ზბიგნევ ბჟეზინსკის წინასწარმეტყველება ანუ რა მოხდება თუ პუტინმა უკრაინა დაიპყრო?! - კვირის პალიტრა

ზბიგნევ ბჟეზინსკის წინასწარმეტყველება ანუ რა მოხდება, თუ პუტინმა უკრაინა დაიპყრო?!

„ვერ შეძლო, რა საკადრისი მიეზღო რუსეთისათვის, უკრაინის გამო, დასავლეთმა თავისი რეპუტაცია გაიფუჭა და ამისათვის მკაცრად ისჯება“, - ნათქვამია ბრიტანული გაზეთის, „ტაიმსის“ (The Times) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში, სათაურით: „ღალატი უკრაინის მიმართ, რომელიც დასავლეთს მუდამ უკან სდევს“ (ავტორი - ედვარდ ლუკასი, პუბლიცისტი და ჟურნალისტი). „აშშ-მა დიდი ხანია, იცოდა, რომ რუსეთის გავლენის სფეროზე პრეტენზიების გაცხადება მას რაიმე სარგებელს არ მოუტანდა - ამის შესახებ თეთრ სახლს ჯერ კიდევ ზბიგნევ ბზეჟინსკი აფრთხილებდა“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

ზბიგნევ ბზეჟინსკი ცივი ომისდროინდელი გამოჩენილ ამერიკელი მოაზროვნე და სახელმწიფო მოღვაწე იყო. ახლახან წავიკითხე წიგნი სახელწოდებით - „ზბიგ“, რომელიც ოსტატურად დაწერა ჩემმა სეხნიამ „ფაინენშელ ტაიმსიდან“ - ედვარდ ლიუსმა. დავფიქრდი, თუ რას იტყოდა ცივ ომში დასავლეთის გამარჯვების არქიტექტორი იმ ფიასკოზე, რომელიც იმავე დასავლეთისათვის დღეს უკრაინაში მზადდება და ახლოვდება. სავარაუდოდ, ალბათ, ასე: „მე ხომ გეუბნებოდით, გაფრთხილებდით რუსეთთან დაკავშირებით...“.

ზბიგნევ ბზეჟინსკის მთელმა ცხოვრებამ - იგი 1928 წელს დაიბადა - დასავლეთის ღალატის ფონზე გაიარა. ყველა, ვინც კი ჩვენ [დასავლეთს] გვენდო და ჩვენი იმედი ჰქონდა, საბოლოოდ სწორედ ჩვენს გამო იტანჯებოდნენ და ზარალდებოდნენ. ბზეჟინსკისაც ასეთი ბედი დაჰყვა. მისი მომავალი ცოლის სამშობლო - ჩეხოსლოვაკია ჰიტლერს გადავეცით, მიუნჰენის გარიგებით, 1938 წელს. მისი მშობლიური პოლონეთი და დანარჩენი აღმოსავლეთი ევროპა - ჯერ გერმანიას, შემდეგ კი იოსებ სტალინს, იალტის 1945 წლის კონფერენციით. ჩვენ ყველანაირად ვაქეზებდით უნგრელთა აჯანყებას 1956 წელს, კომუნისტური ხელისუფლების წინააღმდეგ, მაგრამ როცა კრემლმა ის სისხლში ჩაახშო, ჩვენ, დასავლეთი, განზე გავდექით. დასავლეთი მაინცდამაინც დიდად არ შეშფოთებულა 1968 წელს ჩეხოსლოვაკიაში საბჭოთა ჯარების შეჭრითაც და „პრაღის გაზაფხულის“ განადგურებით...

ზბიგნევ ბზეჟინსკიმ, მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯიმი კარტერის პრეზიდენტობის დროს (1977-1981 წლებში), ჩამოთვლილი კატასტროფებიდან სწორი დასკვნა გააკეთა: ნუ მისცემ ისეთ პირობას, რისი შესრულებაც არ შეგიძლია. მას არ მოსწონდა როგორც ფატალიზმის (გარდაუვალობის) მიმდევრები (მაგალითად, თავისი მეტოქე ჰენრი კისინჯერი, რომელიც თვლიდა, რომ ევროპაში რუსეთის გავლენა გარდაუვალი იყო), ასევე - უსაფუძვლო, მოჩვენებითი „მეომრული განწყობა“ და თავისუფლების მხარდამჭერი ცარიელი გზავნილები, ყოველგვარი ვალდებულების გარეშე. ზბიგნევ ბზეჟინსკი უპირატესობას ანიჭებდა ხანგრძლივ თამაშს, რომლის წარმატებით დასრულებაში დარწმუნებული იყო. მისი ერთ-ერთი დამსახურება გახლდათ ის, რომ ხელი შეუშალა საბჭოთა გეგმას პოლონეთში შესაჭრელად, „სოლიდარობის“ მიერ გამოწვეული კრიზისის დროს. ზბიგნევ ბზეჟინსკი ხისტ დიპლომატიას ატარებდა კრემლის წინააღმდეგ, ლეონიდ ბრეჟნევის მმართველობის პერიოდში, მაგრამ, იმავდროულად, პოლონელ ოპოზიციონერებს აფრთხილებდა, რომ კომუნისტურ ხელისუფლებას პირისპირ ბრძოლაში ნუ გამოიწვევდნენ - მას სჯეროდა, რომ კომუნისტური წყობა დაემხობოდა და სოციალისტური ბანაკი დაიშლებოდა. ზბიგნევ ბზეჟინსკის გაფრთხილებამ შედეგი გამოიღო: 1980 წლის კრიზისი პოლონეთში სამოქალაქო ომში არ გადაზრდილა. ათი წლის შემდეგ კი საბჭოთა სისტემა დაემხო.

საბჭოთა ეპოქის შემდეგ უკრაინა მიყრუებული და, იმავდროულად, კორუმპირებული ქვეყანა გახდა, რომელზეც რუსეთი დომინირებდა.

ამასთან, როცა რუსეთ-უკრაინის ერთობაში დასავლეთი ვერაფერს სახიფათოს ვერ ამჩნევდა, ზბიგნევ ბზეჟინსკი წინასწარმტყველურად ამბობდა: „უკრაინასთან ერთად რუსეთი ავტომატურად ხდება იმპერია, კიევთან ერთად მოსკოვი ყოველთვის გამოამჟღავნებს თავის იმპერიალისტურ ბუნებას, უკრაინის გარეშე კი რუსეთი იმპერია აღარ (და ვერ) გახდება“.

სწორედ ამიტომ იგი მხარს უჭერდა უკრაინას, თუნდაც კორუმპირებულს, რადგან დარწმუნებული იყო: თუ უკრაინა და რუსეთი ცალ-ცალკე იქნებოდნენ, დემოკრატიის თვალსაზრისით, ეს ორივესათვის სასარგებლო იქნებოდა, ხოლო ორივეს ერთად ყოფნა ხელს შეუწყობდა რუსული რევანშიზმის აღორძინებას. (...)

მიუხედავად იმისა, რომ ზბიგნევ ბზეჟინსკის რადიკალური, „ქორული“ პოზიცია ჰქონდა რუსული იმპერიალიზმის მიმართ, იგი მტკიცედ გამოდიოდა უკრაინის ნატოში მიღების წინააღმდეგ. თავის წიგნში „დიდი საჭადრაკო დაფა“, რომელიც 1997 წელს გამოქვეყნდა, იგი გამაფრთხილებლად აცხადებდა, რომ უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში წევრად მიღება „ყველაზე სახიფათო სცენარამდე მიგვიყვანს“ - ანტიდასავლურ კოალიციამდე, ჩინეთის, რუსეთისა და, სავარაუდოდ, ირანის მონაწილეობით, რომელიც ჩამოყალიბდება არა იმდენად იდეოლოგიით, არამედ - ერთმანეთისადმი არადიპლომატიური დამოკიდებულებით“.

დღეს ჩვენ, დაახლოებით, სწორედ ისეთი სურათი გვაქვს, როგორიც ზბიგნევ ბზეჟინსკიმ იწინასწარმეტყველა. გარდა იმისა, რომ ჩვენი მტრები ერთმანეთის მეგობრები გახდნენ, ის ქვეყანა, რომლის დახმარებასაც ჩვენ ვცდილობდით, ფაქტობრივად, დანგრეულია. დასამალი არაა, რომ ეს სწორედ ჩვენი ბრალია. დასავლეთი აქეზებდა უკრაინის ნატოსაკენ სწრაფვას - კერძოდ, ჯორჯ ბუში-უმცროსის ადმინისტრაციამ 2008 წელს კიევს ნატოში მიღება აღუთქვა.

ზბიგნევ ბზეჟინსკისაგან განსხვავებით, იმ დროს მე ამგვარ იდეას - უკრაინის ნატოში მიღებას - მხარს ვუჭერდი. არ მჯეროდა, რომ ოდესმე ჩვენ უკრაინას ვუღალატებდით, თუმცა, საბოლოო ჯამში, სწორედ ასე მოხდა. ჩვენ ვერ მოვახერხეთ საკადრისი პასუხი გაგვეცა რუსეთისათვის, უკრაინაზე პირველი თავდასხმის გამო, 2014 წელს, ხოლო როცა კრემლმა კიევის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, ჩვენ ძალიან შეგვეშინდა - ერთი მხრივ, იმიტომ, რომ პუტინს ბირთვული იარაღი გააჩნდა, მეორე მხრივ კი - ვაითუ რუსეთში ხელისუფლება დაემხოსო [და სამოქალაქო ომი დაიწყოსო]. ჩვენ არ მივაწოდეთ უკრაინას გამარჯვებისთვის აუცილებელი იარაღი მაშინ, როცა გამარჯვება შესაძლებელი იყო. უფრო მეტიც - კიევს არ მივეცით თავდაცვისათვის საკმარისი იარაღი.

ახლა რუსეთი უპირატესობას ფლობს - პოლიტიკური, დიპლომატიური, ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო თვალსაზრისით. კრემლმა უკვე მოიპოვა მნიშვნელოვანი გამარჯვებები. რუსეთმა აჩვენა, რომ მისი ბირთვული შანტაჟი მოქმედებს; რომ ოკუპირებული ტერიტორიების შენარჩუნება შეიძლება და რომ დონალდ ტრამპისათვის სულ ერთია, რას ფიქრობენ აშშ-ის ევროპელი მოკავშირეები. სიტუაციას ისეთი პირი უჩანს, რომ რაც დრო გადის, უფრო უარესია მოსალოდნელი.

ჩვენს უკრაინელ მეგობრებს წინ უმძიმესი ზაფხული და მრისხანე ზამთარი ელოდებათ. ვლადიმერ პუტინს შეუძლია, თავისი უპირატესობით სრულად ისარგებლოს და კიდევ უფრო ფართო შეტევა განავითაროს.

ყველასთვის ცნობილია, რომ ისეთ ომში, რომელიც ერთმანეთის გამოფიტვამდე გრძელდება, უძლიერესი იმარჯვებს. არ არის გამორიცხული, რომ შეიძლება რუსეთმა ჩვენთვის გასაკვირი ნაბიჯიც გადადგას და დროებით 30-დღიან დაზავებას დაეთანხმოს. მისი სამხედრო მანქანა სრული სიმძლავრით მუშაობს, ამიტომაც ამ ზავით კრემლის ძალა კიდევ უფრო მოიმატებს, უკრაინა კი - დასუსტდება. პუტინის სარდლებს შეუძლიათ, პაუზით ისარგებლონ და ყირიმის რემილიტარიზება განახორციელონ - ფლოტი სევასტოპოლში დააბრუნონ, განალაგონ უახლესი სარაკეტო კომპლექსები და ჰაერსაწინააღმდეგო საზენიტო დანადგარები, რათა შავი ზღვის აკვატორიაში ისევ გაბატონდნენ და უკრაინის შავი ზღვის ნაპირების წინააღმდეგ სამომავლო შეტევისათვის სასტარტო მოედნები მოამზადონ.

ცეცხლის შეწყვეტის დროის განმავლობაში ვლადიმერ პუტინს შეუძლია, იმდენი რაკეტა და დრონი დააგროვოს, რომ როცა საომარი მოქმედებები განახლდება, მისთვის ძნელი არ იქნება უკრაინის დასუსტებული ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის საბოლოო განადგურება. სხვათა შორის, ამ მხრივ ნიშანდობლივია ის, რომ გასულ კვირას უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო დაცვამ ვერც ერთი რუსული ბალისტიკური რაკეტის ჩამოგდება ვერ შეძლო. „ისკანდერებმა“ კიევს შეუტიეს, რომელსაც ამერიკული „პეტრიოტის“, სულ მცირე, ორი ბატარეა მაინც იცავს, თუმცა ისინი საკმარისი არ აღმოჩნდნენ. ახლახან უკრაინის თხოვნას „პეტრიოტების“ დამატებით გადაცემის თაობაზე დონალდ ტრამპმა დაცინვით უპასუხა.

ამასობაში დიდი ბრიტანეთი და მისი ევროპელი მოკავშირეები აშკარად არ არიან მზად, უკრაინას საიმედო შემკავებელი ძალებით დაეხმარონ. მათ არ სურთ ამის გაკეთება და რომც მოისურვონ დახმარება, უკვე დაგვიანებულია. ჩვენ თავის დროზე ვერ გავრისკეთ კიევისათვის საჭირო იარაღი მიგვეცა, როცა მას გამარჯვების შანსი ჰქონდა და განა ახლა დავუდგებით გვერდით, როცა ომში მარცხდება?

დონალდ ტრამპისათვის სულ უბრალო დაზავებაც კი საკმარისია, რომ მან რუსეთს სანქციები მოუხსნას ან შეურბილოს. ვლადიმერ პუტინი კი შეძლებს, ნებისმიერ მომენტში განაახლოს საომარი მოქმედებები.

ამისათვის ერთი პროვოკაციის იმიტაციაც კი საკმარისია, რომ კრემლმა ყველაფერი უკრაინას დააბრალოს. უფრო მეტიც: იმის გამო, რომ ნატოს ავტორიტეტი საკმაოდ არის შერყეული, რუსეთს შეუძლია, უფრო მზაკვრული ნაბიჯები გადადგას.

ზბიგნევ ბზეჟინსკის გენიალურობა იმით გამოიხატება, რომ იგი კეთილშობილ მიზნებს რეალისტური საშუალებებით აღწევდა. ჩვენ კი ყველაფერი პირიქით გავაკეთეთ - საკუთარ თავში შიში და ცინიზმი გავაერთიანეთ. შედეგმაც არ დააყოვნა: რუსეთთან ომს ვაგებთ.

წყარო