პეტერ წადი! - კვირის პალიტრა

პეტერ წადი!

გუშინდელ ოლიმპიურ დღეს ქართველები განსაკუთრებული მოლოდინით შევხვდით. ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი მედლის მოპოვების ერთ-ერთი უპირობო კანდიდატი გახლდათ.

დილით რამდენიმე საბუკმეიკერო დაწესებულების ვებ-გვერდს ვესტუმრე და ვარლამი გამარჯვებულთა სავარაუდო სამეულში იმყოფებოდა.

ქართველების მოლოდინი ამაო აღმოჩნდა - ლიპარტელიანს ავსტრალიელთან მარცხის შემდეგ ჩემოდნის ჩალაგება და საქართველოში უსახელოდ დაბრუნება მოუწია.

ჩვენი მეორე იმედი ნინო სალუქვაძე გახლდათ. სპორტსმენმა საწადელს ვერ მიაღწია და მხოლოდ მე-15 ადგილი დაიკავა. ლიპარტელიანისგან განსხვავებით  საქართველომ სალუქვაძეს დიდი მადლობა უნდა გადაუხადოს: ქალბატონმა ნინომ ზედიზედ მეშვიდე ოლიმპიურ თამაშებში იასპარეზა. ამჯერად მას არ გაუმართლა, მაგრამ მისი პროფესიონალიზმისა და ოსტატობის წინაშე ქედს ვიხრი. ოთხი წლის შემდეგ რიო-დე-ჟანეიროს თამაშები გველის და არ გამიკვირდება, თუ სალუქვაძეს კვლავ ოლიმპიურ სასროლეთზე ვიხილავთ.

მიმაჩნია, რომ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ავსტრიელი თავკაცი პეტერ ზაიზენბახერი თანამდებობიდან სასწრაფოდ გასათავისუფლებელია. ქართულ ძიუდოს მდიდარი ტრადიციები გააჩნია და უცხოელმა პეტერმა სპორტის ეს სახეობა საბოლოოდ სანამ არ დაასამარა, უმჯობესია თავიდან მოვიცილოთ.

დღეს ოლიმპიურ ტატამზე ლომერ ჟორჟოლიანი იჭიდავებს. იმედი მაქვს, რომ წარმატებით იასპარეზებს და ზაიზენბახერს, ასევე მის "ქომაგ" ქართველ სპორტულ მაღალჩინოსნებს საბოლოოდ არ შეარცხვენს.

ქართულ ძიუდოში შექმნილ მდგომარეობაზე არაერთი კრიტიკული წერილის გამოქვეყნება შეიძლება.

მკითხველმა მიპასუხოს, განსხვავებული პოლიტიკური მსოფლმხედველობის გამო, ბატონი შოთა ხაბარელი საყვარელ საქმიანობას რატომ არის ჩამოცილებული?

გავაგრძელებ: ავსტრიელმა გუნდი მსოფლიოში "მოგზაურობით" გადაღალა. ფეხბურთის მწვრთნელი ტოპმიოლერის მსგავსად საქართველოში პრაქტიკულად არ იმყოფებოდა, სამაგიეროდ ბიჭებს დუნია მოატარებინა და არაერთი ეგზოტიკური ქვეყანა გააცნო.

გასული წლის მსოფლიო პირველობაზე ძიუდოისტებმა თავი საქვეყნოდ რომ შეირცხვინეს, ავსტრიელი თანამდებობიდან მაშინ უნდა გაეთავისუფლებინათ. ბატონ შოთა ხაბარელს ქართული სპორტის "ჩინოვნიკები" დაუკავშირდნენ და ნაკრებში დაბრუნება სთხოვეს. მიუხედავად ადრე მიყენებული წყენისა, ხაბარელი ამ შემოთავაზებას დათანხმდა. ორ დღეში, მავანთა ბრძანებით, ავსტრიელი პეტერი თანამდებობაზე დააბრუნეს.

ლონდონის ოლიმპიურ თამაშებს ქართველი ძიუდოისტები მოუმზადებელნი შეხვდნენ. ფალავნები გადაღლილები არიან და თუნდაც აფრიკის წარმომადგენლებთან ჭიდაობა უჭირთ.

გუშინ ვარლამ ლიპარტელიანი  ავსტრალიელ ენტონის ხვდებოდა. ამ ორთაბრძოლის მიმდინარეობისას ტელეკამერამ კადრში ავსტრიელი მწვრთნელი რამდენჯერმე დააფიქსირა. კაცი ტატამისგან მოშორებით იჯდა და სახეზე არანაირი ემოცია არ ეტყობოდა. პარალელურად ავსტრალიელის დამრიგებელიც გვიჩვენეს და ადამიანი ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა.

ეს უბრალო მაგალითი იმიტომ მოგიყვანეთ, რომ წინა ოლიმპიურ თამაშებში ძიუდოისტების გამოსვლას ყოველთვის განსაკუთრებულად ვაკვირდებოდი. შოთა ხაბარელი მოჭიდავეებზე არანაკლებ ენერგიას ხარჯავდა. მაპატიოს ევროპელმა პიტერმა, მაგრამ ლიპარტელიანის გამოსვლისას სპორტული დარბაზის ჭერში იყურებოდა და შემთხვევით შემოფრენილ ბუზებს ითვლიდა. ეს პიროვნება საქართველოში დიდ ხელფასს ღებულობს, ამ დროს საკუთარი შეგირდების ასპარეზობა გულთან ახლოს არ მიაქვს.

ძიუდოისტებმა ბოლო საოლიმპიადო შეკრება ბორჯომში გაიარეს. აღმოჩნდა, რომ იქ დისციპლინაც მოიკოჭლებდა.

ბატონო გია ნაცვლიშვილო და ბატონო ლადო ვარძელაშვილო, თქვენთან ერთი შეკითხვა გამიჩნდა: ძიუდოს ნაკრები ქართველი ხალხის ფულით ფინანსდება, გუნდში, კომუნისტები რომ იტყოდნენ, "სპორტულ-აღმზრდელობითი" მდგომარეობა რატომ ვერ მოაწესრიგეთ?

დღევანდელ ქართულ სპორტულ მას-მედიას თუ გაეცნობით, აღმოაჩენთ, რომ ბორჯომში ძიუდოისტები რეჟიმს აშკარად არღვევდნენ. ზუსტ ფაქტებს ჯერჯერობით არ ასახელებენ, მაგრამ ეს "დამალული" ინფორმაცია დღის სინათლეზე მხოლოდ დღეს გამოვიდა.

როდემდე შეიძლება რომ საზოგადოებას სიმართლე დაუმალოთ? ძიუდოისტების შემთხვევაში ეს პირველი ფაქტი არ გახლავთ. გავიხსენოთ, რამდენიმე წლის წინ კასპში დაფიქსირებული სამარცხვინო ფაქტი...

ნაკრების წევრების ნახევარზე მეტი ლონდონში ტრავმირებული ასპარეზობს. ამას მსოფლიოში მუდმივი "მოგზაურობის" შედეგად მიღებული გადაღლილობა ემატება. იმედია, რომ ქართული სპორტის მაღალჩინოსნები ამის შესახებ ქართული საზოგადოების წინაშე დაუფარავად ისაუბრებენ. სპორტის თაყვანისმცემელმა ოლიმპიური თამაშების დაწყებიდან მხოლოდ მეექვსე დღეს არ უნდა შეიტყოს, რომ  გუნდში პრობლემები არსებობდა.

საქართველოში ვერ გაამართლე და ავსტრიელო პეტერ, გირჩევ ქუდი დაიხურო და შენს სამშობლოში დაბრუნდე. ოლიმპიური თამაშების დასრულების შემდეგ კი გია ნაცვლიშვილსა და ლადო ვარძელაშვილს მკაცრი პასუხი უნდა მოვთხოვოთ.

დღეს ოლიმპიურ ტატამზე ლომერ ჟორჟოლიანი იასპარეზებს. "გაგეცინებათ" და ისიც ტრავმირებულია - თითი აწუხებს. ამის შესახებ "ოფიციალურად" მხოლოდ დღეს დილით გახდა ცნობილი, არადა, ბოლო თვეა, თურმე დაზიანებული თითითა და ფეხის ფრჩხილით ვარჯიშობს.

წარმატება ვუსურვოთ ლომერს. მკითხველმა მაპატიოს პრობლემებზე საუბრით თავი რომ მოვაწყინე, მაგრამ ყოვლად მიუღებელია, ძიუდოისტთა ნაკრებში არსებულ პრობლემებს საზოგადოება ოლიმპიური თამაშების დაწყების შემდეგ რომ გებულობს.

გიორგი გაჩეჩილაძე (სპეციალურად საიტისთვის)