას;
· მაგთიკომი, ტრადიციულად, ყველაზე ვრცელი დაფარვით გამოირჩევა - მაგთის უახლესი თაობის 5G ქსელი ხელმისაწვდომია თითქმის მთელ საქართველოში, ხოლო გაუმჯობესებული 4G ქსელით დაფარულია საქართველოს დასახლებული და კონტროლირებადი ტერიტორიის 99%.
ეს და სხვა სიახლეები, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მაგთიკომის მთავარ პრინციპს – მომხმარებელს შესთავაზოს ინოვაციური, უახლეს ტექნოლოგიებზე დაფუძნებული და მათზე ორიენტირებული სერვისი თუ პროდუქტი. ჩვენთვის პრიორიტეტია, მომხმარებელს გავუწიოთ საუკეთესო ხარისხის მომსახურება, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ყველგან და ყოველთვის.
R