"ოპოზიცია­ Facebook-ის ბაბლის ტყვეა, ეშინიათ, ჯგუფ "დაიტოვეში" მათ შესახებ რას დაწერენ..." - იფიტება თუ არა პროტესტი: ლევან ლორთქიფანიძის ანალიზი - კვირის პალიტრა

"ოპოზიცია­ Facebook-ის ბაბლის ტყვეა, ეშინიათ, ჯგუფ "დაიტოვეში" მათ შესახებ რას დაწერენ..." - იფიტება თუ არა პროტესტი: ლევან ლორთქიფანიძის ანალიზი

ხელისუფლების ქმედებებსა და ოპოზიციის პრობლემებზე, ანალიტიკოს ლევან ლორთქიფანიძეს­ ვესაუბრეთ.

- გასაგებია, რომ კონკრეტული პოლიტიკური ლიდერი არ აღიარებს პარლამენტის ლეგიტიმაციას, არ ესწრება კომისიის სხდომებს, არ იხდის გირაოს, მაგრამ ხომ შეგიძლია სასამართლო პროცესი­ გაწელო, დამატებით დაუწესო ფინანსური­ სანქცია, დაუყადაღო საბანკო ანგარიში და ამ ფორმით გაუწიო წინააღმეგობა მის ურჩობას. არსებობს ადმინისტრაციული მეთოდები, რითიც შეგიძლია პასუხისგებაში მისცე პირი, მაგრამ ხელისუფლებას აქვს არჩეული გზა, ნებისმიერ დანაშაულსა თუ კანონდარღვევაზე მაქსიმალურად მკაცრი სასჯელით მოახდინოს რეაგირება. სურთ ხალხი შეაშინონ, რომ ყველას დაიჭერენ, ვინც მათი ნორმების წინააღმდეგ იმოქმედებს.

ამასთან, სიმართლე გითხრათ, ზურა "გირჩი" ჯაფარიძის ქმედება ჩემთვის­ აღმაფრთოვანებელი არ არის. გასაგებია, რომ არ აღიარებ პარლამენტის ლეგიტიმაციას, არ მიხვედი კომისიის სხდომაზე, მაგრამ ხომ შეგიძლია გირაო გადაიხადო და არ ჩაერთო ამ სპექტაკლში?!

მაგრამ მას აქვს კონკურენცია სხვა ოპოზიციურ კანდიდატებთან და თავის გამოსაკვეთად გააკეთა ასე. ამას მე მაინცდამაინც თავგანწირვად არ მივიჩნევ. ოპოზიციის მიზანი, რომ ხელისუფლებას სახელი გაუტე­ხოს დასავლეთში, აღარ არის საჭირო. ისედაც­ ყველამ იცის, რომ "ქართული ოცნება" მიდრეკილია­ ავტორიტარიზმისკენ...

- ის, რომ ოპოზიციის ნაწილმა გადაიხადა­ ჯარიმა, ზოგმა კი უარი თქვა, ხომ არ ჯობდა ამ საკითხზეც პარტიებს ერთი აზრი ჰქონოდათ?

- არა, რატომ არის პრობლემა, რომ ოპოზიციას სხვადასხვა აზრი ჰქონდეს. საერთო პოზიცია საჭიროა ცენტრალურ საკითხებზე, როგორიც არის უცხოელებთან კომუნიკაცია, რა გზავნილებით მივდივართ და როგორ ველაპარაკებით დასავლეთს, რა ტიპის პროტესტს ვაორგანიზებთ ქუჩაში... მთელი უბედურება ის არის, რომ ოპოზიციური პარტიების უდიდესი უმრავლესობა­ Facebook-ის ბაბლის ტყვეა, საკუთარი აზრი არ გააჩნია, ეშინიათ, ჯგუფ "დაიტოვეში" მათ შესახებ რას დაწერენ.

მაგალითად, მამუკა ხაზარაძეს თავისი აზრი პოლიტიკის შესახებ შეიძლება აქვს, მაგრამ მისი გამოხატვის ეშინია, რადგან სოციალური ქსელის ერთ-ერთ ჯგუფში შეიძლება­ დააბრალონ ღალატი, სიმხდალე.

ამ შიშის ტყვეები არიან პოლიტიკოსები და არა აქვთ თანამიმდევრული ხედვა.­ ჩვენ კარგად ვიცით, რომ სოცქსელში განწყობების კონტროლი ძალიან ადვილია, მით უმეტეს, "ქართული ოცნებისთვის", რომელსაც უდიდესი საკომუნიკაციო რესურსი აქვს, ე.წ ტროლბოტების ქარხანა.

- რა უნდა გააკეთოს ოპოზიციამ?

- უპირველესად უნდა აუხსნან ამომრჩეველს, რომ მათ აქვთ პრეტენზია მხოლოდ საპარლამენტო ძალაუფლებაზე და როცა ხელისუფლება შეიცვლება, ის იქნება პროფესიულად დაკომპლექტებული, რომ ჩამოაყალიბებენ ტექნიკურ მთავრობას. ოპოზიციამ უნდა თქვას, რომ ისინი არ იბრძვიან აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის. ხელისუფლების რიტორიკა, მე თუ არ ვიქნები, "ნაციონალების" დაბრუნება გინდათო, მოსახლეობაში მუშაობს. მეორე საკითხია, რომ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა უნდა გამოკვეთონ, რა საკითხებზე თანამშრომლობენ ერთმანეთში და რაზე არა. ვთქვათ, პატიმრების გათავისუფლების საკითხზე, როგორი უნდა იყოს საარჩევნო კოდექსი და როგორ შევცვალოთ საარჩევნო გარემო, რომ აღარ გაყალბდეს, საპროტესტო მოძრაობას რა ფორმებით დავეხმაროთ, საერთაშორისო ასპარეზზე რა საკითხები გაგვაქვს... დანარჩენზე შეიძლება ჰქონდეთ განსხვავებული აზრი. რაც მთავარია, კიდევ ერთი ნაბიჯი, რომელიც ოპოზიციას გამოადგებოდა, არის ინტენსიური შეხვედრები საპროტესტო მოძრაობის მონაწილეებთან. არის "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პროტესტი, თეატრალების პროტესტი, სტუდენტური­ მოძრაობა, არის სხვადასხვა ჯგუფი, რომლებთანაც უნდა იყოს შეხვედრები და აზრთა გაცვლა, თუ რას ვაკეთებთ. ქვეყანაში სოციალურ ნიადაგზე უამრავი პროტესტის კერაა, ჭიათურაში, ვანის რაონში, ზუგდიდში, ქობულეთსა და ბათუმში - ამ ხალხის ნახვა და სტრატეგიების დასახვა უმნიშვნელოვანესია.

ადრე მქონდა იმედი, რომ საერთაშორისო ზეწოლა "ქართულ ოცნებას" დაასუსტებდა, მაგრამ დღეს სხვანაირად ვფიქრობ. დღეს პროტესტი ჩაფერფვლის პირასაა და თუ რამე ახალი ენერგიითა და ფორმით არ გააცოცხლეს, ჩაკვდება, რაც საზოგადოებაში ძალიან დიდ ნიჰილიზმსა და იმედგაცრუებას გამოიწვევს.

ამ საფრთხის თავიდან აცილება შეიძლება, თუ ახალ მიზანს დავისახავთ, რომელიც შესაძლოა იყოს 4 დიდი ქალაქიდან მინიმუმ ორის მოგება. ეს ქალაქებია თბილისი და რუსთავი აღმოსავლეთ საქართველოში, ხოლო ქუთაისი და ბათუმი - დასავლეთში. არჩევნებში მონაწილეობა კი ხელისუფლების ლეგიტიმაციას არ გულისხმობს. მხოლოდ თბილისი რომ მოიგოს ოპოზიციამ, ეს დიდი დარტყმა იქნება. სამწუხაროდ, რეგიონებში იმდენად ძლიერია პროპაგანდა და სახელმწიფოს გავლენა - უშიშროება, პოლიცია - რომ ძალიან ნაკლებია შანსი­. ჩვენ უკვე ვიცით "ქართული ოცნების" არჩევნების გაყალბების ტექნოლოგიები - ესეც უპირატესობაა ოპოზიციის. ისიც ვიცით, პოლიტიკურმა პარტიებმა რა შეცდომები დაუშვეს, არ ჰყავდათ საკმარისად დამკვირვებლები, არ ჰყავდათ გადამზადებული კომისიის წევრები, ასე რომ, აზრი აქვს გაბრძოლებას. ასე რომ, სულ თამაშგარე მდგომარეობაში დარჩენას, ჯობია ჩაება უთანასწორო ბრძოლაში. საჭიროა არა ოპოზიციის გაერთიანება, არამედ კოორდინაცია ცენტრალურ საკითხებზე.

წაიკითხე ვრცლად