აბსურდის თეატრი-რას ითხოვენ ერთმანეთისგან მოსკოვი და კიევი სტამბოლში მოლაპარაკებების გაგრძელებამდე... - კვირის პალიტრა

აბსურდის თეატრი-რას ითხოვენ ერთმანეთისგან მოსკოვი და კიევი სტამბოლში მოლაპარაკებების გაგრძელებამდე...

კრემლი გამოვიდა ინიციატივით, რომ 2 ივნისს სტამბოლში გაგრძელდეს რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები, თუმცა მისი გამართვა ჯერ კიდევ დიდი კითხვის ქვეშ რჩება, რადგან მოსკოვი და კიევი „ბავშვური სიჯიუტით“ ძიძგილაობენ დიპლომატიურ ფრონტზე...

საქმე ის არის, რომ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა უმაროვმა უკვე გაუგზავნა უკრაინული მხარის მემორანდუმი პრეზიდენტ პუტინის თანაშემწეს მედინსკის, რომელშიც ჩამოთვლილია ის ძირითადი საკითხები, რომლებსაც უკრაინელები დააყენებენ მოლაპარაკების მაგიდასთან, სტამბოლში ხელახლა შეხვედრის შემთხვევაში.

ლოგიკურია,რომ კიევი ელოდება საპასუხო, რუსულ მემორანდუმსაც, რათა მოემზადოს იმ საკითხებში, რასაც კრემლის წარმომადგენლები წამოჭრიან თურქეთში მოლაპარაკებების გაგრძელების დროს.

თუმცა, რუსული მხარე გაჯიუტდა და საპასუხო მემორანდუმს არ აცნობს უკრაინულ მხარეს და კიევისგან დაჟინებით მოითხოვს ჯერ ოფიციალურ დასტურს, 2 ივნისს სტამბოლში უკრაინული მხარის ჩასვლაზე.

ანუ იქნება ერთგვარი მოჯადოებული წრე, ჯერ კიდევ მოლაპარაკებების მაგიდასთან მისხდომამდე, რასაც უფრო კრემლის მხრიდან დროის გაყვანის სუნი ასდის უკრაინის ფრონტზე რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან დიდი საზაფხულო შეტევის დაწყების წინ...

უფრო მეტიც, თავის მემორანდუმს პუტინი არც ტრამპის წარმომადგენლებს აცნობს-მოსკოვის არგუმენტია, რომ რუსეთს ოფიციალურად არ მოუწვევია აშშ-ები მესამე მხარედ, უკრაინასთან მოლაპარაკებების პროცესში და ამიტომაც მოსკოვი არ არის ვალდებული ვაშინგტონს ანგარიშები აბაროსო...

რუსი მაღალჩინოსნების ეს მკვეთრი პოზიცია, უსათუოდ მას შემდეგ შეიქმნა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა თავს უფლება მისცა თავისი რუსი კოლეგა ბოლო დღეებში რამდენჯერმე უდიერად მოეხსენებინა-პუტინი ნამდვილად გაგიჟდაო და ამასთან კრემლს პრობლემების შექმნით დაემუქრა, თუკი რუსეთი ორ კვირაში არ წარმოადგენს სამშვიდობო მოლაპარაკების თავის მემორანდუმს...

მემორანდუმების შემუშავებაც, კრემლში მოგონილია და ისიც დროის გაყვანას ემსახურება, რადგან ყოველგვარი მემორანდუმის გარეშეც ცნობილია რუსეთის ხელისუფლების რამდენიმე ძირითადი მოთხოვნა-უკრაინის სრული ნეიტრალიტეტი და უარი ყოველგვარ ნატოზე,აქამდე ოკუპირებული და არაოკუპირებული უკრაინული მიწების ოფიციალურად „გადალოცვა“ კრემლისთვის, რუსული ენის სახელმწიფო ენად გამოცხადება დარჩენილ უკრაინულ ტერიტორიებზეც, უკრაინული არმიის ნაწილობრივი დემილიტარიზება და ა.შ.

ეს ყველაფერი კი ძირშივე ეწინააღმდეგება უკრაინის სამშვიდობო მემორანდუმს, რომელიც იწყება ცეცხლის დაუყოვნებელი შეწყვეტის მოთხოვნითა და გრძელდება რუსეთის საოკუპაციო ძალების დაუყოვნებელი გასვლით უკრაინის 1991 წლის სახელმწიფო საზღვრების გარეთ...

შესაბამისად, არ არსებობს იმის მცირედი შანსიც კი,რომ რუსეთი და უკრაინა ამ ეტაპზე მშვიდობიანად მოილაპარაკებენ-ყველაფერი ისევ ფრონტის ხაზზე გადაწყდება და კიდევ უფრო დაუნდობლად, ვიდრე აქამდე ომის განვლილ სამ წელში ხდებოდა...

აშშ-ის პრეზიდენტი ტრამპი ბოლომდე წელავს თავისივე დანაქადნის ასრულებას-თუკი პუტინი ჩაშლის მოლაპარაკებებს და არ შეწყვეტს ცეცხლს, რუსეთზე ძლიერი პოლიტიკური და ეკონომიკური სახის ზეწოლას განვახორციელებო...

მაგრამ, ადრე თუ გვიან ტრამპსაც მოუწევს საკუთარ თავთან იმაში გამოტყდომა,რომ მისი მეორედ პრეზიდენტად ინაუგურაციიდან ოთხი თვის განმავლობაში, პუტინი უკრაინაში ომის შეწყვეტასთან დაკავშირებით,მას უბრალოდ აბითურებდა...