”ზაფხულის დაავადებებმა” შვებულება რომ არ ჩაგიმწაროთ... - კვირის პალიტრა

”ზაფხულის დაავადებებმა” შვებულება რომ არ ჩაგიმწაროთ...

აგვისტო შვებულებებისა და დასვენების თვეა, შესაბამისად, ეს თვე ნებისმიერ ადამიანში თავისუფლების, ყოველდღიური რუტინისაგან გაქცევის ასოციაციას იწვევს, თუმცა იმისათვის, რომ ძალები აღიდგინოთ და შვებულებაც არ ჩაგიმწარდეთ, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ის რჩევები და რეკომენდაციები, რომლებსაც ჩვენი სტუმარი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ბიოუსაფრთხოებისა და ეროვნული საცავის განყოფილების უფროსი, მედიცინის დოქტორი შოთა ცანავა გვაძლევს:

- ზაფხულში მართლაც არის საშიშროება იმისა, რომ ადამიანი დაინფიცირდეს და დაავადდეს. უფრო მეტიც, არსებობს დაავადებები, რომლებსაც შეიძლება ”ზაფხულის დაავადებებიც” ვუწოდოთ. ეს ძირითადად ისეთი დაავადებებია, რომლებიც საკვებითა და წყლით ვრცელდება. ესენია: ენტეროვირუსები, ჰეტეროვირუსები, სალმონელოზები, შიგელოზები და ა.შ. მათი გამომწვევი ძირითადად ის მიკროორგანიზმებია, რომელთაც აქვთ უნარი ადამიანის კუჭ-ნაწლავის სისტემა დააზიანონ. ეს სეზონური დაავადებებია, ვინაიდან მაღალ ტემპერატურაზე მათი გამომწვევი მიკრობები განსაკუთრებით აქტიურდებიან და ხელსაყრელი პირობები ექმნებათ გამრავლებისა და ცხოველქმედებისათვის. პირველ რიგში კი უნდა აღინიშნოს საკვებით გამოწვეული მოწამვლები.

- როგორ შეიძლება თავიდან ავიცილოთ საკვებით გამოწვეული დაავადებები?

- ამგვარი დაავადებების პრევენცია სავსებით შესაძლებელია: გარდა იმისა, რომ ყურადღებით უნდა შევარჩიოთ პროდუქტი, რომელსაც ვყიდულობთ, საკვების მომზადების, მისი შენახვისა და მოხმარების წესებიც უნდა დავიცვათ. საკვები უნდა ინახებოდეს დაბალი ტემპერატურის პირობებში. სასურველია, რომ ის იყოს ახალი მომზადებული, მისი მომზადებიდან მირთმევამდე დრო რაც ნაკლები იქნება, მით უკეთესია თქვენი ჯანმრთელობისათვის. უნდა აღვნიშნო ერთი რამ: ადამიანებს საკმაოდ მცდარი წარმოდგენა აქვთ მაცივარზე და მის შესაძლებლობებზე - უმეტესობას ჰგონია, რომ მაცივარი მიკრობებს კლავს, სინამდვილეში კი კარგად ინახავს, ამიტომ, თუ საკვებს დროულად შეინახავთ, მხოლოდ მაშინ შეიძლება იფიქროთ, რომ მისი წყალობით არავინ დაინფიცირდება, დაგვიანებით შენახვის შემთხვევაში კი მერწმუნეთ, მაცივარი საქმეს ვერ უშველის.

- შვებულების დროს უმეტესობა ცდილობს, წავიდეს ზღვაზე, ან უკიდურეს შემთხვევაში ისეთ ადგილას, სადაც მდინარეა. წყალშიც ხომ შეიძლება დაინფიცირება?

- დაავადების რისკი მაღალია იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი მდინარის, ტბის, ან ზღვის წყალს დიდი რაოდენობით ჩაყლაპავს. მართალია ზღვას, ან მდინარეს აქვს თვითგანწმენდის უნარი, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ იქ მაინც არის საშიში მიკროორგანიზმები, ამიტომ, ვინც დიდი რაოდენობით მიირთმევს ამ წყალს, შეიძლება დაავადდეს და რაღაც ვირუსიც აღმოაჩნდეს. ზაფხულობით დაინფიცირების ალბათობა ძალზე მაღალია ბავშვებში, შესაბამისად, მათი დაავადების შემთხვევებიც უფრო ხშირია, იქნება ეს ენტეროვირუსული, ჰეტეროვირუსული დაავადებები, თუ სხვა. ბავშვს უნდა ვასწავლოთ, როგორ მოიქცეს მდინარეში, ტბაზე, ან ზღვაზე ბანაობისას და რა წესები დაიცვას. როგორც უკვე გითხარით, ამ დაავადებების გავრცელებისათვის მაღალი ტემპერატურა განსაკუთრებით ხელსაყრელ პირობებს ქმნის, მაგრამ თუ ფრთხილად ვიქნებით, დაინფიცირება სავალდებულო სულაც არ არის. თანაც, გასულ წლებთან შედარებით ჩვენს ქვეყანაში გაცილებით ნაკლებია წყლით დაინფიცირების შემთხვევები. წინა წლებში ამგვარი დაავადებების ნამდვილი აფეთქება გვქონდა, ახლა კი მსგავსი შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად დაეცა იმიტომ, რომ წყალი კონტროლდება, ეს კი ხელს უწყობს ”ზაფხულის დაავადებების” მინიმუმამდე შემცირებას.

- ბატონო შოთა, ალბათ ბანაობისას საკმაოდ მაღალია სოკოვანი დაავადების გადადების საშიშროებაც.

- სოკოვანი დაავადების გადადების რისკი მაღალია იმ ადამიანებში, რომლებიც ხშირად დადიან საცურაო აუზებზე. ამიტომ,Aაუზის წყალი უნდა იყოს საგულდაგულოდ გაწმენდილი და დაცული.Yყველაზე მეტად სწორედ ასეთ ადგილებში შეიძლება შეგხვდეთ სოკოვანი დაავადება, ასე რომ, საცურაო აუზებში სანიტარიულ-ჰიგიენური წესების დაცვა აუცილებელია. მთავარი პასუხისმგებელი კი ამ დროს აუზის ხელმძღვანელობა და მისი ადმინისტრაციაა. აუზში გარკვეული წესებისა და ნორმების დაცვა სავალდებულოა, რათა მისმა სტუმრებმა სოკოვანი დაავადება თავიდან აიცილონ. რაც შეეხება ტბაზე, ზღვაზე, ან მდინარეში ბანაობისას, ან ინდივიდუალური ჭების მოხმარებისას, მოსახლეობის დაცვა საკმაოდ რთულია. ამიტომ თვითონ ხალხი უნდა იყოს ფხიზლად. თუ ჩვენი მკითხველი ყურადღებას გაამახვილებს იმ საკითხებზე, რომლებზეც ამ ინტერვიუში ვისაუბრეთ, ზაფხულსაც სასიამოვნოდ გაატარებს და შვებულებასაც.

ხათუნა ჩიგოგიძე (სპეციალურად საიტისთვის)